საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მიხეილის კვანძი – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

 

გთავაზობთ, რედაქციის ფოსტაზე შემოსული უცნობი ავტორის სტატიას, მცირედი შემოკლებით, რომლის დასასრულს და
“მოჯადოებული წრის” გასაღებს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ

ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა დონეზე არაერთხელ მოგვისმენია ქვეყანაში არსებული მოჯადოებული წრის შესახებ, რომ ხელისუფლებები იცვლებიან, ქვეყანა კი ,,მოჯადოებული წრიდან“ ვერ გამოსულაო:
ქ. თბილისში, დედაქალაქის გულში – რესპუბლიკის მოედანზე აღმართული ფრანგი მოქანდაკის გაურკვეველი შინაარსის გიგანტური ველოსიპედის ძეგლი, რომელიც მისი დადგმის დღიდან მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
ზოგი ამ ველოსიპედს გულუბრყვილოდ ,,კამოს“ ველოსიპედს ეძახის. რას ემსახურება ველოსიპედი, რომელსაც ორი საჭე ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით აქვს განთავსებული? ველოსიპედის აღების მოთხოვნით იყო საპროტესტო გამოსვლებიც, მაგრამ, როგორც ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ხშირად ხდება, ყოველგვარ სიმახინჯის გამოვლინებას ეჩვევა ხალხი. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
არაერთმა მოქალაქემ აღნიშნულ ძეგლში ,,უძრაობის სიმბოლო“ შენიშნა და მოითხოვა, რომ ,,თუ ველოსიპედს არ აიღებენ, საქართველოს მთავარ მოედანზე მაინც ნუ დატოვებენო და ერთი საჭე (რული) მაინც მოხსნან, წინ, რომ წავიდეთო“.
ორი ათწლეულის განმავლობაში, გარდა მოსახლეობის უკმაყოფილებისა, ჯერ სწორი შეფასება არ გაკეთებულა, თუ რა მიზანს ემსახურება სინამდვილეში ეს გაურკვეველი რკინის კონსტრუქცია, რომელიც უცხოელ მოქანდაკეს შეუკვეთეს და უდავოდ დიდი თანხა იქნა გაღებული.
კიდევ უფრო გაუგებარია ის ფაქტი, რომ ამ კონსტრუქციის დამკვეთი სააკაშვილის რეჟიმის ცვლილების მიუხედავად, ახალი ხელისუფლების პირობებში ხალხის აზრი დარჩა გაუთვალისწინებელი. რა კულტურული, შემოქმედებითი ღირებულება გააჩნია აღნიშნულ ეგრეთწოდებულ ,,ველოსიპედის“ ძეგლს, პასუხი ამაზე არა მგონია შესაბამის ორგანოებს ჰქონდეთ.
სინამდვილეში, ის კარგად გააზრებული კონსტრუქციაა – კვანძია.
გავაკეთოთ მოკლე ანალიზი და ვნახოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე.

გიგანტურ ველოსიპედს გააჩნია ორი საჭე, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა განთავსებული. ორი დასაჯდომი სკამიც, საპირისპიროდაა განლაგებული. სკამები, თავის მხრივ, საჭესთან ზურგშექცევითაა განთავსებული. სკამებზე ერთიმეორის საპირისპიროდ მჯდომი ორი ველოსიპედისტი საჭესთან ზურგშექცევით (უკუღმად) აღმოჩნდება. ასე რომ, ერთი საჭის მოხსნის შემთხვევაშიც, ველოსიპედის მართვა მაინც შეუძლებელი იქნება.
ორსაჭიან, ორკაციან ველოსიპედს გააჩნია ერთი სამოძრაო მექანიზმი – ერთი პედალი. საჭეებთან ზურგშექცევით, ერთიმეორის პირისპირ მჯდომ ორ ადამიანს ჯერ მოუწევს ბრძოლა ველოსიპედის მართვის მექანიზმის – პედლის დასაუფლებლად, მაგრამ ერთ-ერთი ,,გამარჯვებული“ მაინც უძლური იქნება, მართოს ველოსიპედი, რადგანაც საჭესთან იგი მოუხერხებლად, ზურგშექცევით ზის. საჭესთან ზურგშექცევით დამონტაჟებული სკამი მას არ მისცემს საშუალებას, ველოსიპედი ნორმალურად მართოს და წინ იმოძრაოს.
ერთი სიტყვით, ურთულესად დახლართულ ველოსიპედში გამოუვალი მდგომარეობა ჩანს და მასში სწორედ, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, მოაზროვნე მკითხველი უკვე მოჯადოებულ წრესა და ჩვენი ქვეყნის უბედურებას ამოიკითხავდა. ველოსიპედ-კვანძში კარგად ჩანს ჩვენს ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული სამწუხარო რეალობა:
ველოსიპედი-საქართველო; ველოსიპედზე ორი სკამი – ერთიმეორის საწინააღმდეგოდ განთავსებული – ეს არის ორი მთავარი პარტია, „ნაც. მოძრაობა“ (თავისი სხვადასხვა პარტიებით) და „ქართული ოცნება“. ველოსიპედზე მართვის ერთი მექანიზმი, პედალი – ეს არის საქართველოს პარლამენტი. ბრძოლა მართვის მექანიზმის დასაუფლებლად ორ ,,ველოსიპედისტს“ – ანუ ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის პარლამენტში ძალაუფლებისათვის. ვხედავთ, რომ მრავალი წლების განმავლობაში ბოლო აღარ უჩანს და მოჯადოებულ წრეზე უსასრულოდ გრძელდება.
მთავარი დედა აზრი არის ის, რომ ორი ველოსიპედისტისაგან ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში, ვინც უნდა დაეუფლოს ველოსიპედის მართვის მექანიზმს, ველოსიპედი წინ მაინც ვერ წავა – ანუ ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალისაგან, ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა წინ ვერ მიდის.
როგორც ვხედავთ, აღნიშნული ველოსიპედი არ ასრულებს თავის იმ ფუნქციას, რასაც, წესით, ველოსიპედი უნდა ასრულებდეს, რადგანაც ვიცით, რომ ველოსიპედი ეს არის მსოფლიოში ჯანსაღი ცხოვრების წესის და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალების სიმბოლო. იგი ასრულებს ,,უძრაობის სიმბოლოს“ და ,,მოჯადოებული წრის“ ფუნქციას, რადგანაც იგივე მდგომარეობაა ქვეყანაში, მის საკანონმდებლო ორგანოში, რომლის სახესაც ,,ველოსიპედი“ წარმოადგენს.
როგორც ჩანს, ეს ქაოსურად შექმნილი კონსტრუქცია არ არის, არამედ, როგორც მისმა დეტალურად აღწერამ გვიჩვენა, გააზრებულად არის დალაგებული და ერთი შეხედვით გაურკვეველ კვანძს წარმოადგენს.
აი, ასე გვაქვს ქვეყანაში ,,მოჯადოებული წრე“, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება.
საგანგაშო მდგომარეობა ყოველთვის არ ნიშნავს სამწუხარო დასასრულს.
აქედან გამომდინარე, ჩვენს შემთხვევაში რაშია გამოსავალი? ან არის, საერთოდ, გამოსავალი?
როგორც ვნახეთ, ,,მიხეილის კვანძის“- უცნაური ველოსიპედის შინაარსი გარკვეულია. მაგრამ ,,გორდიას კვანძის“ გადაჭრის ისტორიისგან განსხვავებით, ,,მიხეილის კვანძის“ მხოლოდ თეორიული შინაარსია გახსნილი, თვით საკითხი კი გადაუწყვეტელი, ჯერ გადაუჭრელი რჩება.
ვიდრე კვანძის გადაჭრის საკითხზე და მოჯადოებული წრის საბოლოო გარღვევაზე ჩემეულ დასკვნას მოვახსენებდე მკითხველს, ვნახოთ, თუ რამ განაპირობა თავის დროზე აღნიშნული ,,უძრაობის სიმბოლოს“ საქართველოს მთავარ მოედანზე აღმართვა, რომელიც დღემდე წარმატებით ემსახურება საქართველოს არაკეთილ მოსურნეთა ინტერესებს.
სიმბოლოების წარმოშობის ისტორია უძველესი დროიდან, ადამიანის გაჩენიდან იღებს სათავეს და მას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა, როგორც კეთილი, ასევე ბოროტი მიზნებისათვის სხვაზე გავლენის მოსახდენად. ასეთი დამოკიდებულება სიმბოლოების მიმართ, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, სხვადასხვა ერებში დღემდე არის შენარჩუნებული თავისი სპეციფიკურობების მიხედვით, როგორც ოფიციალურ, ასევე ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის.
მაგიას, ზებუნებრივ მისტიკურ ძალებს, კეთილი და ბოროტი მიზნებით, შელოცვებითა და სხვადასხვა ფორმის სიმბოლოების ტარებით, ან განსაკუთრებულ ადგილებზე აღმართვით, მიმართავდნენ როგორც მეფეები, მთავარსარდლები, სახელმწიფოს მართველები, ასევე რიგითი ადამიანები.
ეს საკითხი დიდი თემაა, ამიტომ დავუბრუნდეთ განსახილველ თემას.
,,უძრაობის სიმბოლოს“ მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები, როგორც თვითმხილველები მოწმობენ, თავის დროზე ასევე გამოირჩეოდნენ წინასწარმეტყველებთან (მარჩიელებთან) ვიზიტებით… არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგანაც უძველესი დროიდან ასე იყო, მეფეები, პოლიტიკოსები მთავარსარდლები ყოველთვის მიმართავდნენ ამ საშუალებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების წინ.
როგორც ვხედავთ, სააკაშვილის გუნდმა, რომლის წევრებიც სხვა ქვეყნების ინტერესებს უფრო ემსახურებოდნენ საქართველოში ვიდრე ქართველი ხალხისას და ყველაფრის რეფორმატორად მოევლინნენ ქვეყანას, აქაც, მარადიული წინსვლისა და კეთილდღეობის სიმბოლოს საპირისპიროდ, ,,უძრაობის, უმოქმედობის და დაცემის სიმბოლო“ ქვეყნის მთავარ მოედანზე აღმართეს.
ისმება მთავარი კითხვა: თუ ეს მართლა ასეა, რატომ გამოიჩინეს ასეთი ბოროტება თავიანთი ხალხის მიმართ, ისინი ხომ ამ ქვეყნის შვილები არიან?
ამ ურთულეს კითხვაზე პასუხის გასაცემად გადავხედოთ ისტორიას.
ყველა დროის სასტიკი დამპყრობლებს, ვინც ამა თუ იმ ქვეყნის საბოლოოდ დამორჩილებას ცდილობდნენ, ერთი განსაკუთრებული მეთოდი ჰქონდათ: ისინი ქვეყნის დაპყრობას და ხარკის დადებას არ კმაყოფილდებოდნენ. ამასთან ერთად, ცდილობდნენ დაპყრობილი ერების დამცირებას, დაკნინებას, პიროვნული და ეროვნული ღირსების წართმევას, რადგან ღირსებადაკარგული კაცი ადვილად ეჩვევა ბედს, ყიდის ყველას და ყველაფერს…
მიხეილ სააკაშვილმა, მართალია, ამ ქვეყნის შვილმა, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესებისათვის ქართულ პოლიტიკაში მოვლენილმა, სწორედ ეროვნული ღირსების დაკნინებით დაიწყო თავისი ბოროტი ზრახვების განხორციელება და ამისთვის ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, დავით აღმაშენებლის ძეგლი – ,,ქვეყნის აღმშენებლობის და ერთიანობის“ სიმბოლო, ქვეყნის მთავარ მოედანზე ,,უძრაობის სიმბოლოთი“ ჩაანაცვლა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნისათვის მთავარ მოედანს, როგორ მდგომარეობაშია ის, რას ემსახურება იქ აღმართული სიმბოლოები – ქვეყნის აღმშენებლობას და ერთიანობას, თუ უკუსვლას, ერის დამცირებასა და დაკნინებას.
ღმერთმა დალოცოს, დაიფაროს და გაამთლიანოს საქართველო!
დიდი სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ემიგრანტი (ბერი)
07.03.2024 წელი

დასასრული იქნება