როგორ აწამა მეგის ქარდავამ ბელა როგავა
კეთილი ინებეთ და აღიარეთ ის, რა დანაშაული მიგიძღვით ჩემთან მიმართებაში. თუ ვიყავი დასაკავებელი, უნდა დაგეკავებინეთ და არ უნდა გეწამებინეთ, – ასე მიმართა წამების საქმის ოქროს მოწმემ, ბელა როგავამ მეგის ქარდავას სასამართლო პროცესზე.
დაზარალებული ემიგრაციიდან სპეციალურად ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე როგავამ დეტალურად გაიხსენა, რა მეთოდებით აწამა 2009 წელს ის მეგის ქარდავამ, რათა არარსებული ბრალი ეღიარებინა. როგავამ ასევე ისაუბრა თუ რა უსამართლობის გადატანა მოუწია მას მეგის ქარდავას მიერ დაკითხვიდან სასამართლო პროცესამდე.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ქარდავამ აღნიშნა, რომ მოწმეს მისი მდგომარეობის დამძიმება სურდა იმის თქმით, რომ ქარდავას მიერ დაკითხვის დროს იგი ორსულად იყო. ქარდავა ასევე ცდილობდა, გაებათილებინა როგავას ბრალდება, რომ მას დაკითხვისას კბილი ჩაუმტვრიეს.
„კეთილი ინებეთ და აღიარეთ ის, რა დანაშაული მიგიძღვით ჩემთან მიმართებაში. თუ ვიყავი დასაკავებელი, უნდა დაგეკავებინეთ და არ უნდა გეწამებინეთ. არსებითი მინიშვნელობა არ აქვს, ქალი, ორსული იქნებოდა თუ არა, რომ აწამო“, – განაცხადა პროცესზე ბელა როგავამ.
15 წლის შემდეგ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ბელა როგავა, მეგის ქარდავას სასამართლო დარბაზში შეხვდა.