საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

რატომ არის რომის პაპი პუტინის მომხრე – საერთო მედია
მაისი 20, 2024

რატომ არის რომის პაპი პუტინის მომხრე

 

გვესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:

შეძლებს ტრამპი რევანშის აღებას?
25 მარტს ტრამპის პირველი სასამართლოა ჩანიშნული. ადვოკატებმა პროცესის გადადება მოითხოვეს. ამერიკელების აზრით, მოსამართლე სხდომას არ გადადებს. ამის შემდეგ ტრამპს სისხლის სამართლის საქმეზე კიდევ სამი სასამართლო ელის. ჯორჯიის შტატი ტრამპის კანდიდატურის სიიდან მოხსნას ითხოვდა, თუმცა უმაღლესმა სასამართლომ ორი კვირის წინ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ გამოიტანა. სასამართლოს დადგენილებით, ამის უფლება მხოლოდ კონგრესს აქვს. ტრამპს არჩევნებში მონაწილეობას ვერავინ აუკრძალავს. ამერიკას საკმაოდ უცნაური კანონმდებლობა აქვს _ მას პატიმრობა რომც მიუსაჯონ, მაინც შეიძლება, პრეზიდენტი გახდეს. შეიძლება ციხეში იჯდეს და თან პრეზიდენტი იყოს. ეს ამერიკის კონსტიტუციით დაშვებულია.
მეორე საკითხია, მიაღწევს თუ არა ტრამპი არჩევნებამდე. მას ფინანსური კუთხით საკმაოდ უჭირს. ერთი კვირის წინ ტრამპს მხოლოდ 36 მილიონი დოლარი ჰქონდა, რაც ამ საქმისთვის ძალიან ცოტაა. კი ბატონო, ტრამპი მილიარდერია, ოღონდ უძრავი ქონებით. მას აქვს “ტრამპ-თაუერი” ნიუ იორკში და კოტეჯები ფლორიდაში. ბაიდენმა მას მერე, რაც ერს მიმართა, რამდენიმე საათში შემოწირულობების სახით 30 მილიონი დოლარი იშოვა. ტრამპის ძირითადი სტრატეგია გათვლილია იმაზე, რომ როგორმე არჩევნებამდე მიაღწიოს, პრეზიდენტი გახდეს და მერე საკუთარ თავს თავად შეიწყალებს. აშშ-ის კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს, ამერიკის ნებისმიერი მოქალაქე შეიწყალოს. ტრამპი ამერიკის მოქალაქეა და გაპრეზიდენტების შემთხვევაში უფლება ექნება, საკუთარი თავი შეიწყალოს.
ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, თითქოს, ტრამპი რეიტინგით ბაიდენს უსწრებს. ორი-სამი თვის წინ მართლაც ასე იყო. თუმცა, შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. რამდენად მოახერხებენ ტრამპის ადვოკატები სასამართლო პროცესების დროში გაწელვას, გადადებას, აპელაციის მოთხოვნას, რათა ტრამპმა არჩევნებამდე მიაღწიოს, ეს მნიშვნელოვანია. იქ მოსამართლეებს სულ არ აინტერესებთ არც ტრამპი და არც ბაიდენი. ისინი კანონით მოქმედებენ. აი, ამ სირთულის წინაშე დგას ტრამპი.
ბაიდენს რაც შეეხება, მან ბევრი მომხრე დაკარგა დემოკრატ მემარცხენეებში იმის გამო, რომ იგი ისრაელს ღიად უჭერს მხარს. დემოკრატიული პარტიის მემარცხენეები ისრაელის მოწინააღმდეგეები არიან. სენატორი სანდერსი, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ებრაელია, ისრაელისთვის ფულის გამოყოფის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანა ადამიანის უფლებებს არღვევს. ყველაფერს, ალბათ, უკრაინის მოვლენები გადაწყვეტს. მთავარია, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონსონმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას კენჭი უყაროს. თუ კენჭისყრა დაინიშნება, ხმის მიცემა გარანტირებულია.
ტრამპმა ჯონსონს ამ საკითხზე კენჭისყრა აუკრძალა. ეს ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი, პრაქტიკულად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს. ანუ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას განსაზღვრავს პიროვნება, რომელიც ჯერ პრეზიდენტად არ აურჩევიათ. თუმცა, ახლა, დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების გაწევის მომხრენი არიან, შემდეგი წესი აირჩიეს _ კონსტიტუცია ითვალისწინებს, სპკერის გვერდის ავლით საკითხი კენჭისყრაზე ავტომატურად დადგეს.
_ რამდენად შესაძლებელია ბაიდენი-ტრამპის დუელმა, ამერიკა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს?
_ ამერიკა ასეთი გახლეჩილი, როგორიც ახლაა, სამოქალაქო ომის მერე არ ყოფილა. დღეს ამერიკაში, პრაქტიკულად, ცივი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ბაიდენის მთავარი კოზირი ეკონომიკაა, რა მხრივაც ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა. ამერიკა დღეს იმდენ ნავთობს მოიპოვებს, რამდენსაც ვერ მოიპოვებს ვერც საუდის არაბეთი, ვერც რუსეთი. გარდა ამისა, აშშ თხევადი გაზის მოპოვებაში მონოპოლისტი გახდა და ევროპას უკვე მთლიანად ამერიკა ამარაგებს. შემცირდა უმუშევრობა, ინფლაცია. ბაიდენის კიდევ ერთი კოზირი საბანკო განაკვეთზე პროცენტის დაწევაა, რის გაკეთებასაც ივლის-აგვისტოსთვის აპირებს. პროცენტის დაწევა გადასახადების შემცირებას, ეკონომიკის ბუმს გამოიწვევს. ამ ბერკეტს ზაფხულში გამოიყენებენ. ასე რომ, ჯერ გარკვეული არაფერია.
ამერიკაში დემოკრატების, ანუ ბაიდენის მომხრეები ძირითადად უმაღლესგანათლებული, თავისუფალი პროფესიის ადამიანები _ მხატვრები, მწერლები, პოეტები, ადვოკატები, ექიმები არიან. ტრამპის მომხრეები კი არიან სოფლის მაცხოვრებლები, ფერმერები, რომელთაც არავითარი განათლება არ აქვთ. ანუ ფანატიკოსები, რომელთაც “მეგას” უწოდებენ. ტრამპმა ერთი კვირის წინ “რესპუბლიკური პარტიის” თანათავმჯდომარედ საკუთარი რძალი _ უმცროსი შვილის ცოლი დანიშნა. ეს ნეპოტიზმია. ტრამპისტებს, ანუ “მეგას” სრულებით არ აინტერესებთ, ტრამპი მართალია თუ მტყუანი, ფული მართლა მოიპარა თუ აბრალებენ, მხარს უპირობოდ უჭერენ. ტრამპი სწორედ “მეგას” იმედზეა. ისინი ცოტანი არიან, მაგრამ ხმაურიანი და აქტიურები. არჩევნებამდე ჯერ რვა თვეა დარჩენილი და ვნახოთ, რა მოხდება.
ამერიკელები ელოდებიან, როგორ განვითარდება პროცესები ტრამპის სასამართლოებზე. მოგეხსენებათ, ამერიკაში აკრძალულია “ტიკ-ტოკი”. ადრე ტრამპიც ამისი წინააღმდეგი იყო. მისი მესაკუთრე ამერიკელი მილიარდერია, რომელიც ტრამპს შეხვდა და გარიგდნენ _ ტრამპი შეჰპირდა, რომ მიიღებს კანონს, რათა ამერიკაში “ტიკ-ტოკის” მოხმარება დაიშვას, სამაგიეროდ, ის ვალებს დაუფარავს და წინასაარჩევნო კამპანიასაც დაუფინანსებს. თუმცა, უჩვეულო რამ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატა მთლიანად ტრამპის მომხრეა, კენჭისყრაზე ეს საკითხი დაბლოკეს. ტრამპი გაცოფებულია, საკუთარი პარტიის წევრებს მოღალატეებს ეძახის. ახლა სენატში უნდა უყარონ კენჭი, მაგრამ ამ საკითხს იქაც ჩააგდებენ. ასე რომ, ტრამპს ფულის შოვნის მნიშვნელოვანი წყარო გადაეკეტა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპმა წააგო. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, თითქმის, თანაბრად მიდიან.

პუტინი და ვატიკანი
ამერიკის არჩევნებზე დამოკიდებულია არამარტო უკრაინის, არამედ ევროპის, ნატო-ს ბედიც. ტრამპი იმუქრება, რომ ნატო-დან გავა. პუტინსაც სწორედ ამის იმედი აქვს. დიახ, მისი იმედი ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლაა. არავინ მიაქცია ყურადღება რომის პაპის მოწოდებას უკრაინისადმი: “როცა იცი, რომ მარცხდები, უნდა გეყოს მოლაპარაკებების გამბედაობა და თეთრი დროშა აღმართოო”. ჩვენი ვითომ ექსპერტები გაგებაში არ არიან, რატომ არის რომის პაპი პუტინის მომხრე?! _ საქმე ის არის, რომ პუტინის მთელი ფული ვატიკანის ბანკში ინახება. ვატიკანის ბანკი გაცილებით გასაიდუმლოებული უწყებაა, ვიდრე შვეიცარიის ბანკი. ვატიკანის ბანკი ულტრაგასაიდუმლოებულია, იქ ბუზიც ვერ შეფრინდება.
ვთქვათ, უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, რაც გამორიცხული არ არის _ თუ მას ფული, იარაღი არ ექნება, ბუნებრივია, ვეღარ იომებს და მოუწევს იმაზე დათანხმება, რომ ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ დათმოს. თუმცა, პუტინი დასავლეთთან მაინც დამარცხებული იქნება, რადგან ნატო-ში ორი ისეთი ქვეყანა მიიღეს _ შვედეთი და ფინეთი, რომლებიც სიტუაციას ასი პროცენტით ცვლიან. ბალტიის ზღვა, პრაქტიკულად, ნატო-ს ტბად იქცა. თანაც, შვედეთის კუნძული გოტლანდი, პრაქტიკულად, ბალტიის ზღვის კარებია. სანამ შვედეთი ნატო-ს წევრი გახდებოდა, ნეიტრალური ქვეყანა იყო და არც შეიარაღება ადარდებდა და არც არაფერი. ახლა, როგორც ნატო-ს წევრი, უკვე გოტლანდის გამაგრებას იწყებს. შედეგად, რუსეთს ჩრდილოეთით, ბალტიის ზღვაზე გასასვლელი აღარ ექნება. ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოცემულობაა. ნატო-სა და რუსეთს შორის საზღვარი 1300 კილომეტრია. რუსეთმა ეს საზღვარი უნდა გაამაგროს. ამის გაკეთება დაიწყო კიდეც, მაგრამ ეს დიდძალ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

ევროპა რუსეთის კლონდაიკია
რამ დაღუპა საბჭოთა კავშირი? _ მას ფული აღარ ეყო. რუსეთისთვის კლონდაიკი ევროპა იყო, სადაც გაზს, ბენზინს ყიდდა. ევროპელები, რა თანხასაც მოითხოვდნენ, იმას უხდიდნენ და რუსეთის ბიუჯეტი ამით ივსებოდა. ახლა რუსეთი გაზსა და ნავთობს, ინდოეთსა და ჩინეთზე ყიდის. ინდოეთი და ჩინეთი თანხას დოლარებში კი არა, თავიანთ ვალუტებში იხდიან, თანაც დისკონტით, ანუ შეღავათით. მაგალითად, თუ ევროპელები 500-600 დოლარს უხდიან, ჩინეთი და ინდოეთი მხოლოდ 300-400 დოლარს იხდიან. თან, რუსეთს ეუბნებიან, თუ ეს თანხა არ გაწყობს, მაშინ ირანის ნავთობს, კატარის გაზს ვიყიდითო. პუტინი იძულებულია, ყველაფერს დათანხმდეს.
რუსეთს ჯარისკაცი არ გამოელევა, მაგრამ სპეციალისტების პრობლემა აქვს. იცით, ვინ მიჰყავთ რუსეთში ჯარში? _ პატიმრები. ყაჩაღი 6 თვე იომებს, მერე რუსეთში დაბრუნდება და რა უნდა აკეთოს _ ლექციებს ხომ არ წაიკითხავს, ისევ უნდა იქურდოს, ხომ. ახლა, ორ კვირაზე მეტია, ჯარში მიჰყავთ ის ხალხი, ვინც კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის და ვალები დაუგროვდათ. მათ ეუბნებიან, წადით, 6 თვე იომეთ და ვალს ჩამოგაწერთო. ასეთი მოტივაციით რომ წავა კაცი ჯარში, იმან როგორ უნდა იომოს?! ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ პუტინს, მიუხედავად სიძნელეებისა, კიდევ 25 წელი შეუძლია იომოს. მას ფული აქვს, ორჯერ მეტ ჭურვებს უშვებს, ვიდრე ომამდე. თუმცა ჭურვების გამოშვება რას ნიშნავს? _ შეიარაღებაში ამდენ ფულს ყრის, მერე ჭურვებს უკრაინაში იყენებს. ფაქტობრივად, ფულს ჰაერში ყრის. რუსეთს უკრაინელებმა ორი სტრატეგიული თვითმფრინავი _ A-50 ჩამოუგდეს. თითოს ღირებულება 70 მილიონი დოლარია. რუსეთში ტანკებს ამზადებენ, რომლებსაც ფრონტზე იყენებენ. უკრაინა დასავლური იარაღით _ ჭურვებით, ტანკებს ასანთის კოლოფებივით წვავს. აი, ასეთი ვითარებაა.
თუ უკრაინამ ამერიკიდან 61 მილიარდი ვერ მიიღო, მხოლოდ ევროპის დახმარება არ ეყოფა. ფრონტზე რუსები დღეში ათი ათას ჭურვს ხარჯავენ, უკრაინელების ქვემეხი კი ორი ათასჯერ ისვრის, მეტი ჭურვები არ აქვთ. რატომ დაკარგა უკრაინამ ავდეევკა? _ იმიტომ, რომ ჭურვები არ ჰქონდათ. ასეთია რეალობა. 61 მილიარდის გადაცემის საკითხი აპრილის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. ასევე, ევროპაში უკრაინისთვის შეიქმნა ფონდი, სადაც უკვე 5 მილიარდი ევრო შეგროვდა. ჭურვები თავად ევროპასაც არ აქვს. ქვემეხები კი აქვთ, მაგრამ შიგნით ქაღალდს ხომ არ ჩადებენ. ჩეხეთის პრეზიდენტმა ასეთი ინიციატივა გააჟღერა, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, საწყობებში ბევრი ჭურვი ინახება, რომლებიც ამ ქვეყნებს არ სჭირდებათ. 800 ათასი ჭურვი უნდა იყიდონ და ფული ევროპის მდიდარმა ქვეყნებმა: ჰოლანდიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ და კანადამ დადონ.
რაც შეეხება ტრამპს, ის აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, უკრაინას კაპიკსაც არ მისცემს. ევროპა შეძლებს, ამერიკა ჩაანაცვლოს? _ ვერ შეძლებს.

თამარ შველიძე