საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სექტემბერმა წამართვა ჩემი მზიანი ქალაქი – საერთო მედია
მაისი 19, 2024

სექტემბერმა წამართვა ჩემი მზიანი ქალაქი

 

27 სექტემბერი თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე, ყველაზე მტკივნეული დღეა. ამ დღეს ოცდაათი წლის წინათ სოხუმი დაეცა. რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, თბილისმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო ძალები 1992 წლის 14 აგვისტოს გაგზავნა.
1993 წლის 16 სექტემბერს, 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხების დარღვევით, აფხაზი ბოევიკებისა და რუსეთის ფედერაციიდან დაქირავებულების მიერ სოხუმზე თავდასხმის შემდეგ, სამთავრობო ძალები იძულებულნი გახდნენ, რომ რეგიონი დაეტოვებინათ. რამდენიმედღიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ეს დღე საქართველოში აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან და ქართველების ეთნიკურ წმენდასთან ასოცირდება. აფხაზეთის ომში 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 300 000 ადამიანი, ძირითადად, ეთნიკური ქართველები, დევნილად იქცა.
სამხედრო დაპირისპირება ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს, ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებულ მებრძოლებს, კაზაკთა მილიციისა და გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალებს შორის 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა. 1993 წლის16 სექტემბერს სოხუმისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო, რასაც წინ უძღვოდა 27 ივლისს სოჭის ცნობილი შეთანხება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რაც სეპარატისტებმა დაარღვიეს.
აფხაზთა არტილერიამ, რომელიც, წესით, რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე როგორც ზღვიდან, ასევე ჰაერიდან და ხმელეთიდან. მძიმე შეიარაღების გარეშე დარჩენილმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა სოხუმის დაცვა მხოლოდ 11 დღის განმავლობაში შეძლეს. 27 სექტემბერს, დილის 9 საათზე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჟიული შარტავამ ტრადიციული თათბირი ჩაატარა, თანამშრომლებს დავალებები მისცა და მუშაობას შეუდგა. თუმცა, 12 საათზე მოწინააღმდეგემ მთავრობის სახლის იერიში დაიწყო.
რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ, სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია, მამია ალასანია, თამაზ ხარბედია, რაულ ეშბა და მინისტრთა საბჭოს 30-მდე თანამშრომელი, რომლებიც სეპარატისტებმა დახვრიტეს. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს – გალი, რის შედეგადაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.
აფხაზეთის ომის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა სოხუმის რაიონის სოფელ კამანის მოსახლეობისთვის, რომლებმაც მტერს თავი არ დაუხარეს. გმირობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენა მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულის მეთაურმა, კამანის მკვიდრმა ზაზა პაკელიანმა. ამ ასეულს არაერთხელ მოუგერიებია მტრის მიერ განხორციელებული შემოტევები და დივერსიული თავდასხმები. იმის მიუხედავად, რომ ასეულს პოზიციები არ უვარგოდა და მტერი ყოველთვის ზევიდან დაჰყურებდა, ამ შემოტევასაც არ შეუშინდა და ვაჟკაცურად დახვდა მტერს. გათენებული არ იყო, როდესაც სოფელს სამი მხრიდან შემოესია 500-კაციანი საშტურმო-სადესანტო ბატალიონი – გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების ჯარი, რომელსაც წინააღმდეგობას ასეულის 40-კაციანი ჯგუფი უწევდა.
ასეულმა დღის ორ საათამდე გაუძლო ამ ბრძოლას. ბოლოს უკვე ასეულის შტაბის დერეფნებში ხელჩართულ ბრძოლებში ჩაებნენ. ზაზა ცენტრალურ შტაბს უკავშირდება და ბოლო კოორდინატებს აძლევს: „პოზიციები დავკარგეთ, საგუშაგოები მტერმა გაანადგურა!.. დაგვბომბეთ!.. სხვა გზა არ არის, ჩვენ მაინც ვერ გადავრჩებით!.. კამანი აღებულია, ჩვენი შტაბის კოორდინატები იცით, დაგვარტყით!.. დაგვარტყით!.. ტყვეთ არ ჩავბარდებით!..“
რა თქმა უნდა, ქართულმა მხარემ პაკელიანის ეს თხოვნა არ გაიზიარა, თუმცა რამდენიმე საათში კამანი დაეცა, კამანთან ერთად ბრძოლის ველზე დაეცა ასეულის მეთაური ზაზა პაკელიანი და მის თანამებრძოლთა უმრავლესობა.
სამწუხაროდ, ქართულმა საზოგადოებამ არ იცის, ვინ იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომელი, 35 წლის ზაირა ქებურია და როტომ მოკლეს 1993 წლის 24 სექტემბერს სოფელ კამანში. მისი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ბრძოლის ველზე დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს ეხმარებოდა. ორი შვილის დედა, შვილებთან ერთად 1993 წლის 16 სექტემბერს ტყვედ აიყვანეს. იცოდნენ, რომ ქართველ ჯარისკაცებს ეხმარებოდა, ამიტომ ის ცალკე გაიყვანეს, შვილების წინ სასტიკად აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. მოკლულის შვილი, ირინა ქარდავა ამბობს, რომ აფხაზების მიმართ ზიზღის გრძნობაც არ აქვს, მაგრამ მათ მიმართ პატიების უნარიც არ გააჩნია.
„16 სექტემბერი მძიმედ მახსენდება. 14 წლის ვიყავი, ჩემი ძმა 12 წლის იყო. მახსოვს, ირგვლივ ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა და დაიწყო… დავიბენით, ვერ გავიგეთ, სეტყვა იყო თუ?.. და მახსოვს, ატყდა წივილ-კივილი, ერთ ადგილას გაშეშებული ვიდექი, მერე არ მახსოვს… ხელში აყვანილი მივყავდი მამას და გავრბოდით. ეს იყო საშინელება. გავიყავით, მამაკაცები ცალკე წავიდნენ, ქალები, მოხუცები და ბავშვები ბერძენმა ოჯახმა შეგვიფარა. 23 სექტემბერს ღამე მივედით ბერძენი ქალის ოჯახში. დედა მთელი ღამე ტიროდა, არ უძინია. გვეფერებოდა ორივეს, თითქოს გრძნობდა საფრთხეს.
მეორე დილას გაგვაფრთხილეს, რომ ვიღაცამ გაგვცა და ჩვენ, ბავშვები დაგვმალეს. მესმოდა, როგორ შემოვიდნენ აფხაზები, მესმოდა წივილი. შემდეგ გავიგე დედის ხმა. ჭუჭრუტანიდან ვხედავდი, როგორ ჩაარტყეს დედას ავტომატი და დაეცა, მაგრამ ადგა. ურტყამდნენ, მაგრამ ის მაინც ფეხზე დგებოდა. უყვიროდნენ, რატომ ეხმარებოდი ქართველებს, შენ ექთანი ყოფილხარო. თურმე მეზობელ სომეხს მიუთითებია დედაზე, ეს ომობდაო, დაჭრილებს ემსახურებოდაო. შემდეგ მოსთხოვეს მამაკაცების ადგილსამყოფელის მითითება, მაგრამ უარი უთხრა დედამ… დედა ეცემოდა და მაინც ფეხზე დგებოდა, რომ მათ წინაშე არ დაეჩოქებინა.
მამაკაცების სამალავის გათქმას აიძულებდნენ, ის კი არაფერს ამბობდა. დაშინების მიზნით, ჯერ ფეხებთან მიუშვეს ავტომატის ჯერი, მაგრამ ის ადგილიდან არ დაძრულა, თვალებში უშიშრად უყურებდა, ალბათ, უკვე კარგად იცოდა, რაც ელოდა. ჯერ ფეხებში ესროლეს, შემდეგ კი მთელ ნაწამებ სხეულზე გადაატარეს ავტომატის ჯერი…
მამას 15 წუთი მისცეს, დედა რომ დაემარხა. მან ხელით ამოთხარა სამარე და ცელოფანში გახვეული მიწას მიაბარა, თვითონ კი გუდაუთაში ტყვედ გადაიყვანეს. ტყვედ წაიყვანეს ჩემი ძმაც. ნაწვალებს ჯანმრთელობა შეერყა. ფსიქიკურად დაავადდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. მამამ მხოლოდ რამდენიმე წელი გაძლო. ასე გაანადგურა ჩემი სიცოცხლით სავსე ოჯახი ომმა“, – გვიამბო ირინა ქარდავამ.
კამანის ტრაგედიას უამრავი გმირი ჰყავს, მათ შორის არის თენგიზ ქარდავა. მისი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ სამშობლოს იცავდა. ის 16 სექტემბერს დახვრიტეს, როდესაც ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ცეცხლმოკიდებული კამანიდან გაჰყავდა. მისი დახვრეტილი სხეული მეუღლემ მიწას მიაბარა. სწორედ თენგიზ ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელსაც სამშვიდო პროცესის დროს საკვები მიჰქონდა სამშვიდობოებთან. მისი ისტორია მძიმეა და ამავე დროს უცნობი. აფხაზებს მიუტევა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა წარსულში დააბრუნა მისი მეუღლე მარინა ჩაკაბერია:
„როგორც კი დაიწყო სოფელზე შეტევა, ბავშვებს მოვკიდეთ ხელი და ტყისკენ გავიქეცით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ჩემმა მეუღლემ გულზე მოიკიდა ხელი და ასეთი რამ თქვა: „მე, მომკლავენ, ჯვარი დამრჩა სახლში“… მამის ნაქონ ვერცხლის ჯვარს ატარებდა, რომელიც ტყვედ იყო გერმანიაში და ეს ჯვარი თან ჰქონია. ამ საუბრიდან ზუსტად ერთ საათში, ჩვენ თვალწინ მოკლეს ჩემი მეუღლე. როდესაც ვცდილობდით სამშვიდობოს გაღწევას, გზაში შეგვხდა შეიარაღებული ჯგუფი. ოთხმა კაცმა დაიწყო სროლა თენგოს მიმართულებით… ეს იყო საშინელება… მთლიანად დაფლეთილი იყო… მიუხედავად ამისა, სახე სულ ნათელი ჰქონდა, მაშინ ვიგრძენი, რომ შვილებს უვნებლად გავიყვანდი.
ერთ-ერთმა აფხაზმა მკითხა, იარაღი რატომ აქვსო, რაზეც ვუპასუხე, თავის სახლს იცავდა-მეთქი. ამის გამო ავტომატის კონდახი ჩამარტყა. ერთ-ერთმა ჩემი სამი წლის შვილს ისეთი ძალით დაარტყა, რომ ბავშვი სამჯერ დატრიალდა და გადაგორდა. გვერდით მდგომმა ჰკითხა, ბავშვს რატომ დაარტყიო, უპასუხა, რომ ხედავ, როგორ იზრდება, ჩვენებს მოკლავსო. ამის შედეგ ერთ-ერთმა აფხაზმა ბრძანება გასცა, მეუღლე დაასაფლავებინეთ, გამოიძახეთ სასწრაფო და ტყვეთა ბანაკში გადავიყვანოთო.
როგორც კი მეუღლის დასაფლავების უფლება დამრთეს, პატარა ბავშვებით წავედი იქ, სადაც ის მოკლეს. თურმე ფერდობზე დაგორებულა. მარტომ ამოვიყვანე და ჩვენი სახლის ეზოში პლედში გახვეული დავასაფლავე. მალევე მოვიდა სასწრაფოც, საბედნიეროდ, სასწრაფოს ექიმი აღმოჩნდა ჩემი ნაცნობი აფხაზი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა საავადმყოფოში. ახალ ათონში წაგვიყვანა საკუთარ ბებიასთან, სოხუმის აღებამდე იქ ვიყავით დამალული. მერე წამოგვიყვანა თავის სახლში და რვა თვე შეგვიფარა. ძალიან ბევრმა აფხაზმა გადაარჩინა ბევრი ქართველი, ისევე, როგორც ქართველებმა გადაარჩინეს აფხაზები“, – იხსენებს ჩვენთან საუბრისას მარინა ჩაკაბერია.
უმძმესია ზაურ თოდუას ისტორია, ის და მისი თანამებრძოლები ტყვედ აიყვანეს. ხელ-ფეხი შეუკრეს, აიძულებდნენ, ეჩვენებინა ცუგუროვკის შემოვლითი გზა ბირცხის მიმართულებით, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. წამების მიუხედავად, არ გასცა სამხედრო საიდუმლო, არ უღალატა თანამებრძოლებს და, მიუხედავად სასტიკი წამებისა, მტერს თავი არ დაუხარა. ხელფეხშეკრული ზაური ჩააგდეს „გაზ-66“-ში და წამების შედეგ გმირი ვაჟკაცი დახვრიტეს.
„23-ე ბრიგადის მებროლი იყო. 16 სეტემბერს ქალაქში იყო, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ომი განახლდა, წასულა ჩვენი სოფლისკენ. ცუგუროვკასთან უკვე ტყვედ აიყვანეს ზაური და კიდევ რამდენიმე ქართველი. იქ მყოფ აფხაზს გაუცია ბრძანება, რომ ტყვეები გუდაუთაში გადაეყვანათ და იქ დაეხვრიტათ. დაიძრნენ შრომის მიმართულებით, მაგრამ ამ დროს საპირისპირო მხრიდან მომავალმა აფხაზურმა შენაერთმა მანქანიდან ორი ბიჭი გადმოიყვანა, ერთ-ერთი იყო ზაური, ამის შემდეგ ზაურის კვალი იკარგება.
ვეძებდით უშედეგოდ. გადავედი გალის რაიონში, გამოვიყენე ჩემი კონტაქტები, მაგრამ მის კვალს ვერ მივაკვლიე. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მისი ხსოვნის საპატივცემულოდ გავაკეთე ზაურის მემორიალი. უზომოდ იყო შეყვარებული აფხაზეთზე და, მით უმეტეს, ჩვენს პატარა კამანზე. მიუხედავად იმისა, რომ სახლი დაგვიწვეს და თავშესაფარი არ გვქონდა, სოფელს მაინც არ ტოვებდა. მიაჩნდა, რომ ეს მისი მხრიდან დანაშაული იქნებოდა. ასევე,მისი უფროსი ძმა, დათოც მძიმედ დაიჭრა და მიღებული ტრავმის შედეგად ისიც გარდაიცვალა“, – ამბობს ნინო თოდუა.
აფხაზეთის ომი ცნობილია თავისი უმძიმესი ისტორიებით და, რა თქმა უნდა, თავიანთი მძიმე ისტორიები აქვთ აფხაზებსაც. უმძიმესია ძმები თარბების ამბავი. 20 წლის ტყუპი ძმები ტყვედ აიყვანეს. ერთ-ერთმა ითხოვა, რომ მისი ძმის სიკვდილის მომსწრე არ გამხდარიყო და პირველი ის მოეკლათ, მაგრამ პირიქით მოხდა – ძმა მის თვალწინ დახვრიტეს, რამდენიმე წუთში კი, ისიც გამოასალმეს სიცოცხლეს. იმის მიუხედავად, რომ ოცდაათი წლის წინათ ქართველი და აფხაზი ერთმანეთს ტვიას ესროდა, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ამ მხრივ სასიამოვნოა აფხაზი და ქართველი დედების დაახლოვების ისტორია. უკვე წლებია, აფხაზი შავოსანი დედები იმ ქართველების სასაფლაოს პატრონობენ, რომლებიც ომმა შეიწირა.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური ქსელი. მაგალითად, აფხაზები ადიან სასაფლაოზე, იღებენ ფოტოებს და უგზავნიან მათი ოჯახის წევრებს. პირადად მე, ვისაც სოფელ კამანში ორი ძმის საფლავი მაქვს, ჩემი აფხაზი მეზობლის დახმარებით ვახერხებ, რომ ყოველ აღდგომას ჩემ მიერ შეღებილი წითელი კვერცხი და „პასკა“ ამშვენებდეს მათ საფლავებს. თუმცა, სამწუხაორდ, ეს არაოფიციალურად ხდება.
როდესაც მეკითხებიან, რა არის აფხაზეთი? – ჩემთვის პასუხი მარტივია – აფხაზეთი მხოლოდ სიყვარულია! 27 სეტემბერს ჩემი სოხუმი დაეცა! ოცდაათი წელია, ამ დღის გათენების მეშინია! ამ დღემ წამართვა ლამაზი ბავშვობა; წამართვა ჩემი მზიანი ქალაქი და წამართვა ის გმირები, რომელთა სისხლით სოხუმის ლამაზი ქუჩები მოირწყა!

ანი გოდერძიშვილი