საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა სახის ზავით დასრულდება ნატო-რუსეთის ომი, რასაც უკრაინის დაქცევა ერთვის, თუმცა, დაველოდოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ… – საერთო მედია
ნოემბერი 29, 2023

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა სახის ზავით დასრულდება ნატო-რუსეთის ომი, რასაც უკრაინის დაქცევა ერთვის, თუმცა, დაველოდოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ…

მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ძაღლი, რა მნიშვნელობა აქვს

ზოგადად, ძალზე ცუდი ტენდენციაა მედიაში, როდესაც იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც არ ეწყინოს; ვიღაცამ რაღაცად არ შერაცხოს; ვიღაცამ _ რაღაცა და ა.შ. სიმართლეს ასხვაფერებს, ან სულაც _ დუმს.
რაგინდ სისხლისმსმელ მანიაკადაც უნდა გამოვაცხადოთ პუტინი და დღეში მრავალჯერ აღვნიშნოთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხომ ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე უბედურებაში მთავარი დამნაშავე ე.წ. დასავლეთია? ვინმესთვის ახალი ამბავია, რომ იმთავითვე დაპირისპირებული იყო ბოროტების ეს ორი იმპერია _ აშშ და ჯერ სსრკ (ფაქტობრივად, რუსეთი) დღეს კი მისი მემკვიდრე, უკვე ღიად, რუსეთი? პირადად მე სწორედ იმ წელს დავიბადე, როცა ყველაზე სახიფათო დაპირისპირება ყოფილა _ კარიბის კრიზისი.
ამ დაპირისპირებაში მავანი 2014 წლის თებერვალს იღებს ათვლის წერტილად, მაგრამ, რეალურად, უკრაინის ირგვლივ და მის გამო დაპირისპირება 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის დროიდან დაიწყო, როდესაც ჯორჯ ბუშის (უმცროსი) ადმინისტრაციამ უკრაინასა და საქართველოს უშურველად მისცა დაპირება, რომ ნატო-ს გაერთიანებაში შეიყვანდნენ.
უკრაინას არ ვჩივი, ჩემი მანაღვლებს, საქართველო მას შემდეგ რომ ჰყავდათ მიბმული დასავლეთის კართან ქუჩიდან მიხეტებული, მაგრამ ერთგული გოშია ძაღლივით, სამადლოდ სხვა ძაღლების გამოხრულ ძვალს რომ მიუგდებენ ხოლმე სათამაშოდ…
მაშინ ითქვა, პუტინმა ღიად გააფრთხილა ე.წ. დასავლეთი, რომ თუ უკრაინა შეუერთდებოდა ნატო-ს, ეს ყირიმისა და აღმოსავლეთ რეგიონების გარეშე მოხდებოდა და უკრაინა, უბრალოდ, დაიშლებოდა. ფაქტობრივად, რასაც ახლა ვხედავთ, პუტინის გაფრთხილების ხილული ფაქტია, მხოლოდ კალმის ერთი მოსმაა საჭირო და ასეც გაფორმდება.
როგორც ჩანს, ე.წ. დასავლეთმა ვერ გათვალა ბევრი რამ, მათ შორის ვერც 50 ქვეყნის სამხედრო შეიარაღება და ბევრი სხვა წვრილმან-მსხვილმანი სამხედრო კუთხით. ე.წ. დასავლეთი დაიღალა და მოსწყინდა კიდეც, სამხედრო რესურსიც გამოელია და დღეს უკვე ღიად აცხადებენ ნატო-ს წევრი ცალკეული ქვეყნები, რომ უკრაინისთვის გადასაცემი აღარც სამხედრო ტექნიკა აქვთ და აღარც ფინანსები. ეს კი არა და, უკვე 11 მლრდ-ის ანგარიშს ითხოვენ უკრაინისგან, რაში დახარჯა ეს თანხა, წარმოგვიდგინოსო.
პუტინის გაფრთხილება-ულტიმატუმი აშშ-მა ყურსმიღმა გაატარა და წამოწყებული საქმე განაგრძო, ზედ რუსეთის კართან პროამერიკული დემოკრატიით გაჯირჯვებული უკრაინის შექმნა ევროკავშირთან დაახლოების თავგადაკლული სურვილითა და ევროპული ღირებულებებით (სასაცილო განმარტებაა, მაგრამ “სახელი” ხომ არ უნდა დაუკარგონ ევროპას. ევროპა რომ ლაჯებქვეშ ამოიდო აშშ-მა, იმიტომ უდგათ იმათაც საამური დღეები). უყურა რუსეთმა, რას იზამს ეს ე.წ. კოლექტიური დასავლეთიო და 2014 წელს, როდესაც უკრაინაში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი აჯანყება დაიწყო (ვიქტორია ნულანდის ფუნთუშებით) და პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო, არ დაახანა, სასწრაფოდ ყირიმი ჩაბღუჯა და უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონი სამოქალაქო ომისკენ წააქეზა.
სწორედ რომ ე.წ. კოლექტიური დასავლეთი და ლომის წილად აშშ არიან პრინციპული დამნაშავე იმ ომის წამოწყებაში, რომელშიც ახლა იხრუკება უკრაინა. თავდაპირველად შიში გაჩნდა, რომ რუსეთთან ეს დაპირისპირება ბირთვულ კატასტროფამდე მიიყვანდა მსოფლიოს, მაგრამ გაუნელდა ვნებები ე.წ. დასავლეთს და, ფაქტობრივად, ერთმანეთს შეატოვა რუსეთი და უკრაინა.
სანამ იმედი ჰქონდათ, რომ კიევი დე ფაქტო ნატო-ს წევრი ხდებოდა, რუსეთი, როგორც დღეს უკვე ვხედავთ, გამალებული ემზადებოდა უსასრულო ომისთვის, მოწინააღმდეგე მხარეს კი არხეინად ვაჭრობდნენ. პროცესი 2017 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც დონალდ ტრამპმა კიევისთვის “თავდაცვითი შეიარაღების” მიყიდვა გადაწყვიტა. ის რას ასყიდებდა და უკრაინა რას ყიდულობდა, სრულებით არ აინტერესებდა რუსეთს, “თავდაცვითი” “თავდასხმითი” იყო მისთვის. აშშ-ის კვალდაკვალ ნატო-ს სხვა წევრი სახელმწიფოებიც ჩაერთვნენ ყიდვა-გაყიდვის პროცესში და, ამავდროულად, უკრაინის სამხედრო გაერთიანებების მომზადება დაიწყეს _ უკრაინელ სამხედროებს ნება დართეს, მონაწილება მიეღოთ საერთო საჰაერო და სახმელეთო წვრთნებში. 2012 წლის ზაფხულში, უკრაინამ და აშშ-მა უმასპინძლეს შავ ზღვაში დიდ საზღვაო წვრთნებს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 32 ქვეყნის მეზღვაურები. ოპერაციამ “ზღვის სიო”, ლამის აიძულა რუსეთი, რომ თავს დასხმოდა ბრიტანულ საზღვაო გამანადგურებელს, რომელმაც მიზანმიმართულად შეცურა მოსკოვის მიერ საკუთარ ტერიტორიულ წყლებად აღქმულ მონაკვეთში.
მანამდე თუ რაღაც ერთგვარი რიდი მაინც იყო ცივ ურთიერთობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალზე გამოიდო თავი. “აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში”, რომელსაც ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ეწერა: “ხაზი გაესვა უკრაინის მიერ გაცემულ დაპირებას, განახორციელოს ყველა საჭირო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა, რათა მოხდეს მისი ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვანი გაწევრიანება”. საბუთი ეყრდნობა ზელენსკისა და ბაიდენის მიერ გაცემულ დაპირებებს, მოახდინონ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეობის გაღრმავება.” აგრეთვე, სახელმწიფოები გამოთქვამენ მზადყოფნას, იხელმძღვანელონ “2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით”.
ახლა რომ გვედავებიან და გვებუტებიან, “მეორე ფრონტს” რატომ არ ხსნითო, რას გვემართლებიან, ნეტავ, რადგან 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოც ნახსენებია უკრაინასთან ერთად? ჩიტირეკია სააკაშვილის ხელისუფლება სად მიძვრებოდა გახურებული თავით და რატომ მიაძვრენდნენ, ცალკე საკითხია, მაგრამ თვით უკრაინამ და ნატო-ს 50-მა ქვეყანამ თუ გაუხსნეს ფრონტი რუსეთს, რა “ჩიტი” უკავიათ ხელში ისეთი, რომ საქართველო გადაწონის ნატო-რუსეთის ომის ბედს? მგელი შემჭამს თუ მგლისფერი ძაღლი, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე ხომ იმაზე უნდა ვიფიქრო, რომელიმემ არ შემჭამოს…
რუსეთის მხარემ მყისიერად შეატყობინა აშშ-ს, რომ მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო, მყისიერადვე დაიწყო საკუთარი სამხედრო ძალების უკრაინის საზღვარზე განლაგება და ვაშინგტონს გამოწვევის მოგვარების გზების ძიებისკენ მოუწოდა. ეს ხომ დაფარულად არ ხდებოდა, დაინტერესებული მსოფლიო ადევნებდა თვალ-ყურს და ყველაფერი ღიად ხდებოდა. არადა, მსოფლიოში ვითომ კოვიდის პანდემია მძვინვარებდა. რუსეთის ნაბიჯებმა შედეგი ვერ გამოიღო, ბაიდენის ადმინისტრაცია თითქოს დაყრუვდა, რუსეთის მიერ გაჟღერებულ ყველა განცხადება-მოწოდებას იგნორირებას უკეთებდა და უკრაინასთან დაახლოების პოლიტიკას განაგრძობდა. დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ “მათ დუღილის წერტილს მიაღწიეს”.
მოსკოვმა მოითხოვა დოკუმენტური დაპირება, რომ უკრაინა ვერასოდეს გახდებოდა ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ხოლო ნატო უკან წაიღებდა ყველა სამხედრო შეიარაღებას, რომელიც მან 1997 წლის შემდეგ განათავსა აღმოსავლეთ ევროპაში. ენტონი ბლინკენმა გარკვევით შეუთვალა: “ცვლილებებს არ აქვს ადგილი, ცვლილებებს არ ექნება ადგილი!” რუსეთის პასუხი ერთ თვეშივე გამოჩნდა, ის უკრაინაში შეიჭრა იმ ყველაფრის გასანადგურებლად, რაც მისი ფედერაციისთვის მიუღებლად მიაჩნდა, გნებავთ, სახიფათოდ თუ არასასურველად.
მოკლედ რომ ვთქვათ, ნატო-ს არ უნდა დაერღვია თავის მიერვე დადებული პირობა, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა!
საქმე ის გახლავთ, რომ 2014 წლამდე იშვიათად თუ ვინმეს მიაჩნდა რუსეთი საფრთხედ, თუმცა იყვნენ საგარეო ურთიერთობათა ცნობილი ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც ღიად გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ნატო-ს გაფართოება სახიფათო იქნებოდა, მით უმეტეს, აღმოსავლეთით. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა ღიად თქვა: “საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მცდელობა მართლაც რომ ზედმეტი იყო”. უკრაინისთვის ნატო-ს წევრობაზე მაშინვე უარი განუცხადეს გერმანიის იმდროინდელმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია წლების განმავლობაში კი არ იგეგმებოდა, ეს, უბრალოდ, უკრაინაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებაზე რეაქცია იყო, როდესაც პრორუსული მთავრობა დაემხო.
სამწუხაროდ, ვერც ევროპელმა და ვერც ამერიკელმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ვერ შეძლეს იმის აღიარება, რომ უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი სწორედ მათ მიერ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების წახალისება და მხარდაჭერა გახდა.
როდესაც რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებზეა საუბარი, მავანთ რატომღაც ავიწყდებათ თავიანთი არანაკლებ იმპერიალისტური ზრახვები…
აშშ და დასავლეთი ზრდიდნენ უკრაინისთვის ყველა სახის დახმარებას და ეკონომიკური სანქციებით ცდილობდნენ რუსეთის დასჯას, რაც, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ომის გამოცხადება იყო, დღეისათვის კი რა შედეგს ვხედავთ?
უკრაინის დახმარებაში ჩართული ყველა ქვეყანა თვითონ არის ჩავარდნილი მძიმე მდგომარეობაში როგორც ეკონომიკურად და ფინანსურად, ისე შეიარაღების მხრივ. ერთიმეორის მიყოლებით აცხადებენ, უკარაინისთვის მისაცემი იარაღიც გამოგველია და ფინანსებიცო, ბირთვულ შეიარაღებაზე “ხელის გაკვრაზე” საუბრის კი არა, ფიქრის თავიც აღარავის აქვს… აგერ ახლახან განაცხადა ვლადიმირ პუტინმა იქედნურად, “რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არავინ გამოიყენებს, ჩვენი შესაძლებლობები იციან”…
24-27 სექტემბერს, “ვალდაიში”, საერთაშორისო სადისკუსიო კლუბში, საინტერესო კითხვები დაუსვეს ვლადიმირ პუტინს და მანაც უშურველად უპასუხა. კონკრეტულად საქართველოსთვის საინტერესო თითქოს არაფერი უთქვამს, მაგრამ ზოგადად, საინტერესო, პრინციპით _ “მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო”, ვფიქრობ, თქვა.
როგორც მან განაცხადა, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში უწერიათ, რომ ბირთვულ შეიარაღებას მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოიყენებენ: 1. თუ რუსეთის ტერიტორიისკენ წამოვვა იმავე ტიპის რაკეტა. ასეთ შემთხვევაში წამიერად უპასუხებენ ბევრად ძლიერი და დამანგრეველი სისტემით, რომლის ანალოგი არავის აქვს და 2. როდესაც ჩვეულებრივი ომი მიმდინარეობს და რუსეთი ომს აგებს. ფაქტობრივად, პუტინმა თქვა, რომ რუსეთისთვის ომის მოგება შეუძლებელია (ჯერჯერობით და უახლოეს მომავალშიც). როგორც მან თქვა, დღესდღეობით მისი (ბირთვული იარაღის) გამოყენების ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს. ასევე, ცხადია, კონცეფციის შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ არც ამის საჭიროებაა და, შესაბამისად, არც აპირებენ. რაც მთავარია, მოწინააღმდეგემ ამის შესახებ იცის. იქვე დასძინა, რომ ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვას რუსეთმა ხელი მოაწერა და რატიფიცირებაც მოახდინეს, აშშ-მაც მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირება არ მოუდენია. “სხვათა შორის” ახალი ფრთოსანი რაკეტის წარმოების დასრულებაზეც თქვა ორიოდე სიტყვა… ერთი რამ კი “უკვირდა”, ჩვენ არ ვაკეთებთ ახალ “რკინის ფარდას” ევროპასთან, ის ხურავს კარსო, მაგრამ რატომ უნდა შევძვრეთ ფანჯრიდან, როცა სხვა კარიც არსებობსო…
საინტერესოა, ასეთ მეზობელს რაში და რანაირად ვეჯიბრებით, ან ვებუტებით?
დღეისათვის მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა სახის ზავით დასრულდება ნატო-რუსეთის ომი, რასაც უკრაინის დაქცევა ერთვის, თუმცა, დაველოდოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ…
მანამდე კი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, სავარცხელდაკარგული ბორის ჯონსონის მორიგ სიცრუეზე ვთქვათ, რომელიც დმიტრი გორდონის ეთერში გადმოაფრქვია. მისი თქმით, II მსოფლიო ომში დასავლეთმა უკრაინის დახმარებით გაიმარჯვა, ხოლო გამარჯვებაში მთავარი როლი უინსტონ ჩერჩილმა ითამაშა; II მსოფლიო ომი ჩერჩილისა და რუზველტის მოლაპარაკების შედეგად დასრულებულა… ამ კაცმა ისტორია არ იცის, ისტორიის ჩვეულებრივი გამყალბებელია, თუ მეხსიერების პრობლები აქვს, გორდონიდან დაწყებული, რატომ არავინ დაინტერესდა, ყველა რატომ გაისუსა, ჩემს გარდა არავის აინტერესებს?

ნინო დაუშვილი