“ტრადიცია” – რომელიც მსხვერპლით სრულდება
“საერთო გაზეთი”
“ტრადიცია” – რომელიც მსხვერპლით სრულდება
ბრძოლა „ტრადიციების“ წინააღმდეგ თითქმის ორი ათეული წლის წინათ დაიწყო, როცა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაზეთში მუშაობდა და სტატიებს ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნიდა. პრინციპული და სამართლიანი ხასიათის წყალობით ბევრი სირთულე დაძლია, ბევრი წინააღმდეგობა გადალახა და თუ დღეს ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მისწრაფებებმა სასიკეთოდ იცვალა გეზი, აქ მისი მოკრძალებული წვლილიც არის. ზულფია მუსაევა, მეგობრებისთვის – ზუზუ, ახლა თავის მცირე ბიზნესს უძღვება, ჰყავს ოჯახი, ზრდის შვილებს, აკეთებს ბევრ კეთილ საქმეს, ხარობს და ცხოვრობს თავისი ერისა და თავისი ქვეყნის სიხარულითა და ტკივილით:
– ზუზუ, სულ რამდენიმე დღის წინ, კახეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში, იძულებით გათხოვილი 14 წლის გოგონა ქმარმა მოკლა. გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება აზერბაიჯანულ ეთნოსში, განსაკუთრებით ღრმა სოფლებში, ჯერ კიდევ მავნე ტრადიციული გადმონაშთია, რის წინააღმდეგაც შენ ბავშვობიდან დაიწყე ბრძოლა…
– ძალიან განვიცადე, როცა ეს ამბავი გავიგე. გამახსენდა ადრეული ახალგაზრდობის პერიოდი, 2006 წელი, როდესაც ძალიან ხშირი იყო ასეთი შემთხვევები აზერბაიჯანული ეთნოსით დასახლებულ რეგიონებში. თუმცა, სწორედ იმ დროს დაიწყო დიდი პრევენციული ღონისძიებები, ამუშავდა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ადრეულ ასაკში გათხოვების მავნე ტრადიცია როგორღაც აღმოეფხვრათ…14 წლის გოგო ქმარმა მოკლაო, რომ ამბობენ – გადაირევი. რა ქმარი? სად გაგონილა 14 წლის გოგოს „ქმარი“ 21-ე საუკუნეში? 14 წლის ბავშვი მოკლა მოძალადე პედოფილმა, დაღუპეს მოძალადე მშობლებმა და ვითომ „ტრადიციამ“. დიახ, მშობელია, პირველ რიგში, მოძალადე, რომელიც საკუთარი ნებით ათხოვებს არასრულწლოვან შვილს, ან თუნდაც „მოტაცებულს“ სახლში აღარ აბრუნებს და ვიღაც პედოფილს საკადრისად არ უსწორდება. გარდა ამისა, ბავშვი რომ სკოლაში არ დადიოდა, ვერავინ შენიშნა? რატომ არავის აცნობეს, არავის დაურეკეს? რატომ არ ჩააყენეს შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში? თავადაც ძალადობის მსხვერპლი ვარ და შემეშინდა, ხმა ვერ ამოვიღეო, დედა რომ ამბობს, მესმის, ალბათ, მასაც მძიმე ცხოვრება აქვს, მაგრამ, როცა საქმე შვილს ეხება, როცა შვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, შენი სიცოცხლის დათმობისა უნდა გეშინოდეს? მემუქრებოდნენო, თავს რომ იმართლებს, მუქარა კი არა, ცეცხლში უნდა შეხვიდე და ბავშვი გადაარჩინო.
გაუგებარია ჩემთვის, ვისი შეგეშინდა? – გადი გარეთ, შეატყობინე ვინმეს, სოციალური ქსელები ახლა ხომ მაინც არის ყველასთვის ხელმისაწვდომი? არასრულწლოვანი ბავშვის ქორწილის სურათებს რომ დებ, აზიარებ და ეს გიხარია, დაურეკე ვინმეს, სთხოვე დახმარება, მიაწვდინე ხმა პოლიციას. არ მგონია, ეს ფაქტი რომ შესაბამის ორგანოებს გაეგოთ, ასე უყურადღებოდ დაეტოვებინათ.
– ის მასწავლებლები, მეზობლები და ნათესავებიც, სავარაუდოდ, 12-14 წლის ასაკში არიან გათხოვილი და ამიტომაც არაფერი იქნებოდა მათთვის ამაში უჩვეულო.
– გასაგებია, მაგრამ მაინც წარმოუდგენელია თუნდაც სკოლის, სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების დუმილი ასეთ დანაშაულზე. ქართული ენის მასწავლებელი არ ჰყავდათ სკოლაში, როგორ არავინ შეაშფოთა ბავშვის ძალით გათხოვების ფაქტმა? ნუთუ ვერავინ შენიშნა, რომ ბავშვი სკოლაში აღარ დადიოდა, ვერ გაიგეს კლასელებმა, ვერ გაიგეს მასწავლებლებმა სად იყო და რა მიზეზით აღარ დადიოდა სკოლაში? ეს ხომ დაუჯერებელია. გარდაბანში კარგა ხანია, ასეთი რამ აღარ ხდება, არ ვიცი დმანისში, ბოლნისსა და კახეთში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში რა და როგორ არის, მაგრამ შევნიშნე, რომ დღესდღეობით, გარდაბანში, მშობლები ბავშვების განათლებას მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე ოდესმე. სამწუხაროდ, ჩვენს თემში ჯერ კიდევ არის ისეთი სტერეოტიპი, რომ, თუ გოგონა მოიტაცეს, ან დანიშნეს, მას ოჯახი უკან აღარ მიიღებს, რადგან ფიქრობენ, რომ ის ვეღარასდროს გათხოვდება, ცუდ გზას დაადგება, განათხოვარის სახელი დაერქმევა და ასე შემდეგ. თუმცა, მხოლოდ ღრმა სოფლებშიც არ დგას ეს პრობლემა. მაგალითად, 7-8 წლის წინ, თბილისში, ჩემს მეზობლად მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯენელი გოგონა მოიტაცეს. ჯერ 14 წლისაც არ იყო ბავშვი. ქართულ სკოლაში სწავლობდა და საკმაოდ პერსპექტიული მომავალიც ექნებოდა, მშობლები რომ მხარში დადგომოდნენ. ატყდა ამბავი, შეიკრიბა მთელი ნათესაობა , უხუცესები თუ ახალგაზრდები და გადაწყვიტეს, – იმ მოტივით, „ხალხი რას იტყვისო“, ბავშვი სახლში აღარ დაებრუნებინათ, რათა ცხოვრება არ არეოდა, ან „ცუდ გზას არ დადგომოდა“. ორი შვილი გააჩინა ამ ბავშვმა და რამდენიმე წელიწადში სრულიად შეერყა ჯანმრთელობა. სულ ავადმყოფობდა, არც ქმართან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ხან შორდებოდნენ, ხან რიგდებოდნენ… ეს ხომ სოფელი არ იყო, ეს მოხდა თბილისში და საინტერესოა, ამ დროს სად იყო სკოლის დირექტორი, სად იყვნენ მასწავლებლები?!
მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი შვილების მეგობარი ვიყო, არ მგონია, ჩემმა გოგონამ, რომელსაც მე თვითონ ვატარებ სკოლაში, რამე გამომაპაროს ან დამიმალოს, მაგრამ თუკი ოდესმე მსგავსი რამ მოხდება, ბოლომდე ვიზრუნებ, რომ მოძალადემ ციხეს თავი ვერ დააღწიოს.
– პირადად ვარ მოწმე და მახსოვს, როგორ იბრძოდი, რომ შენს დას სწავლა გაეგრძელებინა, რადგან მშობლები სკოლის დამთავრების უფლებას არ აძლევდნენ, როგორ განიცდიდი და ნერვიულობდი, როცა შენს სიმართლეში ვერავის არწმუნებდი და რამდენ რამეს აკეთებდი მომავალი თაობის, პატარა გოგონების გადასარჩენად, მაშინ როცა, არც თვითონ იყავი ასაკით დიდი…
– იმ პერიოდში შანსი გამიჩნდა, თქვენ გაგიცანით, გავაქტიურდი და დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც თავიდან მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბიჭები იკრიბებოდნენ. ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო, ქალებსა და გოგონებს არჩევნებზეც რომ არ უშვებდნენ და ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდნენ ოჯახის წევრები. გოგონებს მხოლოდ არასრული განათლების მიღების შანსი ჰქონდათ, ცხრა კლასის დასრულების შემდეგ იძულებით ათხოვებდნენ. მე კი მინდოდა, მესწავლა, მემუშავა, საკუთარი ცხოვრება თავად განმესაზღვრა და ჩემი ახლობელი ადამიანებიც დამეცვა, რათა ამ მახინჯი მენტალიტეტის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ. დავდიოდით სკოლებში, ოჯახებში, ბევრს ვესაუბრებოდით გოგონების მშობლებს და ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, თანდათან გოგონებიც მოვიზიდეთ. გავხსენით ქართული და ინგლისური ენის კურსები, დავიწყეთ ტრენინგები, სემინარები, სადაც, პირველი რიგში, მოზარდებს ბავშვთა უფლებებს ვასწავლიდით… ბევრი გოგონა გადავარჩინეთ, ვისაც მშობლები გათხოვებას აიძულებდნენ და ბევრს მივეცით სწავლის გაგრძელების საშუალება.
– შენი ოჯახის დაარწმუნება როგორ შეძელი?
– დედაც და მამაც სოფლიდან არიან და მათი წარმოდგენით, გოგო უნდა გათხოვდეს 15-16 წლისა, ოჯახი უნდა შექმნას. ერთადერთი, რაშიც გამიმართლა, ის იყო, რომ რუსულენოვან სკოლაში ვსწავლობდი, სადაც ცოტა სხვა მენტალიტეტის ბავშვები იყვნენ, მეტად შეეძლოთ საკუთარი ინტერესების დაცვა, ვიდრე ამას აზერბაიჯანულ სკოლებში ახერხებდნენ. აზერბაიჯანულ სკოლებში ყოველთვის იყო გარკვეული ჩარჩო, რომლის იქითაც ვერსად გაიქცეოდი. მაშინ ინტერნეტი ჯერ კიდევ ამდენად არ იყო განვითარებული, მაგრამ ძალიან ბევრს ვკითხულობდი, ბევრ ინფორმაციას ვიღებდი, აქტივობებში ვმონაწილეობდი, გადაწყვეტილი მქონდა, თავი არავისთვის დამეჩაგვრინებინა და არც ჩემი დის დაჩაგვრის უფლება მიმეცა მშობლებისთვის. მეცხრე კლასიდან მის სკოლიდან გამოყვანას და გათხოვებას გეგმავდნენ, მაგრამ სასტიკად შევეწინააღმდეგე. ბევრი ჩხუბისა და ახსნა-განმარტების შემდეგ, მშობლები დავითანხმე, რომ თუ მაინც სწავლის გაგრძელება გვსურდა, ისინი ჩვენს სწავლაში ერთ თეთრსაც არ გადაიხდიდნენ… შედეგად, ჩემმა დამ დაამთავრა ეკონომიკური ფაკულტეტი თბილისში, შემდეგ კი გრანტი მოიპოვა და სპეციალური პროგრამით თურქეთში მაგისტრატურაში განაგრძო სწავლა. ის ახლა კერძო კომპანიაში მუშაობს, სოციოლოგია, ჰყავს მეუღლე და ძალიან საყვარელი პატარა გოგონა…
– მახსოვს, ნათესავთა შორის ქორწინებასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდი, რომელიც თქვენს რელიგიაში მისაღებია…
– ნათესავების ქორწინება ჩემთვის მიუღებელია, რადგან დეიდაშვილს თუ მამიდაშვილს ადამიანი და-ძმასავით უყურებს. გარდა ამისა, ასეთი ქორწინება მიუღებელია სისხლის აღრევის თვალსაზრისითაც. თუმცა, ამ ნათესაურ კავშირს ჩვენი რელიგია აღიარებს და ნორმად მიიჩნევს, ამიტომაც ბევრი არ მინდა ვილაპარაკო, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ძალიან შემცირდა ნათესავთა შორის ქორწინებები ეთნიკურად აზერბაიჯანულ ოჯახებში. თითქმის ათი წელია, აღარც გამიგია, რომ ქვემო ქართლში მსგავსი ქორწინება შემდგარიყო, რადგან ასეთ დროს, არცთუ იშვიათად, ბავშვები ჯანმრთელობის პრობლემით იბადებოდნენ და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ხალხს თვალი აეხილა. მიხარია, რომ მახინჯი სტერეოტიპები ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იმსხვრევა. ახლა უკვე აქტიურად სწავლობს და შრომობს აზერბაიჯანელი ახალგაზრდობა და როცა მათ წარმატებებს ვეცნობი სოციალურ ქსელებში, ძალიან მიხარია. ათეულ წელზე მეტია, რაც ამის გამო ბრძოლა დავიწყეთ და აი, შედეგიც! ამავე დროს, ძალიან გულსატკენი ფაქტია, რომ ზოგან მაინც ხდება ისეთი გამოუსწორებელი დანაშაული და ტრაგედიები, რაც ახლა მოხდა.
თხოვნა მაქვს ერთი, მინდა განათლების სისტემას მივმართო, მინდა სახელმწიფოს მივმართო და მინდა ამ პატარა გოგონების მშობლებს მივმართო: მშობლებო, ბავშვი თქვენი ნივთი არ არის. ის თქვენი შვილია, მაგრამ, ამავე დროს, არის საქართველოს მოქალაქე და მას ქართული სახელმწიფოს კანონი იცავს. სოციალური ქსელი ყველას აქვს, ერთი სიტყვა დაწერეთ, მხოლოდ ერთხელ დაგვიძახეთ და თქვენს დასახმარებლად, მაშინვე გვერდით გავჩნდებით! თუ ვინმე გემუქრებათ, ვინმე რაიმეს გაიძულებთ, ამის გაცხადება ახლა ხომ ყველაზე მარტივია, ჩვენ, ყველანი დაგეხმარებით, ოღონდ, ხალხო, ბავშვი არ გაანადგუროთ, ბავშვს ბავშვობა არ წაართვათ, განათლების, ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლება არ წაართვათ. ვთხოვ ჩემი თაობის ყველა მშობელს, – არ დაიჯეროთ, დედებო, ეს არ არის ტრადიცია, ეს არის დამახინჯებული მენტალიტეტი, რომელსაც მსხვერპლი მოაქვს! ასე არ მოექცეთ საკუთარ შვილებს! ევროპისკენ მივდივართ, ჩვენს სოფლებში კი რა ხდება!
შესაბამის ორგანოებს ვთხოვ, მეტი იმუშაონ იმაზე, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ დატრიალდეს!