29 აპრილს ხალხის ქუჩაში გამოსვლა დიდგორის ომში გამარჯვების ტოლფასი იყო
გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე:
_ ბატონო ედიშერ, მას მერე, რაც პარლამენტმა “უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა, პროცესებმა ქუჩაში გადმოინაცვლა. ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში გააქტიურება, რა საფრთხეებს ქმნის?
_ ეს ახალგაზრდები აქციებზე ზოგი მოტყუებით დაჰყავთ, ზოგი ფულადი დაინტერესებით, ზოგიც დაპირებებით. ეს პროცესი ოკეანის გაღმიდან და გამოღმიდან იმართება. მათ მიამიტ ბავშვებს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, რადგან ნებით თუ უნებლიეთ, საქართველოს დაქცევა-განადგურებაში იღებენ მონაწილეობას. მერწმუნეთ, ოკეანის გაღმელ და გამოღმელ პატრონებს, რომლებიც ე. წ. სტუდენტურ მოძრაობას მართავენ, გამჭვირვალობის კანონი სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ _ წარმოდგენა არ აქვთ, მასში რა წერია. აცხადებენ კიდეც, კანონი არ გადაიხედება, ამ დისკურსში არ შევალთო. დაზეპირებული აქვთ და თუთიყუშებივით გაიძახიან: “არა რუსულ კანონს!”. ეს 60-იან წლებში დაწერილ პასტერნაკის რომანს “ექიმი ჟივაგო” მაგონებს. დასავლეთს აწყობდა, ხრუშჩოვის ეპოქაში “ექიმი ჟივაგო” ნობელის პრემიაზე წარედგინა. შტერ ხრუშჩოვს, იდეოლოგიიდან გამომდინარე, ეს არ აწყობდა. ამიტომ კოლმეურნეობებში, ქარხნებში, ფაბრიკებში კრებებს ატარებდა. შედეგად, ხალხი კოლექტიურ განცხადებებს წერდა და მოითხოვდა: პასტერნაკისთვის ნობელის პრემია არ მიეცათ. საოცრება ის იყო, რომ ეს ნაწარმოები საბჭოთა კავშირში რუსულ ენაზე გამოცემული არ იყო. ანალოგიური ვითარება გვაქვს დღეს _ კანონი წაკითხული არ აქვთ და იძახიან, არა რუსულ კანონსო.
ეს კარგად ნაცადი პოლიტტექნოლოგიებია. სპეციალურ ინსტიტუტებში მუშავდება მეთოდები, რითაც ადამიანების გამოტვინება, გამოლენჩება ხდება _ იმას აყვირებენ, რაც თავად სურთ. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, შუა აზიაში ადამიანების გამოტვინების შემდეგ მეთოდს იყენებდნენ: აქლემს კლავდნენ, ფაშვს გამოაცლიდნენ, მისგან ქუდს კერავდნენ, რომელსც ადამიანს ახურავდნენ და მზეზე აჯენდნენ. ერთი დღის მერე, ამ ადამიანს, რაც მოგესურვებოდა, იმას გააკეთებინებდი. ახლა მეთოდები სპეციალურ ლაბორატორიებში მუშავდება.
ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ბავშვები გაუთვითცნობიერებლად მოქმედებენ. მათთან ენის მოჩლექით საუბარი დაუშვებელია. ამ ახალგაზრდებს პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოს დაქცევას, განადგურებას ემსახურებიან. პირდაპირ უნდა დავასახელოთ იმ ე. წ. პედაგოგების, პროფესორების გვარ-სხელები, რომლებიც ახალგაზრდებს თავს სისულელეებით უტენიან. რომელ პროფესორობაზეა ლაპარაკი, როცა გაიძახი, ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებსო. ამ დროს სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში დაიდო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, მოვიპოვეთ ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი. დასანანია, რომ ეს “პროფესორ-მასწავლებლები” ამ ბავშვებს მონებად ზრდიან. მათ შოთა რუსთაველის სიტყვებს შევახსენებ: “ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ავად ზრდილი”.
ახალგაზრდებს “ჯაყოს ხიზნების” გმირის მსგავსად “ბრინკებად” ზრდიან, რომლის ოჯახსაც შეურაცხყოფენ და მის გვერდით მეუღლეს _ მარგოს აუპატიურებენ. სასწრაფოდ განგაშის ზარებია დასარისხებელი. ამდენი ბრინკა, ამდენი თეიმურაზ ხევისთავი დაიარება ქუჩაში და რას ბოდავს, ეშმაკმა უწყის.
დავაკვირდეთ, საქმე სადამდე მივიდა _ ქართველი კაცისთვის ტრიადა _ მამული, ენა, სარწმუნოება უმთავრესი იყო და იქნება. ილია შემთხვევით როდი ამბობდა, ამ სამიდან ერთიც რომ გაქრეს, ქართული ერთიანობა დაირღვევაო. სწორედ ამ ერთიანობას დაარტყეს. ჯერ ნაკურთხი წყალი შეურაცხყვეს, მერე _ ღვინო. გავიხსენოთ, რა თქვა ნაძირალა გვარამიამ, რომელიც სტრასბურგში დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს, წყალსა და ღვინოში ჩაგიფსითო. ერთიანი ტროცკისტული გეგმა გამჟღავნდა, როცა ტრიადიდან სარწმუნოება ამოიღეს და ერთობა ჩასვეს. ეს ახალგაზრდები ძალიან გაუნათლებლები არიან. მათ ისტორია რომ ჰქონდეთ წაკითხული, ეცოდინებოდათ იმ სოციალ-დემოკრატების ლოზუნგი, რომლებიც სწორედ სარწმუნოებას ებრძოდნენ და რომელთაც ილია მოკლეს. ალბათ, არ წაუკითხავთ ლეო ქიაჩელის “ტარიელ გოლუა”, სადაც სწორედ ამ ერთობაზეა საუბარი. რატომ ჩაანაცვლეს სარწმუნოება ერთობით? _ იმიტომ, რომ ასეთია პატრონების დავალება. ილია ამბობდა, ეკლესიას, სარწმუნოებას კაცი თავისი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოსო. რომ არა ჩვენი სარწმუნოება მართლმადიდებლობა, დღემდე ვერ მოვაღწევდით. მოგვიანებით გამსახურდიამ თქვა: ქართველი ხალხის გზა დაცემის, ჯვარზე გაკვრის და გარდაუვლად აღდგომის გზააო. ესენი თუ ხვდებიან, რას ეთამაშებიან? ორი ათასი წელია, ქრისტეს, სარწმუნოებას ებრძვიან, მაგრამ ვერ დაამარცხეს. გვარამიები, მელიები, გიგაურები, ლომჯარიები ვერც ვერაფერს დააკლებენ.
იცით, ეს რისი გამოძახილია? _ დღევანდელ მსოფლიოში ძველსა და ახალს შორის უმძაფრესი დაპირისპირება მიდის. გადაგვარებულ ლიბერალიზმს ყავლი გაუვიდა. ამ ახალგაზრდებს სათანადო განათლება რომ ჰქონდეთ მიღებული, ეცოდინებოდათ, რა დაემართათ გამქრალ იმპერიებს მათი კვდომის ბოლო ფაზაში. ანუ, პრიორიტეტი ლგბტ პრობლემა იყო. ამ იმპერიებში ათასგვარი საზიზღრობები ხდებოდა, რამაც ბოლოს მათი გაქრობა გამოიწვია. ანალოგიური ვითარებაა დღევანდელ მსოფლიოში. იმპერიალისტებმა უკრაინაში, სხვა ცხელ წერტილებში ომები გააჩაღეს და ამ გახურებული ბრძოლების დროს, მავანი ვიღაცების უკანალების დაცვაზე ფიქრობს. ჩვენ ძალიან მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ეს პრობლემა ჩვენთან მკვეთრად გამოჩნდა.
ახალგაზრდობის მცირე ნაწილი, რომელიც ქუჩაში გამოჰყავთ და აყვირებენ “არა რუსულ კანონს”-ო, დესტრუქციული ძალაა, რომელსაც ქვეყნის ნგრევისთვის იყენებენ. თუ ასეთი მაგრები არიან, რატომ არ გააპროტესტეს, როცა 7-8 მარტს ქაშვეთის ეკლესიაში ფსამდნენ, რუსთაველის თეატრს ფალოსებს ახატავდნენ?! რუსთაველის გამზირი ისე ააწიოკეს, ჯალალ ად-დინსაც შეშურდებოდა. თუ ეს მათი სამშობლოა, გულზე მჯიღს რომ იცემენ, რუსეთს ქვეყანას არ დავუთმობთო, პროტესტი მაშინ რატომ არ გამოხატეს?! არ არის საქართველო მათი სამშობლო. მათთვის ეს ასპარეზია. მათ ეუბნებიან, თუ ასე და ასე მოიქცევით, ფულს, თანამდებობებს მოგცემთო. გარე პატრონებმა იციან, რომ გამოცდილ, ჭარმაგ ხალხთან არაფერი გაუვათ. ამიტომ პოლიტიკაში “ჩვილი” ბავშვები ჩააბეს, 6-7 წლის ბავშვებს აკეთებინებენ განცხადებებს, რაც წარმოუდგენელია. ამის გამკეთებელი უნდა დაისაჯოს. ასეთი ადამიანი კრიმინალია, რომელიც კონსტიტუციას, ზნეობას არღვევს. ესენი ქართულმა სახელმწიფომ უნდა მოიკვეთოს _ იდეოლოგიურად გაანადგუროს. წინაააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ მთავარს: მამულს, ენას და სარწმუნოებას. ამ ბავშვებს არ წაუკითხავთ სახარება, “ქართლის ცხოვრება”, “ვეფხისტყაოსანი”. ეს ტრაგედიაა.
ამ ახალგაზრდების ქუჩაში გამოყვანა, ქართული ფილმიდან _ “უდიპლომო სასიძო” შემდეგ სიუჟეტს მაგონებს: ბიჭიკოს ფეხბურთის სათამაშოდ არავინ მიჰყვება და ბოლოს, სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ პატარა ბავშვები მიჰყავს. საბედნიეროდ, საქართველოს ახალგაზრდობის ძირითადი ნაწილი დგას იქ, სადაც უნდა იდგეს _ მამულის, ენისა და სარწმუნოების სადარაჯოზე.
_ 29 აპრილის შეკრება ახალგაზრდებისთვის, ვინც “არა რუსულ კანონს”-ო, გაიძახის, ერთგვარი პასუხი იყო?
_ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მათ შორის, ახალგაზრდებმაც, კარგად იციან, რომ საქართველო რუსეთისკენ არ მიდის. რუსებს რაც უნდოდათ ჩვენი ქვეყნისგან, სააკაშვილმა უკვე მისცა. ხომ გვახსოვს, როგორ იდგა ლარსის საბაჟოზე და რუს ტურისტებს ღვინითა და ყურძნით ხვდებოდა. ამ ახალგაზრდების უკან დგას ლიაკა ხოშტარია, რომლის ოჯახი რუსეთისგან ფულს დღემდე იღებს. როდესაც ლიაკას ჰკითხეს, ოკუპანტისგან ფულს რატომ იღებო, უპასუხა: სოლიკო ვირსალაძე ჩემი ბიძა იყო და მის ფულს ვიღებო. რუსეთმა ყველას ყველაფერი წაართვა და გოგია და ლიაკა ხოშტარიებს ფულს აძლევს?! ვის სჯერა ამ ზღაპრების. გამოდის, პუტინი დემოკრატზე დიდი დემოკრატი ყოფილა, თუ მის მაგინებლებს, მოწინააღმდეგეებს მაინც ფულებს ურიცხავს! ამ ახალგაზრდების უკან დგას ასევე, გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელსაც რუსული იარაღი, ჭურვები მისცეს, რაც მან ეროვნულ ხელისუფლებას დაუშინა. დევი ამ ინფორმაციას არც უარყოფს. აი, ეს ხალხი უმაგრებს ზურგს ამ ახალგაზრდებს, რომლებიც, როცა უბრძანებენ “არა რუსულ კანონს”-ო, ყვირიან, როცა ეტყვიან, სტვენენ და ა. შ.
ახალგაზრდობასთან დაკავშირებით ერთი რამის შიში ნამდვილად მაქვს. კერძოდ, ის რომ “პატრონებმა” შეიძლება ისინი გაწირონ. მეშინია, მათ ეს ბავშვები არ დახოცონ. მოკლავენ ერთს, ორს, სამს ისე, რომ ხელი არ აუკანკალდებათ, რაც დიდ უბედურებას გამოიწვევს.
აქაურ ენჯეოებს, ოპოზიციას შექმნილი აქვთ უცხოელების მიერ დატრენინგებული ზონდერჯგუფები. ესენი ახალი “კმარელები” არიან. გამჭვირვალობის კანონი გამოაჩენს, ვინ აფინანსებს საქართველოში გადატრიალების მოწყობას. ქართველმა ხალხმა ეს უნდა იცოდეს. ფარამ გამოააშკარავა, რომ მიშას ოჯახმა ლობიზმში მილიონი დოლარი დახარჯა. ენჯეოები არ კითხულობენ, საიდან აქვს გიულის მილიონები, საიდან ფლობს ამდენ უნივერსიტეტს?! რატომ მიითვისა გეპეის სტადიონი და შენობები ერთ ლარად 2008 წლის აგვისტოში. ამას რატომ არ იძიებენ, თუმცა რა უნდა გაარკვიონ, როცა “იმედის” და “პოსტვ”-ის ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს როგორ უშლიდნენ, არც ენჯეოებს და არც საელჩოებს ერთი განცხადებაც არ წამოუკნავლებიათ ამის თაობაზე. დღეს მსოფლიოში დემოკრატია აღარ არსებობს. რასაც ლაპარაკობენ, აბსურდის თეატრია. უმთავრესი რაც არის: ამ რეზოლუციით დავინახეთ ევროპარლამენტართა სიდამპლე, უძლურება, გახრწნილება.
_ 29 აპრილს აქციაზე თქვენც იყავით. რა იყო ამ ღონისძიების მთავარი დატვირთვა?
_ ამ ღონისძიების მთავარი დატვირთვა ერთადერთი რამაა: ქართველი ხალხი, რადაც უნდა დაუჯდეს, სამ საუნჯეს _ მამულს, ენას და სარწმუნოებას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. სწორედ ამ ტრიადის მეშვეობით მოვიდა საქართველო დღევანდელ დღემდე და სამყაროს აღსასრულამდე უნდა იარსებოს. ბევრი იმპერია გაქრა, მაგრამ საქართველო არსებობს. 29 აპრილს ქუჩაში ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, ამას იგივე დატვირთვა აქვს, რაც თავის დროზე, დიდგორის ომს ჰქონდა. 29 აპრილი ჩემი გადასახედიდან არის იმის ტოლფასი, რასაც 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველი მხედრობის უბრწყინვალესი გამარჯვება ერქვა და რაც მემატიანის მიერ შეფასებულია, როგორც ძლევაი საკვირველი.
თამარ შველიძე