საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

საქართველოს გაერთიანების იდეა აფხაზეთიდან მოდის – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

საქართველოს გაერთიანების იდეა აფხაზეთიდან მოდის

 

გვესაუბრება ანალიტიკოსი,
ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი
იგორ კვესელავა:

_ ბატონო იგორ, საქართველომ სოჭში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. რას გვეტყვით, მის მნიშვნელობაზე?
_ დიახ, ამ დღეებში სოჭში მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა, სადაც ქართული დელეგაცია 60-კაციანი ჯგუფით იყო წარმოდგენილი. მას ევგენი პრიმაკოვის სახელობის “ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრის” დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში შედიოდნენ: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე ანა ხოტივრიშვილი, იულია კლუჩნიკოვა _ რუსულენოვანი გიდი თბილისიდან, ინესა როდინა _ საქართველოს სამგზის ჩემპიონი სპორტულ აკრობატიკაში, “საქართველოს რუსი ახალგაზრდების ლიდერი”; კარინე არაკელიანი _ პედაგოგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ფარავანიდან, ტატიანა ბალაბანოვა – მცხოვრები სოფელ გორელოვკადან და რუსეთში ქართული თემის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ეს ფესტივალი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რასაც თავისი საზომით ზომავს რუსეთიც, აფხაზეთიც, სამაჩაბლოც და საქართველოც. მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი საგანმანათლებლო ცენტრ “სირიუსში” გაიხსნა და მასში ასამდე ქვეყანა მონაწილეობდა. მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც ესწრებოდნენ. მათი დელეგაციები საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სახის პანელებზე: უახლესი ტექნოლოგიები, მედიაგანვითარება, ხელოვნური ინტელექტი, ახალი გეოპოლიტიკა და სხვა. მსგავსი ღონისძიება ადრეც ჩატარდა, თუმცა მაშინ საქართველოს წარმომადგენლობა არ ესწრებოდა. ადრე საქველმოქმედო ცენტრი არსებობდა, რომელიც რუსულ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურებოდა, თუმცა აგვისტოს მოვლენების შემდეგ გაუქმდა.
ფესტივალზე გამგზავრება, არ მგონია, ხელისუფლებასთან ყოფილიყო შეთანხმებული და ეს არც იყო საჭირო. მიმაჩნია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობდა, შესანიშნავი პატრიოტი ქართველი კაცი და საკმაოდ ღრმად მოაზროვნე პოლიტიკოსია. ის არასდროს ყოფილა მოთამაშე. ქართველ “მოკლეშარვლიან” და “მოკლეკაბიან” პოლიტიკოსებს ყველას ჯიბეში ჩაისვამს. იგი უდავოდ კარგ საქმეს აკეთებს. აბა, რუსეთის გადამტერებით რას მოვიგებთ, შევებრძოლებით თუ რა?! რუსეთს კი არა, ჩვენი სამხედრო ძალით სომხეთსა და აზერბაიჯანსაც კი ვერ შევებრძოლებით. ბატონი დიმიტრი, როგორც მოგახსენეთ, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრს ხელმძღვანელობს. ერთი პერიოდი საქართველოში პრიმაკოვის მხოლოდ ქება-დიდება ისმოდა. იგი თბილისში, პლეხანოვზე გაიზარდა, შესანიშნავად იცოდა ქართული. შევარდნაძის პერიოდში მან საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რათა აფხაზები და ქართველები ერთმანეთს შეხვედროდნენ, აზრი გაეზიარებინათ, შეთანხმებულიყვნენ და მშვიდობისთვის მიეღწიათ. ახლა რომ დაიწყო ოპოზიციამ კონფედერაციაზე უარყოფით კონტექსტში საუბარი, ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო. ამაზე ვერ შევთანხმდით და ეს შეცდომა იყო. ბევრი ახლაც კატეგორიულად ამბობს, კონფედერაციაზე არ უნდა ვილაპარაკოთო. ეს შეცდომაა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენი რუსეთთან ურთიერთობაც, ფაქტობრივად, კონფედერაცია იყო. ყველაფერს მოსკოვი წყვეტდა. ის ნიშნავდა პირველ მდივანს, მთავრობის თავმჯდომარეს, რაიკომის მდივნებს…
რუსეთის მიმართ საქართველოში გადამეტებული აგრესიაა. მავანს პირზე “გავრილოვის ღამე” აკერია. ამაზე ერთი აჟიოტაჟი რომ არ აგვეტეხა, ბევრად მეტს მოვიგებდით. რა მოხდა ასეთი _ გავრილოვმა დახვრიტა ვინმე, თუ გადატრიალებას ახდენდა?! როგორც მკვლევარი ვფიქრობ, ხელისუფლებამ სახელმწიფოში არსებულ შიდა პროცესებს თავად უნდა მოუაროს, რათა ეს ზოგიერთებისთვის საგორაო ბურთი არ გახდეს.
_ ბატონო იგორ, წინა კვირას გაირკვა, რომ ტრამპი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს…
_ მე ტრამპის მხარდამჭერი ვარ. ჩვენ ერთმანეთთან მიმოწერაც გვქონდა. საქართველოდან მხოლოდ მე მივულოცე პრეზიდენტობა. მან წერილობით მიპასუხა და მადლობა გადამიხადა, როგორც ისტორიკოსს, მკვლევარს. არც კი ველოდი. მაშინ ტრამპის მხარდამჭერი საზოგადოების შექმნაზე დავიწყე მუშაობა. მერე ეს პროცესი შეჩერდა. ახლა ისევ ვქმნი ტრამპის მხარდამჭერ საზოგადოებას. ჩვენ ყველასთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა. მე გამსახურდიას თეზით ვცხოვრობ: ჩვენ ურთიერთობა უნდა გვქონდეს რუსეთთანაც, ამერიკასთანაც და ევროპასთანაც, მაგრამ ცალსახად არავის უნდა მივებათ. ეს ბალანსირების პოლიტიკაა, რასაც ჩვენი დიდი მეფეები მიმართავდნენ. არიქა, რუსეთისკენ მივექანებითო, რომ შფოთავენ, ქართველები ძველად რას აღარ აკეთებდნენ, სპარსეთში რომ მოხვედრილიყვნენ _ ზოგი მუსულმანობას იღებდა, ზოგი იქ დას უშვებდა. ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, როგორ იქცეოდნენ მაშინ ქართველები?! რა, ახლა ამერიკიდან არ ხდება დანიშვნები?! მარგველაშვილი საიდან მოვიდა? _ ეს ამერიკის ჩარევით მოხდა.
_ სოჭის ფესტივალს დავუბრუნდეთ. ქვეყნების ჩამონათვალში მხოლოდ საქართველო იყო, სამაჩაბლო და აფხაზეთი დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიებული არ იყო. ეს რას ნიშნავს?
_ ამასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ. რასაც თქვენ ამბობთ, თუ მართლა ასეა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს საქართველო რუსეთს და ამერიკას აქვთ განაწილებული. კრემლში უკვე მსჯელობენ, როგორ უნდა მოაგვარონ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობა. დავაკვირდეთ, რამ განაპირობა უკრაინაში ომის დაწყება. რუსეთმა თქვა, ჩემს საზღვართან ატომური სახელმწიფოს არსებობას არ დავუშვებო. უკრაინა უზარმაზარი სიმდიდრით განთქმული ქვეყანაა. ამ დროს რუსეთის საზღვართან ამერიკის სახელმწიფო ჩნდება! ეს ომი მზადდებოდა ისევე, როგორც უკრაინის ხელისუფლებაში ზელენსკის მოსვლა, რაც საკმაოდ დიდი თანხა დაჯდა. ხომ გახსოვთ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი როგორ ურიგებდა მაიდანზე ხალხს ფუნთუშებს. ეს ომი მხოლოდ რუსეთის კი არა, ევროპის შესაშინებლადაც დაიწყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ამერიკას გერმანია და საფრანგეთი თავს უხრიან? _ არა, მაგრამ თუ უკრაინა მისი გახდებოდა, სხვა მოცემულობა გვექნებოდა. ანუ, ეს იქნებოდა შუბი რუსულ საჯდომში. ასე ამერიკას მუჭში ეყოლებოდა რუსეთიც და ევროპაც, იგივე გერმანიაც.
გვესმის, შეძახილები, რუსეთი მარცხდებაო. არადა, ვხედავთ, რომ უკრაინა ნადგურდება, ხალხი იჟლიტება, მილიონობით ადამიანი ქვეყნიდან წავიდა, ყველაფერი დანგრეულია. ომის პრაქტიკაში ასეთი რამ არ არსებობს, მე ომი უნდა დავიწყო და შენ ხმალი, ხანჯალი, თოფი მომეცი, რომ რუსეთს ვესროლოო. ამისთვის სხვა ქვეყნებთან გარბიხარ _ იარაღი მომყიდე ან მაჩუქეო. ასეთი პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკაში და ომში არ არსებობს. ბაიდენი ყველას მოუწოდებს, უკრაინა შეაიარაღეთ, რუსეთის დამარცხებაში დაეხმარეთო. რას დაემსგავსა ამერიკა? _ პრეზიდენტად ბაიდენს რომ დაუჭერ მხარს, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ.
ვიმეორებ, ვერცერთ სიტუაციაში ჩვენ ომს ვერავის მოვუგებთ. ამიტომ დიპლომატიისა და მორიგების გზით უნდა წავიდეთ. თუმცა, ეს ამერიკის და ევროპის უარყოფას როდი ნიშნავს. მკვეთრად არცერთ მხარეს არ უნდა დავუპირისპირდეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ მოგვცეს სტატუსი? _ მათ საქართველო სჭირდებათ. ახლა მთავარი აქცენტი “შუა დერეფნის” პროექტზე კეთდება. მაგალითად, ბაქო-ჯეიჰანი ეკონომიკური კი არა, აბსოლუტურად პოლიტიკური პროექტია. აქედან, ჩვენ მხოლოდ 50 მილიონს ვიღებთ, რაც ბევრი არაფერია. თუ “შუა დერეფნის” შემთხვევაშიც ასე იქნება, მაშინ ეს ჩვენთვის არაფერია. ჩვენ ეკონომიკური პროექტები გვჭირდება, რათა გავძლიერდეთ. ეკონომიკის გაძლიერება პოლიტიკის გაძლიერებას ნიშნავს.
_ ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება ქართველების მიმართ იყო, გამოითქვა მზაობა ღია დიალოგისთვის. სამომავლოდ პირდაპირი დიალოგი გარდაუვალია?
_ ძალიან კარგი კითხვაა. სოჭის მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალს პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა. თუმცა, პირდაპირი დიალოგის დასაწყებად წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
_ ზემოთ აფხაზებთან და ოსებთან კონფედერაციის შექმნა ახსენეთ. რამდენად შესაძლებელია, ეს კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახდეს?
_ კონფედერაციის შექმნის გეგმა ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს არსებობდა. ზვიადს ახლო ურთიერთობა ჰქონდა აფხაზეთის “ეროვნული მოძრაობის” წევრებთან. იცით, რატომ დაიწყო შევარდნაძემ ომი? _ იმიტომ, რომ აფხაზეთში ბევრი ზვიადისტი იყო და ისინი უნდა მოეშორებინა, დაერბია. ბუნებრივია, ეს ზვიადისტების განადგურებას ნიშნავდა. სამეგრელო რამდენჯერმე დაარბია. აი, აფხაზები კი საერთოდ დაკარგა. დავუბრუნდეთ კონფედერაციის ჩანასახს, რომლის წინააღმდეგ მაშინ ქართული ინტელიგენცია, ისტორიკოსები წავიდნენ. კონფედერაციის იდეას მხარს ვუჭერდი, ამაზე აქტიურად ვწერდით. მერე ინტელიგენცია შეიკრიბა, გიული ალასანიასთან მივიდა და უთხრა, კვესელავა გააჩერეთ, მას აფხაზეთთან კონფედერაცია უნდაო. ახლა ქართველები და აფხაზები აბსოლუტურად გაუცხოებულნი რომ ვართ, ამას კონფედერაცია ან ფედერაცია არ სჯობდა?! გამსახურდია ამბობდა, უნდა შეიქმნას ქართულ-აფხაზური ფედერაციული სახელმწიფოო.
საქართველო ხუთი საუკუნის განმავლობაში სახელმწიფო არ იყო. ქვეყანას ერთიანი სამართლებრივი დოკუმენტი არ ჰქონდა. საქართველოს გაერთიანების იდეა აფხაზეთიდან მოდის. ის აფხაზეთის დახმარებით გახდა ერთიანი სახელმწიფო. ახლა რატომ არ უნდა დავდგეთ ერთად?! შეიქმნას კონფედერაცია და იჯდეს აქ აფხაზეთის წარმომადგენელი. ამას აპირებდა გამსახურდია. მაგალითად, მე მომხრე ვარ, აფხაზი პრეზიდენტი გვყავდეს, ოღონდ საქართველო ერთიანი იყოს. ამ უაზრო დამოკიდებულებებით დღეს მტრებად ვართ გადაქცეული. ბევრი ინიციატივა ჩვენგან უნდა წამოვიდეს, რაღაც ჩვენც უნდა დავთმოთ და მათაც. აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა: უნდათ აფხაზებს ჩვენთან კონფედერაცია? ამ წლების განმავლობაში მათ ზურგი მოიმაგრეს, რამდენიმე სახელმწიფომ მათი დამოუკიდებლობა ცნო. თუ საქართველო ერთიანი იქნება, მაშინ რუსეთიც, აფხაზეთიც და სხვებიც ანგარიშის გაგვიწევენ.

თამარ შველიძე