საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

საქართველოს ინტერესებს თავად ქართველი ერი დაიცავს – საერთო მედია
მაისი 19, 2024

საქართველოს ინტერესებს თავად ქართველი ერი დაიცავს

 

გვესაუბრება მწერალი
მერაბ შათირიშვილი:

_ ბატონო მერაბ, ევრონესტის ასამბლეაზე ოპოზიციამ საქართველოს ევროპულ კურს მხარი არ დაუჭირა. რა ახსნა აქვს ამას?
_ როცა საქმე სახელმწიფოებრივ ინტერესს ეხება, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთიანი უნდა იყოს. გამოიკვეთა, რომ ჩვენი ოპოზიციისთვის ქვეყნის ევროინტეგრაცია სახელმწიფოებრივ ინტერესს არ წარმოადგენს. ეს მათი პოლიტიკაა _ ევროპულ გზას ფასადურად უჭერენ მხარს. საქმე საქმეზე რომ მიდგა, რა გააკეთეს? _ ღიად დააფიქსირეს, რომ სამშობლო და მისი ინტერესები არაფრად ანაღვლებთ. ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა. ამიტომ უკან დაბრუნების სანაცვლოდ, თუ დასჭირდებათ, ხელს კრემლთანაც მოაწერენ. მათი ზრახვები ნათელია. სიყალბეა, როცა გაჰყვირიან, პირველი ევროპელები ჩვენ ვართო. რეალურად, ქვეყნის ნგრევისკენ არიან მომართულნი.
_ ანუ, რადიკალების საბოტაჟის გეგმა ისევ ძალაშია?
_ ეს წამგებიანი პოლიტიკური ჩანაფიქრია. საბოტაჟს, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. 90-იან წლებში უკვე დავუშვით შეცდომა _ თუ გამსახურდიას ეროვნული მთავრობის გაშვება გვინდოდა, ეს არჩევნების გზით უნდა მომხდარიყო და არა იარაღით, სისხლისღვრით, სამოქალაქო დაპირისპირებით. ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ არ უნდა შეხვიდე. ისეთი ერები, რომლებიც ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებენ, ნადგურდებიან. საზოგადოებას აღარ უნდა სისხლის ტბორები და არც 2008 წლის ომის გამეორება, რისკენაც მავანი გვიბიძგებს.
ოპოზიციამ ევრონესტის ასამბლეაზე ისიც განაცხადა, რეზოლუციას ხელს არ ვაწერთ, რადგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანა ახლა აქტუალური არ არისო. წარმოგიდგენიათ, პოლიტიკურად რამდენად უსუსურები არიან და როგორი დამახინჯებული აზროვნება აქვთ. რატომ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ? _ იმიტომ, რომ დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ. კი ბატონო, მორღვეული ტერიტორიების აღდგენის ბედი რეზოლუციებით არასდროს გადაწყვეტილა, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს საკითხი აქტუალური არ არის, ან შეგნებული მავნებლობაა, ან სიბეცე. არადა, ჩვენთვის უპირველესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის გამთლიანებაა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: სანამ მიწები დაკარგული გვაქვს, ჩვენ სრულყოფილი სახელმწიფო არ ვართ. დიახ, ჩვენ ხეიბარი სახელმწიფო ვართ და არა ჯანმრთელი. სახელმწიფო ეტლში ზის. ოპოზიცია კი იმის ნაცვლად, რომ მასზე იზრუნოს, ის ფეხზე წამოაყენოს და მის ადაპტაციას ხელი შეუწყოს, საპირისპიროდ იქცევა. ნაცებს და მის სატელიტებს ურჩევნიათ, ქართული სახელმწიფო ეტლში იჯდეს. ოღონდ თვითონ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ყველაფერს კადრულობენ. ქართველი ხალხი ასეთ პოზიციას მხარს არასდროს დაუჭერს.
აქვე, ასამბლეაზე უკრაინელი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებასც მინდა გამოვეხმაურო. 2008 წლის ომის დროს უკრაინის პრეზიდენტი იყო ჩამოსული, ვითომ ომს გადაგვარჩინა და მას მერე ვალიდან ვერ ამოვედით. მაშინ მიშამ აქ გამარჯვების იმიტაცია იზეიმა. ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთს მაშინ თბილისი ან ახლა კიევი აინტერესებს?! 21-ე საუკუნეა და თუ კონკრეტულ ქვეყანაში საყრდენი არ გაქვს, იქ შესვლას და მის დაპყრობას აზრი არ აქვს. რუსეთი იქ შევიდა, სადაც მანიპულირება შეძლო _ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. 2008 წელს, ნაცების მმართველობისას კიდეც მიითვისა ტერიტორიები. უკრაინა, დასავლეთი ცდილობს, ომში ჩაგვითრიოს და აქ სისხლი დაიღვაროს. რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი ბიჭებიც იბრძვიან. გმირულ სულისკვეთებას მივესალმები, მაგრამ უკრაინელი დეპუტატის განცხადების შემდეგ, ჩვენი გმირი ბიჭები უკრაინისთვის თავგასაწირად, მენანება. ამ დეპუტატმა ბრძანა, თითქოს, რუსეთის მიმართ ლოიალურები ვართ, რაც სიცრუეა. ყველა სახელმწიფოებრივ რეზოლუციას, რაც კი რუსეთის წინააღმდეგ შეიქმნა, საქართველომ მხარი დაუჭირა. გვიკიჟინებენ, რუსეთს სანქციები დაუწესეთო. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, როცა გაზი რუსეთიდან შემოდის. გარდა ამისა, ძირითადი სტრატეგიული ობიექტები მათ ხელშია, რაც ნაცებმა გადასცეს. ასევე, რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი, რომელიც აქ ოჯახებს არჩენს და ამ ფონზე რომელ სანქციებზე ვსაუბრობთ?! საკუთარ თავს დავუწესოთ სანქციები? უკრაინელებს უნდათ, იმ ლაფში ჩაგვითრიონ, რაშიც თვითონ აღმოჩნდნენ გარე ძალების წყალობით. ჩვენი ვაიოპოზიციის წახალისება სწორედ ასეთი დეპუტატებისგან ხდება. საქართველოს ინტერესებს თავად ქართველი ერი დაიცავს. შეცდომის უფლება აღარ გვაქვს.
_ გასულ კვირას “ხალხის ძალა” პარტიად ჩამოყალიბდა. ეს რას შეცვლის პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე?
_ “ხალხის ძალა” მართალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული პარტიაა. მაგალითად, მე, “ქართული ოცნების” ამომრჩეველი იმიტომ კი არ ვარ, რომ მისგან რაიმე დივიდენდებს ველი, არამედ 2012 წელს მასთან და ქართველ ხალხთან ერთად პასუხისმგებლობა ავიღე და ამას ღვთისა და სამშობლოს წინაშე დავიცავ. “ხალხის ძალას” წარმატებებს ვუსურვებ. მან ბევრ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ფარდა ახადა და, ალბათ, ასეც გააგრძელებს.
_ “ხალხის ძალა” 2008 წლის ომის გამოძიებას ითხოვს.
_ ვეთანხმები, გამოძიება აუცილებელია, რათა ყველა მოღალატე გამომჟღავნდეს. ბევრი ფაქტი გახმაურდა, თუ როგორ პომპეზურ შეხვედრებს უწყობდნენ რუს გენერლებს იმდროინდელი გუბერნატორები, ქალაქის მერები. ასევე, როგორ ერეოდნენ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების ჩინოსნები სამხედრო საკითხებში, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას როგორც ტერიტორიების, ისე ცოცხალი ძალის დაკარგვის თვალსაზრისით. ერთი რამ მიკვირს: თავად ხელისუფლება რატომ არ აყენებს ამ საკითხს. ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში მხილებული დამნაშავეები, უნდა დაისაჯონ.
_ სოზარ სუბარმა აღნიშნა: კართაგენი უნდა დაინგრეს და ნაცები გასამართლდნენო. ეს რამდენად არის დღეს საზოგადოების დაკვეთა?
_ ხელისუფლება თავადაც აღიარებს, რომ სააკაშვილმა დამნაშავე რეჟიმი შექმნა. მესმის, რომ ყველას ციხეში ვერ გამოკეტავდნენ, ბევრი დაისაჯა კიდეც, მაგრამ ჩემი აზრით, “ნაცმოძრაობა” თავიდანვე უნდა გასამართლებულიყო და გამოძიებაც დაწყებულიყო. ახლა უკვე თორმეტი წელი გავიდა და ამ საკითხის დაძვრა, ალბათ, გაჭირდება. თანაც გვეუბნებიან, ნაცების გასამართლება ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებსო. ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ყველა თავის სასარგებლოდ იყენებს. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია ამ კრიმინალების გასამართლებასთან კავშირში არ არის, თუმცა, ვიმეორებ, ეს თავის დროზე _ 2012 წელს უნდა მომხდარიყო.
საარჩევნო წელია და მინდა, ორი სიტყვით პოლიტიკურ გაერთიანებებზეც მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება. “ნაცმოძრაობის” გარდა, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი თითქმის არცერთს არ აქვს. ხმების რაღაც ნაწილს, ალბათ, მელიაც აიღებს. მივესალმებოდი, თუ ახალ პარლამენტში გარკვეული კვოტით ისეთი ძალებიც შევლენ, რომლებიც ტრადიციულ ღირებულებებთან, ქვეყნის ინტერესებთან ასოცირდებიან.
_ ვის მოიაზრებთ ამ ძალებში?
_ ვგულისხმობ კონსერვატიულ ძალებს, რომლებიც ნაცების ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს დაუპირისპირდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალები საუბრობენ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, რაც სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დასაბრუნებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია. “ქართული ოცნების” ამოცანაც ხომ ეს არის. მისი ერთ-ერთი დაპირება სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რისთვისაც დღეს პოლიტიკური ვითარება მომწიფებულია. “ქართული ოცნების” ლიდერებიც ამ მიმართულებით სწორ აქცენტებს აკეთებენ. ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგია საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს. მივესალმები ხელისუფლების ინიციატივას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ კანონის ინიცირებაში. “ქართული ოცნება” ის ძალაა, რომელიც არც სახელმწიფოებრივ და არც ეროვნულ ინტერესებს არ დააზიანებს.
_ როგორ ფიქრობთ, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს?
_ დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” ამ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და საკონსტიტუციო უმრავლესობასაც მოიპოვებს. ღარიბაშვილის მთავრობამ ძალიან ეფექტურად იმუშავა. ირაკლი ღარიბაშვილს უკან არაფერზე დაუხევია, მან ევროკავშირის წარმომადგენლებს მიუთითა, რომ კანდიდატის სტატუსის გარეშე საქართველოს დატოვება დიდი უსამართლობა იქნებოდა. მან მყარად დაიცვა ქართველი ხალხის პოზიცია. საერთაშორისო ტრიბუნებიდან ღარიბაშვილის მჭექარე განცხადებებმა განაპირობა სწორედ ის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს. სხვა საკითხია, რა სარგებელს მოგვიტანს სტატუსი, მაგრამ ეს ქვეყნის იმიჯისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ამ ფაქტორმა, გარკვეულწილად, კიდევ უფრო გაზარდა ხელისუფლების მხარდამჭერთა არმია, რაც უდავოდ აისახება 2024 წლის არჩევნებზე.

თამარ შველიძე