საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

შავი და თეთრი, ნათელი და ბნელი ერთი მთლიანობაა-ქეთევან ზარნაძე – საერთო მედია
მაისი 19, 2024

შავი და თეთრი, ნათელი და ბნელი ერთი მთლიანობაა-ქეთევან ზარნაძე

-ჩვენ როლში ვართ. ეს როლი თავად ავირჩიეთ და შემდეგ ძველმა სულებმა დაგვამტკიცეს. ერთ ცხოვრებაში ჯალათი ხარ, მეორეში მსხვერპლი. უამრავი როლია, უამრავი სცენარი და როგორც ფილმებში არ აქვს მნიშვნელობა ცუდის როლს შეასრულებ თუ კარგის, ინვალიდს ითამაშებ თუ მილიარდერს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. არც მოვლენები იყოფიან პოზიტიურად და ნეგატიურად. ,,ადამიანური ტრაგედიების რწმენა, შენივე უმეცრების მანიშნებელია“. არსებობს მხოლოდ ფაქტი, სხვა ყველაფერი ჩვენი აღქმებია, ანუ ილუზიები.
,,როდესაც ღმერთს მოთმინებას სთხოვთ, თქვენი აზრით მოთმინებას გაძლევთ? თუ საშუალებას, რომ ისწავლო მოთმინება?“ სწორედ ასევე თუკი თქვენ სიყვარულის სასწავლად მოხვედით დედამიწაზე, სულაც არ არის გამორიცხული აწეწილი პირადული ცხოვრება გქონდეთ, განშორებები, დანაკარგები… ეს გამოცდებია. სხვანაირად ვერ სწავლობთ.
ამის დაჯერება, ძალიან სასიამოვნოა, გულიდან ლოდი გეხსნება. შენ არ ისჯები, შენ უბრალოდ სწავლობ. შენ არავინ გძულს, არავის გეშინია… როგორ შეიძლება საკუთარი თავი, ან ვინმე გძულდეს როლის გამო?
,,რა იქნებოდა შენი ნათელი ჩემი ჩრდილების გარეშე?“
შავი და თეთრი, ნათელი და ბნელი ერთი მთლიანობაა. ყველანი – მკვლელებიც, ნარკომანებიც, მშიერი ბავშვებიც უბრალოდ მისთვის საჭირო გამოცდილებას იღებენ. პარტერში უნდა მოკალათდე და პოპკორნი მოიმარაგო. როდესაც შენ ხარ მათ როლში… მაშინაც… შესანიშნავია!
მთავარია, გაკვეთილი ისწავლო და ცეკვა ცეკვით ისწავლი თუ ცრემლების ღვარღვარით, მასწავლებელს სულაც არ აინტერესებს!
და მაინც, უპასუხოდ რჩება შეკითხვა: რა საჭიროა ამხელა აურზაური?

წერს ქეთევან ზარნაძე