საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მიხეილ სააკაშვილი კვდებაო,რას აკეთებენ დღეს? – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

მიხეილ სააკაშვილი კვდებაო,რას აკეთებენ დღეს?

არ ვიქნები იქ, სადაც არის მავნე ძალა, რომელიც ცდილობს, „ქართული ოცნების“ მრუდე, მავნე, სარკისებურ ანარეკლად იქცეს. ამისთვის არ შემოვსულვარ ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას ოპტიმალურ დროს მიიღებს.

„მე მაქვს იმის შესაძლებლობა, უფლებაც და ფუფუნებაც, ვთქვა, რომ მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. 2013 წელს ამ ბრძოლაში როდესაც შემოვედი, სხვა მიზნებით, სხვა ინტერესით შემოვედი და არა ვანო მერაბიშვილის თანამებრძოლეობის გამო. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც ჩათვლის, რომ იმ ადამიანებთან უნდა იყვნენ, რომლებიც სიყალბით, თვალთმაქცობით კადრულობენ იმას, რასაც კადრულობენ და ივანიშვილის წისქვილზე დაასხეს წყალი. როდესაც სიმართლეს ამბობ, ბევრ ადამიანს სტკივა. ვიდრე აბასთუმანში გამოკეტილი ადამიანი მართავს სახელისუფლო პარტიას და საზოგადოებისგან იზოლირებული კეზერაშვილ-მერაბიშვილი მართავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ყოველთვის გაიმარჯვებს აბასთუმანში გამოკეტილი ადამიანი.

ვერ ვხედავ ღირებულებით კავშირს ამ ადამიანებთან, ეს არის მიტაცებული პარტია, რომელსაც განიხილავენ ბიზნეს პროექტად. არ ვაპირებთ, ვიყოთ იმ ადამიანებთან, ვინც არ ემსახურება ქართველ ხალხს. ხომ საუბრობენ, რომ ნიკა მელია წავა, რატომ ნერვიულობენ, თუ გავნულდებით და თუ არაფერი ჩვენ არ ვართ, რატომ ნერვიულობენ? მიხედონ საქმეს. ღამის 12:00 საათზე ჩაატარეს ერთხელ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი, როცა იწყებდნენ ამ შიდა გადატრიალებას, მიხეილ სააკაშვილი კვდებაო, მგონი თქვენც გქონდათ ეთერში ეს ბრიფინგი შეყვანილი. ამ ბატონმა, ხაბეიშვილმა და სხვებმა ღამის 12:00 საათზე ბრიფინგი ჩაატარეს ცენტრალურ ოფისში, აყარეს, გააღვიძეს ოპერატორები, ჟურნალისტები, პროდუსერები, არიქა, მიხეილ სააკაშვილი კვდებაო, 12:00 საათზე ჩანიშნეს აქცია-ბრიფინგი, რას აკეთებენ დღეს? ესეც სიყალბეა. კიარ ატყუებენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს. ალერგიულად ვრეაგირებ სიყალბეზე და ტყუილზე და ამას ვერ ავიტან ოჯახის წევრისგანაც. ჩემი გზა არის სიმართლის და ღირსების გზა და ამ გზას არ გადავუხვევ“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ნიკა მელიას განმარტებით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პარტიის დატოვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

„მესმის ინტერესი, რომ სწრაფად გავაკეთო ეს განცხადება მეც და ძალიან ბევრმა ადამიანმა. ჩვენ შევიკრიბეთ 7 ოქტომბერს „ბილტმორში“, იგივე ტიპის შეხვედრა გვექნება კვირას იმერეთში, ქუთაისში, ამის შემდეგ 5 ნოემბერს გვექნება შეკრება სამეგრელოში, ზუგდიდში და ეს შეკრებები გაგრძელდება. ამ ყველაფრის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელია ამბობს, რომ სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც შიდაპარტიული ბრძოლებია დაწყებული.

„ხელშესახებად ჩანს, რომ სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც უკვე შიდა პოლიტიკური, პარტიული ბრძოლებია დაწყებული, გაუგებარი. როგორც ჩანს, ეს არის სენი იმ ადამიანების, რომლებსაც ბრძოლის არქაული პოლიტიკური მეთოდები აქვთ. დილით იღვიძებენ, ფიქრობენ, რა ავნონ საკუთარ თანაგუნდელს და არა რა დარტყმა მიაყენონ ბიძინა ივანიშვილს“, – აცხადებს ნიკა მელია.

ნიკა მელია ასევე ამბობს, რომ გიგი უგულავას რამდენჯერმე შეხვდა, აგრეთვე, კომუნიკაცია აქვს კობა ნაყოფიასთან, თუმცა არანაირი ტიპის შეთავაზება არ ყოფილა და ვერც იარსებებს. ნიკა მელიამ ისაუბრა გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებითაც და აღნიშნა: „რომ გამოდის ბარამიძე და საუბრობს პატიმარ ადამიანზე – მიშა, მიშა, ადექი და იბრძოლე იმ მიშასთვის, გია რომ ხარ ბარამიძე, კიდევ ლოგინს მიჯაჭვული სააკაშვილით გინდა ფონს გახვიდე? ვერ მოხდება, რადგან სხვა ხალხია, სხვა დროა, სხვა ინტერესია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ვეღარ ეუფროსები, მათნაირი უნდა გახდე. მაპატიე, რომ არ მჯერა, რომ ამ ადამიანებთან ერთად ჩემს შვილს მოუწევს უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრება“.