საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

გორში, საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

გორში, საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გორში, საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მუსიკოსთა არაერთი თაობის აღმზრდელის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია თეატრის წინ გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ვარსკვლავის გახსნას წინ უძღვოდა მაესტროს შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ შალვა მოსიძის მოსწავლეები. თეატრის ფოეში გამოფენილი იყო შალვა მოსიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალაც.

შალვა მოსიძის ვარსკვლავი გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დახმარებით გაიხსნა.

შალვა მოსიძე 1967 წლიდან გორის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. მან 1970 წელს გორის ქალთა გუნდი დააარსა. ის არის საგუნდო დირიჟორი, ქორმაისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი. მიღებული აქვს შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიები, ღირსების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი და სხვა.

ღონისძიება გორის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დღეს 30 სექტემბერს იხურება.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტისა და გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებითა იმართება.

ღონისძიების მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა მსმენელისთვის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.