საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

იდუმალი მისტერ შარპი – ფერადი რევოლუციების მამა – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

იდუმალი მისტერ შარპი – ფერადი რევოლუციების მამა

ერთნი ჯინ შარპს ფილოსოფოსსა და თავისუფლებისთვის მებრძოლს უწოდებენ, სხვები კი ბრალს სდებენ საბჭოთა კავშირის დანგრევაში და ფერადი რევოლუციებისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობების ავტორად მიიჩნევენ. ამერიკელი სოციოლოგის წიგნები ათეულობით ენაზეა თარგმნილი, მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი კი -“დიქტატურიდან დემოკრტატიისკენ” მსოფლიოს ოპოზიციონერებისთვის ბიბლიად იქცა.
როგორ აქცია შარპმა მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსის სწავლებები რევოლუციის რეცეპტების კრებულად, რა დაეხმარა მის მიმდევრებს, შეექმნათ პროტესტების ექსპორტის ქსელი და რა როლი შეასრულა ამერიკელმა სოცილოლოგმა სხვადასხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობაში?..
2004 ბოსტონის ალბერტ აინშტაინის ინსტიტუტის ელექტრონულ ფოსტაზე უკრაინული ახალგაზრდული მოძრაობის “პორას” წერილი მიიღეს. ახალგაზრდა ოპოზიციონერები იწერებოდნენ, რომ დამოუკიდებლად თარგმნეს ინსტიტუტის დამაარსებლის ჯინ შარპის წიგნი “დიქტატურიდან დემოკრატიისკენ”, მაგრამ მის გამოსაცემად თანხები არ ჰქონდათ. შარპმა უკრაინელ ახალგაზრდებს 6 ათასი დოლარი გაუგზავნა. ამ ფულით წიგნის 12 ათასი ეგზემპლარი დაბეჭდეს.
მოგვიანებით შარპი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ უკრაინის “ნარინჯისვერ რევოლუციაში” მისი ღვაწლი მხოლოდ ამ თანხის გაღებით შემოიფარგლებოდა. ბევრია ეს თუ ცოტა, ვერ გეტყვით, მაგრამ 2004 წლის შემოდგომაზე მის წიგნში აღწერილი ტაქტიკების მიხედვით რომ ვითარდებოდა მოვლენები, ამას წინ ვერაფერი დაუდგება.
საპროტესტო მოძრაობის სიმბოლური ფერიც შარპის წიგნიდანაა: არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდი #18.
“პორას” მონაწილეები, რომლებიც ფერადი რევოლუციის სათავეებთან იდგნენ, შარპის წიგნს ბიბლიას უწოდებდნენ და აქტიურ კონსულტაციებს მართავდნენ სერბული “ოტპორის” წევრებთან, რომლებმაც რამდენიმე წლით ადრე წარმატებით გამოიყენეს შარპის მეთოდიკა სლობოდან მილოშევიჩის მთავრობის დასამხობად.
ჯინ შარპს უკანასკნელი ათწლეულების ფერადი რევოლუციებისა და საპროტესტო მოძრაობების დემიურგად მიიჩნევენ _ უკრაინიდან საქართველომდე და ეგვიპტიდან ვენესუელამდე და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. მაგრამ შარპი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მის როლს ამ მოვლენებში აშკარად გადაჭარბებულად წარმოაჩენენ.
უნდა აღინიშნოს, რომ აინშტაინის ინსტიტუტი, ფერადი რევოლუციების მამის შტაბ-ბინა ძლიერი ორგანიზაციის შთაბეჭდილებას, რომელსაც რეჟიმების დამხობა შეუძლია, ნამდვილად არ ტოვებს. ეს იმ სახლის რამდენიმე ოთახია პირველ სართულზე, ბოსტონში, სადაც შარპი ცხოვრობდა. მას რამდენიმე ათეული თანამშრომელი ჰყავდა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წელს კი სულ ორი-სამი. “მე, მოხუც ადამიანს, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე გადაადგილებაც კი არ ძალმიძს, მომაწერენ ამ მოვლენებს!” -ამბობდა ხოლმე შარპი, როცა უკანასკნელი ათწლეულების რევოლუციურ მოვლენებში მოს მონაწილეობაზე საუბარს იწყებდნენ.
“არაძალადობის
მაკიაველი”
ჯინ შარპი 1928 წლის 21 ივლისს დაიბადა პროტესტანტი მქადაგებლისა და სკოლის მასწავლებლის ოჯახში. 1949 წელს ოჰაიოს უნივერსიგტეტის სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, ორი წლის შემდეგ კი იქვე დაამთავრა მაგისტრატურა. იმ დროისთვის შარპი უკვე გატაცებული იყო არაძალადობრივი წინააღმდეგობის კონცეფციით, რამაც დიდი გავლენა იქონია მის შეხედულებებზე: კორეის ომის დროს (1950-1953) მან თავი აარიდა სამხედრო სამსახურს, რის გამოც ორი წლით პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ვადამდე, 9 თვის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
ციხეში შარპმა მიმოწერა დაიწყო ალბერტ აინშტაინთან, ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატთან და გამოჩენილ პაციფისტთან. მეცნიერი აღფრთოვანებული იყო 25 წლის ახალგაზრდის საქციელით და დათანხმდა, წინასიტყვაობა დაეწერა მისი მონოგრაფიისთვის მაჰათმა განდის არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების შესახებ.
წიგნი 1960 წელს გამოიცა, აინშტაინის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ, 1983 წელს შარპმა ბოსტონში დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც დიდი ფიზიკოსის სახელი უწოდა.
Gციხიდან გათავისუფლების შემდეგ შარპი რამდენიმე ხანს ნიუ-იორში ცხოვრობდა და ცნობილი ამერიკელი პაციფისტის აბრაჰამ მასტის მდივნად მუშაობდა. 1955 წელს შარპი ლონდონში გადავიდა და პაციფისტური ჟურნალის “მსოფლიოს ახალი ამბების” (ჭორლდ Nეწს) რედაქტორის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, რის შემდეგაც ოსლოში გადაბარგდა. იქ მან კვისლინგის რეჟიმის (რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნორვეგიის კოლაბორაციონისტული მთავრობის მეთაური იყო) სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის გამოცდილების შესწავლა დაიწყო. 1968 წელს შარპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია, 1973 წელს კი გამოაქვეყნა თავისი მთავარი ნაშრომი – სამტომეული “არაძალადობრივი ქმედებების პოლიტიკა”.
ამერიკაში დაბრუნების შემდეგ შარპი ასწავლიდა დარტმუტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში, შემდეგ კი არაძალადობრივი სანქციების შესახებ კურსს ჰარვარდში კითხულობდა. მისი ერთ-ერთი მსმენელი აღმოჩნდა ამერიკელი თადარიგის პოლკოვნიკი რობერტ ჰელვი, ვიეტნამის ომის ვეტერანი, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების მიღწევის არაძალადიბრივი იდეებით განიმსჭვალა და შარპს დაუმეგობრდა. ეს შეხვედრა ფერადი რევიოლუციების ისტორიის პროლოგად იქცა.
1993 წელს ჰელვიმ სოციოლოგი ბირმაში მიიწვია. პოლკოვნიკი 1980-იან წლებში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშედ მუშაობდა იანგონში. იგი ადგილობრივი ანტისამთავრობო მოძრაობა “კარენის ნაციონალური კავშირის” კონსულტანტი გახდა, რომელიც კარენებისგან (ადგილობრივი ერი) შედგებოდა. ისინი ბირმის სამხედრო რეჟიმთან ათწლეულების განმავლობაში სისხლისმღვრელ ომს აწარმოებდნენ, მაგრამ ყოველგვარი წარმატებების გარეშე.
ჰელვიმ გადაწყვიტა, მათთვის (კარენებისთვის) არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდები ესწავლებინა და ამ მიზნით მიიწვია შარპი მანეპლოში, რათა “შეეფასებინა ადგილობრივი ოპოზიციონერების მომზადების ხარისხი”. “ერთ-ერთი კომანდოსი, რომელმაც სულ ნახევარი საათი უსმინა შარპის სემინარს, შემოვიდა და მითხრა, ოცი წელია, ვომობთ და ადამიანებს ვხოცავთ, რატომ აქამდე არ ვიცოდით ეს ყველაფერი?” _ ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა ჰელვი.
“რემბოს” ერთ-ერთ ნაწილში სილვესტერ სტალონეს გმირი ბირმელებს ძლიერი მუშტითა და ტყვიამფრქვევით ეხმარება, სინამდვილეში ეს არაეფექტიანი აღმოჩნდა, ამიტომ კარენებმა შარპს მიმართეს და სთხოვეს, მოემზადებინა მათთვის სახელმძღვანელო, რომელიც მათ სამხედროების არაძალადობრივი გზებით დამარცხებააში დაეხმარებოდა.
ამერიკელი მეცნიერი დათანხმდა, მაგრამ რადგან ბირმაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ ერკვეოდა, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა. ამგვარად, 1993 წელს გაჩნდა მონცრო წიგნი “დიქტატურიდან დემოკრატიისკენ”, რომელიც უფრო მონუმენტური ნაშრომის – “არაძალადობრივი ქმედებების პოლიტიკა” შემცირებული ვარიანტი იყო. ახალ წიგნს ერთვოდა არაძალადობრივი ბრძოლის 198 მეთოდის ჩამონათვალი, რომლებიც შარპმა ჯერ კიდევ 1973 წელს შეკრიბა. სახელმძღვანელო ბანგკოკში მცირე ტირაჟით გამოიცა ბირმულ და ინგლისურ ენებზე. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი პოპულარობით სარგებლობდა ბირმაში, ის კარენებს სასურველის მიღწევაში ვერ დაეხმარა და მომდევნო წლების განმავლობაში მათ ბრძოლა სამხედრო საშუალებებით განაგრძეს.
მიუხედავად ბირმის წარუმატებელი გამოცდილებისა, შარპის მეთოდური სახელმძღვანელოს პოპულარობა მატულობდა. როგორ გავრცელდა წიგნი მთელ მსოფლიოში, თავად ავტორის განცხადებით, საიდუმლოდ დარჩა. “ბანგკოკში დაბეჭდდილი ინგლისურენოვანი წიგნები ადგილობრივ მაღაზიაში იყიდებოდა, ის ინდონეზიელმა სტუდენტმა შეიძინა და ჯაკარტაში წაიღო თან. მუსულმანური თემის მხარდაჭერით ამ წიგნის გამოყენება დაიწყო ინდონეზიის დემოკრატიულმა ოპოზიციამ, ქვეყანა ხომ იმ პერიოდში სამხედრო დიქტატურის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა”, -განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯინ შარპმა.

შარპის სახელმძღვანელო ათეულობით ენაზე ითარგმნა, ზოგიერთ ენაზე არაერთხელ, და ავტორის თქმით, ყველა კონტინენტზე გამოიცა ანტარქტიდის გარდა. გამოცემა “დიქტატურიდან დემოკრატიისკენ” სამოქმედო სახელმძღვანელოდ იყენებდნენ ბალტიისპირელი დისიდენტები 1990-იანი წლების დასაწყისში, მოგვიანებით “ბულდოზერის რევოლუციის” მონაწილეები სერბეთში 2000 წელს, “ვარდების რევოლუციის” შემოქმედები საქართველოში 2003 წელს და უკრაინაში “ნარინჯისფერი რევოლუციის” მომწყობები 2004 წელს. წიგნის არაბული ვერსია გამოაქვეყნა ორგანიზაციამ “ძმები-მუსულმანები” “არაბული გაზაფხულის” მიმდინარეობისას. შარპი არაერთხელ იყო წარდგენილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე და მას “არაძალადობის მაკიაველიც” კი შეარქვეს.

“საერთო გაზეთი”
ბელა გველესიანი