საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ევროპის მთავარი მიზანი რუსეთის დამარცხებაა – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ევროპის მთავარი მიზანი რუსეთის დამარცხებაა

 

გვესაუბრება „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე:

_ ბატონო ლევან, ბერლინში მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრა გაიმართა, სადაც „ვაიმარის სამკუთხედის“ განხილვის თემა კიევის მხარდაჭერა იყო. შედგა ხუთპუნქტიანი გეგმა, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას. შოლცმა აღნიშნა, რომ რუსული გაყინული აქტივებით უკრაინისთვის იარაღს შეიძენენ. მაკრონმა კი თქვა, თუ ევროპას მშვიდობა სურს, ომისთვის უნდა ემზადოსო.
_ ევროპამ საკუთარი თავი გამოუვალ მდგომარეობაში თავად ჩაიყენა. ვგულისხმობ იმ გათვლებს, რაც აშშ-სთან ერთად გააკეთა ომის მოკლე დროში დასრულებასთან დაკავშირებით. მათ თავიდანვე რუსეთის დამარცხება განიზრახეს, მაგრამ გეგმა ეფექტური არ აღმოჩნდა. დიახ, დასავლეთის მთავარი მიზანი რუსეთის დამარცხებაა. ამის შანსი არსებობდა, მაგრამ ხელიდან გაუშვეს, რაც დანაშაულად მიმაჩნია. ანუ, როცა რუსეთმა უკან დაიხია – კიევიდან და ხარკოვიდან ჯარი გაიყვანა, მაშინ დასავლეთს უკრაინისთვის განსახორციელებელი შეტევა რომ დაეფინანსებინა, სათანადო დახმარება გაეწია, უკრაინა შეტევას გააგრძელებდა და, შესაძლოა, რუსეთის საზღვრამდეც კი მისულიყო. თუმცა დასავლეთმა, აშშ-მ ეს არ გააკეთა. ამისთვის მზად არ იყვნენ, ან ფინანსების გამოყოფა დაენანათ. შარშან შეტევა ვერ განხორციელდა, ფრონტის ხაზზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა _ პუტინმა მთელი ქვეყანა სამხედრო მანქანად აქცია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, რუსეთი ახლა ბევრად მეტ ჭურვს აწარმოებს, ვიდრე ნატოში შემავალი ყველა ქვეყანა ერთად აღებული. დღეს სამხედრო შეტევას რუსეთი ახორციელებს. რუსეთს უპირატესობა უპყრია ხელთ და ნელ-ნელა წინ მიიწევს.
დღეს ევროპისთვის რუსეთის წარმატებები, როგორც დეზინტეგრაციის, დაშლის ერთ-ერთი საშუალება, ისე აღიქმება. დასავლეთი ცდილობს, ძალა მოიკრიბოს და უკრაინას დაეხმაროს. უკრაინის მარცხი ევროპის მარცხია. ამიტომაც შედგა ბერლინში ეს შეხვედრა. ასევე განცხადებები კეთდება აშშ-იდანაც. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპამ ჯერ არ იცის, რა შედეგი შეიძლება დადგეს ამერიკაში არჩევნების ჩატარების შემდეგ, ცდილობს, რუსეთის ინიციატივა როგორმე შეაჩეროს. ფრონტის ხაზზე ახალი ესკალაცია და საომარი მოქმედებების გამწვავებაა მოსალოდნელი.
_ მაკრონმა განაცხადა: თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ფრანგების ცხოვრება შეიცვლება. არადა, ომის დაწყების პერიოდში ამბობდა, პუტინი არ უნდა დავამციროთო.
_ საქმე ის არის, რომ უკრაინის ომი უფრო მძიმე ფაზაში თავად ევროპას შეჰყავს. ამიტომ შექმნილი ვითარება, მათ თავგანწირვის დონეზე აჰყავთ. რეალურად რა ხდება? _ იხოცებიან უკრაინელი მეომრები, ქვეყანას ძალიან დიდი ზიანი ადგება. მაკრონს მიაჩნია, რომ, თუ ევროპა და მათ შორის საფრანგეთი, ამ ომში რაიმე სახის წარმატებას ვერ მიაღწევს, ისინი ყოველგვარ გავლენას დაკარგავენ არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც, რაც მძიმე შედეგებს გამოიწვევს. მოჰყვება თუ არა რაიმე შედეგი მაკრონის განცხადებას, ძნელი სათქმელია. შოლცმა მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის 500 კილომეტრის სიზუსტის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას.
შექმნილი ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის. მავანი პუტინის სიტყვებს სერიოზულად არ აღიქვამს, მაგრამ მას აქვს ღილაკი, რომელზე თითის დაჭერითაც შეუძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. სხვათა შორის, პუტინს ბევრად მეტი ბირთვული შეიარაღება აქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებს ერთად აღებულს. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. თან, რუსეთს გააჩნია ბირთვული იარაღის გადატანის ახალი ზებგერითი საშუალება, რომელსაც ვერანაირი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ვერ ჩამოაგდებს, რასაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. ევროპა თან იმუქრება და სურს, რომ უკრაინის ხელით უფრო დიდი შედეგი დადოს, ამავდროულად, იმასაც შიშობს, ეს ყველაფერი ბირთვულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. საქმე ის არის, რომ პუტინს ბერლინი, პარიზი და სხვა ცენტრები მიზანში აქვს ამოღებული. მსოფლიო საზოგადოება სერიოზულ ზღვარზეა მისული. ჩვენ ინტელექტის გაცვლის დეფიციტის გარემოში ვიმყოფებით. აი, ასეთი მსოფლიო ლიდერები არიან დღეს წამყვან ქვეყნებში, რომლებიც დაბალი დონის კატეგორიებით აზროვნებენ.
მაკრონი ბოლო პერიოდში უფრო პიარზე გათვლილ განცხადებებს აკეთებს, ის რთულ მდგომარეობაშია რადგან მისი მხარდაჭერა საფრანგეთში საკმაოდ შემცირდა. შედეგად, მაკრონს ყურისმომჭრელი განცხადებების გაკეთება ესაჭიროება. ამიტომაც თქვა, საფრანგეთის ჯარები უკრაინაში შევლენო და მერე ეს თავადვე უარყო. სინამდვილეში, ევროპელები მსგავსი რამის გაკეთებას ჯერ არ აპირებენ. თუ უკრაინაში ჯარი შევა, ეს არ იქნება არც საფრანგეთის და არც გერმანიის, არამედ იმ მეზობელი ქვეყნების ჯარები იქნება, რომლებსაც დასავლეთ-უკრაინა საკუთარ ტერიტორიად მიაჩნიათ _ პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი. მათი ისტორიული მიწები დღეს უკრაინის საზღვრებშია მოქცეული. თუ მათი ჯარები მართლაც შევლენ უკრაინაში, იქიდან აღარც გამოვლენ და რა ბედი ეწევა უკრაინის სახელმწიფოებრიობას, ძნელად წარმოსადგენია. მსგავსი სცენარი რეალისტურია. თუ რუსეთს უკან არ დაახევინებენ, მაშინ წლის ბოლოსთვის ეს რეალობად იქცევა.
_ როგორც ჟღერდება, სომხეთი ევროინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევს…
_ ეს მავანის არასწორი აღქმაა. სომხეთი ახლა საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. მან, ფაქტობრივად, ყარაბაღის შენარჩუნება ვერ შეძლო და 30 წლის განმავლობაში ამ ტერიტორიის გასავითარებლად არაფერი გააკეთა. ყარაბაღის სომხეთთან ინტეგრაცია ვერ მოხდა. ის სომეხი ხალხისგან დაცარიელდა და აბსოლუტურად რეცესიულ, რეგრესიულ ტერიტორიად იქცა. ბუნებრივი შედეგი დადგა _ აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა, მაგრამ შედეგი რა არის? _ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დროში იწელება, რადგან საფრანგეთს, დასავლეთს სურს, ამაზე გავლენა მოახდინოს. მშვიდობიანი კავკასიის შენარჩუნება არც ჩრდილოეთს აწყობს. წამყვან, დიდ ქვეყნებს ზეგავლენის საშუალებები სჭირდებათ. ამის ერთ-ერთი სერიოზული საშუალება ყარაბაღი იყო. ეს კონფლიქტი ისე დამთავრდა, რომ ამ ფაქტორის გამოყენება დასავლეთმა, შეიძლება, საუკუნეების განმავლობაშიც ვეღარ მოახერხოს.
ჩვენ საკითხს პრაგმატულად უნდა შევხედოთ. ხშირ შემთხვევაში, ხალხის ხოცვა ვიღაცის ინტერესების გამო ხდება. ეს პროცესი დამთავრდა, მაგრამ ცდილობენ, საკითხს წერტილი ბოლომდე არ დაესვას და სომხეთს ეუბნებიან: პროცესი ბოლომდე გაწელოს და სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროს.
აქვე აქტუალურია საკითხი, ყარაბაღის კონფლიქტის დროს რატომ არ ედგა რუსეთი სომხეთს გვერდით. მეორე მხრივ, სომხეთი გარკვეულ დახმარებებს იღებს საფრანგეთიდან. იგივეს ჰპირდებიან სხვა დასავლური ქვეყნებიც. მსგავსი დაპირებები სომხეთს ადრეც ჰქონდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიის რეგიონს მშვიდობა სჭირდება. აქვე აღვნიშნავ, რომ ირაკლი კობახიძის ბაქოში ჩასვლა და პრეზიდენტთან შეხვედრა, ასევე, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მინისტერიალი, ჩემი აზრით, რეგიონის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით დამატებით საშუალებებს გააჩენს.
_ არახამიას სამპუნქტიან ულტიმატუმზე რა მოსაზრება გაქვთ?
_ არახამიას გააქტიურება კავშირშია საქართველოს წინააღმდეგ შექმნილ ცენტრთან, რომელიც კიევში მუშაობს და რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი თავად იგი გახლავთ. უკრაინის ხელისუფლების ქცევა მეგობრული სახელმწიფოს ჩარჩოებში არ ჯდება. ჩვენ ამას ვპატიობთ, რადგან უკრაინა ახლა საომარ ვითარებაშია. უკრაინა ჩვენს მიმართ მტრულ დამოკიდებულებას იჩენს მაშინ, როცა საქართველოდან საკმაოდ დიდი ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება. ჩვენ ომში და ვერანაირ სხვა სახიფათო პროცესებში ვერ ჩავერთვებით. ეს ქვეყანას დააზიანებს. ამის უფლება არ გვაქვს, პატარა ქვეყანა ვართ, მცირე მოსახლეობით და არახამიას პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ.
_ უგულავამ განაცხადა, სანამ მიშა ციხეშია, რა დროს არჩევნებიაო. როგორ ფიქრობთ, შეიწყალებს ზურაბიშვილი სააკაშვილს?
_ ეს საარჩევნო ტრიუკებია. არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას. ერთი მიზეზი გახლავთ მერკანტილური ფაქტორი და მეორე, მკაცრი მოთხოვნა დასავლეთიდან. სხვა შემთხვევაში, მიშას გათავისუფლების პერსპექტივა არ აქვს. წესით, უკრაინის მოქალაქეს საშუალება არ უნდა ჰქონდეს, საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინოს. სანამ რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილზე იქნება ჩამოკიდებული, არც კოალიციური მთავრობა შედგება და არც თანამშრომლობა. სააკაშვილი მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია.
_ ოპოზიციაში ახალი გაერთიანებები იქმნება. როგორ ფიქრობთ, გამოიკვეთა, ვის დაუჭერს მხარს ის ამომრჩეველი, ვისაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ვისმიემხროს?
_ საქართველო პარადოქსების ქვეყანაა. საქსტატისა და ცესკო-ს მონაცემებით, 1989 წლის არჩევნების დროს მოსახლეობა 5 მილიონ 400 ათასს შეადგენდა, ხოლო ამომრჩეველთა ოდენობა, თითქმის, 2 მილიონს. სააკაშვილის პერიოდში მოსახლეობა 4 მილიონ 300 ათასამდე შემცირდა, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა, იგივე დარჩა. დღეის ჩათვლით, მოსახლეობა მილიონზე მეტით შემცირდა, ამომრჩევლების რაოდენობა კი იგივე დარჩა. ეს პარადოქსია, რაზეც არავინ საუბრობს. დიახ, მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნიდან გასულია და ამომრჩეველთა რაოდენობა არ შეცვლილა. ეს აბსურდია. სხვა საკითხია, რომ მოსახლეობის, დაახლოებით, 20%-ს არ გადაუწყვეტია, მხარს ვის დაუჭერს. მათ ხმებზე შეიძლება ბევრმა ინადიროს. საკმაოდ დიდ ნაწილს კი არც ძველი რეჟიმი უნდა და ახლითაც უკმაყოფილოა. ამ ხმების გადაქაჩვა ბევრს შეუძლია. მეტიც, არსებობს, დაახლოებით, 20% _ 400 ათასი ადამიანი, რომელიც ხმას არ აძლევს `ქართულ ოცნებას~, მაგრამ ვერ იტანს მიშას სისხლიან რეჟიმს. ესეც აქტიური ნაწილია, რომელიც, პლატფორმის შექმნის შემთხვევაში, შეიძლება, მეორე ძალად იქცეს.

თამარ შველიძე