საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

რამდენი გადაუხადეს ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი ეკლესიის შეურაცხყოფისთვის? – საერთო მედია
ივლისი 27, 2024

რამდენი გადაუხადეს ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი ეკლესიის შეურაცხყოფისთვის?

 

„საერთო გაზეთთან“ საუბრობს მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ ჩიბურდანიძე

– ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, სააკაშვილის თემა ისევ აქტუალურია. მოწოდება ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ როგორ თავსდება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის ამჟამინდელ კონტექსტში?
– ეს არის პოლიტიკური ხრიკი, რომელიც ევროპარლამენტში გაითამაშეს. პარლამენტის რეზოლუცია არის რეკომენდაცია ჩვენთვის, რაც არ გვავალდებულებს, რომ გვინდა თუ არა, ეს უნდა გავაკეთოთ.
თუკი სააკაშვილის შეწყალების რეკომენდაციას ვინმე გაითვალისწინებს, ეს ერთადერთი სალომე ზურაბიშვილია. სწორედ მასზე ხდება კონცენტრირება გარკვეული ლობისტების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა დავალებას აძლევენ ქვეყნის პრეზიდენტს. გაუხსნეს გზა მსოფლიო მედიაში ზურაბიშვილს, რომელიც ხან „სი-ენ-ენთან“ ზის, ხან „ბი-ბი-სისთან“, ხან საფრანგეთის რომელიღაც ტელეარხთან, ხანაც ინტერვიუს აძლევს მათ საქართველოდან. ეს, რა თქმა უნდა, კოლოსალური თანხები ჯდება, რასაც ოპოზიციის უცხოელი ლობისტები აგვარებენ. თუკი აქამდე მიხეილ სააკაშვილი იყო მსოფლიო მედიის ეგრეთ წოდებული ვარსკვლავი, დღეს – სალომე ზურაბიშვილია. ახლა მას უქმნიან საერთაშორისო იმიჯს და ამით „ასაჩუქრებენ“. სურთ, რომ ზურაბიშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში, სანაცვლოდ კი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. მათ იციან, რომ სააკაშვილის შეწყალება მხოლოდ მორალური ასპექტია და რადგან ზურაბიშვილს მორალისთვის ბევრჯერ გადაუბიჯებია, არც ეს გაუჭირდება.
ველი, რომ სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინებენ მიხეილ სააკაშვილს, რადგან ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში, მისი თითოეული სიტყვა და ნაბიჯი საერთაშორისო ლობისტების მოთხოვნებზეა გათვლილი. არ ვიცი, იურიდიულად ეს როგორ მოხერხდება, რადგან სააკაშვილის ორ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, თუ მას გამოუშვებენ, შეიძლება გარკვეული პერიოდი მოუწიოს გარეთ ყოფნა, რასაც იმისათვის გამოიყენებენ, რომ საქართველოში საპროტესტო ტალღა ააგორონ.
– მაინც, რისთვის უნდა აძლევდეთ ხელს სააკაშვილის გათავისუფლება უცხოელ ლობისტებს?
– არეულობისთვის! იგივე მიზნისთვის სჭირდებათ სააკაშვილი, რისთვისაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში შემოიყვანეს. იცოდნენ, რომ მას დააკავებდნენ, მაგრამ ამას, მათი აზრით, საზოგადოების პროტესტი მოჰყვებოდა, რაც მოახდენდა გავლენას არჩევნებზე. რადგან ეს ვერ მოახერხეს, კიდევ ერთხელ უნდათ, სცადონ.
რევოლუციას, ამბოხს და პროტესტს ქარიზმა სჭირდება, რაც მიშას ნამდვილად აქვს. მათ სჭირდებათ ლიდერი. ხაბეიშვილი რომ ვერანაირად ვერ იქცეოდა ლიდერად, ლობისტებმა ეს თავის დროზეც იცოდნენ, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ნიშნავდნენ. ახლა სალომე ზურაბიშვილი შეარჩიეს თითქოს გამაერთიანებლად, მაგრამ მას ქარიზმა არა აქვს. მან შეიძლება იმუშავოს უცხოეთში ჩვენს ემიგრანტებზე, მაგრამ ვერ იმუშავებს „შიგნით“, რადგან არა აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. ზურაბიშვილმა თავის არჩევნებზე ვერ აიღო ხმები და სხვის არჩევნებზე რა ხმები უნდა აიღოს?! ვერც ნიკა გვარამია გამოდგება, რადგან ის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილეა და მას ყველაზე მეტად აქვს სისხლში გასვრილი… გაუჭირდათ ისეთი ქარიზმატული ლიდერის შერჩევა, რომელიც „ქვეყანას დაანგრევს“, ამიტომაც სჭირდებათ მიშას გამოშვება. თუმცა, არ მგონი,ა მის გამოშვებას არჩევნებამდე 7-8 თვით ადრე გეგმავდნენ, რაში აწყობთ, რომ ტალღა ახლა ააგორონ, რომელიც რამდენიმე დღეში ჩაქრება. ჩემი ვარაუდით, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს მაშინ, როცა საარჩევნო კამპანია პიკში იქნება, რათა მიშამ თავისი ქარიზმით შეძლოს ხმების მოგროვება და ქართველი ხალხის გაღიზიანება. დღესაც ელანდება, ალბათ, სააკაშვილს წალენჯიხის ავტობუსი, რომელიც 2003 წელს მოუძღვოდა საქართველოს, როგორც „ვარდების რევოლუციის“ სიმბოლო. თუმცა, მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ ისტორიულად, პოლიტიკაში ერთი და იგივე სცენარი არ მეორდება. ერთხელ ნაცადი გზა აღარ არის შედეგზე ორიენტირებული.
ამჯერად ოპოზიცია სხვაგვარად დაალაგეს. აქეთ „ლელოს“ უნდა, მესამე ძალა გახდეს, მაგრამ ხალხმა უნდა გაღიაროს როგორც სახე, როგორც იდეოლოგი და ამ შემთხვევაში ხდები „მესამე ძალა“… იქით ნიკა გვარამია და გახარია ცოდვილობენ, რომ როგორმე ამომრჩევლის იმ 40 პროცენტის ხმები წამოიღონ, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვისკენ გადაიხარონ. რეალურად ყოველთვის ასეა, რომ ამ ადამიანების 20-25 პროცენტი რჩება სახლში, ის 15 პროცენტი კი, ვისთვისაც გადაწყვეტილების მიღება რთულია, გარეთ რაღაცამ უნდა გამოიყვანოს. რა იდეა უნდა მიაწოდონ მათ ამ ადამიანებს? თქვეს, პენსიას 1000-ლარამდე გავზრდითო და თვითონ ოპოზიციამ დასცინა „ლელოს“, „გირჩმა“ საყოველთაო ამნისტიაზე დაიწყო საუბარი და მას „ლელო“ დასცინის. თუ რომელიმე რაღაც ინიციატივას დადებს, ერთმანეთს უბათილებენ ამ ინიციატივებს… ამასობაში ხელისუფლება რეიტინგს კრეფს და ყოველდღიურად წინ მიიწევს.
– სალომე ზურაბიშვილმა მართლაც ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა და მსოფლიოს წინაშე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეურაცხყოფაც კი იკადრა. არ მგონია, ვერ ხვდებოდა, თუ რას ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უწევს საკუთარი „ნააზრევის“ გამო განმარტების გაკეთება…
– ეს უკვე კულმინაცია იყო. ზურაბიშვილის მიერ პატრიარქის შეურაცხყოფა ბევრად დიდი დანაშაულია, ვიდრე სააკაშვილის შეწყალება შეიძლება იყოს. ამაზე უარესს ის ვერასდროს ვერაფერს გააკეთებს!
პატრიარქის შეურაცხყოფით სალომე ზურაბიშვილმა ჯერ არდაწყებული წინასაარჩევნო კამპანია სრული ფიასკოთი დაასრულა, მან ყელში დანა გამოუსვა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლის შემოკრებასაც მის ირგვლივ უცხოელი ლობისტები ცდილობენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე მთელი მსოფლიო საუბრობს, მისი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, მსოფლიო დონის ავტორიტეტი აქვს ჩვენს უწმიდესს, რასაც არამხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქები, ისლამური სახელმწიფოების წარმომადგენლებიც აღიარებენ. ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ გაბედა მსოფლიოში ჩვენი უწმიდესის შეურაცხყოფა და სწორედ ამ ყველაზე დიდ ავტორიტეტს დაარტყა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოს გასაგონად.
კიდევ რჩება ვინმეს კითხვა, თუ რატომ არ აფინანსებს პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტებს მთავრობა? ვინ იცის, რამდენი ასეთი განცხადება აქვს გაკეთებული ზურაბიშვილს ისე, რომ ჩვენ არ ვიცით და იცის ხელისუფლებამ!
სალომე ზურაბიშვილს ქართული ეკლესიის მწყემსმთავრის საერთაშორისო შეურაცხყოფას ქართველი ხალხი არ აპატიებს. ეს შეცდომა არ ყოფილა, ეს იყო მიზანმიმართული მავნებლური განაცხადი მსოფლიოს გასაგონად. ნეტავ, რამდენი გადაუხადეს ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი ეკლესიის შეურაცხყოფისთვის?
– მალე პარლამენტში განსახილველად განათლების რეფორმის პროექტი შევა. რას ითვალისწინებს ეს რეფორმა?
– ეს არის რევოლუციური ინიციატივა, რასაც წლებია, ველოდით. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროექტი სასკოლო განათლების შესახებ არის სწორედ ის, რაზეც ჩვენი მამები მიგვითითებდნენ – ცივილიზებულ სამყაროში ქართული აზროვნებით ინტეგრირება. ეს არის ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საფუძველი. შეუძლებელია, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდილმა ბავშვმა თავის ქვეყანას რაიმე ავნოს ან უცხო ქვეყნის აგენტად იქცეს. პროექტი მიმდინარე კვირაში შემოვა პარლამენტში ღია საპარლამენტო კომიტეტზე, რასაც დეტალურად მთელი საქართველო ნახავს. ვიმუშავებთ თითოეულ თემაზე, ვისაუბრებთ და გავაკეთებთ ღია განცხადებებს.
90-იანი წლების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ დამოუკიდებელ საქართველოში სასკოლო და უმაღლესი განათლება ქართული აზროვნების საძირკვლად გვექცია, პირიქით ხდებოდა. ლომაიას რეფორმის შედეგად მიზანმიმართულად დეგრადირებული განათლების სისტემიდან ქართული სული და გული ამოიღეს. ყოველწლიურად უარესდებოდა და ქრებოდა ეროვნულ-პატრიოტული იდეოლოგია სახელმძღვანელოებში. 2012 წლის შემდეგ ცალკეული ინიციატივებით ტარდებოდა რეფორმები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ორი წელი დაგვჭირდა საბრძოლველად, რათა სკოლებში გოგებაშვილის „დედაენა“ დაგვებრუნებინა, რადგან ეროვნულ-პარტიოტული მოტივაციის მქონე იდეების სკოლაში შეტანის გამო ყოველთვის გვეწინააღმდეგებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები.
საქართველო დემოკრატიული სამყაროს ნაწილია და აუცილებელია პროგრესული აზროვნება ახალგაზრდებში. იაკობ გოგებაშვილმაც კი გვიანდერძა, რომ „დედა ენა“ მუდმივად განახლებადი უნდა იყოს. თუმცა, უნდა შევინარჩუნოთ ძირეული ქართული და მას დავაშენოთ ეპოქის სიახლე, რაც ჩვენს ფასეულობებთან იქნება თავსებადი. სწორედ ამაზეა დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროექტი, რასაც გიორგი ამილახვაარი გვთავაზობს.
– არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უპირისპირდება. რამ გამოიწვია ამის კანონით დარეგულირების საჭიროება?
– ეს არის პრევენცია. ყოველდღიურად გვესმის, რომ ბრიტანეთში მიიღეს კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა სტრუქტურაში აკრძალა გენდერული ტერმინების გამოყენება, ვხედავთ ამერიკის სხვადასხვა შტატსა და ევროპულ სახელმწიფოებში რა ხდება… მართლმადიდებელი სახელმწიფო საბერძნეთი იყო უკვე პიკი, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეს. უარესი რა უნდა მოხდეს?!
ადამიანის უფლებრივი დაცვა აუცილებელია, მაგრამ აიკრძალება პროპაგანდა, ანუ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, რაც გარდაუვალი მავნე შედეგების მომტანია. საქართველო მართლმადიდებელი, ტრადიციული სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირისკენ მიდის. აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა არასდროს დავაკანონებთ იმას, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციებისთვის მიუღებელია. ჩვენი სამშობლო უდიდესი სიწმინდეების ადგილია. საქართველო თავიდან ბოლომდე ქრისტიანობის ისტორიაა. ამიტომაც, ყველა ხელისუფლება ვალდებულია, გაუფრთხილდეს და შეუნარჩუნოს ეს ყველაფერი მომავალ თაობებს. ამ მისიას ქვეყნის წინაშე „ქართული ოცნება“ პირნათლად ასრულებს.

ნონა ქარქაშაძე