საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

როგორ დავიბრუნოთ აფხაზები და აფხაზეთი? – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

როგორ დავიბრუნოთ აფხაზები და აფხაზეთი?

სოხუმის დაცემის ოცდაათი წლის თავზე “საერთო გაზეთმა” დაიწყო დისკუსია თემაზე,
როგორ დავიბრუნოთ აფხაზი ხალხი და თავად აფხაზეთი. ინტერვიუს გამოქვეყნებას მკითხველთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად ანალიტიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი იგორ კვესელავა “საერთო გაზეთის” მკითხველის შეკითხვებს პასუხობს:

_ მიხარია, რომ ამ თემაზე დისკუსიაში თავად მკითხველი ჩაერთო და მათი მხრიდან ამ საკითხს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ეს მიძინებული ტკივილი _ აფხაზეთი “საერთო გაზეთმა” გააცოცხლა. საკმაოდ ბევრი საჭირბოროტო კითხვა დაისვა, რასაც ერთ-ორ ნომერში ნამდვილად ვერ ამოვწურავთ. შევეცდები, თქვენი მკითხველის ინტერესი თანდათანობით დავაკმაყოფილო. სანამ უშუალოდ კითხვებს ვუპასუხებ, მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველო მუდმივად იყო სხვა ქვეყნებისთვის _ სპარსეთისთვის, ოსმალეთისთვის, მონღოლეთისთვის, რუსეთისთვის და ასე შემდეგ, არენა. საქართველოს დამპყრობლები ცდილობდნენ, ჩვენი შინაგანი კონსოლიდაციის, განვითარების პროცესი შეეფერხებინათ. კონსოლიდაციის პროცესი დღემდე ბოლომდე მოგვარებული არ არის. რუსებს, გერმანელებს, აზერბაიჯანლებს, სომხებს ეს საკითხი მოწესრიგებული აქვთ. საქართველოში შიდა დაყოფის ფონზე, კონსოლიდაცია ხუთი საუკუნის განმავლობაში არ ხდებოდა. მიზეზი ის გახლავთ, რომ გვქონდა შიდა ომები _ იმერეთსა და გურიას, გურიასა და სამეგრელოს, სამეგრელოსა და იმერეთს და სხვა კუთხეებს შორის. მკითხველმა შესაძლოა, არც იცოდეს და აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ მაგალითად, ქვემო-გურულები, ანუ ქობულეთის გურულები არაქართველებად იყვნენ გამოცხადებულნი. დიახ, ქობულეთის გურულები რუსეთის იმდროინდელ პოლიტიკურ-ისტორიულ ლიტერატურაში არაქართველებად არიან მოხსენიებულნი. ასევე, აჭარლები, კლარჯები, მეგრელები, სვანები, მესხებიც. სტალინიც აჭარლებს, მეგრელებს ქართველებად არ იხსენიებს. ამ პერიოდში, 1929 წლის ოქტომბერში კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ორჯონიკიძემ განაცხადა, აზერბაიჯანის მცხოვრებლების თხოვნა დაეკმაყოფილებინათ და მათ ტერიტორიას საინგილო, ანუ ზაქათალა შეერთებოდა. ასე დაიკარგა ძირძველი ქართული მიწა. ეს ღალატისა და ვერაგობის მაგალითია. მსგავსი რამ, რაც ორჯონიკიძემ იკადრა საკუთარი ერის მიმართ _ საკუთარი ტერიტორიების სხვისთვის გადაცემა, მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს.
_ ბატონო იგორ, მკითხველის შეკითხვებზე გადავიდეთ. ერთ-ერთ მათგანს აინტერესებს, როგორ შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და ვინ იყო ამის მოთავე ან ინიციატორი?
_ თავდაპირველად გეტყვით, რომ აფხაზეთის იმდროინდელი პოლიტიკური ძალები აფხაზეთის ავტონომიის აქტის პირველ პუნქტს _ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შესახებ, მხოლოდ სიტყვიერად ცნობდნენ და ამას დროებით მოვლენად მიიჩნევდნენ. ეს უკვე ბერიას მიერ დაწყებული პროცესი გახლავთ. სწორედ აქედან იწყება წინააღმდეგობები. თებერვლის რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, აფხაზეთში სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციები ჩამოყალიბდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. მაგალითად, თავად აფხაზეთში ჩამოყალიბდა ცარისტული, ანუ რუსული პოლიტიკური ორიენტაცია, ასევე, იყო დენიკინური, თურქული, ბოლშევიკური, ქართული და აფხაზური ორიენტაციები. ხედავთ, რამდენი ორიენტაცია ჩამოყალიბდა ამ პატარა ზონაში. ამ ორიენტაციებს ყველას თავისი მიმდევრები ჰყავდა. ცნობილია, როგორ გადაწყდა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა. მკითხველის ინტერესს დავაკმაყოფილებ და გეტყვით, რომ ამ ყველაფრის სათავეში ორჯონიკიძე იდგა. თებერვალში გასაბჭოება მოხდა, ხოლო 1921 წლის მარტში გადაწყდა, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეექმნათ. აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში 375 ათასი მცხოვრები იყო, მათ შორის, 140 ათასი სომეხი, ქართველი _ მხოლოდ 37 ათასი, ამიტომ გენერალმა სიტინმა, რომელზეც წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ, განაცხადა: თბილისში ქართულ ენაზე საუბარი არ შეიძლება. აქ უნდა იყოს ხელისუფლება, რომლის სამუშაო ენა რუსული იქნებაო. თუმცა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო ამ მხრივ განსხვავდებოდა. სიტინი პირდაპირ მოითხოვდა, ლენინსაც უდასტურებდა, რომ აფხაზეთი საქართველოსთვის უნდა ჩამოეცილებინათ. ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულიყო სამეგრელოზეც, რომელსაც რუსეთისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, ეს ასე მარტივი არ იყო, რადგან სურდათ, აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებულიყო. ეს ანექსიის ტოლფასი იქნებოდა, რაც კრემლში არ გააკეთეს. ამიტომ შუალედური ვარიანტი მოიძებნა, რაც ორივე მხარეს აკმაყოფილებდა და აფხაზეთი, დროებით, დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადდა. საბოლოოდ, საკითხი მოლაპარაკების გზით უნდა გადაეწყვიტათ.
_ წინა ინტერვიუს დასასრულს თქვენ ახსენეთ, რომ აფხაზი სეპარატისტების ყრილობაზე ქართველებს ბრალდებები წაუყენეს. მკითხველის მომდევნო შეკითხვა სწორედ ესაა _ რა ბრალდებებზეა საუბარი?
_ როგორც წინა ჯერზე მოგახსენეთ, 1967 წლიდან საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რაც ყოველ ათ წელიწადში იმართებოდა. 1977 წლის დეკემბერში აფხაზური ელიტის 130-მა წარმომადგენელმა ბრეჟნევს წერილი გაუგზავნა, სადაც საქართველოსთვის აფხაზეთის ჩამოშორებას და რუსეთის სივრცეში მის გაერთიანებას ითხოვდნენ. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში შევარდნაძე იყო, რომელიც საკადრო ცვლილებების განხორციელებას შეეცადა. თუმცა, ამან უკუშედეგი გამოიღო. არადა, შევარდნაძეს სურდა, საკადრო ცვლილებებით სიტუაცია განემუხტა, მაგრამ რეალურად აფხაზური ეთნოკრატიის ელიტარული კლასის ჩამოყალიბება მოხდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან, საბჭოთა კავშირის თხუთმეტ სახალხო დეპუტატს შორის რვა აფხაზი იყო, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 140 დეპუტატიდან 57 აფხაზი, 53 ქართველი და დანარჩენი სხვა ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ. ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე? აღსანიშნავია, რომ მთავრობის თავმჯდომარე, ძირითადად, ყოველთვის ქართველები იყვნენ. შევარდნაძემ საკადრო ცვლილებების გატარებით იფიქრა: აფხაზებს დავამშვიდებო და ქართველები აფხაზებით ჩაანაცვლა. ამით აფხაზები გაძლიერდნენ. ისინი მოსკოვშიც მრავლად იყვნენ და საქართველოშიც. მეტსაც გეტყვით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე აფხაზი ლაბახუა გახლდათ.
ახლა უშუალოდ მკითხველის კითხვას ვუპასუხოთ. 1989 წლის 18 მარტს მიიღეს ეგრეთ წოდებული “ლიხნის მიმართვა”, რომლითაც აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფას მოითხოვდნენ. “ლიხნის მიმართვა” მოსკოვში გაიგზავნა. მიმართვის ტექსტი აფხაზთა სახალხო ფორუმის _ “აიდგილარას” ინიციატივით იყო შედგენილი. “ლიხნის მიმართვაში” აფხაზი სეპარატისტები ქართველებს შემდეგ ბრალდებებს უყენებდნენ: პარტიული და სახელმწიფო კადრების ხელყოფა; აფხაზეთის კულტურის ძეგლების, უნიკალური ბუნების განადგურება; აფხაზი მოსახლეობის ძალით გაქართველება; ქართველების მასობრივი ჩასახლება აფხაზეთში; აფხაზური ტოპონიმების მოსპობა; აფხაზეთის ისტორიის გაყალბება; აფხაზეთის დიდი ისტორიის საქართველოს ნაწილად წარმოდგენა.
აი, ეს ყველაფერი ბრალდებოდათ ქართველებს. რეალურად, ეს რუსეთის, კრემლის დავალება იყო, მიზანი _ ქართველებსა და აფხაზებს შორის ვითარების გამწვავება გახლდათ. ამ წერილის გაგზავნა ჩვენთვის არასასურველი იყო. მათ მოსკოვში ხალხი ჰყავდათ. “ლიხნის” ყრილობის მონაწილეები საქართველოსა და აფხაზეთს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების აღდგენას მოითხოვდნენ. განსაკუთრებული დაპირისპირება ქართული მხარის ინიციატივას _ აფხაზების უნივერსიტეტის ეროვნული ნიშნით გაყოფას მოჰყვა. ეს მიუღებელი იყო. აფხაზეთის უნივერსიტეტი ორად _ აფხაზურ და ქართულ უნივერსიტეტებად გაიყო. ეს გადამწყვეტი დაპირისპირების საბაბად იქცა. 1989 წელს ქართველებმა შეცდომა დაუშვეს. მოხდა სხვადასხვა საგანმანათლებლო ფონდების დაყოფაც _ აფხაზური ფონდი, ქართული, სომხური და ასე შემდეგ.
1989 წლის ივლისში აფხაზეთის მთავრობის სახლის თავზე გაჩნდა დროშა წარწერით _ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რამაც ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკება გამოიწვია. ამ ტრაგედიას ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვა: დაიღუპა 90 აფხაზი და 16 ქართველი. დაიჭრა 400-ზე მეტი ქართველი და 300-ზე მეტი აფხაზი. ეს ამბავი გასაიდუმლოებული იყო. ამ შეტაკებას უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა, მაგრამ აქ დიდი როლი ითამაშა შემდეგმა ფაქტორმა: ქართველი პატრიოტები თბილისიდან, განსაკუთრებით კი სამეგრელოდან დაიძრნენ. შეტაკება ზღვარზე იყო. შატალინმა განაცხადა, რომ ჯარისკაცების დასაღუპად ძალას არ გამოიყენებდა. უმჯობესი იყო, ქართველებსა და აფხაზებს პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად მოეძებნათ. 1989 წლის მოვლენებმა დაადასტურა, რომ “აფხაზური მოძრაობა” საქართველოს “ეროვნული მოძრაობის” პარალელურად აქტიურობდა. აფხაზები გვეუბნებოდნენ: თქვენ ხომ გამოდიხართ რუსეთის წინააღმდეგ, ხომ გინდათ რუსეთისგან გათავისუფლდეთ, ჩვენც იგივე გვსურსო. ხედავთ, რა კუთხით მიჰყავდათ საუბარი. ეს ეშმაკური სვლა იყო. ბუნებრივია, მერე “აფხაზური მოძრაობა” რუსეთის დასაყრდენ ძალად გადაიქცა. 1990 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემთხვევაში ავტონომიურ რესპუბლიკებს უფლებას აძლევდა, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიეღოთ გადაწყვეტილება, ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე საბჭოეთის შემადგენლობაში დარჩენილიყვნენ. ამ დადგენილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში ქართველებიც იყვნენ და აფხაზებიც. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მაშინ არავინ წასულა. ეს გახლდათ საბჭოეთიდან გასვლის საწინააღმდეგოდ მიმართული პოლიტიკურ-სამართლებრივი ქმედება, რომელიც ავტონომიებით დაქსელილ საქართველოს რთულ მდგომარეობაში აყენებდა.
ჩვენ სამი ავტონომია გვქონდა _ აჭარის, აფხაზეთის და ოსეთის ოლქი. 1990 წლის 25 აგვისტოს ცალ-ცალკე, აფხაზური და ქართული მხარეების უზენაესი საბჭოს სესია შედგა. ეს გახდა ქვეყნისთვის უბედურების დასაწყისი. ამით, ფაქტობრივად, საქართველოში ორხელისუფლებიანობა დააკანონეს. ერთი მხრივ, ეს იყო საქართველოს ხელისუფლება, მეორე მხრივ _ აფხაზეთის. ამას წინ უძღვოდა კრემლის ბინადრის, კომპარტიის ერთ-ერთი იდეოლოგის, სტალინის დაუძინებელი მტრის, ქართველთმოძულის მიხეილ სუსლოვის ჯერ კიდევ 1961 წელს პოლიტბიუროს სხდომაზე გახმოვანებული განცხადება, რაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
1921-90 წლების საქართველო უნიტარული ფედერაციული მოდელის, ანუ შეზღუდული სახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე ქვეყანა იყო, სადაც საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, აჭარისა და აფხაზეთის კონსტიტუციებიც ფუნქციონირებდა. თუმცა ძირითადი განმსაზღვრელი მაინც საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია იყო. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, 1990 წლის შემოდგომაზე ოლქი გაუქმდა და ის რესპუბლიკად გამცხადდა. აქ მხოლოდ აფხაზების საკითხი კი არა სამხრეთ ოსეთის საკითხიც იდგა. უარესსაც გეტყვით, მთლად ანგელოზად არც აჭარა გამოიყურებოდა. ფაქტობრივად, შევარდნაძის მოღვაწეობის პერიოდში, აჭარა დამოუკიდებელი რესპუბლიკა იყო. აჭარის ხელმძღვანელი თბილისში არ ჩამოდიოდა, პირიქით, შევარდნაძე სტუმრობდა ბათუმში. ამას მხარს უჭერდნენ რუსები. სხვათა შორის, როგორც აფხაზების და ოსების დამოუკიდებლობას, კრემლში აჭარის დამოუკიდებლობასაც მხარს უჭერდნენ. ეს საინტერესო საკითხია.
მკითხველი დაინტერესდა, როგორი იყო აფხაზეთი ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკაში, ასევე, შევარდნაძის, სააკაშვილისა და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. მოდი, “საერთო გაზეთის” დახმარებით ქართულ საზოგადოებას სწორი წარმოდგენა შევუქმნათ აფხაზეთზე. ეს იქნება კოლექტიური გაზეთი _ დიალოგი გაზეთსა და მკითხველს შორის. თქვენი გაზეთი ძალიან მიყვარს და მზად ვარ, ამ თემაზე დისკუსია კვლავაც განვაგრძოთ.

თამარ შველიძე
555 23 28 24