საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს და იქ მოვიდეს გიგაურის პარტია – ეს ვერ მოხდება – საერთო მედია
სექტემბერი 16, 2024

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს და იქ მოვიდეს გიგაურის პარტია – ეს ვერ მოხდება

  იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეხმიანება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, არის პოზიტიური გზავნილები.

„ვენეციის კომისიაში არის პოზიტიური გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ყველა ეს ცვლილება ნამდვილად ემსახურება რეფორმებს და რაც შეეხება კიდევ ერთხელ იმ ე.წ. „ძირითად რეფორმას“, მსგავსი არაფერი არავის უთქვამს. რასაც კონკრეტიკა არ მოჰყვება, ის ვერ შესრულდება,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ტერმინს „ძირითადი რეფორმა“ თარგმანში მხოლოდ ოპოზიცია იყენებს და რაც მას სურს, ის ვერ განხორციელდება. „იმ „ძირითად რეფორმას“ ვინც თარგმნის, არის ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს და იქ მოვიდეს გიგაურის პარტია. ეს ვერ მოხდება. იუსტიციის საბჭო შედგება 15 წევრისგან, სადაც ნაწილს ნიშნავს პრეზიდენტი, ნაწილს პარლამენტი და ნაწილს მოსამართლეთა კოლეგია. ის, რომ კენჭისყრისას ორჯერ ორი მესამედი არსებობდეს, არის გამოგონილი. ეს უბრალოდ, არც ერთ წამყვან სახელმწიფოში არ არსებობს და არ შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.