საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ჩვენ ვემსახურებით საქართველოს! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ჩვენ ვემსახურებით საქართველოს!

 

როგორ გარბის დრო, თითქოს გუშინ იყო 2012 წლის 27 მაისი, არადა, თითქმის უკვე თორმეტი წელი გასულა. თორმეტი წელი მცირე დრო არ არის, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ისევ იგივე ვითარება ტრიალებს ჩვენს თავზე. საქართველოს მაოხრებელი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა ძველებურად ღიად ებრძვიან საქართველოს.
29 აპრილს ლამის მთელი ის საქართველო იდგა რუსთაველის პროსპექტზე, ვისთვისაც საქართველო დედასთან, მშობელთან ასოცირდება და მისი დედა სამშობლოა, ეს ძაღლთაპირები კი ამ შეკრებას კონტრაქციას უწოდებენ. დღევანდელი კონტრაქციით ჩვენს დემორალიზებასა და დაღლას ცდილობენ, ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ, ამიტომ კარგად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი და უცხოეთის საპროტესო გამოცდილებაო, _ სისინებენ აკერმანის დატრენინგებული ბოროტების ყვავილები.
ამ ქინქლა-პოლიტიკოსებისა და უცხო ქვეყნების დესანტის, ე.წ. ნჯო-ების ნაყიდმა თავგზაარეულმა ახალგაზრდებმა, იმდენი ვერ გაბედეს, რომ მაშინ ჩაერთოთ ხმის გამაძლიერებლები და მაშინ ეღმუვლათ გაზეპირებული მოწოდებები: “ალა ლუშულ კანონს! ალა ლუშულ მთავლობას!” როდესაც თვითონვე თვალს ვერ აწვდენდნენ “კონტრაქციელების” დასალიერს… ნიშანდობლივია, რომ კანტორა, საიდანაც აღნიშნული პროვოკაციისმაგვარი წკნავილი გაისმოდა, უკრაინის დიდი დროშით იყო წარმოდგენილი.
მთავარი ის არის, რომ ამ მანქურთებმა საკუთრივ მშვენივრად იციან, რომ ეს იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატვა; რომ ქართველი არასდროს აღარ გახდება გარე ძალების სათამაშო ტიკინა; რომ საქართველოს სურს და იქნება კიდეც იმ ახალი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც ძალიან სწრაფად დადგება; რომ მსოფლიო ისეთს მიიღებს საქართველოს, როგორიც უნდა იყოს და რისკენაც ისწრაფვის _ ნამდვილად დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარი მამაპაპისეული მრწამის ერთგული – “მამული, ენა, სარწმუნოება!” – და ყველა ღირსეულის თანასწორი.
გადასარევად გვახსოვს თორმეტი წლის წინანდელი განწყობა და ბატონი ივანიშვილის შემართება, “ჩვენ ვიწყებთ!”, თითქოს მართლაც დავიწყეთ კიდეც, მაგრამ იქვე გაგვაჩერეს.
ბატონი ივანიშვილი თორმეტი წლის წინათ გულწრფელად ამბობდა, რომ მისი ოცნება ძლიერი, განვითარებული, ბედნიერი საქართველო იყო, სადაც ყველა მოქალაქის ღირსება დაცული იქნებოდა; სადაც ყველა მოქალაქე თანასწორი იქნებოდა კანონის წინაშე; სადაც დაფასებული იქნებოდა ნიჭიცა და შრომაც. გულწრფელი იყო ეს ადამიანი და ჩვენც, ყველა მსმენელს, გვჯეროდა მისი, მაგრამ აკი ვთქვით, ადგილზე გაგვაჩერეს.
გავიგეთ, რომ სუსტ და პატარა ქვეყანა საქართველოს ვიღაცამ უფლება წაართვა, რომ ყოფილიყო თვითმყოფადი, სუვერენული, სამართლიანი, ღირსეული და ა.შ. ყველაფერი საუკეთესოთი აღვსილი, მაგრამ რომ აღარ დასრულდა ჩვენს საქმეებში ჩარევა? დაიწყო თავსმოხვეული უზნეო კოჰაბიტაციით და გაგრძელდა ყოველგვარი უზნეობით, რასაც, ბუნებრივია, დაერთო შერჩევითი სამართლის დამკვიდრებაც და შემთხვევითი ადამიანების აღზევებაც.
ახლაც იგივე მოცემულობაში ვართ, როგორშიც თორმეტი წლის წინათ ვიყავით, ვირისა და პიტნის ამბისა არ იყოს, კვლავ ჯიუტად გვჩრიან ცხვირ-პირში კრიმინალურ “ნაცბანდას”.
იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპარლამენტსაც დაადგება საშველი, არჩევნები უახლოვდებათ და ყოვლად არაევროპული რელსებიდან ეგებ, როგორმე ჩაეხსნან, თუმცა, იმხელა გავლენის ქვეშ არიან მოქცეული, სავარაუდოდ, საქართველოზე მეტად გაუჭირდებათ მარწუხებიდან თავის გამოხსნა.
არ შეიძლება, რომ მუდმივად ირყეოდეს საქართველო და ამ რყევის მიზეზი ჩვენ თავადვე ვიყოთ, რყევის შეჩერება შეგვეძლოს და მავანთა მუქარითა თუ მოსყიდვებით, რყევის შემაჩერებელ ბერკეტებს ვერ ვიყენებდეთ _ გასამართლდეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და საქართველო შეწყვეტს რყევას.
ამ დღეებში არაერთი ადამიანისგან მოვისმინე შეკითხვა, რაღა ახლა, ამ საარჩევნოდ აიტეხეს ლგბტ-პროპაგანდისა და “გამჭვირვალობის კანონის” გამოტანა, ივანიშვილი ასე აპირებს ხელისუფლების გადაბარებას “ნაცმოძრაობისთვისო”? ესენი მართლა ერთნი ყოფილანო?
არც ერთ კანონზე იყო საუბარი და არც მეორეზე, მაგრამ რა დღეშია საქართველო, ჟამიდან ჟამამდე მტრობა-გამოხდომები და მეტი და მეტი ბოროტების ყვავილობა აღარ დასრულდა.
გულითადად იყო მოწადინებული ბატონი ივანიშვილი, რომ ყველა სფერო და მიმართულება თავისუფალი ყოფილიყო ხელოვნურად შექმნილი პრობლემებისგან, მაგრამ მწარე სიმართლე უთქვამს ბატონ კონსტანტინეს, როცა ერს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებსო.
მაშინ, 2012 წელს ერთი კაცის დიდმა შემართებამ მოიგო ბევრ საქართველოს მოქალაქესთან ერთად, დღეს კი გულნაკლულია ისევ ის ბევრი მათგანი, რეალური თანამებრძოლი, რადგან ისევ იქ ვართ, იმავე მოცემულობაში… მასისთვის, თუ თითოეული მათგანი თვითონ ვერ ისიგრძეგანებს, რა ხელისშემშლელი გარე ფაქტორებია მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ძნელია აუხსნა…
“ჩვენ ვერ მოვახდენთ სასწაულს, მაგრამ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს,” _ ასეთი იყო ამ ერთი კაცის დაპირება.
ამავე ერთმა კაცმა ძალიან მალევე, 2014 წელს “საზოგადოება – 2030” რომ დააფუძნა, გადაძახილი ატყდა, ეს ამდენი ხანი აპირებს ხელისუფლებაში გულავსო? რა “საზოგადოება – 2030”, რას ამბობსო? ახლა, როდესაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად უკვე იცნობს ბატონ ივანიშვილს, ახლა ვერ გაუგია მისი ბევრი მოქმედებისა და ნათქვამის აზრი და ათი წლის უკან, მითუმეტეს, ძალიან გაუგებარი იყო.
გვახსოვს, როგორ წარმოედგინა საქართველოს მოქალაქეების ფუქსავატ ნაწილს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა მათი მხარ-თეძოზე წამოწოლის უპირობო გარანტია იქნებოდა და როგორ გაუცრუვდათ იმედები _ ხალხს მოსავლის განადგურება უხაროდა, ივანიშვილი ფულს მოგვცემს და “ჯიპებს” ვიყიდითო, იმას ვინ მიაქცევდა ყურადღებას, რომ აქცენტი ნიჭიერებასა და შრომაზე კეთდებოდა.
მავანთ არც ახლა უნდათ იმის გაგება, რომ საქართველოს პრეტენზია აქვს ყოველგვარ სახელმწიფობრივზე და ამის საწყისი მხოლოდ ერის ისტორიაა, ტრადიციები, წინაპრების გაკვალულ საგულისხმო ნაკვალევებზე გზის განგრძობა, ცხადია, თანამედროვე მიდგომებით, მაგრამ ერთგულად და განუხრელად; რომ ერის ისტორიის გაგრძელება წარსულის გარეშე შეუძლებელია _ თუ ერს ეროვნული თვითმყოფადობის ყველა ნიშანი წაშლილი აქვს, ის არარავის წარმოადგენს და ვის რად უნდა, რითი უნდა დააინტერესოს ვინმე, მხოლოდ ქვეყნის ბუნებრივი რესურსებით? ასეთი უმრავი მყიდველი გვყავს…
იდეალურად თქვა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა: “ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს _ ჩვენ არ ვემსახურებით არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს, არამედ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს!”
არავის აპოლოგეტი არ ვართ, არც არანაირი სურვილი გვაქვს, “ვინც არ არის კახაბერი, ვუძახოთ კახაბერი”, მაგრამ დაუნახავი კაცი რა პატივსაცემია! რანაირად შეიძლება, არ და ვერ დაინახო, რომ სწორედ ის პატარა საქართველო, ის სუსტი და მცირერიცხოვანი, ფეხზე დგება, ღირსეული ადგილის დამკვიდრება ღირსეულად შეძლო და მისთვის სასარგებლო “არას” თქმაც ზედმეტი რევერანსების გარეშე ისწავლა. ეს იგივე საქართველოა, მავანთა მათხოვრულად გადმოგდებულ შემწეობებს დღემდე რომ გვამადლიან.
საქილიკოდ გახადეს ბატონი ივანიშვილი რამდენჯერ მობრუნდა, ერთობაო?
კაცს, რომელსაც თავი საქართველოსთვის აქვს გადადებული, მისი ქველმოქმედების სადარი ვის რა გაუკეთებია, არამკითხეს გკითხოს, რა იფიქროს და როგორ გადაწყვიტოს?
მისი ერთი ფასეული ფრაზა არ დაგვიწყებია, _ ჩემი ოცნებაა, ის დღე დადგეს, როდესაც ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, სადაც მათზე იმსჯელებენ იმის მიხედვით, რას წარმოადგენენ ისინი და არა იმით, რა სოციალური მდგომარეობა აქვთო.
იმ თორმეტი წლის წინათაც ასეთივე დომხალი იყო, ასეთივე უთავმოყვარეობა, ასეთივე მტრობა; ასევე არსებობდნენ იგივენი, რაღაც ინსტიტუტები, ვიღაც თაგვები და სათაგურები.
“29-ში დავსხდეთ და ვნახოთ, ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ დაიცლებიან გამგეობები, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები საბავშვო ბაღებში ან სკოლებში მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ ალკოჰოლიკებს რაიონებიდან, როგორ მოაოხრებენ ქალაქს”.
თქვენ რა გაიგეთ მისი ამ ნაბოდვარიდან, არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ის გავიგეთ, რომ უგულავა და მისი თანამოაზრენი ისევ ის ბოროტი მასხარები არიან, მოღიმარი ნიღბების მიღმა ჩვენს მომავალს, ჩვენს ახალგაზრდა თაობებს რომ ნთქავენ _ საკუთარი სამშობლო ასე რატომ და რანაირად უნდა გძულდეს?
ალბათ, შემთხვევითი არ არის, ბევრი ადამიანი, ფიქრობს, რომ კლოუნები შემაძრწუნებლები არიან. სამეცნიერო სახელი “კოულროფობია” მიენიჭა ამ შიშს, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს, _ გესმით, რაშია საქმე? კლოუნებმა კოშმარად უნდა აქციონ მიზანში ამოღებული ყველა ქვეყანა, მაგრამ შენ, იმ ქვეყნის მოქალაქე ვერ უნდა მიხვდე ამას? _ რა გჭირს, ერო?
29 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე იდგა ის საქართველო, რომელმაც ერთსულოვნად მოუწოდა საქართველოთი დაინტერესებულ მსოფლიოს, რომ ჯეროვნად შეაფასონ ქართველი ხალხის მოთხოვნები, ხოლო მათ, ვისაც ეკუთვნის, მათთვის უსიტყვოდ იყო ნათქვამი, რომ საქართველოში “შავი ფულის რეცხვის” დრო აღარ დადგება!
რაც შეეხება გოდრებით ჩამოყვანილებს _ აქციაზე მყოფებს ერთსულოვნება ეხატათ სახეზე და კიდევ, იმედი, რომ საქართველო საბოლოოდ ამოვა სიბნელიდან. მათ, “შიგ ევროპელებს” რა აწერიათ სახეზე? _ მეტამფეტამინის მიხატული აპოკალიფსური შიში! “გოდრებით” ჩამოტანილი მოოხრებული ქალაქი ურნებტან ან ბაღის კიდეებზე აკურატულად დაწყობილი სასმელი წყლის ცარიელი ბოთლები იყო, მათ მიერ “მოოხრებული ქალაქი” კი სავსე რჩება ყოველ ჯერზე გამოყენებული შპრიცებით, ნახმარი პრეზერვატიებითა და ე.წ. სექსუალური სათამაშოებით _ ეს მართლა ყოველმხრივ მაოხრებლები!..
განწყობას ნუ გავიფუჭებთ _ თორმეტი წლის წინანდელი აქციიდან სასაცილოდ დაგვამახსოვრდა ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის ასახვევთან ორი გოგონას დიალოგი, როდესაც ამდენი ერთადად მიმავალი ადამიანი დაგვინახეს. “ვაიმე, რა ხდება? ჩვენ რა, ჭურში ვზივართ? ვისი გასვენებაა, ნეტავ?” _ ჰკითხა ერთმა მეორეს და ხალხიდან მიაძახეს “თქვენი მიშასიო”. “ვაიმე, რატომ ჩვენი?” _ დაიბნენ გოგონები. ძალიან სასაცილოები და საყვარლები კი იყვნენ.
საქართველოში უსიყვარულობის დეფიციტიც ხელოვნურად შექმნილია, ვიღაცამ გვაიძულა ვიფიქროთ, რომ მოყვასის სიყვარული სირცხვილია…
ადრე “იქ” წყდებოდა ჩვენი ბედი; უფრო ადრე _ “იმის იქით”; კიდევ უფრო ადრე _ “უფრო იქით” და ასე, უკუაღრიცხვით მოსიარულეებმა, ძლივს წაღმა დავატრიალეთ ბედის ჩარხი და იქნებ, გვაცადონ?!
საქართველო ერთი უმეგობრო ქვეყნაა, ოდითგანვე ყველასთვის რაღაცით საოცრად სასურველი, თუმცა, ყველას რატომღაც ქართველების გარეშე უნდათ…
სიმბოლურ გამოხატულებად ჩანდა ახალგაზრდების რიგებში ჩამდგარი ცოტნე ივანიშვილი, 2012 წელს ბერა ივანიშვილი იყო… მანამდე, კი _ მახსოვს მათი მამის სიტყვები, შინიდან გასვლისას მეუღლეს დავემშვიდობე, რადგან შესაძლო იყო, ვეღასდროს გვენახა ერთმანეთიო. ამ ყველაფრის დამნახავი რომ არ და ვერ იქნება ადამიანი, ის არც უნდა იყოს საქართველოში და მისი გაბრწყინების დასაწყისის ნახვის ღირსი არც უნდა გახდეს!..
მაშინ, თორმეტი წლის წინათ, 27 მაისი კვირა დღე იყო, ახლა, 29 აპრილი დიდ ორშაბათს დაემთხვა გამიზნულად _ იქნებ, დიდი ორშაბათი ეზოთერული დატვირთვის დღე გამოდგეს და ახალი კვირის დასაწყისი საქართველოს შენების დასაწყისის დღე გახდეს?
“საერთო გაზეთი”