საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მივმართავ ხელისუფლებას: დაასრულეთ მიშას ბოგინი ამ ქვეყანაში! – საერთო მედია
მაისი 19, 2024

მივმართავ ხელისუფლებას: დაასრულეთ მიშას ბოგინი ამ ქვეყანაში!

 

„მოვითხოვ, გამცეს პასუხი პროკურატურამ, როგორ ავხსნა, რომ გიას მკვლელები დღემდე ძალიან მაღალ თანამდებობებზე არიან და მაღალი წოდებები აქვთ?!“- ამის შესახებ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და „საერთო გაზეთთან“ საუბრობს და ხელისუფლებას მიმართავს, რომ გააქრონ პოლიტიკური სივრციდან ქვეყნის მტერები. ლია კრიალაშვილი დღემდე უიმედოდ ელოდება საქმის გამოძიებას. პროკურატურის პასუხი კი უცვლელია – არასაკმარისი მტკიცებულებები.
პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი 2009 წლის მაისში, მუხროვანის ე. წ. ამბოხების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

– ქალბატონო ლია, თქვენთვის, ალბათ, განსაკუთრებით მძიმეა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, რადგან უშუალოდ მას ადანაშაულებთ თქვენი ძმის მკვლელობაში, ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულებში კი ეს საქმე არც კი განიხილება…
– დიახ, კონკრეტულად სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს ვადანაშაულებ. არც ვანოს უგია პასუხი ამ დანაშაულზე, ის არ ყოფილა გასამართლებული ჩემი ძმის საქმის გამო და არც სააკაშვილს სთხოვენ პასუხს. საქმე თაროზეა შემოდებული პროკურატურაში და მტვერი ადევს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მძიმეა მათი მოსმენა და მათზე საუბარიც. საინფორმაციო გადაცემებსაც აღარ ვუყურებ, იმდენად მიმძიმს სააკაშვილისა და მისი ტვინგაყინული მომხრეეების დანახვა.
ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობა“ აღარ არსებობს. ზღაპარში რომ გველეშაპს თავებს წააცლი და მხოლოდ ერთი ბოროტი თავია დარჩენილი, ისეთი სიტუაციაა ახლა ამ პარტიაში. დარჩენილია გველეშაპის მხოლოდ ერთი ბოროტი თავი მიშას სახით – ისიც გახრწნილი. ძალიან მაღიზიანებს, როცა ის სასამართლო პროცესებს პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს, გამოდის და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ვითომ მომაკვდავი ადამიანი. ექვსი წელი ძალიან მცირე სასჯელია მისთვის. ექვსი წლის შემდეგ მიშა დაუბრუნდება თავის შვილებს, მაგრამ ჩემმა ძმისშვილებმა რა ქნან, რომ მამას ვეღარასდროს დაიბრუნებენ? რა ქნას ჯამბულ გამცემლიძემ, რომელსაც წლებია, შვილი ენატრება, როგორ გაუძლოს შვილის მონატრებას ია მეტრეველმა? ან ვინ დაუბრუნებს იური ვაზაგაშვილის მეუღლეს მის ქმარ-შვილს?!
მისი მმართველობის დროს წამებით ხოცავდნენ ციხეებში ადამიანებს, ამ ნაძირალას კი ქალებს უგზავნიან პალატაში გასართობად. როგორც ამბობენ, სოფო ნიჟარაძემ მეორე შვილი უნდა გაუჩინოს ამ ბინძურ კაცს. ან ახალგაზრდა ქალი როგორ კადრულობს დორბლიანს და გათახსირებულს, არ ვიცი! შეიძლება ასეა საჭირო იმისათვის, რომ ევროპულ ოჯახში გავწევრიანდეთ და მე ვერ ვხვდები, რატომ მიაჩნია დასაშვებად ხელისუფლებას, რომ ამ ავადმყოფის ყველა ახირება დააკმაყოფილოს?!
– ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაში „ნაციონალები“ თავისებურად „გვეხმარებიან“. ნახავდით, ევროკავშირის დროშა გაუშლიათ და ქვეყნის პრეზიდენტის დახმარებით რამდენიმე ადამიანიც შეუკრებიათ…
– „ნაციონალებს“ არანაირი წვლილი არ მიუძღვით ამ სტატუსის მიღებაში. პირიქით, ისინი მუდამ ცდილობდნენ, გაელანძღათ და ჩირქი მოეცხოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ სტატუსი არ მიგვეღო, რადგან ძალიან მარტივი იყო ამის არეულობის საბაბად გამოყენება. თუმცა, ქვეყნის უშიშროებამ დროულად იმოქმედა და მათი ბოროტი ჩანაფიქრის განხორციელებას ხელი შეუშალა. ეს ყველაფერი კი ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.
დღეს „ქართულ ოცნებას“ ის რეიტიგი აღარ აქვს, რაც ადრე ჰქონდა და მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგზე დგას პარტია. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ღარიბაშვილს მისცემს ხმას, ალბათ, არჩევნებზე და არა „ოცნებას“. „ოცნებამ“ თავისი დანაპირები ვერ შეასრულა, ვერ აღადგინა სამართლიანობა, ისევ ისე დევს ბევრი საქმე პროკურატურაში, მათ შორის, ჩემიც. სულ ვამბობ, რომ მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, თავზე ბობმები არ გვაცვიოდეს, ბავშვები არ იღუპებოდნენ და ხმას არაფერზე ამოვიღებ-მეთქი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გულიც მტკივა, რომ ვანო მერაბიშვილი, კაცი, რომელიც ორ გვამს ითხოვდა, რომელთა შორისაც ერთი ჩემი ძმა იყო, ციხიდან ისე გაათავისუფლეს, რომ ამ საქმეზე არ გაასამართლეს.
– სამწუხაროა, რომ თქვენს შემთხვევაში სამართალი ვერ აღასრულეს…
– დღემდე მოვითხოვ, რომ გამცეს პასუხი პროკურატურამ – იქნებ, ასეთია ხელისუფლების პოლიტიკური ნება, ან თუ ასე არ არის, მაშინ როგორ ავხსნა, რომ გიას მკვლელები დღემდე ძალიან მაღალ თანამდებობებზე არიან და მაღალი წოდებები აქვთ?! საქმე ნანახი მაქვს და ვიცი, ვინც ესროლა გიას, მაგრამ არ გვაქვს მტკიცებულებაო, ამბობენ. მე არ ვარ კომპეტენტური და შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ ვიცი, რომ ორ გვამს ითხოვდა ვანო მერაბიშვილი. კაცმა მკვლელობა შეუკვეთა და ამის კადრებიც არსებობს. პრემიები გასცა ამის გამო მერაბიშვილმა ხუთი ათასი ლარის ოდენობით და ეს ყველაფერი დევს საქმეში პროკურატურაში. მეტი რა მტკიცებულება უნდათ? ეს ნაძირალა ცოცხალი ლეში სააკაშვილი გამოდიოდა და მიწიდან ამოიღეთ გია კრიალაშვილიო, ამბობდა. რატომ არავინ სთხოვს მას პასუხს ამის გამო? სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და რუსეთთან კავშირს აბრალებდნენ ჩემს ძმას. ახლა მინდა ვკითხო ამ ლეშს სააკაშვილს და ცოცხალ გვამს, ვანო მერაბიშვილს, რამდენჯერ სცადეს მათი ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიალება ამ ხელისუფლების პირობებში? რა მოხდა 20 ივნისს, რატომ მოხდა ეს და რატომ არ არის დაჭერილი დღეს აქციის არც ერთი ორგანიზატორი?!
თუნდაც ნიკა მელია რომ გამოდის და ზღაპრებს ჰყვება, თითქოს ის დაემშვიდობა კეზერაშვილს, დაამთავრა მასთან ყველაფერი და სრულიად ახალ პარტიას აყალიბებს… მელია არ ედგა სათავეში გადატრიალების მცდელობას? მას არ უნდოდა ქვეყნის ამოტრიალება 20 ივნისს? ის თვალებდახატული ბიჭი რომ დაიჭირეს, მამის უკანალში დამჭრელი, რომელსაც ჩვენი უცხოტომელი პრეზიდენტი ვექილად დაუდგა, – იმ ბიჭის გარდა სხვას არავის არაფერი დაუშავებია? რიგით მოქალაქეებზე არ ვსაუბრობ, გული მტკივა იმის გამო, რომ ლიდერები დაკავებული კი არა, მგონი, დაკითხულიც არ ჰყავთ. ჩემი ძმა კი ამ მიზეზით ქუჩაში ჩაცხრილეს. მაგალითად, გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ისეთი ინფორმაციები და დოკუმენტები აქვს, რაც პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს. რატომ არ ინტერესდება ამით პროკურატურა და სააკაშვილს რატომ არ უმძიმებენ ბრალს ამ საქმეებზე? – იმიტომ, რომ ისევ მუშაობენ იქ მკვლელების ნარჩენები. სააკაშვილს უნდა მიესაჯოს უვადო პატიმრობა – ქვეყნის ტერიტორიები გაყიდა, ადამიანები დახოცა, ქვეყანა გაძარცვა, გაანადგურა და მეტი რა უნდა ექნა იმისათვის, რომ სამუდამოდ ციხეში იჯდეს, ციხეში – და არა კომფორტულ კლინიკაში. ის შეწყალების თხოვნას ვერც უნდა ბედავდეს!
– ზურაბიშვილი მას ვერ შეიწყალებს, რადგან სააკაშვილის სხვა საქმეებზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, თორემ, ალბათ, არც ამაზე იტყოდა უარს.
– რა თქმა უნდა, პრეზიდენტს, რომელიც ოპოზიციაში გადაბარგდა, ნამდვილად ექნება ამის სურვილი. ეს უცხოტომელი ხელისუფლებამ და ხალხმა მოვიყვანეთ და დავდეთ, როგორც მაგიდა. მაინც, რა დავაშავეთ, რომ ჯერ მარგველაშვილი მოგვევლინა პრეზიდენტად, შემდეგ ზურაბიშვილი და ყველა პრემიერ-მინისტრმა გაგვიცრუა იმედი ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, რომელიც ღირსეული ადამიანია.
არასდროს ვფიქრობდი, რომ საქართველო რეალურად იყო თავისუფალი, რადგან ამდენი წელია, ამერიკის „ბათინკის“ ქვეშ ვართ. თუკი ღირსებააყრილი მონა ვიქნები, ამერიკის დავემონები თუ რუსეთს, რა მნიშვნელობა აქვს! დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსების რაღაც ნაწილი დაუბრუნა ქართველ ერს და თუ ეს ქალი არ გაჩერდება, იცოდეს, რომ ხალხს დიდი ძალა აქვს და როგორც მოვიტანეთ და დავდეთ, ისე ავიღებთ და გადავდგამთ გვერდზე.
– რამდენიმე დღეში ქვეყნა ევროსაბჭოს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის?
– დიდი მოლოდინი არა მაქვს, რომ ეს სტატუსი რაიმეს შეცვლის. კარგია, რომ მივიღებთ, თუნდაც იმიტომ, რომ ოპოზიციას არეულობის საბაბი მოვუსპოთ. ამით ხელისუფლება მათ ხმას ჩააწყვეტინებს, მაგრამ რომ გითხრათ, რომ სიკეთეს ველი ევროკავშირისგან, ასე არ არის, ისევე, როგორც არ ველი სიკეთეს რუსეთისაგან! რა სიკეთეს უნდა ველოდეთ მათგან, ვისაც თავიანთი თავი გასჭირვებათ და, მგონი, ჩვენ მეტად ვჭირდებით ახლა მათ, ვიდრე ჩვენ ევროპა გვჭირდება. თუმცა კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველასთან აუცილებელია ამ პატარა ქვეყნისთვის. კარგი იქნება, რომ ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო, გვყავდეს მეგობარი ქვეყნები და არა „ვითომ მეგობრები“, რომლებსაც ჩვენი განადგურება უნდათ.
რომ არა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების გონივრული ნაბიჯები, დღეს, ალბათ, საქართველოს ხსენებაც აღარ იქნებოდა. გავქრებოდით, ალბათ, რუკიდანაც. მე ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი მმართველ გუნდს მომავალ არჩევნებშიც კარგად წაადგება. ხალხი არ დაუშვებს ომის პარტიის დაბრუნებას და აირჩევს ისევ მათ, ვინც ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა, ისეთ დროს, როცა გარშემო ყველგან ომია.
ხელისუფლებას მინდა მივმართო: მაინტერესებს, მიხეილ სააკაშვილმა როდემდე უნდა იკოტრიალოს „ვივამედში“? როდის უნდა გადაათრიოთ ციხეში, იქ, სადაც მისი ადგილია? დაასრულეთ მიშას ბოგინი ამ ქვეყანაში და გააქრეთ პოლიტიკური სივრციდან ქვეყნის მტერები, ვითომ ოპოზიციონერები და ვითომ ქვეყნისთვის მებრძოლები! მოგვეცით საშუალება ხალხს, რომ მათგან დავისვენოთ ბოლოს და ბოლოს და როგორც გარედან გვაქვს მშვიდობა, ასეთი მშვიდობა იყოს ქვეყნის შიგნითაც. ნუ მიგვიყვანთ იმ ზომამდე, ხალხი გამოვიდეთ და გავცეთ მათ საკადრისი პასუხი. ასევე, ძალიან მინდა ხელისუფლებას ვთხოვო, რომ თავიანთი მხარდამჭერები დააფასოს, „ნაციონალები“ კი მოაშოროს საპასუხისმგებლო თანამდებობებიდან, რადგან ისინი გველივით იცვლიან ტყავს და რამე რომ მოხდეს, ეს „ტყავგამოცვლილები“ ისევ ხელისუფლებას შეუტრიალდებიან.
ოპოზიცია ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება, მაგრამ ჩვენ გვინდა ჯანსაღი ოპოზიცია. იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობა“ გაქრება პოლიტიკური სივრციდან და ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდად შენების საშუალება მიეცემა!

ნონა ქარქაშაძე