საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ამ კანონს ოპოზიციაც და დასავლეთიც არეულობის მოწყობის საბაბად იყენებენ – საერთო მედია
მაისი 19, 2024

ამ კანონს ოპოზიციაც და დასავლეთიც არეულობის მოწყობის საბაბად იყენებენ

 

გვესაუბრება
“იქს-ნიუსის” დამფუძნებელი
მირიან ყარაულაშვილი:

_ ბატონო მირიან, პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ. საარჩევნო სიის შედგენისას ყოველი მეოთხე ქალის დასახელების ვალდებულება გაუქმდა.
_ როცა კანონში საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალის დასახელების შესახებ ცვლილება შევიდა, ეს მაშინაც ხელოვნურად მიმაჩნდა. კვოტირების ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ. საერთოდ, ნებისმიერი კვოტირება რაღაცის თავისუფლების შეზღუდვაა. გენდერულ კვოტირებას რაც შეეხება, უფალი ქალსა და მამაკაცს კვოტების მიხედვით არ აჩენს! ყველანი ღმერთისგან მოვლენილები ვართ. ღმერთისგან მოვლენილ ადამიანებში, პრივილეგირებულები რატომ უნდა არსებობდნენ?! ასე რომ, ნებისმიერი კვოტირება, იქნება ეს საპარლამენტო სიაში, ბიზნესში, გარკვეულ პრეფერენციებში, ბიზნეს-ტენდერებში, და ა. შ. ჩემთვის მიუღებელია. კვოტის დაწესების, შერჩევის დროს შეიძლება სუბიექტური აზრის გათვალისწინება მოხდეს. იგივე, საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალბატონის შერჩევისას, შესაძლოა, სუბიექტური ფაქტორები ყოფილიყო გათვალისწინებული. ასე რომ, კანონს გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ, მივესალმები.
რაც შეეხება თავად “გირჩს”, რომლის ინიციატივაც იყო ამ კანონის მიღება, პოლიტიკურ ორგანიზაციად არ მივიჩნევ. სოცქსელში ამ თემაზე კომენტარი ვნახე: პოლიტიკა ვაჭრობააო. უბედურება ისაა, პოლიტიკა სავაჭრო ასპარეზად რომ აქციეს. პოლიტიკას ის ადამიანები უნდა ქმნიდნენ, ვისაც ვაჭრობა არ შეუძლია. ხშირ ცვლილებებსაც არ მივესალმები. ადამიანებს სტაბილურობის შეგრძნება უნდა ჰქონდეთ და არა ყოველ წელს ახალი რეგულაციების შემოღების მოლოდინი. ასე მუდმივად გიწევს, ახალ-ახალ რეგულაციებს შენი ცხოვრება მიუსადაგო, რაც მარტივი არ არის.
საქართველოში მანდილოსანს ყოველთვის პატივს სცემდნენ. დედის, დედაბოძის, დედა-სამშობლოს კულტი, სანამ ერთი ჭეშმარიტი ქართველი მაინც იარსებებს, არასდროს მოისპობა. ოპოზიციონერი ქალბატონები კი ხელოვნურად შექმნილი ფიგურები არიან, მათზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს.
_ “მედიის განვითარების ფონდის” ვრცელი ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც “ქართულ ოცნებას” სექსისტური განცხადებების, გენდერული დეზინფორმაციის წარმოებისთვის აკრიტიკებენ…
_ ამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი არ არის? მის ფონდზე რა კომენტარი გავაკეთო. მედიაზე ძალადობის წახალისება, პრეზიდენტზე თავდასხმები, ქალების მიმართ შეურაცხყოფა _ თემები, რაზეც ფონდის წევრები საუბრობენ, ყურით მოთრეულია მნიშვნელოვანი საკითხების გადასაფარად. არანაირი დისკრიმინაცია _ არც რასობრივი, არც გენდერული, არც სქესობრივი, საქართველოში არ ხდება და არც არასდროს ხდებოდა. ეს თემები, რაც ამ ფონდს წინა პლანზე გამოაქვს, დუღილის შედეგად წარმოშობილი ქაფია, რომელიც უვარგისია და დუღილის პროცესში უნდა მოიშორო. რა ეტყობათ ამ ოპოზიციონერ ქალებს დისკრიმინაციული მოპყრობის, ოპონენტებს ლამის თვალებს თხრიან, კაცებს თავზე ახტებიან. ეს არის დისკრიმინაცია? პირიქით..
_ სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ოდიშარიას ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა.
_ ერთი ამბავი ატეხეს, ოდიშარიამ ეს რა განცხადება გააკეთაო. ჯერ ერთი, მას განცხადება არ გაუკეთებია, ორი სიტყვა თავისთვის ჩაილაპარაკა. მეორეც, ვისი მისამართითაც იყო გამონათქვამი, ის ობიექტები საკუთარი ქცევით ადასტურებენ, რომ ოდიშარია, მგონი, მართალია. რაც შეეხება ნარკოლოგიურ შემოწმებას, ადრე ამას ყველა პარლამენტარი გადიოდა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინმე კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იქნება, თუ ალკოჰოლური თრობის, მთავარია, რომ პარლამენტში სამუშაოდ უნდა მიხვიდე. თუ ბრალდება უსაფუძვლოა, არსებობს კანონი ცილისწამების შესახებ და ოდიშარიამ ამაზე სამადაშვილს პასუხი უნდა მოსთხოვოს. ასევე, სამოქალაქო კოდექსში არის მუხლი ღირსების შელახვის შესახებ და შეუძლია, სასამართლოს მიმართოს. მე, ასე მოვიქცეოდი.
აქვე “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონის შემობრუნებაზეც მოგახსენებთ. ეს კანონი აუცილებლად მისაღებია. მაგრამ ზოგადად, ამ საკითხის შესასწავლად, საქართველოს კანონმდებლობაში იმაზე ბევრად მეტი ინსტრუმენტი არსებობს, ვიდრე საჭიროა. ამიტომ, ჩნდება კითხვა: რატომ ვერ აკონტროლებს სახელმწიფო უცხოური დონორებისგან ქართული ა(ა) იპ-ის დაფინანსების საკითხს საქართველოს კანონით “გრანტების შესახებ”, რომელიც ჯერ კიდევ 1996 წლიდან მოქმედებს, კანონით “ფინანსური მონიტორინგის შესახებ”, კანონით “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ”, საგადასახადო კოდექსითა და მათი შესაბამისი ნორმატიული აქტებით. გარდა ამისა, არსებობს უამრავი კანონქვემდებარე აქტი, ინსტრუქცია, ბრძანებულებები, რაც ამ კანონებიდან გამომდინარეობს და გრანტების ლეგალურობის დადგენას, მის მონიტორინგს ითვალისწინებს.
თუ გრანტის საქართველოში შემოტანა საბანკო გადარიცხვის, ტრანზაქციის გზით ხდება, მისი წარმომავლობის დადგენა უმარტივესია. ექსპერიმენტი რომ ჩაატაროთ და 10 500 დოლარი ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხოთ, სანამ “ეროვნული ბანკი” არ გამოიკვლევს, საიდან და რა საჭიროებისთვის არის ეს თანხა, ტრანზაქცია არ შესრულდება. ანუ, ათი ათას დოლარზე მეტი თანხის ყველა გადარიცხვა კონტროლდება. გამოიყენონ ეს საშუალება, ხელს ვინ უშლით?! მეორე ვარიანტია, რომ შესაძლოა, თანხა ტრანზაქციის სახით კი არა, ვიღაც “ქეშად” იღებდეს და საქართველოში ისე შემოდიოდეს. ამ შემთხვევაში უნდა იმუშაოს საბაჟო, საზღვრის დაცვის სამსახურებმა. მათ ამის ვალდებულებაც აქვთ და უფლებაც. თუ თანხა საქართველოს ტერიტორიაზე ისე შემოაღწევს, რომ ვერავინ გაიგებს, რამდენი კანონიც უნდა მიიღო, როცა თანხა უკვე ჯიბეში უდევთ და როგორც გაუხარდებათ, ისე განკარგავენ, მის დეკლარირებას ენჯეოები რატომ მოახდენენ?!
_ აღნიშნული კანონის ანალოგი ევროკავშირშიც დაინიცირდა. მაშინ ჩვენ რატომ გვიკრძალავენ მის მიღებას?
_ ამ კანონს ოპოზიცია და დასავლეთიც, არეულობის მოწყობის საბაბად იყენებენ. მე გამჭირვალობის მომხრე ვარ. დაე, ყველამ იცოდეს, საიდან ფინანსდება ამ ენჯეოების იდეოლოგია, რითაც საქართველოს მტრობენ. ხელისუფლების ნება თუ იქნება, კანონების ამოქმედება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მარტივად შეიძლება. ვიმეორებ, ბევრი სამსახური არსებობს, ვისაც ამის გაკეთება ხელეწიფება და მიკვირს, რატომ არ აკეთებენ.
_ ამ კანონპროექტების დაინიცირების შემდეგ, ოპოზიციამ დრო იხელთა და “ქართული ოცნება” დაადანაშაულა, ცხრა დათქმის შესრულებას არ აპირებენ და არც ევროკავშირში გაწევრიანება უნდათო.
_ მათ ბრალდებებზე ერთი ქართული ანდაზა მახსენდება, “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”. ვთქვათ, ხელისუფლება ცდილობს, ევროკავშირში არ შევიდეს, მაშინ, თუ ამ პროცესს ეწინააღმდეგება, ასეთ შედეგებს როგორღა აღწევს _ ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას და სხვა.
_ აქტუალურია ვეტინგის თემაც. მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარის თქმა ოპოზიციამ ისევ ცხრა დათქმის შეუსრულებლობას დაუკავშირა.
_ ვეტინგი წლების წინ რიგ ქვეყნებში, როგორც დასჯის მექანიზმი, ისე გამოიყენეს. თუ უცხო ქვეყნიდან ვეტინგი და ინსპექტირება გვინდოდა, ხომ ვიყავით საბჭოთა კავშირში, სადაც კრემლი აკონტროლებდა ყველაფერს, საკადრო პოლიტიკიდან დაწყებული, საფინანსოთი დამთავრებული. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში, მოსამართლეთა შერჩევა ერთ-ერთი ობიექტური პროცესი იყო, არჩევნები პირდაპირი წესით ტარდებოდა. საკუთარი სასამართლო სისტემის მონიტორინგი უცხო ძალების მიერ თუ უნდა განგვეხორციელებინა, რაღას გამოვრბოდით საბჭოთა კავშირიდან?! რა მნიშვნელობა აქვს, კრემლი ჩაატარებს ვეტინგს, ევროკავშირი თუ აშშ.
მე თუ მკითხავთ, პირველ რიგში, ის კი არ არის გასარკვევი, საიდან შემოდის აქ ფული, ვინ აფინანსებს ენჯეოებს, არამედ, რა სახსრებით ფინანსდება ეს ლობისტური ორგანიზაციები”, რომლებიც ამ ე. წ. არასამთავრობოებს მხარს უჭერენ.
_ სალომე ზურაბიშვილი ევროპის დროშის ქვეშ ოპოზიციის გაერთიანებას და ასე ბრძოლას აპირებს. მისი როლი როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესებში?
_ ზურაბიშვილისთვის პირში მაქვს ნათქვამი, რასაც მასზე ვფიქრობ. იგი ერთი პატარა, ძაფზე გამობმული მარიონეტია, რომელსაც რამდენიმე მმართველი ჰყავს. რა უნდა ვთქვა, იგი უცხო ქვეყნების შესაბამისი სამსახურების დავალებებს ასრულებს.
_ თავად ხალხი რამდენად არის მზად სწორი არჩევანის გასაკეთებლად?
_ ხალხი ამისთვის მზად იყო 30 წლის წინათაც, მაგრამ ყოველი არჩევნების მერე იმდენად ხდება საზოგადოების აზრის, ცნობიერების დეგრადირება, რომ, მაპატიოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, მაგრამ მე, მაგალითად, მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც არ მივცემდი. საზოგადოება 90-იანი წლების დასაწყისში შემდგარი იყო, მაგრამ შემდგომ ყველა ხელისუფლებამ, ვისაც არ დაეზარა, ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ შემდგარი სამოქალაქო საზოგადოება განადგურებულიყო.

თამარ შველიძე