საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას და რისი გაკეთება სურთ საქართველოში! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას და რისი გაკეთება სურთ საქართველოში!

მოლოტოვის კოქტეილი ომშიც აკრძალულია
გვესაუბრება არასამთავრობო
ორგანიზაცია “ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის” თავმჯდომარე
ნანა კაკაბაძე:
_ ქალბატონო ნანა, სუს-ის განცხადებიდან ორმოცდარვა საათიც არ იყო გასული, ოპოზიცია ქმედებებზე გადავიდა. რისთვის ემზადებიან?
_ დღევანდელი ოპოზიციის არსებობის არსი არა განსხვავებული აზრის, პოზიციის დაფიქსირება და ამ მიმართულებით ბრძოლაა, არამედ მისი მთავარი ფუნქცია ქვეყანაში დესტაბილიზაცია, სახელმწიფოს ჩამოშლა, ხელისუფლების დამხობაა, რათა ასეთ პირობებში ამ აგენტოკრატიას ხელისუფლებაში მოსვლა გაუადვილდეს. ანუ, ოპოზიციის მიზანი სწორედ დესტაბილიზაციაა და სხვა არაფერი. 2012 წლიდან, რაც ძალაუფლება დაკარგეს, ამისთვის იღვწიან. ქართველმა ხალხმა მათ ფაშისტური, სისხლიანი რეჟიმი უწოდა. დღეს ნაცების გარშემო არაერთი პარტია ერთიანდება. თუ ქვეყნისთვის კარგი გინდა, ჯანსაღ ოპოზიციას წარმოადგენ და ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრობ, როგორ უნდა ითანამშრომლო მასთან, ვინც სისხლის კალოები დააყენა.
_ სუს-ის განცხადების მერე ოპოზიციის მხრიდან იარაღის გამოყენებაზე მზაობაც გაჟღერდა…
_ ამ განცხადების საფუძველზე, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, წესით, დროული რეაგირება უნდა მოახდინონ და გამოძიება დაიწყონ, რაც უკვე დაწყებულია, დაკითხვებზე სერბი მოქალაქეები დაიბარეს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ამიტომ ბუნებრივია, ეს განცხადება საფუძველს მოკლებული არ არის. განა მოლოტოვის კოქტეილები, რაც ოპოზიციამ ერთხელ უკვე გამოიყენა, იარაღი არ არის?! სხვათა შორის, მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიკრძალა. დიახ, მათი გამოყენება ომშიც კი არ შეიძლება, ოპოზიციამ კი ის “მშვიდობიან” მიტინგზე გამოიყენა და როგორ ფიქრობთ, ეს ხალხი სხვა იარაღის გამოყენებას მოერიდება? _ რა თქმა უნდა, არა. ეს საფრთხე არსებობს, ზედაპირზეა, ხელისუფლებამ მოქმედება დაიწყო. ჩემთვის გასაგებია, რომ გამოძიება საიდუმლო პროცესია და არა საჯარო. გამოძიების მიმდინარეობის ტრანსლირებას, პირდაპირ ეთერში ინფორმაციის მოწოდებას არ ვითხოვთ, მაგრამ გარკვეული ინფორმაცია უნდა გვქონდეს.
_ ნაცებს, მათ პატრონებს, აქ უკრაინული მაიდანის გამეორება სურთ. უკრაინაში ეს იანუკოვიჩის გაქცევით დამთავრდა. აქ რა სცენარს ამზადებენ?
_ დღეს ამის საპირისპიროდ ანტიმაიდანი იქმნება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების ინფორმირებაა _ რა მოუტანა უკრაინას მაიდანმა ჯერ კიდევ ომამდე: დაიკარგა ტერიტორიების 20%, ყირიმის დაბრუნებაზე დღეს ლაპარაკიც ზედმეტია. სწორედ მაიდანმა წარმოშვა ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რიცხვმა ათ მილიონს გადააჭარბა. რა დაემართა უკრაინული ფულის ერთეულს _ გრივნას? _ ოთხჯერ გაუფასურდა, გაკუპონდა, ეკონომიკა განადგურდა, კორუფციამ ისეთ მწვერვალებს მიაღწია, რუსეთსაც არ დაესიზმრება, დახოცილ ადამიანებზე აღარაფერს ვამბობ. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ ხელისუფლება დაემხო.
მოგვიანებით კი ხელისუფლებაში ფაშისტი ზელენსკი მოვიდა. მან მაშინვე ყველა ოპოზიციური ტელევიზია გააუქმა. დღეს არცერთი ოპოზიციური პარტია ქვეყანაში არ ფუნქციონირებს, ესეც ომამდე ხდებოდა. მერე ქვეყანა ომში ჩართო და გაიძახის: უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა ვიომოო. გაუგებარია, ვისთვის ომობს, თუკი უკანასკნელი უკრაინელიც არ დარჩება ამ ტერიტორიაზე?! პირდაპირ თქვას, ვის სასარგებლოდ ომობს. თუ უკრაინელები უნდა გაჟლიტოს, ვინ უნდა დარჩეს უკრაინის ტერიტორიაზე ბატონ-პატრონად?! აი, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას, რომელიც საქართველოზე ბევრად მდიდარი ქვეყანა იყო, ახლა კი გაღატაკებულია. აი, ამ მაიდანის გადმოტანა სურთ საქართველოში. და ამას ფუთავენ ევროპულობად! ეს ევროპულობა კი არა, ტრაგედიაა. ევროპა არის ადამიანის უფლებები და ღირებულებები. რომელმა ვითომ ევროპელმა ლიდერმა დააფასა თავის ქვეყანაში ადამიანის უფლებები, დემოკრატია _ სააკაშვილმა თუ ზელენსკიმ?!

მაიდანმა უამრავი ადამიანი პატიმარი გახადა _ განსხვავებული მოსაზრების გამო ხალხს ციხეში უშვებდნენ, სადაც მათ აწამებდნენ. ესაა პროდასავლურობა?! მიშა და ზელენსკი არიან პროდასავლელები?! ეს არის შირმა, ფასადი იმისთვის, რომ ლამაზი სიტყვებით შეფუთონ ის ბოროტება, რასაც ნაძირალა სააკაშვილი საქართველოში სჩადიოდა, ზელენსკი კი _ უკრაინაში. საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს: რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას და რისი გაკეთება სურთ საქართველოში.

ინტერვიუს სრულ ვერსიას “საერთო გაზეთის” ბოლო ნომერში წაიკითხავთ.