საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დირიჟორი – ამერიკა, ორკესტრი – ევროპა, საკონცერტო დარბაზი – საქართველო – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

დირიჟორი – ამერიკა, ორკესტრი – ევროპა, საკონცერტო დარბაზი – საქართველო

 

„საერთო გაზეთთან“
საუბრობს პოლიტიკური
გაერთიანება „სოლიდარობა
მშვიდობისთვის“
აღმასრულებელი მდივანი,
პროფესორი თემურ მაისურაძე

– წინასაარჩევნო პოლიტიკური სიმულაციები გრძელდება. ამჟამად საუბარია ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვაზე, რის საჭიროებასაც ოპოზიცია ვერ ხედავს. როგორ ფიქრობთ, ჩაერთვებიან თუ არა ისინი კანონპროექტის განხილვებში?
– ისე, როგორც ყველა მსგავს საკითხზე, ამ შემთხვევაშიც, მათგან მაქსიმალურად უარყოფითი რეაქცია და პროვოკაციებია მოსალოდნელი. ჩვენ გვყავს აგენტური ქსელის წიაღიდან აღმოცენებული პოლიტიკური ძალა და მათივე განაყოფი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ცდილობენ, საერთო მიზნებითა და ამოცანებით როგორმე შეარყიონ საქართველოს საყრდენი: ქართული ოჯახი, რელიგია, ენდოგენური ტრადიციები, კულტურა… ყველაფერი, რაც სხვებისგან განგვასხვავებს. მათი მიზანია საქართველოს წიაღში ფორმირებული ღირებულებათა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა.
რა შეიძლება ერქვას სახელმწიფოს მდგომარეობას, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმპიჩმენტგამოცხადებულ პრეზიდენტს, ამის დასაბუთება კიდევ საპარლამენტო უმრავლესობით სჭირდება?! რა ფორმაა ეს? თუ ასეა, რატომ არ სჭირდება პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ შეწყალებას პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობის თანხმობა?! წლების განმავლობაში ამ ჩვენი „დაუძინებელი დასავლელი მეგობრების“ მიერ ამღვრეული, ახლართული, ურთიერთწინააღმდეგობებით სავსე ფორმაციაში ვცხოვრობთ. სისტემა და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის შედეგი იმისა, რომ საქართველოს ერთი კანონით აქვს კონკრეტულ საკითხზე რეაგირების შესაძლებლობა, მეორე კანონი კი მას ხელებს უბორკავს. ამას თავს როგორ ვართმევთ?!
– როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიციას თავიანთი „პატრონების“ ეშინია, რომლებიც მათ ქვეყნის გარედან მართავენ. მაინც, ვინ არის მათი „პატრონი“?
– ალეგორიულად რომ აღვწერო ეს ყველაფერი, მმართველი და დირიჟორი ამერიკის შეერთებული შტატებია, მუსიკალური ორკესტრი ევროპაშია, საკონცერტო დარბაზი კი საქართველოში გახსნეს. ორკესტრში ვინ უკრავს, ვიცით და რა მელოდიას გვთავაზობენ, ესეც ვიცით, ჩვენ კი, მოგვწონს თუ არა, ამ მელოდიაზე უნდა ვიცეკვოთ. შესაბამისად, თუ ამ მუსიკაზე არ ცეკვავ, – მზად არიან მათრახი გადაგიჭირონ! პირდაპირი გზით ქართულ პოლიტიკაში ისინი არასდროს ერევიან. მათი მეთოდებია: ფულით ადამიანების მოსყიდვა, სარფიანი შეთავაზებები გარკვეული ამოცანის სანაცვლოდ და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შეძლეს და უკვე თავს მოგვახვიეს. ის მოთხოვნა, რომ მხოლოდ ნატო-ს და ევროკავშირის მიმართულება უნდა იყოს ჩვენი ერთადერთი არჩევანი, ძალიან გვზღუდავს მოქმედებაში. ფაქტობრივად, ოდნავ მარცხნივ ან მარჯვნივ გადაგმული ნაბიჯი უკვე კონსტიტუციის დარღვევად აღიქმება.
მათ მიერ შექმნილი განწყობებით, რომ „აი, ხალხო, ევროპას გვართმევენ, აი, ესენი პრორუსული ძალები არიან“, წლების განმავლობაში შექმნეს რუსეთისგან ყველაზე ბოროტი სახელმწიფოს იმიჯი. რეალურად კარგად ვიცით, როგორ იყო ინიცირებული ეს ყველაფერი. მათ შორის, რუსეთში ნგრევის პროცესიც დასავლეთიდან არის ინიცირებული. თუ ვინმე წაიკითხავს და ღრმად ჩასწვდება ისტორიებს, პირველი და მეორე მსოფლიო ომებიდან დაწყებული და უფრო ადრეც, ყოველთვის იყო რუსეთის ხელში ჩაგდების მცდელობა დასავლეთის მხრიდან. რუსეთთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა ისტორული მოვლენები, როდესაც ერთსა თუ მეორე ქვეყანას ბრალდებოდა საომარი მოქმედებები. მექანიზმი ერთი და იგივეა. როგორ შეიძლება, ადამიანი ათჯერ ერთსა და იმავე ანკესს წამოეგოს, ეს არის, რაც მაკვირვებს!
– ოპოზიცია ნებისმიერი გზით ცდილობს, სასურველ შედეგს მიაღწიოს. ბოლო დროს თითქოს ტონიც კი შეარბილეს და კონსტრუქციული იმიჯი მოირგეს. მაინც, რისი იმედი აქვთ მათ 2024 წლის არჩევნებზე?
– 2012 წლის შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდა, დასავლეთი ჰპირდებოდა მათ, რომ შემდეგ არჩევნებში ისევ გაიმარჯვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ფული ჩაყარეს და ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნეს, მათ ვერ გააჩინეს ახალი ლიდერი და ახალი ძალა. ამიტომ, ერთსა და იმავე ჯგუფში გადანაცვლება-გადმონაცვლებით, ახალ-ახალი ლიდერების წარმოჩენის მცდელობით ცდილობენ, გავლენა იქონიონ შედარებით სუსტი ცნობიერების მქონე იმ ადამიანებზე, ვისაც „სამშობლოს“ ცნება სხვაგვარად ესმით.
რეალურად, მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ არსებობს, თუ სასწაული არ მოხდა და „ქართულმა ოცნებამ“ რაიმე გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა. არჩევნებამდე ასეთი შეცდომა არ არის მოსალოდნელი. მიმაჩნია, რომ საარჩევნო სიებში და არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ძალიან სერიოზული საკადრო ცვლილებები. მხედველობაში მაქვს როგორც საპარლამენტო სიებში ახალი შემადგენლობა, ასევე მთელ სახელისუფლებო შტოებში, ყველა დონეზე, რადგან ამ ინტელექტუალური და პროფესიონალური რესურსით ჩვენ ვერ გავართმევთ თავს მომავალ გამოწვევებს. ეს ცალსახაა.
თუ გვინდა, რომ უბედურებამდე არ მივიყვანოთ ქვეყანა, უნდა ვეძებოთ ის ადამიანები, ვისაც შეუძლიათ იმის კეთება, რაც უჭირთ „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“, ეგრეთ წოდებულ მეხუთე კოლონის ტრანსფორმაციას გამოვრიცხავ. მათ საერთოდ არაფერი შეუძლიათ ლაყაფის, ნგრევისა და სამშობლოს გაყიდვის მცდელობის გარდა. ყველა საზიზღრობა, რამაც შეიძლება ადამიანში თავი მოიყაროს, მათშია ასახული. მოსახლეობამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ 100 პროცენტით მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული საზოგადოებისთვის, „ქართული ოცნების“ მიმღებლობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შემოიყვანენ ისინი ახალ ძალებს და გააჩენენ ახალ ხედვებს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის სწორი არჩევანი. 2024 წლის არჩევნებზე აღარ უნდა დავუშვათ ქეიფში ხმების მიყიდვა, მეგობრობისა და ძმაკაცობის გამო ხმის მიცემა, რადგან გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ორი არჩევანი – ან საბოლოოდ გავებმებით ნეობოლშევიზმისა და ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფაშიზმის მახეში, ან დავადგებით ქვეყნის სწრაფი ტემპებით განვითარების გზას! ერთ მხარეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოსთვის – ყველა სიკეთის მიღების გზა და მეორე მხარეს – ის აბსოლუტური უბედურება, რომლიდანაც გამოსავალი აღარ იქნება. ამიტომ, უნდა გაკეთდეს გონივრული არჩევანი. ზერელე დამოკიდებულება მიმდინარე წლის არჩევნების მიმართ, სამშობლოს ღალატად მიმაჩნია.
– ბატონო თემურ, თქვენი აზრით, აუცილებლად და დაუყოვნებლივ რა არის შესაცვლელი სახელისუფლებო რგოლში?
– ჯერჯერობით, საჭიროა მინიმალური ცვლილებები იმისათვის, რომ სახელმწიფო მშვიდად მივიდეს არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ კი ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს იმ გამოწვევების შესაბამისი, რის წინაშეც ვდგავართ. მინისტრებად და სხვადასხვა სახელისუფლებო შტოში ახალი, უნარების მქონე ადამიანები უნდა ვიხილოთ. ბევრი პროფესიონალი ვიცი, ვისაც ქვეყანა უშენებია, ვისაც ძალიან ბევრი უშრომია ქვეყნის სასიკეთოდ და მათი უნარები სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ. სამწუხაროდ, ვხედავ ისეთებსაც, ვისაც მხოლოდ მიკროფონი უჭირავს ხელში და რბილ სავარძელში ჩამჯდარა, თუმცა, არასდროს არაფერი გაუკეთებია თავისი ქვეყნის სასარგებლოდ და არც ამის უნარი გააჩნია.
დღეს რომ დიპლომი აიღო ადამიანმა და პირდაპირ მინისტრის სავარძელში ჩასვამ, ხომ მიჩნდება კითხვა, – რატომ, რა დამსახურებით?! ვიღაცამ რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა, ჩემთვის ეს რისი მთქმელია?! რამდენმა ადამიანმა დაამთავრა უცხოეთში უნივერსიტეტი, მაგრამ აბა, დამანახეთ, ერთი მაინც, რომელმაც საქართველოში რამე შეცვალა, რომელმაც თავისი ცოდნით გააკვირვა ჩვენი ქვეყანა?! ერთი გვარი მაინც დამისახელეთ!
– სწორედ ეს განაცხადა ირაკლი კობახიძემ უმნიშვნელოვანეს წინაპირობად, როცა ჯანდაცვის მინისტრი გაათავისუფლა, რომ კონკრეტულ სტრუქტურებს დარგის სპეციალისტები უნდა მართავდნენ…
– შემოვიდა ასეთი ტენდენცია, რომ, თუ ადამიანს მენეჯმენტის დიპლომი აქვს და მენეჯერია, ის ნებისმიერ დარგში შეიძლება დაასაქმო. რეალურად კი, მე შეიძლება ავითვისო მმართველის უნარები, მაგრამ კონკრეტულ სფეროზე წარმოდგენა არ მქონდეს. როგორ შეიძლება ადამიანი მართავდეს დარგს, რომელის ბაიბურშიც არ არის?! რატომ არის, რომ მეწაღემ თავისი დარგი უნდა იცოდეს და მეთუნუქემ თავისი? როგორ შეიძლება სახელმწიფოს სტრუქტურებს, უბრალოდ, მენეჯერი მართავდეს?
– არაერთ დანაშაულში მხილებული ზურაბ ადეიშვილი ახლახან ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიის საელჩოს განცხადებით, არ არსებობდა სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ ადეიშვილისთვის პარლამენტში შესვლა აეკრძალათ…
– საქმე ის არის, რომ ისინი ჩვენს სახელმწიფოს უყურებენ, როგორც არშემდგარ სახელმწიფოს. მათ სჭირდებათ უკრაინა, უკრაინას კი სჭირდება ადეიშვილი. შესაბამისად, უკრაინამ რაც უნდა გააკეთოს, ადეიშვილთან ერთად, ის არის მართებული. საქართველო მათთვის არის ინსტრუმენტი დინამიტის სახით რუსეთის ფეხებში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფული, რასაც ისინი ჩვენზე ხარჯავენ, საქართველოს კეთილდღეობისთვის უნდათ, ძალიან ცდება. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დიდი ნაღმი ჩაიდოს საქართველოში, რათა რუსეთი დაშალონ და მათი რესურსები ხელში ჩაიგდონ. სომხეთშიც ამიტომ მიდის რეგიონისთვის მიუღებელი ეს მოვლენები, მაგრამ ცალკე სომხეთში ისეთი ცეცხლი ვერ დაინთება, როგორიც მათ სურთ. თუმცა, თუ ნაღმი სომხეთსა და საქართველოში ერთად ააფეთქეს, ჩათვალეთ, რომ მათი მზაკვრული მიზანი მიღწეული იქნება.
დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ შიდა საკითხებთან მიმართებით. ზოგიერთი ევროპელისთვის რომ გეკითხათ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მიცვალებულები ეყარა თბილისის ქუჩებაში, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ სააკაშვილს. ამიტომ მათი შეფასებები, განცხადებები, კვლევები, თუ ეგრეთ წოდებული ექსპერტული ანალიზი ყურად არ უნდა ვიღოთ! პრაგმატულად უნდა შევხედოთ საქართველოს მდგომარეობას. პირველი ჩვენი ამოცანაა, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამე, მეორე – ამ ჭინკებს არ მივცეთ არეულობის შესაძლებლობა და მესამე – არჩევნების შემდეგ ვიყოთ მზად მათი პროვოკაციებისთვის. არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ „ნაციონალების“ და მათი უცხოელი ლობისტების მხრიდან არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა, რადგან აღარ მეგულება მსოფლიოში ისეთი რამ, რაც შეიძლება მათ არ იკადრონ.
– კონკრეტულად რა მიზნით შეიძლება სჭირდებოდეს აშშ-ს უკრაინა?
– უკრაინა არის დიდი დენთის კასრი რუსეთის უბეში. რუსეთის აღმოსავლეთიდან აშშ-ის დიდი ქალაქების რაკეტებით დასაბომბად მხოლოდ რვა წუთია საჭირო. რადგან ეს უპირატესობა აშშ-ს არა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იქნება, თუ მათი სარაკეტო ბაზები ნატო-ს მეშვეობით რუსეთს იგივე მანძილით მიუახლოვდება, ოღონდ დასავლეთიდან. ანუ მათი მიზანია, ნატო-ს ბაზები, მოსკოვთან და დიდ ქალაქებთან 6-8 წუთიან დისტანციაზე იხილონ. ეს არის მთელი „ანაბანა“. ამ მიზნისთვის ისინი უკრაინასაც გადაწვავენ, საქართველოსაც და თუ რომელიმე ქვეყანა წინ გადაეღობა, იმასაც ზედ მიაყოლებენ!
თუ სახელმწიფოს არა აქვს საკმარისი ტექნოლოგიები, მას შეუძლია ეს ტექნოლოგიები შექმნას, ან შეიძინოს, მაგრამ თუ სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, ის სამუდამოდ სხვაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, რუსეთის რესურსები ამერიკისთვის მთავარი სამიზნეა. თუ ეს რესურსი ამერიკის ხელში გადავა, მაშინ მთელი მსოფლიოს სასაქონლო და საფონდო ბირჟები აშშ-ის კონტროლის ქვეშ იქნება.
– თქვენი ვარაუდით, როდის და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ომი, რომელსაც უკვე ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა?
– თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომი უმალ დასრულდეს, მაგრამ მეორე საკითხია – რა მოხდება არჩევნებამდე. ნატო-ს ძალებმა კონცენტრირება დაიწყეს დასავლეთის მხრიდან, ანუ აძლიერებენ ძალებს და შეეცდებიან, არჩევნებამდე რაც შეიძლება გაამწვავონ სიტუაცია. ომის გაყინვა ან მარცხის აღიარება კი ნიშნავს არა უკრაინის დამარცხებას, არამედ მთელი ევროპისა და აშშ-ის დამარცხებას რუსეთთან. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა მათთვის. თუმცა, ისე ღრმად შეტოპეს, ახლა გაჩერება რთულია და რით დასრულდება ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ არავინ იცის! თუ მათ დაიყოლიეს დღევანდელი ევროკავშირის ბრიყვული მმართველი სისტემა, ძალიან დიდი ცეცხლი დაინთება, რასაც ევროპის ქვეყნების მთელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ხოლო თუ მოსახლეობამ დაჯაბნა ეს ნეოფაშისტური მმართველი რგოლი, ანუ – მიშა-ევროპა, მიშა-საფრანგეთი თუ მიშა-გერმანია… თუ ყველამ თავისი „მიშა“ დაამარცხა, ხომ კარგი, თუ არადა, მოსალოდნელია, რომ ფონი უფრო გამწვავდეს, დაიწყონ მასიური იარაღის გამოყენება, ომი გაიყინოს ან დასრულდეს ძალიან ცუდი რეზულტატით. შედეგად, მსოფლიოს ცხოვრების თავიდან დაწყება მოუწევს და თან უმძიმეს ვითარებაში.
– როგორ ფიქრობთ, ზელენსკის როლი რაში მდგომარეობს ამ ყველაფერში, რისი გაკეთება შეუძლია მას და ვერ აკეთებს, ან არ აკეთებს?
– ზელენსკი არის ჩვეულებრივი მიშა-უკრაინა. ის თუ არ იქნებოდა, მონახავდნენ სხვა მის მსგავსს, რადგან ეს მიზანი აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო. ანუ, უკრაინამ უნდა შეძლოს, რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნას რუსეთს, რისთვისაც სჭირდებათ მმართველი, რომელიც მათ მიზნებსა და ამოცანებზე იმუშავებს. ზელენსკის როლია, შეასრულოს მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც დასავლეთი მიუთითებს, სანაცვლოდ, ისინი მას ყველაფერს მისცემენ. მას ხომ ბორის ჯონსონის ჩარევით შეთანხმებაზე უარი ათქმევინეს და მიაღებინეს ბრძანება, რომ უკრაინა არ დაჯდებოდა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან. დასავლეთის თვალსაზრისით, არ ღირდა უკრაინაში ფულის ჩადება და ომში ფულის დახარჯვა, თუკი მათ გარანტია არ ექნებოდათ, რომ უკრაინა ხვალ-ზეგ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდებოდა. ამის შემდეგ, კი ბატონო, თუ ასეთ ბრძანებას დაწერთ, მზად ვართ, ჯარებით და ფულით დაგეხმაროთო! წარმოიდგინეთ, როგორი დონის მარიონეტია ზელენსკი, რომელმაც ისეთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა, რომ გამოსავალი არა აქვთ. მალე მას თვითონ უკრაინელები „გადაყლაპავენ“ და ისე მოექცევიან, როგორც სადამ ჰუსეინს მოექცა დასავლეთისგან აჟიტირებული საკუთარი მოსახლეობა. ამიტომ, ზელენსკის რჩება ერთი გამოსავალი – რასაც ეუბნებიან დასავლეთიდან, უნდა შეასრულოს! ისინი ჰპირდებიან, რომ თუკი მას პრობლემები შეექმნება, ალბათ, ჰავაიზეც წაიყვანენ და მთელ მის დარჩენილ ცხოვრებას უზრუნველყოფენ, რაშიც ეჭვი მეპარება. ასეც რომ იყოს, ზელენსკი თავის ხალხს დედამიწის ვერც ერთ წერტილში ვერ დაემალება, ვერსად ნახავს ადგილს, სადაც ამხელა სამხედრო დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეიძლება მშვიდად იყოს.
უკრაინის ომმა მთელი შენიღბული დასავლეთი გააშიშვლა. აღმოჩნდა, რომ ეს, ერთი შეხედვით კეთილშობილი, კანონმორჩილი ევროპა საკმაოდ ცივსისხლიანი, არათანმიმდევრული, ყოველგვარ რეალურ დემოკრატიას და რეალურ ლიბერალიზმს მოკლებულია. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა აწეწონ მდგომარეობა იმ ქვეყნებში, რომელებიც მათ საერთო მიზნებში ისტორიულად ზის. ევროპელები ყოველთვის იყვნენ კოლონიალისტები, თუმცა, თანამედროვე კოლონიალიზმი სხვაგვარად გამოიყურება: ისინი მზად არიან, მხარი დაგიჭირონ, მოგეფერონ და თავზე ხელი გადაგისვან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შენი ქვეყნის რესურსები და ეკონომიკური ბერკეტები მათ ხელში აღმოჩნდება, და თუკი ისინი შეძლებენ, გავლენა მოახდინონ შენი ქვეყნის მმართველობით რგოლზე. ეს არის თანამედროვე „დემოკრატია“ და „ლიბერალიზმი“.

ნონა ქარქაშაძე