საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ემზადება თუ არა ოპოზიცია სამხედრო გადატრიალებისთვის?! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ემზადება თუ არა ოპოზიცია სამხედრო გადატრიალებისთვის?!

 

გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე:

_ ბატონო ედიშერ, რა შედეგს მოუტანს ოპოზიციას როზნერის “გაკვეთილები”, ძვირადღირებული პოპულიზმი?
_ ხომ გაგიგონიათ ანდაზა: საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო. ეგრეთ წოდებული ოპოზიციაც ანალოგიურ სიტუაციაშია. მეხუთე კოლონა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ქვეყანას რა ავნოს. ეს ადამიანები, რომლებიც სამშობლოსა და იმ ერს ღალატობენ, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ, საცოდავ დღეში არიან. ხაბეიშვილები, ჭიჭიკო ვაშაძეები, პატიკო მანჯგალაძეები, მელიები, გვარამიები მხოლოდ თავიანთი დამკვეთების, პატრონების დავალებას ასრულებენ და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ, რაც ერთადერთ რამეს ემსახურება _ როგორმე ქვეყანა მიმდინარე ომში ჩართონ.
სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის საბოლოო განადგურებით სრულდება. მოსახლეობა დევნილობაშია, კულტურული და მატერიალური ძეგლები ნადგურდება, ბავშვები იხოცებიან. ამ სასაკლაოს დამკვეთი ე. წ. გლობალური ომის პარტიაა, რომელთა სახელებს არავინ ამბობს. მე გეტყვით, ვინ შედის გლობალური ომის პარტიაში _ ეს ბაიდენის გუნდია, უფრო კონკრეტულად კი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ამერიკას და მსოფლიოს მომავალში დიდ საშიშროებას უქადის. ამის შესახებ თავის დროზე, 50-იანი წლების მეორე ნახევარში, ეიზენჰაუერმა ისაუბრა. მან გამოსათხოვარ სიტყვაში აღნიშნა, მსოფლიოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სახით საშინელება ელისო. მომდევნო პრეზიდენტი, კენედი სწორედ ამ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მესვეურთა ინტერესებს შეეწირა. დოკუმენტები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, ადასტურებს, რომ კენედის ლიკვიდაცია სწორედ ამ კომპლექსის მიერ განხორციელდა.
დღესაც ანალოგიური ვითარებაა _ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ წარმოებული იარაღი დაგროვდა და კიდეც საღდება. ამ პროცესში ჩართული აღმოჩნდა უკრაინელი ხალხი და ღაზას სექტორი. მეტიც, ჩაწოლილი საბჭოთა იარაღი უკრაინაში გასაღდა. არავის ადარდებს, რომ ბავშვები, ქალები იხოცებიან. მეტსაც გეტყვით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” შექმნა იყო, რომლის მთავარ ამოცანას მსოფლიოში მშვიდობის დამყარება წარმოადგენდა. ახლა გაერომ დანიშნულება შეიცვალა და ლგბტქ+-ის დამცავ ორგანიზაციად გადაიქცა. საქართველოს ხელისუფლებას გაეროდან მოსწერეს: ლგბტქ+-ის უფლებები დაიცავითო. არადა, წესით გაერო იმ ადამიანებს უნდა იცავდეს, რომლებიც უკრაინაში, ღაზას სექტორში და სხვაგან იღუპებიან. ყოველ წუთში მსოფლიოში შიმშილით ხუთი ბავშვი იღუპება და ამ დროს ვიღაცების უკანალის დაცვაზე ფიქრობენ. აი, ასეთი ძალების ხელთაა მსოფლიოში ძალაუფლება. სწორედ მათ მიერ ფინანსდება ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიციაც.
დაფინანსების ფასად მეხუთე კოლონა მზად არის, ყველაფერზე ხელი მოაწეროს. როზნერის “გაკვეთილებიც” ამის შედეგია. როზნერი ამერიკელი ებრაელია, რომელსაც ფულს უხდიან და ისიც “შესტიორკა” ხაბეიშვილს, ვაშაძეს და სხვებს დავალებებს აძლევს, ესენიც უსიტყვოდ ასრულებენ. ჩვენი ოპოზიციონერები კოლექტიური ყორღანაშვილები არიან. მათთან შედარებით სერგო ორჯონიკიძე ანგელოზია. იგი მიწებს კოსმოპოლიტური იდეის საფუძველზე ასხვისებდა, ხოლო ესენი ამ ყველაფერს ფულისთვის აკეთებენ. ერთ მნიშვნელოვან პასაჟს გეტყვით: გივი თარგამაძემ თავადვე აღნიშნა, რომ 50 ათას დოლარს უხდიდნენ რუსებს იმისთვის, რომ გორში სტალინის ძეგლი აეფეთქებინათ. იქ რუსი ბომბს რომ ჩამოაგდებდა, მხოლოდ ძეგლს მოხვდებოდა?!
ეს ხალხი ფულის გულისთვის ქართველ ხალხს მონებად გაყიდის. ამაზე საშინელი ძალა საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. ადრე ქართველი პოკიტიკოსები სამშობლოსთვის თავს დებდნენ. მაგალითად, დემეტრე თავდადებულმა იცოდა, მონღოლებთან რაც ელოდა, მაგრამ წავიდა და ქვეყანას თავი შესწირა. ესენი პირიქით, ქვეყნის ნგრევაზე ოცნებობენ. ეს იშვიათი ჯიშია გამოყვანილი. მოღალატეები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ მათ ცალკეული მეფე-მთავრები სძულდათ და არა სამშობლო.
მაგალითად, გიორგი მე-11, რომელიც ავღანეთში იყო გადახვეწილი და მათ სამსახურში ჩაბმული, ირანელები რომ შეხვდებოდნენ, მათ თავებს დიდი სიამოვნებით სხეპდა, რადგან იგი ქვეყნის მოწინააღმდეგე არ იყო. ვერ ნახავთ მოღალატეს, რომელიც იმ ქვეყნის პატრიოტი ყოფილიყო, სადაც გადახვეწილი გახლდათ. ესენი კიდევ უცხოეთში დარბოდნენ და იხვეწებოდნენ: ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო. ასე რომ, გლობალური ომის პარტიას აქ თავისი საცეცები აქვს სალომე სამადაშვილების, ხაზარაძეების და სხვათა სახით.
_ როგორ ფიქრობთ გვარამიას “ახალი” შეიძლება მესამე ძალად ჩამოყალიბდეს?
_ არავითარი ახალი გაერთიანებები არ არსებობს. ვინ არის ახალი _ მელია თუ გვარამია?! ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება _ მელია სახელმწიფო დამნაშავეა, რომლის ციხიდან გამოყვანაზე მთელი გლობალური ომის პარტია და ლგბტქ+ საზოგადოება იყო შეძრული. მისი გირაო პირდაპირ ევროსაბჭომ გადაიხადა. მელიამ ქართული სასამართლო შეურაცხყო, როცა სამაჯური დემონსტრაციულად გადააგდო, მერე ხალხს პარლამენტზე შეტევისკენ მოუწოდებდა. რაც შეეხება გვარამიას, მან ქალბატონი ნავერიანი პირდაპირ ეთერში სცემა. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში სისხლისფრად შეღებილი ჭიქა აიღო და ასე დავლევ თქვენს სისხლსო, გვითხრა მაყურებელს. ღვინოზე და “ბორჯომზე” გვითხრა, შიგ ჩაგიფსითო. ეს დღევანდელი დასავლეთისთვის დემოკრატია ყოფილა. ასე რომ, “ახალის” ლიდერები კრიმინალები არიან. ამის მერე რაღაზე უნდა ვილაპარაკო.
ამ ვაიოპოზიციას ისღა დარჩენია, არჩევნების მეორე დღეს გაყალბებაზე დაიწყოს ლაპარაკი. ეს ხომ მათი ჩვეული ხერხია. ვეტინგის სისტემაც ხომ იმიტომ უნდათ, რომ ქართველ მოსამართლეებს დისკრედიტაცია გაუწიონ, მოსამართლეთა კორპუსი შეარყიონ და მათ ადგილას თავიანთი ხალხი დასვან. დასავლეთს საქართველო როგორც მოდერნიზებული კოლონიური ქვეყანა, ისე წარმოუდგენია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: რასაც გლობალური ომის პარტია ჩვენი ქვეყნის მიმართ სჩადის, ეს რუსეთის ცარიზმის დროსაც კი არ მომხდარა. ქართველ ხალხს წინ დიდი ბრძოლები გველოდება და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
_ “ქართულ ოცნებას” გაცხადებული აქვს, რომ არჩევნებში 60%-ს მიიღებს, ნაცები, ალბათ _ 20%-ს, 20%-ზე აქვს პრეტენზია გვარამიასაც. ანუ, მას იმ ამომრჩევლის მიმხრობა აქვს ჩაფიქრებული, რომელმაც გადაწყვეტილება ვერ მიიღო?
_ კი ბატონო, ნაცებს აქვთ, შანსი 5%-იანი ბარიერი გადალახონ. დანარჩენს რაც შეეხება, ნულს ნული და კიდევ ნული რომ მივუმატოთ, განა 20% გახდება?! მათ მდგომარეობას გაშლილ ველზე მეხის ჩამოვარდნას შევადარებდი, რომელიც გარშემო ყველაფერს დამბლას სცემს. ასეთი დამბლადაცემულია ეს ოპოზიცია. გვარამია კლასიკური ტიპის შარლატანია, რომლის პროკურორობის პერიოდში 9-წლიანი მმართველობის სისტემა შეიქმნა. ამბობენ, თითქოს მასთან გაერთიანებას გეგმავს ხოშტარია, რომლის ოჯახი რუსეთისგან ფინანსდება. ოპოზიციას ერთი ხელი მართავს. ისინი, როგორც უნდა გაერთიანდნენ, 5%-იან ბარიერს მაინც ვერ გადალახავენ.
თქვენ ახსენეთ, მმართველი პარტია არჩევნებში 60%-ის აღებას აპირებსო. მე ამას არ ვეთანხმები. “ქართული ოცნება” 60%-ს კი არა, 70-75%-ს აიღებს, თუ ოქტომბრამდე რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. ხელისუფლებამ უმთავრესი _ მშვიდობის შენარჩუნება შეძლო. არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გავაკეთოთ. ვიმეორებ, თუ სასწაული არ მოხდა და ხელისუფლება იარაღის ძალით არ ჩამოაგდეს, ოპოზიცია 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს.
_ ასეთი საფრთხე რამდენად რეალურია?
_ რა თქმა უნდა, რეალურია. ეს ხალხი აბსოლუტურად ყველაფერზეა წამსვლელი. დასავლეთს საქართველოში ოპოზიციის სახით თავისი დამქაშები ჰყავს. როგორც ირკვევა, აქაური ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელფასებისთვის უცხოეთიდან ყოველწლიურად 400 მილიონი დოლარი იხარჯება. ასე რომ, აგენტურას კარგად ინახავენ, რათა მათ ყველა დავალება უსიტყვოდ შეასრულონ. მაგალითად, დავალების ნაწილი იყო გასული წლის 7-8 მარტის აქციები, როდეცსაც “რუსულ კანონს” აპროტესტებდნენ. მარტო ის რად ღირს, ახალგაზრდები ქაშვეთის ეკლესიაში რომ შარდავდნენ. მეორე დაფინანსებული ტრიუკი გახლდათ სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფა. კიდევ ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება _ აბა, თუ იღებს რომელიმე ოპოზიციონერი ხმას ლგბტქ+-ის პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონზე. ჩნდება კითხვა: რატომ დუმან?! მათ შორის, ამ კანონზე ხმას არ იღებს თავად გახარიაც? აქედან დასკვნა: მთელი მეხუთე კოლონა ერთი ძალის მიერ იმართება. გახსოვთ, რას ეუბნებოდა გახარია “ნაციონალურ მოძრაობას”, მე თქვენ დაგამთავრებთო და დღეს მასთან თანამშრომლობს. ამას მე ხომ არ ვიგონებ, თავად “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა გია ბარამიძემ პირდაპირ ეთერში ღიად განაცხადა, რომ ნაცები და გახარიას პარტია სამ, თუ ოთხ საკრებულოში თანამშრომლობენ. ამიტომ ესენი ყველანი ერთნი _ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” არიან. ისინი, ალბათ, 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ვწუხვარ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ნაცებს მხარს უჭერს!

თამარ შველიძე