საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

უიღბლო,ვიღას ახსოვს მომაკვდავი ბელადის დაბრუნების მცდელობა – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

უიღბლო,ვიღას ახსოვს მომაკვდავი ბელადის დაბრუნების მცდელობა

„გლობალური ომის პარტიის მესვეურებს იდიოტებად ნუ წარმოვაჩენთ: სადაც ჩერგოლეიშვილს ესმის – თუ რა ხდება, ოკეანის მიღმაც ესმით იგივე; სადაც ჩერგოლეიშვილი უტვინოებს უწოდებს თავის კოლეგებს, რომლებიც ამ მოცემულობას ვერ იყენებენ სათავისოდ, ალბათ, ეს ყველაფერი იქიდანაც ჩანს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რევოლუციური სემინარების ჩატარებით, რომლებიც, პრაქტიკული თვალსაზრისით, აბსოლუტურად უაზროა, არასამთავრობო სექტორის მხრიდან ფულის აქტიურად კეთება მიმდინარეობს.

„საქმე გვაქვს იმასთან, რომ დიდი ალბათობით თეთრ სახლში ადმინისტრაცია შეიცვლება. ძალიან დიდი ალბათობით, რასაც ახალი პრეზიდენტი დაიწყებს, ეს იქნება რევიზია იმ თანხებისა, რომელიც კონგრესის თანხმობით ამ წლების განმავლობაში დაიხარჯა. ეს იქნება კონფლიქტებში, ომებში თუ იმ ფონდებში ჩაყრილი ფული, რომელთა საშუალებითაც ფერადი რევოლუციები და გადატრიალებები ეწყობა. რა გააკეთონ ამ ფონდებმა, აგენტოკრატებმა, რომლებიც მიჩვეულები არიან ამ ფულს და ამით საზრდოობენ? მათ რჩებათ წელიწადზე ოდნავ მეტი, რომ ის თანხები მაქსიმალურად ამოწურონ და შავ თუ თეთრ ბუღალტერიაში გაატარონ. ამისთვის სჭირდებათ სხვადასხვა ქვეყანაში ტრენინგების ჩატარება, რომელსაც არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა და დანიშნულება არ ექნება.

დარწმუნებული ვარ, „ინდიგოა“ თუ რაც ჰქვია (რომელიც მორიგ სემინარს ატარებს რევოლუციური სულისკვეთებით), დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი ეს სემინარი და გეგმით მოუწია ერთდღიანი შეკრების ჩატარება, სადაც განიხილავენ მსოფლიოში არსებულ გამოცდილებას ამგვარი აქტივობების შესახებ და ამაში გადახდილ ფულსაც გაინაწილებენ. თუმცა, ზოგადი ფონია ისეთი, რომ ბედი არ სწყალობთ ამ უიღბლო რევოლუციონერებს, რადგან მსოფლიოს მართლა არ სცალია მსგავსი ტიპის თამაშებისთვის – ბევრ წერტილშია ფეთქებადსაშიში ვითარება და ვიღას ახსოვს ქართული ოპოზიცია თუ ხელისუფლებაში მომაკვდავი ბელადის დაბრუნების მცდელობა. თუმცა, ამ ფონზე, ასეთი სემინარების ჩატარებით, ფულის აქტიურად კეთება მაინც მიმდინარეობს. მათი მესმის. ამას ემსახურებოდა „კანვასის“ ჩამოყვანა, „ინდიგოს“ ტრენინგი და ა.შ. კიდევ ძალიან ბევრი ტრენინგი იქნება, პრაქტიკული თვალსაზრისით აბსოლუტურად უაზრო და რაც უფრო ბევრი მსგავსი ტრენინგი შეგვხვდება 2024 წლის არჩევნებამდე, მით ურო გამყარდება ჩემი ვერსია, რომ ბანალური სიტუაციაა – ფულის კეთების სწრაფი ოპერაცია მიმდინარეობს, რათა, ბოდიში სლენგისთვის და „მაყუთის“ ათვისება მოასწრონ“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.