საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“მინდა მწამდეს, რომ ქართული ოცნება ერთად აგვიხდა”… – საერთო მედია
მაისი 20, 2024

“მინდა მწამდეს, რომ ქართული ოცნება ერთად აგვიხდა”…

 

მის უწმიდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს, რომ დიდი და ლამაზი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის აშენებით ქართველმა ერმა შექმნა თავისი სულიერი ავტოპორტრეტი.
რას ნიშნავს ავტოპორტრეტი?
ავტოპორტრეტებს ხატავენ მხატვრები. ხელოვანი თავისი ავტოპორტრეტით საზოგადოებას აჩვენებს, როგორ ხედავს ის თავის თავს. ქართველმა ხალხმა კი ჩვენი სულიერი მამის, მისი უწმიდესობის წინამძღოლობით და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის შექმნით მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ ხედავს ის თავის თავს, რა არის მის სულიერ სამყაროში მთავარი. უნდა ვიფიქროთ ქართველმა ხალხმა 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე, არქიტექტურული შტრიხებით, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ელიას მთაზე აღმაფრენით აზიდა თავისი სულიერების ხატი.
მისი უწმიდესობის სიტყვებმა: „წმინდა სამების ტაძრის სახით ქართველმა ხალხმა შექმნა თავისი სულიერი ავტოპორტრეტი“, ძალიან დამაფიქრა, როგორც არქიტექტორი და როგორც მამულიშვილიც. რაღაც დიდი აზრი უნდა იყოს ჩადებული ამ სიტყვებში…
მისი უწმიდესობის ილია მეორის მიერ აღვლენილი ერთი ლოცვა ჩვენს ყოველდღიურ შვიდგზის ლოცვებშია შეტანილი. ილია მეორე ამ ლოცვით ჯერ მიმართავს წმიდა სამებას, ხოლო შემდეგ მშობლიურ ქვეყანას, საქართველოს და მთელ საქართველოს უწოდებს „ტაძარს სამებისას“. უწმიდესი ამ ფრაზას ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას და ქართველ ერს ისტორიული მისის ამოცნობას ამ ფრაზაში ხატავს. ეს ორი სიტყვა: „ტაძარი სამებისა“ ქართველი ერისა და საქართველოსადმი მიმართული, ისეთივე დიდი დატვირთვისაა აზრობრივად, როგორც „თანაარსობა მამისადმი“ იესო ქრისტესი, კონსტანტინე დიდის მიერ დამკვიდრებული პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაზე.
ვინ შეაძლებინა ამ დიდი მონუმენტის, ანუ არქიტექტურული ავტოპორტრეტის აღმართვა ქართველ ხალხს? შეძლებდა ქართველი ხალხი ავტოპორტრეტის შექმნას, თუ არა დიდი ქველმოქმედის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თანადგომა? და ღრმად დარწმუნებულმა გვინდა ვუპასუხოთ: ღვთის ძალით – უსათუოდ შეძლებდა. რადგან ამაში უსათუოდ განგების ხელი იყო ჩარეული. მაგრამ იმავე განგების ხელით ამ ტაძრის აგება ბიძინა ივანიშვილის სახელს დაუკავშირა.
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, წმიდა სამების ტაძრის აგების გარდა, აურაცხელი ქველმოქმედება გასწია ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ყველასათვის ნათელია ისიც, რომ ყველა იმ სიკეთემ სამების ტაძარში მოიყარა თავი, წმინდა სამების ტაძარში, მის აღმართვაში დაგვირგვინდა მისი ქველმოქმედისა და მშობლიური ხალხის სიყვარული. როცა ხედავს განათებულ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს შინაური თუ მოსული, შეუძლებელია სამების ტაძარზე არ შეაჩერო თვალი, მადლიერება სამუდამოდ დაიმსახურა ბატონმა ბიძინამ და ეს მადლიერება შეეწევა მის ოჯახსა და შთამომავლობას. წმინდა ტაძარში ყველაზე უფროსი ვაჟკაცი ცოტნე ივანიშვილი თეთრი ტანსაცმლით და ანთებული სანთლით ხელში ნამდვილ შემოფრენილ ანგელოზს ჰგავდა. ცოტნე დადიანი ჰყვარებია ბატონ ბიძინას, საქართველოს ეროვნული გმირი. მისი სახელი დაურქმევია თავისი მესამე ვაჟკაცისთვის.
დღეს, ქართველი ხალხი გაფაციცებით ადევნებს თვალს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყოველ სიტყვას და ყოველ მოქმედებას. მისი პიროვნების სიღრმისეული ამოკითხვა და გახილვადება სწყურია ხალხს.
ცოტნე დადიანის დროს მონღოლთა ურდოს უღელი ედგა და მონღოლებისაგან გათავისუფლებას ელტვოდა ცოტნე დადიანი და მისი თანამებრძოლნი. მონღოლთა ყაენის წინააღმდეგ შეთქმული 10 ვაჟკაცი უცნობმა ქართველმა გაყიდა ყაენთან. ისტორიული რეალობაა. მაგრამ საქართველოს გამყიდველობა დღეს მწვერვალზეა ასული. დღეს მონღოლთა ურდოს და მონღოლთა ყაენს სხვა, უფრო ცბიერი სახე აქვს და უფრო საშიში.
მონღოლთა ყაენს ცოტნე დადიანის მეგობრული სულით. მეგობართათვის მისი თავგანწირვით დიდსულოვანი აღფრთოვანებაც შეეძლო და ყველა დასჯილი აყარა სასჯელის ადგილიდან, თავისუფლებით დააჯილდოვა, როგორც ღირსნი თავისუფლებისა.
მინდა მჯეროდეს, რომ ცოტნე და მისი ქველმოქმედი მამა წმინდა სამების მადლით, საკუთარი ქვეყნის სიყვარულით შეაჩერებენ ჩვენს თავზე დატეხილ კაცთმოძულეობის ნიაღვარს.
არ გაგვწირავს წმინდა სამება!
მინდა მწამდეს, რომ ქართული ოცნება ერთად აუხდება ქართველ ხალხს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს.

ლამარა გურული
აფხაზეთის დამსახურებული
არქიტექტორი