საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ამერიკაში შიზოფრენიული პროცესები მწიფდება – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ამერიკაში შიზოფრენიული პროცესები მწიფდება

 

გვესაუბრება ისტორიკოსი,
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე:

_ სოსო, ამერიკაში სუპერ სამშაბათს პრაიმერისში ტრამპმა გაიმარჯვა. რას მოუტანს აშშ-ს და, ზოგადად, მსოფლიოს ბაიდენი-ტრამპის დუელი?
_ დიახ, ტრამპი ოფიციალურად გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი. ნიკი ჰეილიმ თავისი კანდიდატურა მოხსნა. ბაიდენს კონკურენტი ისედაც არ ჰყავდა. ასე რომ, წინ ტრამპსა და ბაიდენს შორის მატჩრევანში გველოდება. აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ალაბამას შტატის გადაწყვეტილება გააუქმა, რაც ნიშნავს, რომ ბატონი დონალდი ამ შტატშიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. გარდა ამისა, ტრამპმა უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, მის იმუნიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.
_ რამდენიმე დღის წინ ბაიდენმა ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართა…
_ ეს უპრეცედენტოდ აბსურდული მიმართვა იყო. მან ისეთი სიგიჟეები ილაპარაკა, რომ საკუთარ თავს აჯობა. ამაზე მთელი მსოფლიო მედია საუბრობს, მხოლოდ ჩვენი, მონურ მორჩილებაში მყოფი მედია დუმს. ბაიდენმა ტრანსგენდერებს მიმართა, თქვენს მხარდამჭერებად მიგულეთო. შემდეგი სიბრძნე იყო: უკრაინაში არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ ომობს, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებითო. ომის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე არაფერი უთქვამს. მისი გამოსვლა აბსურდისა და აგრესიულობის ნაზავი იყო. აშშ-ის სამხრეთ საზღვარი მისი პოლიტიკის შედეგად მოღიავებულია და ის ათასობით არალეგალმა გადალახა. ბუნებრივია, სამხრეთამერიკული ნარკოკარტელები, დანაშაულებრივი ორგანიზაციები ამ ვითარებას შესანიშნავად იყენებენ. შედეგად, აშშ-ში დანაშაულთა რიცხვი გაიზარდა. ბაიდენს დარბაზიდანაც დაუყვირეს, თუ როგორ მოკლა ამ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა ახალგაზრდა გოგონა. ბაიდენმა უპასუხა, გასაგებია, რომ არალეგალმა მოკლა, მაგრამ ლეგალებიც ხომ კლავენ ხალხსო. ამ პასუხმა ყველა აღაშფოთა. მისი გამოსვლა ტყუილებით იყო გაჯერებული, დანაშაულის რიცხვი კლებულობს, ინფლაციამაც იკლოო, არადა, პირიქითაა. მის უკან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი იჯდა, რომლის მიმიკები აღშფოთებას, სასოწარკვეთას, დაცინვას გამოხატავდა. მეორე მხარეს იჯდა შეურაცხადი კამალა ჰარისი, რომელიც ბაიდენის ნათქვამ ყოველ სისულელეზე წამოხტებოდა და “დემოკრატებთან” ერთად ტაშს უკრავდა. 2020 წელს, როცა ამ უდიდესი პარტიის პრაიმერისი ვნახე, ვთქვი, რომ ამერიკა ასეთი მასობრივი შიზოფრენიის ფონზე უდიდეს პრობლემებს გადაეყრება და ამაში მთელ მსოფლიოს ჩაითრევს-მეთქი. წარმოიდგინეთ სიტუაცია, დარბაზი სავსე იყო, სადაც “დემოკრატიული პარტიის” კანდიდატების წარდგენაზე ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს არამარტო ტრანსგენდერების უფლებას, გაიკეთონ აბორტი, არამედ ამ პროცედურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მოითხოვს, რასაც მქუხარე ტაში მოჰყვა. საუბარია ქალად გადაკეთებული ბიოლოგიური კაცის დაორსულებაზე, რომელსაც აბორტის გაკეთების უფლება უნდა ჰქონდეს, თანაც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოსო. როგორ შეიძლება ამის მერე ამერიკის დემოკრატიაზე, პოლიტიკაზე ვისაუბროთ. ეს ჩვეულებრივი შიზოფრენიაა.
გავიხსენოთ, რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რაც დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამ კრების შედეგებმა დიდი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცება-ცენტრალიზებაში. რადგან ახალი დავით აღმაშენებელი არც აშშ-ში ჩანს და არც საქართველოში, ამიტომ მოსალოდნელია შიზოფრენიული პროცესების შემდგომი განვითარება. ენტონი ბლინკენიც ნუ დაგვავიწყდება, რომელმაც თანამშრომლებს მოუწოდა, საუბრისას თავი შეიკავონ ისეთი გამოთქმებისგან, როგორებიცაა: დედა, მამა, ვაჟი, ცოლი… მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გენდერული, ნეიტრალური ტერმინები შემოაქვს. ამის მერე რაზე ვლაპარაკობთ. არადა, ამერიკა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო, ჰეგემონია, რომლის შემადგენლობაშია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაერო, მსოფლიო სარეზერვო ვალუტის ცენტრი. დოლარს კოდალას გულმოდგინებით უთხრიან ძირს. აი, ეს ვითარებაა აშშ-ში. პრობლემა კიდევ იცით, რა არის? _ ამ მავნებელ ბებერს, რომელიც ჭერში ჭინკებს ელაპარაკება, ყველა დემოკრატიულ შტატში ხმას აძლევენ. არსებობს დემოკრატიული, რესპუბლიკური და ე. წ. მერყევი შვიდი შტატი. ამერიკული შტატების თითქმის ნახევარი ბაიდენს ირჩევს. ეს სასაცილოც აღარ არის. არადა, იგი აბსოლუტურად არაადეკვატური და მავნებელია. ამბობს, რომ ტრანსგენდერი მოსწავლეების უფლებებს დაიცავს, თან გამოაცხადა, ტრანსგენდერები ამერიკის სულს განასახიერებენო. ბაიდენმა და მისმა საოცარმა გუნდმა “აღმოაჩინა”, რომ ამერიკას სული აქვს და თან ის ტრანსგენდერულია!!! სამწუხაროა, რომ ნახევარი ამერიკა კვლავ ამ სიგიჟეს აძლევს ხმას. ამასთან, მათ ხელშია ატომური იარაღი და ტექნოლოგიები. კაცობრიობის ტრაგედიაა, რომ ტექნიკური პროგრესის მთელი ნაყოფი ფსიქოპათების ხელში აღმოჩნდა. ამ თანამედროვე დასავლურ ელიტას რომ ვუყურებ, მეტაფიზიკური ძრწოლა მიპყრობს, რომელიც აბსოლუტურ შიზოფრენიაშია გადაზრდილი.
_ რადგან ამერიკულ შიზოფრენიაზე ვსაუბრობთ, რა ხდება ამ კუთხით საქართველოში? ხელისუფლება ამზადებს კანონპროექტს, რაც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს, თუმცა ოპოზიცოა დუმს…
_ ოპოზიცია ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს. დიახ, გასუსულები არიან, რადგან ხელი გეიმემორანდუმზე აქვთ მოწერილი. ამის სანაცვლოდ კელი დეგნანი და ევროპელი პარტნიორები მათ ხელისუფლებაში მოყვანას დაჰპირდნენ. ოპოზიციის ხელმოწერილი გეიმემორანდუმი ერთგვარი მარკერია. ხელისუფლებაში მაინც ვერ მოვიდნენ _ ჩაიხადეს, მაგრამ არ გადაუხადეს და კიკუსავით შეშლილები დარჩნენ. მერე ჩიოდნენ, გეიმემორანდუმზე რომ მოგვაწერინეთ ხელი და ხელისუფლებაში მოსვლას დაგვპირდით, ახლა რა ვქნათო. გახსოვთ, შალვა ნათელაშვილი “ფანჩატურიდან” სიბრძნეებს რომ ისროდა: მთავარია, პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, პლანეტებიც კი პროპორციულად არის განლაგებულიო. ყველა გიჟი “ფანჩატურში” აღმოჩნდა. საოცარ პერსონაჟებს ვხედავთ, განსაკუთრებით გეიმემორანდუმის წევრებს. ამიტომ ამ კანონპროექტს ვერ მიემხრობიან და, ბუნებრივია, ამასაც გააპროტესტებენ. თუმცა ვერც საარჩევნო კამპანიას წარმართავენ ისე, რომ კარდაკარ იარონ და მოსახლეობას, ლგბტქ+ გახდითო, შესთავაზონ. კანონპროექტზე დადებითის თქმას ვერ ბედავენ, რათა თავიანთი პატრონები არ გააბრაზონ, თორემ დაფინანსებას შეუწყვეტენ. ფიზიკური დაზიანებისაც ეშინიათ. აგერ, რა დღეშია იაგო ხვიჩია. იგი პიონერია ამ საქმეში. ძალიან მალე მოიმკიან იმ ნაყოფს, რაც დასთესეს. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, თუ როგორ არკვევენ ურთიერთობებს კოლაბორაციონისტებთან და სამშობლოს მოღალატეებთან. ამისთვის ავღანეთის მაგალითიც კმარა. ავღანური სპეცრაზმის წევრებს, რომლებიც ავღანეთში ბრიტანელებთან ერთად იბრძოდნენ, ამ უკანასკნელებმა თავშესაფარზე უარი უთხრეს. წარმოგიდგენიათ, თალიბები რა მეთოდებით გაუსწორდებიან?! აი, ეს ვითარებაა.
ასე რომ, ხელისუფლების ინიციატივას მივესალმები. ფსევდოლიბერალური იდეოლიოგიის წინააღმდეგ კანონი უნდა მიიღონ მთელი სისრულით _ სანქციებიც უნდა დაწესდეს და ამ უმსგავსობის პროპაგანდა კრიმინალიზებული იყოს. სკოლებში რომ ეწევიან პროპაგანდას და სახელმძღვანელოებს ბეჭდავენ, იქნება ეს სულაკაურის თუ სხვა გამომცემლობები, მათი ქონების კონფისკაცია უნდა მოხდეს. ბავშვების გონების მოწამვლა არავის უნდა ეპატიოს. ამ საკითხის მიმართ შეურიგებელი და უმკაცრესი ზომების მომხრე ვარ.
იგივე სიმკაცრეა საჭირო ნარკოტიკების გამავრცელებლებთან. ეს პირდაპირ ერის ამოწყვეტის, სულიერი და ფიზიკური განადგურების პოლიტიკაა. სკოლებში აღმზრდელობითი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. ტელევიზიებით პირდაპირ ამ უმსგავსობის პროპაგანდა მიდის! განათლების სამინისტრო რამე პროგრამას ახორციელებს სკოლებში, მხოლოდ გრანტებს რომ არიან დახარბებულნი? ბავშვებს აუხსნან, რას იწვევს სინამდვილეში იგივე ლგბტქ+ და ნარკოტიკები. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” რას აკეთებს ამ მიმართულებით?! ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რამდენად ღრმა ორმოში ვვარდებით, რადგან, ფაქტობრივად, ახალგაზრდობა გვეღუპება, დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს. ეს კარგად უნდა გავაანალიზოთ.
_ ბაიდენი პარტნიორ ქვეყნებს სთხოვს, უკრაინას სამხედრო შეიარაღებით დაეხმარონ. აქეთ, უკრაინისთვის სამხედრო ხომალდებს აშენებს თურქეთიც…
_ შეგახსენებთ ზელენსკის სიტყვებს: რუსეთი უკრაინის გარეშე რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფოა, ხოლო მასზე კონტროლის შემთხვევაში, ის ზესახელმწიფო ხდებაო. ამას განსაზღვრავს დემოგრაფიული, გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური მხარე, ასევე, უკრაინის მდებარეობაც. კონფლიქტის ინსპირატორი დასავლეთის (ამერიკა, ბრიტანეთი) მიზანი, რუსეთის დამორჩილება იყო, რომელიც მისთვის იაფი რესურსების წყარო იქნებოდა. მათი სტრატეგია ასეთი იყო: ჩინეთთან დასავლეთის დაპირისპირების შემთხვევაში, რუსეთი მათი მოკავშირე იქნებოდა. გარდა ამისა, არსებობს კიდევ რუსეთის დაშლის სტრატეგია, რასაც ვიქტორია ნულანდი ახორციელებდა, რომელიც თანამდებობიდან მოხსნეს, რადგან მის მიერ წარმოებული პოლიტიკა არაეფექტური აღმოჩნდა. ბოლო 300 წლის ისტორიამ აჩვენა, რომ საზღვაო ცივილიზაციის ქვეყნები _ ბრიტანეთი და მისი კლონი აშშ, ტონის მიმცემები არიან. კონტინენტური სახელმწიფოები, ძირითადად, თავდაცვის რეჟიმში არიან. თუ იმარჯვებენ, ტერიტორიულ კონტროლს და ბუფერულ ზონებს აფართოვებენ. ესაა ამ დაპირისპირების არსი.
დასავლეთის სტრატეგიამ არ გაამართლა _ რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ეს არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიო რესურსების თითქმის 45%-ს აკონტროლებს. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ რუსეთი ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ქვეყანაა, არასწორია. ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ქვეყნები ვერ აწარმოებენ ამ რაოდენობის იარაღს, ძრავებს მეხუთე თაობის თვითმფრინავებისთვის, კვანტური კომპიუტერის ტექნოლოგიებს, ატომურ ენერგეტიკას. ჩვენ რადგან ამ იმპერიის ნაწილი ვიყავით, ამ სივრცის ცენტრის ტექნოლოგიურ და სამხედრო შესაძლებლობებს ვერ ვაფასებდით. რაც ჩვენს მედიაში ხდება, სრული ბოდვითი მდგომარეობაა. ზელენსკიმ, ლიბერალების მიერ ახალ ჩერჩილად გამოცხადებულმა გმირმა თქვა: ომში 11 ათასი უკრაინელი და 400 ათასი რუსი დაიღუპაო. ასე ანუგეშებს უკრაინელებს _ უფრო ბევრი რუსი კვდებაო. ამ დროს იქვე ამბობს, რუსები ათს რომ გვესვრიან, ჩვენ ერთს ვესვრითო. მაშინ როგორ იღუპებიან რუსები უფრო მეტნი?! იგივეს გავიმეორებ, რაც ბაიდენზე ვთქვი, ესენიც აბსოლუტურ ფსიქიკურ აშლილობაში იმყოფებიან. სამწუხაროდ ავლიპი გარდაცვლილია, ცოცხალი რომც იყოს, მათ მაინც ვეღარ უშველიდა.

თამარ შველიძე