საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ეს იყო სააკაშვილის ოჯახის, გვარამიას და მათი ლობისტების მიერ დაფინანსებული რეზოლუცია – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ეს იყო სააკაშვილის ოჯახის, გვარამიას და მათი ლობისტების მიერ დაფინანსებული რეზოლუცია

 

პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე „საერთო გაზეთთან“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ჩიბურდანიძე საუბრობს:
– თამარ, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა გამაოგნებელი რეზოლუცია გამოაქვეყნა, რაც, შეიძლება ითქვას, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. მაინც, რას ემსახურებოდა ეს დოკუმენტი?
– ეს იყო ევროპარლამენტარების „გედის სიმღერა“, რომლებმაც ასე დაასრულეს თავიანთი 4-წლიანი მოღვაწეობა. ისინი დაემშვიდობნენ პოლიტიკას და დიდი იმედი მაქვს, რომ ფოტიგებს, კუბილიუსებს და კრამონებს, რომლებმაც თავი ნეგატიური და არაევროპული მიდგომებით დაგვამახსოვრეს, ივნისის არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტში ვეღარ ვიხილავთ. გვაქვს ინფორმაცია, თუ რა ხდება ევროპულ სახელმწიფოებში: საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, უნგრეთში… ეს ქვეყნები დღევანდელ ევროპულ პოლიტიკას აკრიტიკებენ და ვიმედოვნებთ, რომ ევროპა აიხსნის არტახებს, ისევე, როგორც ჩვენ, გაუძლებს ამ ზეწოლას და სწორ გადაწყვეტლებებს მიიღებს.
საქართველო და ევროპა დღეს თანაბრად გადიან ბრძოლის გზას სუვერენიტეტისა და სრული დამოუკიდებლობისაკენ. ჩვენც და ევროპაც სერიოზულ ზეწოლას ვუძლებთ აშშ-ისგან. ამერიკა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სწორად იქცევა, რადგან ცდილობს, არ დაკარგოს ლიდერი სახელმწიფოს სტატუსი მსოფლიოში, მაგრამ მეორე საკითხია, რას ვიზამთ ჩვენ?! – კიდევ მეტად მორჩილები გავხდებით, თუ სუვერენიტეტს მოვიპოვებთ და გადავარჩენთ ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს უძველეს საქრისტიანოს! „ევროპა“ პირდაპირ ითარგმნება, როგორც „საქრისტიანო“, მაგრამ ახლა მისგან ყველაფერი დარჩა საქრისტიანოს გარდა. მან თავისი სახელწოდების მნიშვნელობა, ისტორიული მისია დაკარგა და ეს ყველაფერი ფსევდოლიბერალიზმის შედეგია.
ევროპაში და, განსაკუთრებით, საფრანგეთში კარგად იციან, რა არის ამერიკული Wokeism-ი. მემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევრებმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მიწურულს დაინახეს მასში რეალური საფრთხე, ხოლო 2010 წლიდან უკვე ღიად დაუპირისპირდნენ ლიბერალიზმის ახალ აგრესიულ მიმართულებას, რომელიც მოიცავს იდენტობის პოლიტიკას, სოციალურ სამართლიანობას, ლგბტ უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას. Wokeism -ი კლასიკური ლიბერალიზმის წარუმატებლობის შედეგად გაჩნდა, როდესაც ლიბერალიზმმა ფსევდოლიბერალიზმის სახე მიიღო. განსაკუთრებული აგრესიულობა კი სწორედ ლგბტ უფლებების დაცვაში გამოვლინდა, რაც ახალი პოლიტიკის სამართავად გამოიყენება.
დღეს Wokeism-ი სერიოზულად უტევს ევროპას. საფრანგეთში ნაციონალური პოლიტიკის ყველა მიმდევარმა იცის, თუ რა საფრთხეა ეს მისი ქვეყნისათვის და ამის წინააღმდეგ იბრძვიან ეროვნული პოლიტიკის გაძლიერებით. ამ გზას ადგანან ევროპული სახელმწიფოები და ამას ცდილობს საქართველოც. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, სწორედ ამერიკული Wokeism -ის შედეგია. მიმდინარეობს აგრესიული ლგბტ იდენტობის პოლიტიკის გატარება სახელმწიფოს მორჩილების მიზნით. ამისთვის შეცვალეს მათ ილიას სიტყვები, რადგან სარწმუნოება ხელს უშლის ლგბტ უფლებების აღიარებას. „ერთობაში“ კი, თავისთავად, მოიაზრება ყველა სახის თანასწორობა, მათ შორის, გენდერულიც.
– ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ნიკა გვარამია იწონებდა თავს. გიული ალასანიამ კი არაერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპარლამენტარებს, რადგან მისი შვილი ახსოვთ და აფასებენ. რეზოლუციის ნარატივიც აშკარად ამ ადამიანების ინტერესებს ემსახურება…
– სადაც გვარამია და სააკაშვილის დედა ჩნდებიან, უკვე გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. ეს იყო სააკაშვილის ოჯახის, გვარამიას და მათი პოლიტიკის ლობისტების მიერ დაფინანსებული რეზოლუცია, ამერიკის იდეოლოგიის გამტარებელი ევროპარლამენტარების დახმარებით. რა თანხებს იხდიან ჩვენი რადიკალები ყოველწლიურად საკუთარი ქვეყნის „გაშავებისთვის“, ამერიკული „ფარას“ დოკუმენტაციით ვიგებთ და იმედი გაქვს, წლის ბოლოს იმასაც გავიგებთ, რამდენი გადაიხადეს ამჯერად რეზოლუციის ტექსტის შემუშავებაში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, მოვისმინეთ რამდენიმე ევროპარლამენტარის კრიტიკული გამოსვლა, რომლებმაც ღიად აღიარეს, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შიდა პოლიტიკური პროცესები არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი და მათ არა აქვთ უფლება, ჩაერიონ, რა კანონს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. ზოგადად კი, ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციაა და შენ ამ რეკომენდაციას ან გაითვალისწინებ, ან – არა. ეს არ არის სავალდებულო.
– თუმცა, ჩვენ მოვისმინეთ მუქარის ტექსტებიც, რომ შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას გადახედონ და თუკი რეზოლუციაში მითითებულ მოთხოვნებს არ ვუპასუხებთ, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ გაიხსნას…
– ასე მარტივად გადასაწყვეტი არ არის ეს საკითხი. „მუქარა“ დადგენილებად უნდა იქცეს ევროკომისიის და ევროსაბჭოს მხრიდან და მთელი რიგი პროცესები უნდა წავიდეს. ჯერ ერთი, ევროპაში უკვე არჩევნებია და არც ევროკომისია, არც ევროსაბჭო ამას არ გამოხმაურებია. მათზეც იქნება ზეწოლა და რაღაც დონეზე, შესაძლოა, სიმკაცრე გამოიჩინონ, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას რაც შეეხება, ეს ყველაზე დიდი ტყუილი და დეზინფორმაციაა. რატომღაც მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ არაფერი ვიცით და მაქსიმალურად ცდილობენ, ხალხი მოატყუონ საქართველოში. ეს რეზოლუციაც ხომ მხოლოდ იმისათვის იყო შექმნილი, რომ ოპოზიციას რუსთაველზე ხალხი გამოეყვანა! თუმცა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც მათ გამჭვირვალობის კანონს გადაუხვიეს და სააკაშვილის გათავისუფლებასა და ივანიშვილის დასანქცირებაზე დაიწყეს საუბარი. იქ დამთავრდა საკითხი და იმის ილუზიაც ბევრს გაუქრა, რომ თითქოს ჩვენი ოპოზიცია ქვეყნის კეთილდღეობის მიზნით ეწინააღმდეგება კანონპროექტის შემოტანას. მაგალითად, ახალგაზრდების, სტუდენტების ნაწილი, რომლებიც ძალიან აგრესიულად გვესაუბრებოდნენ კანონპროექტის შესახებ, დღეს უკვე აცხადებენ, რომ ეს რეზოლუცია არ მოეწონათ, რადგან იქ სააკაშვილის გათავისუფლებაზე იყო მთავარი აქცენტი. აღიარეს, რომ პოლიტიკურ თამაშებში აღმოჩნდნენ ჩათრეულნი, შეიტყუეს ახალგაზრდები. მიხვდნენ, რომ მათი ნაწილი ბინძური პოლიტიკური თამაშების შემსრულებელი და მონაწილე გახდა და ამ ბავშვებმა უკან დაიხიეს. იმედი გვაქვს, მალე უფრო მეტი ახალგაზრდა გააანალიზებს ამას.
რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არც ამას არავინ ეკითხება რეზოლუციის ავტორებს, რადგან არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება უნგრეთი, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით და უნგრეთის ხელისუფლება როგორ პოზიტიურადაც არის განწყობილი საქართველოს მიმართ, კარგად ვიცით. ამიტომ ეს იყო ევროპარლამენტარების ბოლო, სამარცხვინო გაფართხალება. ყველამ დავინახეთ, რომ ამ რეზოლუციას ფულის სუნი ასდის.
კორუფცია, ზოგადად, დამახასიათებელია ევროპარლამენტარებისთვის და ეს უკვე არაერთხელ ვნახეთ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის სიახლე არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი თამაში, ოღონდ, ძალიან სუსტი და წამგებიანი, რამაც ხელისუფლების მხარდამჭერაზე უფრო იმუშავა, რადგან ძალიან გააღიზიანა ქართველი ხალხი. ამ რეზოლუციით სულში ჩააფურთხეს ქართველ ხალხს, როცა უთხრეს, რომ ადამიანს, რომელიც მათ აირჩიეს, რომელმაც თავისი პირადი ფული, მილიარდობით დოლარი დაახარჯა საქართველოს, სანქციები უნდა დაუწესონ.
– რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს, რას უპასუხებდით მათ, ვინც ამბობს, რომ საგადასახადოში ისეც ყველაფერი გამჭვირვალეა და დამატებით დაკანონება ამას აღარ სჭირდება?
– როცა ამ შეკითხვას სვამენ, ვეკითხები – აბა, რომელი კანონის რომელი მუხლია საგადასახადოში გამჭვირვალე-მეთქი და მაშინვე ჩუმდებიან. საგადასახადოში რეგისტრირდება არასამთავრობო სექტორის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც აკეთებს განაცხადს დღგ-ისგან გათავისუფლების გამო და ამ მიზნით ავსებენ დეკლარაციას: მაგალითად, მივიღე მილიონი, დავხარჯე 800 ათასი და მაქვს 200 ათასი – სულ ესაა, სადაც მიზნობრიობა არ ჩანს, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ორი რამ – რა თანხა მიიღე და რაში დახარჯე, – რაოდენობა და მიზნობრიობა. დღევანდელი საგადასახადო კოდექსი, ჯერ ერთი, ენჯეოების 80 პროცენტს არ ეხება და მეორე, მათგან ერთი პროცენტიც კი არ ასაჯაროებს დახარჯული თანხის მიზნობრიობას.
– საზოგადოების ნაწილი უნდობლობას გამოხატავს ხელისუფლების მიმართ. მათი ვარაუდით, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ხელისუფლებამ კანონი გაამკაცროს და ისეთივე გახდეს, რა სახითაც ამჟამად რუსეთში მოქმედებს.
– ეს არის უვიცობა, რადგან, თუ ასეა, შიშით ვერცერთი კანონი ვერ უნდა მივიღოთ. მაგალითად, არალეგალური აბორტების აკრძალვის შესახებ კანონში საკმაოდ მკაცრი სადამსჯელო ზომებია გაწერილი, – მათ შორის, ციხე 5-დან 6 წლამდე. თუ ამ ლოგიკით მივყვებით, ვერც ეს კანონი უნდა მიგვეღო არალეგალური აბორტების შესახებ, რადგან შეიძლება ეფიქრათ, რომ შემდეგში უკვე ჩვეულებრივ აბორტს ავკრძალავდით… ნახეთ, როგორი ალოგიკური მსჯელობაა! ესე იგი, ვერცერთი კანონი ვერ უნდა მივიღოთ, ვერც, მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, ვერც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ასე შემდეგ, რადგან არავინ იცის, მომავალში როგორ გავამკაცრებთ ამ კანონს?!
გამჭვირვალობის კანონპროექტმა უკვე ორმაგად გააკეთა თავისი საქმე და ჯერ კიდევ დამტკიცებამდე გახადა გამჭვირვალე არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, არამედ, მთელი პოლიტიკური სპექტრი. ვინ ვის ყიდის, ვინ რას ყიდულობს, ვინ მოღალატეა და ვინ კეთილგანწყობილი ქვეყნის მიმართ, უკვე დავინახეთ. ამიტომ ამ კანონს ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. ევროპარლამენტარებმა დაინახეს, რამდენი განათლებული, ერთგული, მოაზროვნე და პატრიოტი ქართველი დადგა 29 აპრილს რუსთაველზე ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი სარწმუნოების დასაცავად… დაინახეს, რომ საქართველო აუცილებლად იქნება სუვერენული სახელმწიფო და აუცილებლად გახდება ღირსეული ევროპის ღირსეული ნაწილი.

ნონა ქარქაშაძე