საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

იწყება “დიდი ვაჭრობის” პერიოდი, რაც ოპოზიციისთვის დამღუპველი აღმოჩნდება – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

იწყება “დიდი ვაჭრობის” პერიოდი, რაც ოპოზიციისთვის დამღუპველი აღმოჩნდება

 

გვესაუბრება ანალიტიკოსი
ზაალ ანჯაფარიძე

– წინასაარჩევნო მზადება აქტიურ ფაზაშია. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის „ქოლგის ქვეშ“ გაერთიანდა. მაინც, რა მიზნით გადაწყვიტა პრეზიდენტმა მათზე „ქოლგის გადაფარება“?
– სალომე ზურაბიშვილის მიზანია, ზეპარტიულ ლიდერად მოევლინოს ქვეყანას და ამ პლატფორმის მეშვეობით განახორციელოს ის გეგმები, რასაც თავისი მბრძანებლები ავალებენ. შემთხვევით ხომ არ ატრიალებს ჩვენი პრეზიდენტი რუსეთის თემას? მან იცის, რომ ეს თემა კარგად მუშაობს, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე. ზურაბიშვილს უნდა, ამ პლატფორმის მეშვეობით უპირველესად დასავლეთელ კურატორებს აჩვენოს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტრუმენტი, ევროპული ძალების შემოსაკრებად, თვითონ არის. იმ პირობით, რომ საქართველოს არ მისცეს პროევროპული გზიდან გადახვევის საშუალება.
თუმცა, სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ ეშმაკი და ჭკვიანია იმისათვის, რომ თავი არ გამოაყენებინოს ოპოზიციას. პირიქით, უნდა, რომ ისინი გამოიყენოს სათავისოდ. ოპოზიცია კი მის გამოყენებას ცდილობს ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთგვარ ინსტრუმენტად. აქ, ერთი მხრივ, ინტერესთა თანხვედრაც არის, მაგრამ მეორე მხრივ, ზურაბიშვილს უნდა, რომ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, ის როლი შეასრულოს, რაც მისმა „პატრონებმა“ დააკისრეს.
წამოსულია შეკვეთა, რომ საქართველოში უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური დასავლური მთავრობა. ზურაბიშვილი გველინება ამ შეკვეთის შემსრულებლად. თუმცა, ამ ყველაფერს განსაზღვრავს არა პრეზიდენტი ან მისი „პატრონი“, არამედ – საქართველოს ამომრჩეველი.
რადგან მიშა ციხეშია და ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას პროცესებზე, თანაც მას კანონით არა აქვს ამის უფლება, ეტყობა, ოპოზიციაში ვერ მოძებნეს ძლიერი ლიდერი და გადაწყვიტეს, ამ საქმისთვის ზურაბიშვილი გამოეყენებინათ. ის არის პრეზიდენტი, აქვს მოქმედების გარკვეული ბერკეტები და დასავლეთში ამ კუთხით სწორი გათვლა გააკეთეს.
– ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქმე გვაქვს „უბედურებასთან“, რადგან ადამიანი, რომელიც პრეზიდენტობაზე ვერც კი იოცნებებდა, აქტიურად არის ჩაბმული დესტრუქციული ძალების ფერხულში…
– „ქართული ოცნების“ რიტორიკა აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ცოტა უხერხულადაც ჟღერს, რადგან სწორედ მათ დასვეს ეს „უბედურება“ პრეზიდენტად. როცა ადამიანი პრეზიდენტად გაგყავს, ხომ უნდა შეისწავლო ის თავიდან ბოლომდე – ვინ არის, რითი სუნთქავს, რას შეიძლება, მისგან ელოდო?!. არ ვიცი, რა პრინციპით იხელმძღვანელეს, მაგრამ მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ემიგრანტების შთამომავალი, ღირსეული წინაპრების ოჯახიდან, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანს ამხელა თანამდებობა უბოძო.
– პრეზიდენტმა „ღირსების მედლების“ გულუხვად დარიგება დაიწყო. ამჯერად ბაბუცა პატარაიას და ზაირა ბაირამოვას რომელი ღირსება დააფასა ზურაბიშვილმა?
– სალომე ზურაბიშვილის ფსიქოტიპის ანალიზს არ შევუდგები, მაგრამ აღარავის უკვირს მისი წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები. ოთხმეზურის მკვლელი რომ შეიწყალა, ეს ფაქტი ექვემდებარებოდა ლოგიკას? თუნდაც უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება, რაც აშკარად გარედან ჰქონდა დავალებული, ხომ იმის მაჩვენებელია, რომ ეს ქალი ქართველებისთვის გასაგები ლოგიკით არ მოქმედებს! მას გააჩნია საკუთარი „ლოგიკა“, რაც ქართული მენტალიტეტისთვის, ქართული რეალობისთვის უცხო და შეუთავსებელია. რას ვიზამთ! ჯერჯერობით ასეთი მოცემულობა გვაქვს და საზოგადოებაც იძულებულია, მის გამოხდომებს „კბილების კრაჭუნით“ შეეგუოს.
– ოპოზიციაში დიდი ქაოსი და არეულობაა. ლიდერის ძიებაში შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ. მაინც, რა შანსები აქვთ მათ მომავალ საპარლამენტი არჩევნებზე?
– ხაბეიშვილის თოხარიკი ცხენივით სირბილი ხან ბაზარში და ხანაც თურქეთში საბაზრო ფასების გასაგებად, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ენმ-ში მისი გავლენები მცირდება, რომ ის მხოლოდ ტიკინაა პარტიის „თავმჯდომარის“ სტატუსით.
სად, რომელ პარტიაში გინახავთ, რომ პარტიის ლიდერი დარბოდეს ისეთ საქმეებზე, რაც, წესით, მის მოვალეობებში არ შედის, რაც მის ხელქვეითებსაც შეუძლიათ გააკეთონ და ინფორმაცია მიუტანონ?! ეს ნორმალური პრაქტიკა არ არის.
ამიტომაც ვფიქრობ, ახლოსაა მოარული ხმები სიმართლესთან, რომ პარტიის ლიდერობას ნელ-ნელა, შედარებით პრეზენტაბელური, ჭიჭე ვაშაძე ჩაიგდებს ხელში. ბოლოსდაბოლოს, ინგლისური იცის და დასავლეთშიც იცნობენ!
არ გამოვრიცხავ, რომ ხაბეიშვილი არჩევნებამდე სხვა ფიგურით ჩაანაცვლონ. რადგან უკვე ძალიან კომიკური და არასერიოზულია მისი ქმედებები.
რაც შეეხება თავად პარტიას, არა მგონია, ბევრის გაკეთება შეეძლოთ, რადგან, ჯერ ერთი – პარტიაში აღარ დარჩა არცერთი ძლიერი ლიდერი. ამიტომ ითხოვენ ასე გამწარებული, სააკაშვილის გამოშვებას ციხიდან. მეორე – ნიკა გვარამიასა და მელიას მიერ პარტიების შექმნა, ფაქტობრივად, იმის მაჩვენებელია, რომ ისინი „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის ნაწილს თავისთან წაიყვანენ, რაც, რა თქმა უნდა, პარტიას დააზარალებს.
მე ვფიქრობ, რომ ეგრეთ წოდებულ პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პოლიტიკური მოთამაშეების ფორმირება დასრულდა. იწყება „დიდი ვაჭრობის“ პერიოდი, რაც, ჩვენი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა, მათთვის დამღუპველიც აღმოჩნდეს.
– რით შეიძლება დაუპირისპირდეს დესტრუქციული ძალების ნაბიჯებს მმართველი გუნდი?
– უპირველესად, უნდა დაამყარონ წესრიგი სახელმწიფოში, გამოავლინონ კორუფციული შემთხვევები, რაც ჯერ კიდევ არსებობს, გააუმჯობესონ მართვა. მერამდენედ მთავრდება ფისკალური წელი ისე, რომ ბიუჯეტის საკმაოდ სოლიდური თანხები, რომელიც ამა თუ იმ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტზე უნდა დახარჯულიყო, აუთვისებელი რჩება. გარდა ამისა, გადახედონ საკანონმდებლო ბაზას და წინა მთავრობების დროს მიღებული კანონები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის არსებობას, – შეისწავლონ და შეცვალონ. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესინტერესების გამო, ფარმაცევტულმა კომპანიებმა ონკოპაციენტებს, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როდესაც ხელისუფლებამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები მედიკამენტების გაიაფების მიმართულებით, ამას მოსახლეობა კმაყოფილებით შეხვდა, მაგრამ ხომ ხედავთ, რა მეთოდებით დაუპირისპირდა ხელისუფლების ამ ნაბიჯს ფარმაცევტული სექტორი, სადაც სამ კომპანიას აქვს მონოპოლია?! პრობლემაა ასევე, საკმაოდ ძვირი ფასები გარკვეულ პროდუქტზე. მაგალითად, კვირიკაშვილის მთავრობის პირობებში გაიზარდა საწვავზე აქციზის ფასი. შესაბამისად, ამან საწვავი გააძვირა. საწვავი რომ გაძვირდა, გაძვირდა პროდუქტის ტრანსპორტირება, რამაც აწია ფასები პროდუქტზე. ერთი მაგალითი მომყავს, მაგრამ ასეთი მაგალითი ბევრია. ამ მიმართულებით უსწრაფესად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
კიდევ ერთხელ დავუბრუნდები მართვის და მანეჯმენტის საკითხს და გეტყვით, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი არის ცუდი მენეჯმენტის ერთ-ერთი მაგალითი. ადრეც შეიძლებოდა იმ პრობლემების დანახვა და გამოვლენა, რომელიც წლის ბოლოს გამოვლინდა, როდესაც პროექტი უკვე ჩაბარებული უნდა ყოფილიყო. არადა, კარგი მენეჯმენტი კარგი ცხოვრების ერთ-ერთი გარანტია და ის ყოველთვის აისახება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.
– ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ ხმაური ატყდა. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ამ კანონის მიღება აუცილებელი?
– არაერთხელ მითქვამს, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა შეცდომა დაუშვეს, როცა მისი გატანა ისე გადაწყვიტეს, ვიდრე აკადემიურ საზოგადოებასთან თუ სხვადასხვა პროფესიულ წრესთან წინასწარ განიხილავდნენ. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, ვიცით, სიტყვა „აგენტს“ როგორი დატვირთვა აქვს. საქართველოში ის არ გამოიყენება იმ კონტექსტში, როგორც, დავუშვათ – დასავლეთში. ამიტომაც, შესაძლებელი იყო სიტყვა „აგენტი“ სხვა ფორმულირებით შეეცვალათ. ქართული ფორმულირებით გაჯერებული კანონპროექტი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, მას ასეთი მძაფრი რეაქცია არ მოჰყვებოდა.
ახლა უკვე ევროპაშიც აპირებენ მსგავსი კანონის მიღებას, დიდ ბრიტანეთშიც და აგერ, ყოველ ჯერზე, „ფარას“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ვკითხულობთ. კანონმორჩილი ორგანიზაციები წესიერად და პატიოსნად აწვდიან მათ ინფორმაციას, თუ რა ხარჯი გაწიეს, ვისზე დახარჯეს და რამდენი. ამიტომაც „ფარას“ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ვხედავთ, თუ როგორ ქირაობენ ლობისტებს და უხდიან ფულს მათ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები…
და რა დაშავდება, თუ რომელიმე ადგილობრივი მდიდარი „ენჯეო“ ასევე გაასაჯაროებს ინფორმაციას, რომ იცოდეს ხალხმა, ვისზე დახარჯა, რატომ დახარჯა, რამდენი დახარჯა! მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი საჭიროა, რადგან სამოქალაქო სექტორის მეტი გამჭვირვალეობა არის იმის საშუალება, რომ მეტი ნდობა გქონდეს საზოგადოებაში.

ნონა ქარქაშაძე