საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

პრემიერი:ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

პრემიერი:ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში!

მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები – როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები საზღვრებს გარეთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში, – ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი სუსის მიერ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გავრცელებულ დამატებით დეტალებს. კომენტარი ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მზადდება არეულობა ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვაცნობეთ საზოგადოებას ამის თაობაზე და გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრები, რომლებიც აქვთ ჩვენს დესტრუქციულ, ქვეყნის შიგნით მოქმედ ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომლებსაც აქვთ დახმარება საზღვრებს გარეთ. ნახეთ, რომ მათაც აქტიური ჩართულობა აქვთ უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების ჩამოდიან ქვეყანაში, მართავენ აქ ტრენინგებს. ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს. ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები თუ როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

ამ ხალხმა ალბათ ვერაფერი ისწავლა ან ანალიზს ვერ აკეთებენ. ფაქტია, უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილები არიან წარსულში. ჰქონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი. ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული, რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობასა და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დღეს არის ძლიერი და მტკიცედ დგას თავის სიმაღლეზე“, – განაცხადა პრემიერმა.

სამოქალაქო არეულობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ დეტალებს ასაჯაროებს. სუსის ინფორმაციით, სერბეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ოქტომბერ – დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდებთან და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა.