როცა გყავს რეზიდენტი პრეზიდენტად, მტერი – პრეზიდენტად, მოღალატე და აგენტი – პრეზიდენტად, მანიფესტაციის კანონი მასთან შეთანხმებით რატომ უნდა შეიმუშავო?

ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება საკუთარი უსაფრთხოება
მიმდინარე პოლიტიკურ
მოვლენებზე „საერთო გაზეთთან“
საუბრობს პოლიტიკოსი
ხათუნა ხოფერია.
– მინდა, იმ ბარბაროსული ფაქტის შეფასებით დავიწყოთ, რაც ახლა ისრაელში ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ წამოიწყო. რატომ ხდება, რომ ბოლო დროს თითქოს მთელი მსოფლიო ომის სურვილით არის შეპყრობილი და ქვეყნები საერთო ენასაც აღარ ეძებენ შეთანხმების მისაღწევად?
– რაც ხდება მსოფლიოს ამ რეგიონში, სამწუხაროდ, მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რა გადაიტანა თურქეთმა მისი პრეზიდენტის არჩევის პროცესში, გვახსოვს, რომ ორჯერ იყო მაიდანის მოწყობის მცდელობა ნეთანიაჰუს პირობებში, როდესაც მან წინააღმდეგობა გაუწია სასამართლოს რეფორმას. მე ხშირად ვიყენებ შედარებისთვის ამ ფაქტს, რომ სასამართლო რეფორმის საბაბით ისრაელს უპირებდნენ მაიდანის მოწყობას და ხელისუფლების დამხობას. ახლა უნდა ველოდოთ რეაქციას ეგვიპტიდან და ირანიდან, უნდა დაველოდოთ, რა პოზიციას დაიკავებს მსოფლიოს მუსულმანური სამყარო და რაში გადაიზრდება ეს კონფლიქტი, რაც ადამიანური თვალსაზრისით, შორიდანაც კი საშინელი სანახავია. შეიძლება, საერთოდ უცებ მოხდეს ომის ლოკალიზება და შეთანხმების შედეგად მალე დაწყნარდეს სიტუაცია.
ზოგადად, მსოფლიო არის შერყეული. დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა თავი მოიქციეს იზოლაციაში, რადგან უკვე დაწყებული იყო ლიბერალების მხრიდან თავსმოხვეული პოლიტიკის გავრცელების მცდელობა, სხვადასხვა ბანაკი ღრმად იდგამდა ფესვებს. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი იყო ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ლიბერალიზმმა შეაღწია. ძალიან ბევრი გლობალური, დამღუპველი პროექტი შემოდიოდა სწორედ რუსეთიდან საქართველოში და ჩვენთან იქაური პოლიტიკოსების გავლენა მკაფიოდ იგრძნობოდა.
ამ ბოლო პერიოდში კი, პრაქტიკულად ათწლეულობით ნაშენები მსოფლიოს დაპყრობას ცდილობენ გლობალიზაციის ეგიდით, „ელჯიბიტი“ პროპაგანდით, რომელსაც თან ახლავს ჩვენი ქართული მენტალობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ფაშისტური ელემენტები. მსოფლიოში უკვე გამოიკვეთა გარკვეული ძალები, რომლებიც ამას უპირისპირდებიან, არა მხოლოდ საკუთარი ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ღირებულებების დათმობის ხარჯზე, არამედ, ამ თავსმოხვეული წარმოუდგენილი იდეოლოგიის წინააღმდეგ საბრძოლელად, ხდება ქვეყნების გაერთიანება. ჩვენც ის ქვეყანა ვართ, რომელსაც, როგორც შეუძლია, ისე იცავს თავს ამ უბედურებისგან. სულ რაღაც ერთი ათეული ადამიანია საქართველოში, ვისი ყიდვაც შეძლეს, ვინც სული გაყიდა, სამშობლო გაყიდა, საკუთარი ღირსება გაყიდა… და დარბიან ახლა ეს ადამიანები, ვიღაცას რაღაცას ჰპირდებიან და ცდილობენ, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა ააგორონ. თუმცა, ერი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ვითარდება, იზრდება, მრავლდება და აქვს საკუთარი ღირებულებები. ის აუცილებლად მოიშორებს, განდევნის თავისი წიაღიდან ამ მისთვის მიუღებელ ნაწილს და ერთხელაც, ეს ადამიანები სამშობლოს გარეთ აღმოჩნდებიან.
– ვიდრე სამშობლოს გარეთ აღმოჩნდებიან, იმედია, იმის განხორციელების საშუალებას არავინ მისცემს, რასაც სამშობლოს წინააღმდეგ გეგმავდნენ!
– ჩვენ არ ვიცით, ჯერჯერობით, რა გააკეთეს, მათ ეს არ უთქვამთ, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა თავისი მოვალეობა შეასრულა: მიმართა ხალხს, უთხრა, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ საფრთხისგან ვიყოთ დაცული.
გონიერი საზოგადოება ახლა ფიქრობს, ემზადება, ერთმანეთს უკავშირდება და მზადაა, არ დაუშვას ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით გადატრიალება. იმის გამო, რომ უკრაინას და აშშ-ს რაღაც შევუმსუბუქოთ, საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება, ამის წინააღმდეგ სრულიად ერი გავერთიანდებით და ამის უფლებას არავის მივცემთ.
– ისე მოხდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩუგოშვილისა და კოპალეიშვილის დასაცავი გახდა მის წინააღმდეგ გამოცხადებულ იმპიჩმენტის პროცედურაზე, რომელიც უკვე დაიწყო. თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე?
– ერდოღანმა თქვა დაახლოებით ერთი წლის წინ, 30 წელია, ევროკავშირში გაწევრიანებას ველოდებით და არ გვაღირსეს, ამ მოლოდინის რეჟიმს მხოლოდ ჩვენს გამოსაყენებლად ინარჩუნებენო. ასე იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც, კავშირში გაწევრიანების მოლოდინი იქნება მუდმივი ვაჭრობის თემა საქართველოსთვის. ეცდებიან, არარეალური მოთხოვნებით პრობლემები შეგვიქმნან, ჩოქბჯენში დაგვაყენონ და ამის გამო ბევრი რამ დავთმოთ.
ახლა ამ სტატუსის გამო ითხოვენ, რომ თვალები დავხუჭოთ, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, კონსტიტუციის დარღვევაზე და უარი ვთქვათ მის იმპიჩმენტზე, მაშინ, როდესაც ამერიკაშიც ანალოგიური მდომარეობაა და შეიძლება უარესიც! რატომ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ პრეზიდენტად გვყავს შემოგზავნილი მტერი, უნამუსო დედაკაცი, რომელიც ყველაფერს კადრულობს, ალბათ, იმის გამო, რომ იქ სადღაც შვილები დაუსაქმეს, ფულს აძლევენ, ათას რამეს ჰპირდებიან… თავისი ცხოვრების წესით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და ბევრი ვალი აქვს დაგროვილი ამ ქვეყნის წინაშე!
– როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ირაკლი კობახიძის ერთი მარტივი ხუმრობით ჩამოიშალა, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. როგორც ჩანს, არც იუმორი ესმის კარგად ოპოზიციას!
– ირაკლი კობახიძე არის პროფესიონალი კონტიტუციონალისტი, პოლიტიკოსი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მედგრად კარგად იცავს კონსტიტუციას, ამით კი ჩვენს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას იცავს. კანონს ნამდვილად არ გავცნობივარ, მაგრამ მე აქ იუმორს ვერ ვხედავ, რადგან, რაც კობახიძემ თქვა, არის ჭეშმარიტება! როცა გყავს რეზიდენტი პრეზიდენტად, მტერი – პრეზიდენტად, მოღალატე და აგენტი – პრეზიდენტად, მანიფესტაციის კანონი მასთან შეთანხმებით რატომ უნდა შეიმუშავო? ასე რომ, იუმორში, ხშირად, ჭეშმარიტება იფარება.
ხანდახან ვფიქრობ, ხომ შეიძლება, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს, ღარიბაშვილის მეთაურობით, ცოტა უფრო მაღალი დონის ოპოზიცია ჰყავდეს-მეთქი და გული მწყდება. ხომ არ შეიძლება მართლა ჭიჭე ვაშაძის, ხაბეიშვილის და წითლიძის დონეზე იყოს ოპოზიცია დარჩენილი. ოპოზიცია იმისთვის სჭირდება ქვეყანას, რომ ძლიერი და გონიერი უნდა იყოს, რათა მმართველი გუნდი გააძლიეროს, მისცეს იმის საშუალება, რომ მეტი იმუშაონ, ქვეყნისთვის მეტი გააკეთონ… არადა, ამ წყალწაღებულებს რომ უყურებ, რა უნდა ქნა!
– საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ დამაიმედებელ პროგნოზს იძლევა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოსა და მის ხელისუფლებას დიდი მხარდაჭერა აქვს ევროპელი ლიდერების მხრიდან, რაც, სავარაუდოდ, სტატუსის მიღების ერთგვარ წინაპირობადაც შეიძლება მივიჩნიოთ…
– საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან დიდი სიმპათიებს იმსახურებს მსოფლიოს ლიდერი პოლიტიკოსების თვალში, რადგან ვფიქრობ, უკვე ყველამ შენიშნა და სათანადოდ დააფასა მისი პროფესიონალიზმი. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკოსებთან ისე შედის დებატებში, ისე ღირსეულად გამოდის ურთულესი სიტუაციებიდან, ისე წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, რომ ნამდვილად მეამაყება. ეს ადამიანი არის კარგი დიპლომატი, საკმაოდ გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.
რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხს, როგორც აღვნიშნე, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. აბსოლუტურად არ მაინტერესებს სტატუსის თემა, რადგან ის მე ვერ გადამიწყვეტს თავდაცვისუნარიანობის საკითხს, რადგან ვერც ერთ თავის ქვეყანას ეს ვერ გადაუწყვიტა, ის ვერ გადამიწვეტს ეკონომიკური უზრუნველყოფის საკითხს, რადგან კანდიდატობის მოლოდინში ჩემს ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.
მისცეს ეს სტატუსი ერთი წლის წინ მოლდოვასა და უკრაინას და დაქცევისა და დამხობის მეტი არაფერი გაუვლიათ ამ ქვეყნებს ამ პერიოდში. ამ ქვეყნებში ეს სტატუსი სასიკეთოდ არავის გამოდგომია. სხვათა შორის, მაკრონმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა, ვფიქრობ, უნდა შევიმუშაოთ ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების არქიტეტურაო, ანუ საფრანგეთიც კი, რომელიც ევროკავშირში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურაზე საუბრობს, რომელიც მის ქვეყანას სჭირდება. როცა საფრანგეთი ამას ამბობს, როცა გერმანია დაქცეულია, ეკონომიკა ჩამოშლილია და 38 ტანკის ამარა არის ამხელა სახელმწიფო დარჩენილი, – მოდი, მე ნურაფერს დამამადლიან. წინასწარ ნურავინ ნურაფერს გვიკარნახებს და ნურც ჩვენ მივიკერებთ შუბლზე ვიღაცის დროშას. კეთილი ინებონ და აღიარონ საქართველო ისეთი, როგორიც არის, თავისი კულტურით, ისტორიით და ღირებულებებით.
ასე რომ, ამაზე სასაუბროდ ჩემთან ნუ მოცდებიან. ამ საკითხზე იმან ისაუბროს, ვისაც კონკრეტული დავალება აქვს მიღებული და ფული აქვს აღებული.
– მესმის თქვენი, ქალბატონო ხათუნა, მაგრამ სხვა შემთხვევაში, სად ხედავთ გამოსავალს?
– ძალიან ბევრი ვართ კონსერვატორები, ადამიანები, ვინც მზად ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლისთვის, ოჯახებისთვის… ვიბრძოლოთ იმ მთავარი, საკრალური მნიშვნელობის მატარებელი სლოგანისთვის, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა: ენა, მამული, სარწმუნოება! და მოდის დრო, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. უნდა წამოვიდეს ინდივიდიუალური ინიციატივები. მე ჩემს ბევრ მეგობარს დავუკავშირდები და ასევე, ძალიან ვთხოვ ყველა იმ ადამიანს, ვინც მზად არის ამისათვის, შემეხმიანონ სოციალური ქსელის საშუალებით ან პირადად და დავდგეთ ერთად, საქართველოს, ჩვენი ოჯახების და ქვეყნის მომავლის გადასარჩენად!
“საერთო გაზეთი”
ნონა ქარქაშაძე