საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სამნიძეც არ აკლებდა,გრძნობენ, რომ მათი ანტიქართული გემი იძირება! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

სამნიძეც არ აკლებდა,გრძნობენ, რომ მათი ანტიქართული გემი იძირება!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ხათუნა სამნიძის განცხადება არის მცდელობა, რომ იმ გემიდან გაიქცნენ, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ხათუნა სამნიძე, მისი პარტია და მისი პოლიტიკური ჯგუფიც, ის “რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარეა და საერთოდ ვის ელაპარაკება? მისი ჯგუფის წევრი გიორგი ვაშაძეა. ისიც და მისი სხვა კოლეგებიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩართული იყვნენ იმაში, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ. სწორედ მათი მცდელობების შედეგი იყო, რომ შარშან ივნისში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და მაშინ, მათი მცდელობები წარმატებული იყო. როგორც ჩანს, ახლა ხედავენ და გრძნობენ, რომ მათი ანტიქართული გემი იძირება – ერთი ჯგუფი ცდილობს, რომ ამ გემიდან გაიქცეს, რომელიც იძირება, მეორე ნაწილი ცდილობს, რომ იქნებ, რამენაირად, ანტიქართული განწყობების თუ ანტიქართული პოლიტიკის გემი გადაარჩინონ. ბოლო მცდელობები აქვთ, რომ რამენაირად ჩაშალონ საქართველოს წარმატება.

ოპოზიციაში ორი ჯგუფია – ერთი ჯგუფი, რომელსაც დღემდე იმედი არ აქვს გადაწურული, რომ ჩაშლის საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პროცესს და მეორე ჯგუფია, რომელიც ხედავს, რომ გემი იძირება და ახლა ცდილობს, რომ ეს გემი დატოვოს. ეგონათ, რომ გემი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მყარად მიცურავდა და ამ გემში ძალიან კომფორტულად იყვნენ. ხათუნა სამნიძეც არ აკლებდა დამაზიანებელ საუბრებს საქართველოსთან დაკავშირებით და შეხვედრების დროს ღიად საუბრობდა იმაზე, რომ თურმე, საქართველოსთვის სტატუსი მთა-გორისა და მინდორ-ველის გამო რომ უნდა მისცენ, ახლა ხედავენ, რომ ეს გემი იძირება და ცდილობენ, გემიდან გაიქცნენ და თავს უშველონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.