საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დღეს მთავარი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაა – საერთო მედია
მაისი 8, 2024

დღეს მთავარი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაა

 

„საერთო გაზეთთან“ საუბრობს
პარტია „ხალხის ძალის“
აღმასრულებელი მდივანი
გურამ მაჭარაშვილი.

– ბატონო გურამ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირების დღიდან დღემდე, ვნებათაღელვა არ ცხრება. როგორ გესახებათ ასეთ ვითარებაში კანონის ამოქმედების პერსპექტივა და, ზოგადად, რა პროცესებთან გვაქვს საქმე?
– ახლა მიდის პროცესი სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და მის დაკარგვას შორის და ამას აღარც ჩვენი ოპონენტები უარყოფენ. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა საუბრობენ იმაზე, რომ უხმოდ უნდა შევასრულოთ, რასაც დასავლეთი გვეტყვის, რომელ მოსამართლესაც გვეტყვიან, ის უნდა დავნიშნოთ, როგორი კანონიც მათ მოსწონთ, ისეთი უნდა მივიღოთ და, თურმე, ეს არის ევროპული პერსპექტივა. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება გვინდა, გამჭვირვალობა არის უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში.
ჩვენ ვიცით, რატომ არის ასეთი გზავნილები უცხოეთიდან, – იმიტომ, რომ არავის აწყობს თავისი ფულის გამოჩენა, რასაც საქართველოში ხარჯავენ. 30 წლის განმავლობაში, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ასეთი მასშტაბური ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არ ყოფილა. როგორც ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან, არ დარჩა არც ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებას არ ეწინააღმდეგება… მე კი მაინტერესებს, ნუთუ მოაზროვნე ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, – რა წერია ასეთი კანონპროექტში, რის გამოც ეს უცხოური ძალები აფორიაქდნენ, ჩვენს ოპოზიციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ?!
ვინც ჩაიხედავს კანონპროექტში, ნახავს, რომ კანონის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ფული, რომელიც შემოდის უცხოეთიდან და იხარჯება საქართველოში, იყოს გამჭვირვალე. ამიტომაც არის დასაფიქრებელი – რა აქვთ დასამალი?! ის ხომ არა, რომ ეს ფული იხარჯება რევოლუციურ სცენარებში და მოლოტოვის კოქტეილების შეძენაში, რაც გამიზნულია ადამიანების ცოცხლად დასაწვავად?! თუმცა, არც ამას უარყოფენ. მაგალითად, მოძრაობა „სირცხვილია“ ფინანსდება უცხოეთიდან და მოლოტოვის კოქტეილებს ყიდულობს, აქციას რომ ატარებ სლოგანით „მე ვისროლე“, ეს ხომ ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს ახალისებ და დანაშაულისკენ მოუწოდებ! ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, – სწორედ ეს აქვთ დასამალი. წარმოიდგინეთ, სადამდე მივედით, ადამიანები გამოდიან ქუჩაში და რას აპროტესტებენ, არ იციან. მოცეკვავე ამბობს, რომ ტანით თუ არ იგრძნო კანონი, ისე არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, მომღერალი ამბობს, რომ თუ ჰანგები არ უმღერე, ისე კანონს ვერ მიიღებ, უცხოელი აცხადებს, რომ ევროკავშირის რომელიმე საკანონმდებლო ორგანოში თუ არ მოიწონეს, ისე არ უნდა მიიღოს კანონი საქართველოს პარლამენტმა!..
ქვეყანაში, სადაც სხვა ქვეყნების დაუკითხავად კანონს ვერ მიიღებს პარლამენტი, სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია და ასეც უნდოდათ უცხოურ ძალებს. ამიტომ ფიქრობდნენ, რომ თუ ეს ხელისუფლება არ დათანხმდებოდა მათ პოლიტიკას, უკანონოდ შეცვლიდნენ და ამის მცდელობა უკვე არაერთხელ იყო.
– საზოგადოების ნაწილი კატეგორიულად აცხადებს, რომ არ აინტერესებთ კანონპროეტი, არ უნდათ მისი წაკითხვა და გაგება. პრინციპულად ეწინააღმდეგებიან მხოლოდ გაუგებარი მიზეზებით…
– როდესაც 21-ე საუკუნის თანამედროვე ადამიანი, ახალგაზრდა იქნება ეს თუ ასაკოვანი, ამბობს, რომ არ აინტერესებს, რა წერია კანონში, მას, უბრალოდ, არ წაიკითხავს და არ მიიღებს, რადგან ჩვენს უცხოელ პარტნიორებს არ უნდათ, იქ მთავრდება ქვეყნის სუვერენიტეტი. განა ამისათვის ვიბრძოდით 33 წლის წინ?! ასე ხომ საბჭოთა კავშირშიც ვცხოვრობდით და რა აზრი ჰქონდა ჩვენს თავისუფლებას? ადრე იყო მოსკოვი და ახლა ბრიუსელია? სუვერენიტეტი მათი განმარტებით ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ვიყოთ რუსეთისგან და დამოკიდებული ვიყოთ დასავლეთსა და ამერიკაზე? ამიტომ ვამბობ, რომ დღეს მიდის ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და დაკარგვას შორის, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ, რადგან საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მენტალურად ქართულად აზროვნებს. ზოგიერთი კი, სამწუხაროდ, აზროვნებს მონური ფსიქოლოგიით – როგორც „ჩვენი ბატონი“ იტყვის, ისე უნდა მოვიქცეთ! როცა მხოლოდ ეს არგუმენტი გაქვს, იქ მთავრდება თავისუფალი აზროვნება!
– საზოგადოების ნაწილს უჩნდება განცდა, რომ ევროპარლამენტარების ნეგატიურმა შეფასებებმა, შესაძლოა, მართლაც შეაფერხოს საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ…
– შეკითხვა არ არის ლეგიტიმური, რადგან ჩვენი მიზანია ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, რაც არის, ასევე, ევროპულ იდენტობასთან თავსებადი. ეს უნდა დაინახოს ევროკავშირმა. გარკვეული ძალები უცხოეთშიც და ჩვენთანაც, ბოლო დღემდე ელოდნენ, რომ არ მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ევროკავშირი მიხვდა, რომ ეს სტატუსი უნდა მოეცათ. ამ შემთხვევაშიც ასე ხდება, რადგან, თუ შენი თავის ფასი არ იცი, არავინ დაგაფასებს, არც ევროპას სჭირდება სუსტი და უპრინციპო ქვეყანა, რომელიც მზად არის, ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც უკარნახებენ. ხვალ შეიძლება მოგვთხოვონ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთ. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?! – უნდა ვთქვათ, რომ არ ვარგა, მაგრამ რადგან ამან, შეიძლება, ევროინტეგრაცია შეაფერხოს, მოდი, დავაკანონოთ?! მერე, შეიძლება გვითხრან, რომ სანამ ჩვენს ქვეყანაში კანონს მივიღებთ, განსახილველად ჯერ მათ უნდა გადავუგზავნოთ და ასე შემდეგ…
– ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს. რას უპირისპირებს ხელისუფლება გარეშე ძალების ამ მცდელობას?
-პროცესი მართვადია, სრულიად მობილიზებულია ხელისუფლება და, მათ შორის, შესაბამისი უწყებებიც.
ჩვენ გვახსოვს, რა თქვა ისრაელის ხელისუფლებამ ამერიკასთან დაკავშირებით, როდესაც აშშ-მა გააფრთხილა, რომ არ დაეწყოთ საპასუხო ბრძოლა ირანის წინააღმდეგ. მათ თქვეს, რომ ამერიკა არის ისრაელის ერთადერთი მთავარი პარტნიორი, მაგრამ ისრაელი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს. საფრანგეთის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ საფრანგეთი არ არის ერთ-ერთი ვარსკვლავი ამერიკის დროშაზე და ის არ გახდება ვასალი… ეს ხალხი თუ ამბობს, რომ ამერიკასთან ურთიერთობა უნდა, მაგრამ ვასალი არ იქნება, ჩვენ თავმოყვარეობა არა გვაქვს? ჩვენ არ უნდა გამოვიდეთ ეროვნული ინტერესებიდან? წინ ხომ უამრავი მაგალითი გვიდევს! „კვდებოდა“ სააკაშვილი 2 წლის წინ, დასავლეთის მტკიცებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტყუილი ყოფილა და ვინმემ ამის გამო ბოდიში მოიხადა? ანუ ხანდახან რეალობა უნდა დაინახო და არ უნდა დაუჯერო მხოლოდ იმას, რასაც თუნდაც შენი პარტნიორი გეუბნება. თქვენ გგონიათ, ევროკავშირში ერთსულოვნებაა? პოლონეთის პრემიერმა არ თქვა, ბიუროკრატიაა ევროკავშირშიო? ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ სახელმწიფოები თავისით იღებენ გადაწყვეტიულებას. ვინც მოაზროვნეა, ხომ კითხულობს და იცის, რომ საფრანგეთის ანალოგიური კანონიც არავის მოსწონს, თავად საფრანგეთის გარდა. უამრავმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მისწერა ამერიკის კონგრესს, რომ ის კანონი არ ვარგა, რაც „ფარას“ სახით მოქმედებს, მაგრამ კანონი მაინც კანონობს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის გარდა სხვა არცერთ ქვეყანას არ აწყობს. შენ იმაზე კი არ უნდა იყო დამოკიდებული, სხვა ქვეყანას რა აძლევს ხელს, შენი ეროვნული ინტერესი რა არის, ამ პრინციპზე უნდა დადგე და ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილებზე დალაგდება.
– პრეზიდენტმა უკვე დააანონსა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. როგორ აპირებთ მის დაძლევას?
– ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი აგენტი. ჩვენ ვეტოს დაძლევა მოგვიწევს, მაგრამ მან მხოლოდ ამ კანონპროექტს კი არა, მთელ თავის პოლიტიკურ ცხოვრებას დაადო ვეტო. ჯერ კიდევ ვერ ხვდება ზურაბიშვილი, სადამდე მივიდა. როცა დაასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას, მერე უფრო მიხვდება. ნახავს, რას დაწერს ისტორია ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც პირდაპირ იბრძოდა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. რომელიც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველო. სხვათა შორის, დღემდე „ლელო“ იგივეს ამბობს სამადაშვილის სახით, რომ შეცდომა დაუშვა ევროპამ, როდესაც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე და ზურაბიშვილიც მათ სიაშია. პროპორციულად რომ ავიღოთ, რა ძალაუფლებაც მას აქვს, სალომე ზურაბიშვილმა, ალბათ, ყველა პრეზიდენტს გადაასწრო, საკუთარი ქვეყნის წინაშე მავნებლობით. მაგას რომ მეტი ძალაუფლება ჰქონოდა, ადვილი წარმოსადგენია, რასაც ჩაიდენდა. ქართული პოლიტიკის უახლეს ისტორიაში ძალიან არასახარბიელოდ ჩაიწერება სალომე ზურაბიშვილის როლი.
– აქციების პერიოდში ნიკა გვარამიას როლი გამოიკვეთა, რომელიც ცდილობს, რომ ოპოზიციის სათავეში მოექცეს. რა შანსები აქვთ მოახლოებულ არჩევნებზე ამ ადამიანებს?
– ოპოზიციას რეიტინგი არ ჰქონია და არც აქვს. უცხოელ ძალებს ჰქონდათ მათი გაერთიანების მცდელობა, თუმცა ეს მარტივი არ არის, ოპოზიციის ლიდერების ფსიქოტიპიდან გამომდინარე. გვარამია, მელია, ხაზარაძე თუ გახარია, ყველა ისეთი ფსიქოტიპია, რომ თვითონ უნდა, იყოს ლიდერი. მელია მეორე დღესვე ჩააჩოჩა გვარამიამ, როგორც კი შეერთდნენ და „დაქორწინდნენ“, უცებ მოსვა მეორე ადგილზე. ეს ის ხალხია, რომელიც სახეს ვერ მალავს. სადღაც ერთი თვე ცდლობდა ნიკა გვარამია თავის შეკავებას: დაივარცხნა, ჰალტუხი გაიკეთა, ცოტა ადამიანურიც გახდა… მაგრამ მალე ისევ მოიხსნა ჰალსტუხი, თმა გაიწეწა, გინებაც დაიწყო და გახდა ისეთივე ძველი „თამრო“, როგორიც იყო. „ახალი“ ვერაფერი ნახა ხალხმა, გარდა მათი „ქორწინებისა.“ მელიას შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ „განქორწინდა“ სააკაშვილთან და „დაქორწინდა“ გვარამიასთან, მაგრამ ესეც უიღბლო „ქორწინება“ აღმოჩნდა. აქეთ სააკაშვილი გამოვარდა მოწოდებით, ბორდი შექმენით, მე დამნიშნეთ უფროსად, სოფო კი – ჩემს მოადგილედო და ასე ორი სიტყვით „ჩააჩოჩა“ ყველა თანაგუნდელი… უცხოური ძალები მაინც შეეცდებიან, რომ როგორმე რამდენიმე პარტია შეკრან და ისე გაიყვანონ არჩევნებზე, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, 5 ნომრის გარდა, არავის აქვს პერსპექტივა 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს.

ნონა ქარქაშაძე