საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“ნაცმოძრაობა” კი არ დაიშალა… გაიშალა – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

“ნაცმოძრაობა” კი არ დაიშალა… გაიშალა

გვესაუბრება “მემარცხენე
ალიანსის” თავმჯდომარე
სოსო შატბერაშვილი:

_ ბატონო სოსო, ზურაბიშვილი ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც აღნიშნა, ოპოზიცია არჩევნებს თუ არ აღიარებს, ეს დესტაბილიზაციის შექმნის საფუძველი გახდებაო.
_ პრეზიდენტს დიდი ხანია, გადაწყვეტილი აქვს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ლიდერი გახდეს. გვარამიას შეწყალების შემდეგ, რომელიც მას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა, თან, ღია ეთერში, აღარც ის მიკვირს, ოპოზიციის ლიდერობა რომ სურს და არც ის, იმ ხელისუფლებას რომ ლანძღავს, რომელმაც გააპრეზიდენტა. დიახ, პრეზიდენტი ივანიშვილის წყალობით გახდა. ჩემი პარტია, ნაცნობები, ნათესავები, მეორე ტურში მხარს მას უჭერდნენ. კაგებეს შპიონ ვაშაძეს ზურაბიშვილი ვარჩიეთ. თურმე მწარედ შევცდით.
_ ოპოზიციის გადაჯგუფებებზე რას იტყვით, რა გავლენას მოახდენს ეს არჩევნებზე?
_ ოპოზიციაში ორი ძალა გამოიკვეთა, ერთი – კოლექტიური “ნაცმოძრაობაა”. ხაზარაძემ რამდენიც უნდა იძახოს: ჩემი “მუსტანგით” მოვდივარ, ნაცებთან საერთო არაფერი მაქვსო, ეს აბსურდია. “ლელო” და ეს ორი თაღლითი _ ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაინც ნაცებთან მოიაზრებიან. ასევე, მელია, გვარამია და სხვა ბევრი. “ნაცმოძრაობა” კი არ დაიშალა, გაიშალა და ფართო ფრონტით ხელისუფლებაში მობრუნებას ცდილობს. ისინი ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან. ამიტომაც მათ თვალი ქუჩისკენ, არეულობის მოწყობისკენ უჭირავთ. დესტაბილიზაციას ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გეგმავდნენ, ეგონათ, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ახლა შემოდგომისთვის ემზდებიან, რასაც დასავლეთის სერიოზული, ფინანსური ძალები უჭერენ მხარს. თუმცა, ფული არც თავად ნაცებს და მის განშტოებებს აკლიათ _ ცალკე კეზერაშვილი აფინანსებთ, ცალკე თემურ ჭყონია, ცალკე ჭუტა წერეთელი. მთავარი დამფინანსებლები კი სააკაშვილი, გიული და თემურ ალასანიები არიან. ამ უზარმაზარი ფინანსებით და სამი ტელევიზიის ხელშეწყობით ცდილობენ გადატრიალების მოწყობას, რათა კვლავ ხელისუფლებაში მოვიდნენ. მათ 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლაში ხომ “რუსთავი-2” დაეხმარათ.
_ ღარიბაშვილი მოსახლეობას რეგიონებში ხვდება. ხელისუფლება აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის ემზადება.
_ ხელისუფლებას ნამდვილად აქვს შანსი, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. თუმცა 2012 წელს მოცემული დაპირებების ნაწილი კვლავაც შეუსრულებელია. სააკაშვილის რეჟიმის დროს უამრავ ადამიანს წაართვეს ქონება, ზოგი აწამეს ან ციხეში უკანონოდ ჩასვეს, მოკლეს. მეტიც, ზოგს ცოლები წაართვეს. ხალხი სამართლიანობის აღდგენას ელოდა. მაშინ წართმეული ქონებებიდან, მხოლოდ 10%-ია დაბრუნებული. პირადად მე მონიტორინგს ვაწარმოებდი, ეკონომიკის სამინისტროდან იმ ადამიანების სია გამოვითხოვე, რომელთაც სახელმწიფოს მილიონად ღირებული ქონება ერთ ლარად აჩუქეს. ხელიუფლება ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს, რაც მისი მთავარი კოზირია და რისთვისაც ხალხი ისევ მხარს უჭერს. კოლექტიური “ნაცმოძრაობა” კი პირდაპირ ომის პარტიაა. სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველო ომს დაიწყებდა. ეს უკრაინის ხელისუფლებამაც არაერთხელ აღნიშნა. “ქართული ოცნება” მშვიდობას, სტაბილურობას ინარჩუნებს. ყოველდღიურად ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში, ისრაელში. ქართველ ხალხს არ უნდა, საქართველოშიც იგივე მოხდეს. ეს უკვე გამოვცადეთ 1991-93 წლებში, მერე 2008 წელს. ამიტომ “ქართული ოცნების” მთავარ ლოზუნგად თუ მშვიდობის შენარჩუნება დარჩება, აუცილებლად გაიმარჯვებს.
_ დასავლეთმა ზურაბიშვილს მიშას შეწყალება მოსთხოვა. როგორ ფიქრობთ, გადადგამს ამ ნაბიჯს?
_ ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს, ოღონდ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე. სამწუხაროდ, ზურაბიშვილი ისტორიაში შევა, როგორც არაფრისმაქნისი, კრიმინალების შემწყალებელი პრეზიდენტი. მან შეიწყალა ბათუმელი პოლიციელის, ასევე, ოთხმეზურის მკვლელიც, რაც არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მიშას საქართველოში ავტორიტეტი არ აქვს. მას მხოლოდ არეულობის მოწყობა შეუძლია. გავიხსენოთ, რას აკეთებდა უკრაინაში, როგორ გადმოკვეთა პოლონეთიდან უკრაინის საზღვარი, როგორ დასდევდნენ საკუთარი კორპუსის სახურავზე და ბოლოს თმებით ითრიეს, შემდეგ ერთ-ერთ კაფეში დააპატიმრეს და სკამი სულ დასველებული აღმოჩნდა. ნურც ის დაგვავიწყდება, გორის ტრასაზე, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე როგორ ფორთხავდა და მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი, რომელსაც მსგავსი არაფერი ენახა. სად გაგონილა, მთავარსარდალი ასე იქცეოდეს! ვიმეორებ, მას მხოლოდ გადატრიალებების მოწყობა შეუძლია, მაგრამ ახლა ვერც ამას მოახერხებს. და ვერც 2003 წელს შეძლებდა, შევარდნაძეს ხელისუფლება ხონჩით რომ არ მიერთმია.
_ პრეზიდენტი დაბალრეიტინგიან პარტიებს “ევროპული ქოლგის” ქვეშ აერთიანებს. თან ამბობს, ეს არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორისო.
_ საქართველომ ევროპა საუკუნეების წინ აირჩია. ქართველმა ხალხმა მეოთხე საუკუნეში მიიღო ქრისტიანობა და ქრისტეს დამცველი, მესიის მახვილი გახდა. რაც შეეხება რუსეთს, ერეკლეს არჩევანიც ევროპა იყო. მაშინ ჩვენი მეზობელი არც ბრიტანეთი ყოფილა, არც საფრანგეთი, ერთადერთი ქრისტიანული მეზობელი რუსეთი გახლდათ. ზურაბიშვილი რომ აცხადებს, არჩევანი გვაქვს გასაკეთებელიო, ეს არჩევანი უკვე გაკეთებულია. ჩვენ რუსეთს 1991-92 წლებში ჩამოვცილდით. თუმცა ევროპულ არჩევანთან ერთად, მიმაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, რასაც პუტინი ითხოვს კიდეც. ვინც ამბობს, რუსეთს არ უნდა დაველაპარაკოთო, მას აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება არ უნდა. რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ. ეს არ მოხდება, თუ საქართველო ტერიტორიებს არ დაიბრუნებს. რუსეთთან ამ თემაზე მოლაპარაკება, შესაძლებელია. გავიხსენოთ, რა განაცხადა ცოტა ხნის წინ ლავროვმა, კრემლი წინააღმდეგი არ არის ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ერთიანი სახელმწიფო შექმნანო. ფონი იქმნება, რათა მოლაპარაკება დაიწყოს. თანაც, ახლა მთელი დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ არის ამხედრებული და მას ახლა ძალიან აწყობს სამხრეთით, საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება. მით უმეტეს, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე საქართველოს გაერთიანება ვერ მოხდება.
რაც შეეხება ზურაბიშვილის ქოლგას, მან თავის დროზე საკუთარი თავისთვის ვერ შექმნა ქოლგა _ მთაწმინდის რაიონში, არჩევნებში 10%-იც ვერ აიღო, აღარაფერს ვამბობ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას რეიტინგი (2% აიღო) მაშინაც კი არ ჰქონია, როცა იპოდრომზე გამოვარდა და პოპულარობის ზენიტში იყო. ასე რომ, ამ წყალწაღებულ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” პრეზიდენტის ქოლგა ვერ უშველის. თუმცა სიფრთხილე მაინც გვმართებს, რადგან მილიარდობით თანხა და სამი ტელევიზია მათ განკარგულებაშია. ეს დიდი ძალაა.
_ ძებნილი ადეიშვილი ბუნდესტაგში გამოჩნდა. რამდენად შეუწყობს ეს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს?
_ ქართველი ხალხი ამან ძალიან გააღიზიანა, რადგან გერმანიის ხელისუფლებამ მას სულში ჩააფურთხა. განა არ იცოდნენ, რომ ადეიშვილი არათუ ძებნილი, არამედ მსჯავრდებულია. არანაკლები აღშფოთება გამოიწვია ევროკავშირისა და გერმანიის საელჩოს განცხადებამ, ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნაში ცუდი არაფერიაო. თურმე, არ სცოდნიათ, რომ ის მსჯავრდებული ყოფილა. ცალკე საკითხია, როგორ გაბედა უკრაინის ხელისუფლებამ ადეიშვილის ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა და, ზოგადად, ქართველი კრიმინალების შეფარება. ეს იცის მთელმა მსოფლიომ და გერმანიამ არ იცის, რომელსაც უზარმაზარი დაზვერვა ჰყავს?!
როგორც ჩანს, გერმანელებს დაავიწყდათ ეგოროვისა და ქანთარიას რაიხსტაგზე ასვლა წითელი დროშით, რომელსაც ზედ ნამგალი და ურო ეხატა. მინდა, გერმანიის ხელისუფლებას “საერთო გაზეთის” ფურცლებიდან ვუთხრა, რომ ეს მათთვის არასასურველი ფაქტია _ ქართველების გაღიზიანება, ზოგადად, კავკასიის მიმართ ასეთი აგდებული დამოკიდებულება, არაფერში გამოადგება, პირიქით, ავნებს. სჯობს, სამომავლოდ ადეიშვილის ასეთი უაპელაციოდ მიღებისგან და მისთვის წითელი ხალიჩის გაფენისგან, თავი შეიკავონ.
_ პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩს განმარტება მოსთხოვა, თუმცა აქეთ დაგვადანაშაულეს დეზინფორმაციის გავრცელებაში.
_ დიახ, ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელებაში დაგვდეს ბრალი. მათ დევნილი ბუნდესტაგში ზარზეიმით მიიღეს. თავის დროზე მსოფლიო აღშფოთებული იყო, როდესაც ნაცისტები სამხრეთ ამერიკაში _ ურუგვაიში, ჩილეში, ბრაზილიაში გადასახლდნენ და იქ განცხრომით ცხოვრობდნენ. როგორი მოსასმენი იყო მაშინ ანტიფაშისტური გერმანიისთვის, თუ როგორ შეიფარა სამხრეთ ამერიკამ ფაშისტი ნაცისტი დევნილები. ასევე ჩვენთვისაც ძალიან მძიმე სანახავი იყო ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ადამიანის უფლებათა დამრღვევის, წამების აპოლოგეტის შეფარება უკრაინის მიერ და მერე გერმანიის ბუნდესტაგში საპატიო ადგილას მისი წამოსკუპება. გერმანია ხელშეუხებელი სახელმწიფო არ გახლავთ და ამ საქციელის გამო შეიძლება, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, დიდი დივიდენდები დაკარგოს.
_ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.
_ ჩვენი პარტია მომხრეა, ცესკო-ს თავმჯდომარე ხალხმა აირჩიოს. ასევე, სახალხო დამცველიც, რათა ამ პოსტზე ლომჯარიას მსგავსნი არ მოხვდნენ. შედეგად, ოპოზიცია თავისი კვოტით ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნას ვეღარ მოითხოვს. ჩვენი პარტია ასევე ითხოვს, რომ მოსამართლეებიც ხალხის მიერ იქნას არჩეული.

თამარ შველიძე