საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

კაცი, რომელიც უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას პატრონობს! – საერთო მედია
სექტემბერი 8, 2024

კაცი, რომელიც უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას პატრონობს!

 

ის არასოდეს გამოჩენილა ტრიბუნაზე, არასოდეს გამოსულა ტელევიზიით, არასოდეს ულაპარაკია თავის თავზე, არასოდეს მოუწონებია თავი მის მიერ გაკეთებული უამრავი კეთილი საქმით…
მას ხალხი შემთხვევით გადაღებული რამდენიმე ფოტოთი იცნობს, რომლებიც ათასში ერთხელ თუ იბეჭდება ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე.
ის არ არის ე. წ. ცნობადი სახე, რომელსაც დიდიან-პატარიანად ყველა ცნობს.
ის არ არის ცნობადი სახე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს ეროვნული მნიშვნელობის საქმე, რომლისთვისაც ამ კაცს ხელი არ შეეშველებინოს.
სამაგიეროდ, ცნობადი სახეები არიან ადამიანები, რომლებსაც ორი საბანი და ერთი ყუთი კოკა-კოლა მიაქვთ გაჭირვებული ოჯახისთვის, უკან კი ორი ვიდეოკამერა მისდევთ, რომ ამ ქველმოქმედების ფაქტი დაფიქსირდეს და ისტორიას სამუდამოდ შემორჩეს.
ორ საბანს კიდევ არა უშავს, მაგრამ საქართველოში ცნობადი სახეები ხდებიან ცარიელი დაპირებებითაც, რომლებსაც აღსრულება არასოდეს უწერიათ.
მათი ხელობა ადამიანების ფუჭი იმედითა და ფუჭი სიტყვებით ცდუნებაა.
_ გვიშველე, გვიხსენი! შენ ხარ გმირი! გაგვიძეხი წინ, საქართველოს შენი იმედი აქვს! _ შეჰღაღადებენ ადამიანები სიტყვით მაცდუნებელ ფარისევლებს და ისინიც ჰპირდებიან… პირდებიან…
ისინი ჰპირდებიან, ეს კი ფარისევლების იმედად დარჩენილი ქვეყნისათვის ჩუმად, უხმაუროდ აკეთებს კონკრეტულ საქმეებს.
სხვები ხმაურობენ, სხვები დაფნის გვირგვინებს ითხოვენ, ეს კი სულ იმას ცდილობს, ჩრდილში იდგეს, უხილავი და უჩინარი იყოს…
ამპარტავანთათვის და სახელის მაძიებელთათვის გაუგებარი ფილოსოფიით ცხოვრობს იგი, რაც ბევრს აღიზიანებს კიდეც, რადგან ამ ანგარიშიან დროში, სადაც სიკეთე და ქველმოქმედება პიარის საგნად ქცეულა, ამ ფილოსოფიის არსი უცხოა და უჩვეულო.
ანგარებიანი ქველმოქმედება, ქრთამად გაცემული სიკეთე, ბოროტებაზე უარესი ბოროტებაა, რომელიც ადამიანებს რყვნის.
ერთ კაცს ვიცნობდი _ ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ტყეში მიდიოდა და სხვადასხვა ჯიშის ხეხილს ამყნობდა _ წლების შემდეგ აქ მგზავრი რომ გამოივლის და ამ ატმითა და ვაშლით პირს რომ გაისველებს, ამას რა სჯობიაო, _ ეუბნებოდა იგი თავის მეზობლებს, რომლებიც ამ საქციელს ახირებად უთვლიდნენ.
სიკეთე ის არის, რაც იმ მგზავრისთვის კეთდება, რომელმაც საუკუნეების შემდეგ უნდა გამოიაროს იქ, სადაც ოდესღაც შენ იდექი.
ვალმოხდილი და ბედნიერია ის, ვის სახელზეც ელვარე ბროწეული დარჩა, დარჩა წყარო, დარჩა გზა, დარჩა ეკლესია, დარჩა სამყარო მომავლიდან მომავალი მგზავრებისთვის.
ქიშპით, ანგარებით, მტრობითა და სიძულვილით გაჟღენთილ ამ დროში ეს ადამიანი არა მარტო თავისი გულუხვი ქველმოქმედებით მაოცებს, არამედ მაოცებს თავისი თავმდაბლობით, თავისი ცხოვრების წესით, სამშობლოსადმი ისეთი უსიტყვო სიყვარულით, უსიტყვო ლოცვას რომ ჰგავს…
ვამთავრებ ამ წერილს და ამ კაცის სახელი და გვარი არ მითქვამს და ეს არც არის საჭირო _ დავარქვათ მას, უბრალოდ, კაცი, რომელიც უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას პატრონობს…

ვახტანგ ხარჩილავა, 2011 წელი