საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მთავარია “აგვისტოს ომის” დანაშაული ბოლომდე იყოს გამოძიებული – საერთო მედია
მაისი 20, 2024

მთავარია “აგვისტოს ომის” დანაშაული ბოლომდე იყოს გამოძიებული

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით აღიარა, რომ 2008 წლის აგვისტოში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები ქართული მხარის მიერ „ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით“ დაიწყო, რასაც რუსეთის მხრიდან საპასუხო შეტევა მოჰყვა,“ – ამის შესახებ „საერთო გაზეთთან“ გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი საუბრობს. მისი თქმით, არსებობს უამრავი შეკითხვა, რომლებზეც მხოლოდ გამოძიებას შეუძლია უპასუხოს. ანალიტიკოსი ყოფილი დეპუტატების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებას ქვეყნის ღალატად მიიჩნევს და „აგვისტოს ომის“ სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზე საუბრობს:

– ბატონო ლევან, „ხალხის ძალამ“ კიდევ ერთხელ დაიწყო საუბარი „აგვისტოს ომის“ გამოძიებისა და შეფასების აუცილებლობაზე. თქვენ, როგორც გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ეს საკითხი?
– საქართველოში, აქამდე, არც ერთი ომი არ არის გამოძიებული და შეფასებული. ეს კი აუცილებელია ბევრი მიზეზიდან გამომდინარე:
პირველი – საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს, რატომ დაიწყო ომი, რა იყო მისი გამომწვევი მიზეზი, რა წინაპირობები არსებობდა – ქართული მხრიდან იყო ამის წინაპირობა, რუსული მხრიდან, თუ მესამე ძალის მიერ იყო პროვოცირებული?!
მეორე – უნდა ვიცოდეთ, როგორ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, რა მდგომარეობაში იყვნენ ომის წინა სტადიაში ძალები, რომლებიც ამ ომში მონაწილეობდნენ; როგორ წარიმართა სამხედროების მართვა და კონტროლი, რაც ასევე აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად სწორად მიმდინარეობდა პროცესები, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თუ საზოგადოებსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ნიუანსია გამოსაძიებელი. საბოლოო ჯამში, ვინმე ხომ არ იყო ერთი, ან მეორე მხრიდან დაბალი ან მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც დაარღვია ომის საერთაშორისო წესები, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებითაა გაწერილი; ხომ არ ხდებოდა ისეთი ფაქტები, რაც გენოციდის ნიშნებს შეიცავდა, რამ მოახდინა ზეგავლენა საერთო სურათზე, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ.
ომი არის პრობლემის გადაწყვეტის უკიდურესი ფორმა და თუკი მისი დაწყების აუცილებლობა დადგება, უნდა გვქონდეს საშუალება, წინა ომებიდან გამომდინარე, გავაანალიზოთ, რა შეცდომები იქნა დაშვებული, რა იყო სწორი, რა იყო არასწორი და ვიმოქმედოთ შესაბამისად, შეცდომების გათვალისწინებით. ყველაზე მთავარია, ომის დანაშაული იყოს გამოძიებული. ომის დანაშაულში ვგულისხმობ როგორც მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ასევე მათ, ვისაც მაღალი თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ სერიოზული დანაშაულები ჩაიდინეს.
ასევე მნიშვნელოვანია, ომის მსვლელობის დროს, ურთიერთობები სამოქალაქო სექტორთან. მაგალისთვისთვის, თუკი ხვალ-ზეგ ომი უნდა დაიწყოს, დღეს უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება გვყავდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ. უნდა შევიმუშავოთ შესაბამისი საევაკუაციო გეგმა და მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა მოვარიდოთ კონფლიქტის ზონას, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან მათი მსხვერპლი. ომი ისეთი რამაა, არც ტყვიას, არც შტურმს, არც ბომბს, არ აწერია, რომ ეს არის სამხედროსთვის და ეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის განკუთვნილი. სამხედროებმა იციან, რაში არიან ჩართული და რა სავარაუდო შედეგით შეიძლება დასრულდეს მათი მსახურება, მაგრამ ადამიანს, რომელიც შინ არის, ვახშმობს ან ტელევიზორს უყურებს და უცებ ბომბი ეცემა… ეს არის საშინელება. ამიტომ საევაკუაციო გეგმის თაობაზე აუცილებლად უნდა იყოს მთავარი აქცენტი. ასევე მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული სამედიცინო გეგმის არსებობა-არარსებობის საკითხი. ომს, მოგეხსენებათ, მსხვერპლი მოსდევს, დაჭრილების, დასახიჩრებულების და გარდაცვლილების სახით და მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს სწორედ სამედიცინო სექტორს. იგულისხმება როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სამედიცინო სექტორის მზაობა იმისათვის, რომ ამ დატვირთვას გაუძლოს. გასათვალისწინებელია როგორც მედიკამენტების, ასევე საწოლფონდის, სისხლის ბაზების, ექიმების, საევაკუაციო სამედიცინო მანქანების, სამედიცინო ვერტმფენის თუ თვითმფრინავის რაოდენობა, სამედიცინო მაღალი გამავლობის მქონე ავტომობლების არსებობა. ამას ემატება კავშირგაბმულობის საკითხები, რაც არამხოლოდ სამხედროებისთვის არის განკუთვნილი. როგორი კომუნიკაციაა, ვთქვათ, სამხედრო სარდლობასა და სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის და როგორ არის ინფორმირებული საზოგადოება…
– მახსოვს, ერთხანს, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით. ვრცელდებოდა უამრავი ცრუ ინფორმაცია, რაც კიდევ მეტ აჟიოტაჟს ქმნიდა საზოგადოებაში…
– აგვისტოს ომის დროს ვნახეთ და ამის ვიდეომასალებიც არსებობს, რომ მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდალი სააკაშვილი, ომის მიმდინარეობის შესახებ, ერთ ინფორმაციას გადმოსცემდა, უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია კი სულ სხვა რამეს ამბობდა. გარდა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები მოწინააღმდეგე მხარეს მეტი მანევრირების საშუალებას აძლევს, რომ გეგმა თავის სასარგებლოდ გადააწყოს.
ძნელია დაიჯერო, რომ სამხედროებს შესაბამისი გათვლები არ ჰქონოდათ, თუმცა, უსმენდა თუ არა მათ სამოქალაქო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ეს უკვე მეორე საკითხია. იყვნენ თუ არა პარტნიორი ქვეყნები საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ინფორმირებული და რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ ვხედავთ, როგორი მხარდაჭერაა რუსეთ-უკრაინის ომში, პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, არამხოლოდ საბრძოლო მასალების მიწოდების და დაფინანსების, არამედ, საინფორმაციო ომის თვალსაზრისით! როგორ ხდება ამა თუ იმ ინფორმაციის შეჯერება უკრაინის სასარგებლოდ, ან პირიქით… იყო თუ არა ასე ჩვენი ომის შემთხვევაში? საინტერესოა, რამდენად დადებითად ან უარყოფითად იყვნენ განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ მოკავშირე ქვეყნები.
იგივე რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ჩვენ ვიცით, რომ არის როგორც ნეგატიური, ასევე ლოიალური დამოკიდებულება ამ ომის მიმართ. იყო თუ არა ეს დამოკიდებულებები გარკვეული ჩვენს შემთხვევაში და თუ არა – რატომ არ იყო?! არის უამრავი კითხვის ნიშანი და მათზე პასუხის გაცემა გამოძიების პრეროგატივაა. აქ უკვე დანაშაულთა პირამიდების აწყობა შეიძლება. არ შევეხე ისეთ, თითქოსდა, უმნიშვნელო საკითხს, როგორიცაა მომარაგება – როგორ მარაგდებოდა ჯარები, როგორ იყო ორგანიზებული საკვების მიწოდება, როგორ ენაცვლებოდა ერთი ქვედენაყოფი მეორეს, რამდენად სწრაფი იყო რეზერვი და ასე შემდეგ!..
– „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციას თავად მოაწერა ხელი, სადაც საუბარია, რომ 2008 წელს სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო…
– რეზოლუციაში ეს ჩანაწერი ნამდვილად არსებობს და მასზე ხელი აქვს მოწერილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ დეპუტაციას, რომელთა მიერაც ეს რეზოლუცია იყო ინიცირებული. ესენი არიან: პეტრე ცისკარიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გივი თარგამაძე და გიგა ბოკერია, რომელთაგანაც დღეს, შეიძლება, ერთი-ორი ადამიანი აღარ იყოს პოლიტიკაში, მაგრამ დანარჩენები ისევ ძველებურად „დანავარდობენ“.
მათ მიერ მსგავს რეზოლუციაზე ხელმოწერა, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რაც აღიარებაა და ცალკე გამოძიების საკითხია. თუკი ისინი ამას ამბობენ, რის საფუძველზე ამბობენ?! არც ერთი ხელმომწერი არ არის სამხედრო პირი, არც ერთი მათგანი არ არის ის ადამიანი, რომელსაც უნდა სცოდნოდა ომის დეტალები. თუმცა, საიდანღაც მათ ამის შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდათ. ეს ერთი საკითხია, მაგრამ თუკი ისინი ყოველგვარი ინფორმაციის ფლობის გარეშე დაეთანხმნენ წინადადებას, რაც რუსეთის ფედერაციას შეეძლო თავის სასიკეთოდ გამოეყენებინა, ეს არის ღალატი სახელმწიფოს წინაშე. ერთი და მეორე კითხვაც ლეგიტიმურია და აქვს არსებობის უფლება, რაც, ასევე, გამოძიების საფუძველი უნდა იყოს.
გარდა ამისა, განაცხადი იმის თაობაზე, რომ დიახ, ჩვენ კასეტური ბომბები გამოვიყენეთ, ასევე დანაშაულია, თუკი ამაზე ის პირები საუბრობენ, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა ამ საკითხებთან. ხოლო თუკი ამაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ პოლიტიკოსის იარლიყი ჰქონდათ, მაგრამ არავითარი შემხებლობა არ უნდა ჰქონოდათ მსგავს დეტალებთან, ესეც ღალატის ტოლფასი ქმედებაა – სპეციალურად გამიზნული იმისათვის, რომ მეორე მხარემ ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.
– როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჰააგასა და სტრასბურგის საქმეების დასრულების შემდეგ, 2008 წლის ომის გამოძიების მეტი საშუალება არსებობს, რადგან ქართველ სამხედროებს საფრთხე აღარ ემუქრებათ…
– გამოძიება არის ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს იმის გარკვევის საშუალებას, ეს ადამიანები ნამდვილად დამნაშავეები იყვნენ თუ არა! ფაქტია, რომ მათი დანაშაულის თუ უდანაშაულობის შედეგად, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტია ოკუპირებული, რის სამწუხარო შედეგებსაც დღემდე ვიმკით მცოცავი ოკუპაციის სახით.
რატომღაც ზოგიერთს ავიწყდება, რამდენი ადამიანი დაიღუპა – გნებავთ, მშვიდობიანი მოქალაქე, გნებავთ, სამხედრო… თავდაცვის ძალების მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიების დაცვაა, მაგრამ წინასწარ უნდა ჰქონდეთ გათვლილი, რა მოჰყვება ამა თუ იმ ქმედებას. უნდა ღირდეს ამხელა მსხვერპლის გაღება იმისათვის, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ. ამას ემატება უმაღლესი მთავარსარდლობის და უშუალოდ პრეზიდენტის პასუხისმგებლობა! – შესაძლებელი იყო თუ არა ამ ომის არიდება და მივიღეთ თუ არა ყურად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელი მდივანის, კონდოლიზა რაისის შეგონება, თხოვნა თუ რჩევა, რომელიც ამბობდა, რომ მოსალოდნელი იყო პროვოკაციები რუსეთის მხრიდან და საქართველო მათ ხაფანგში არ უნდა გაბმულიყო, თორემ აშშ არ აპირებდა ჩვენს დახმარებას! ეს ყველაფერი გამოსაძიებელია, თუნდაც იმის გამო, რომ ვერავინ შეძლოს ქვეყნის ინტერესების გამოყენება პოლიტიკური მანიპულაციებისთვის.

ნონა ქარქაშაძე