საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მაკრონის განცხადება სლავი ერის გაჟლეტისკენ იყო მიმართული – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

მაკრონის განცხადება სლავი ერის გაჟლეტისკენ იყო მიმართული

 

გვესაუბრება სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი:

_ ქალბატონო მაია, ზურაბიშვილი უნებართვო ვოიაჟებს კვლავ განაგრძობს. ამჯერად ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი ქართული ეკლესიის როლზე, ასე უპასუხა: პატრიარქმა ეკლესიაში ძველი მეთოდები შეინარჩუნა. იმედია, ქართული ეკლესია მოახერხებს პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქის არჩევასო.
_ ეს განცხადება ქართველი საზოგადოებისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. ჩემ ირგვლივ, ხალხი შოკში იყო. მე ამ ქალის გამონათქვამები უკვე აღარ მაკვირვებს, თუმცა ძალიან გავბრაზდი. ან რა გამაკვირვებს, როცა მახსოვს, როგორი თაფლით სავსე თვალებით შესციცინებდა ერთ დროს ლავროვს, მერე ჩვენს პატრიარქს და ბიძინა ივანიშვილს. ეს ხომ თავსმოხვეული პრეზიდენტია. სინამდვილეში, მისი არჩევით ჩვენ ხმა ბიძინა ივანიშვილს მივეცით. მიუნხენში მისი ვიზიტისას საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ზურაბიშვილი თავის სტატუსთან (დიპლომატი) აბსოლუტურად შეუფერებელია: ადამიანი, რომელსაც დიპლომატიის განხრით განათლება აქვს მიღებული, ურსულა ფონ დერ ლაიენს ბეჭში ხელს არ სტაცებს. დააკვირდით, ალბათ, რა დღეში იყო _ ხან ზელენსკის ეპოტინებოდა ხელებით, ხან _ ლაიენს. დიპლომატიურ ეტიკეტსა და წესზე წარმოდგენა არ აქვს. მისმა საქციელმა “იმერული ესკიზებიდან” ოლია მათხოვარი გამახსენა. ოლია მათხოვარი ბევრად ღირსეული, თავმოყვარეა, ვიდრე “დიპლომატი”, კონსტიტუციის დამრღვევი ზურაბიშვილი.
მიუნხენში ვიზიტისას გამოჩნდა, რომ ზურაბიშვილი დასავლეთში არავის სჭირდება, იგი ყველას თვითონ ეპოტინება. მის მიმართ ლოკალური ინტერესები აქვთ სააკაშვილს და თემურ ალასანიას, ისიც, შეწყალების კუთხით. ზურაბიშვილი თავად ეძებს პატრონს, ამიტომ სააკაშვილის შეწყალების თემით ვაჭრობს, იხვეწება: რამედ ჩამაგდეთ, გამომიყენეთო. განა ვის რაში სჭირდება ნული დიპლომატი, კონსტიტუციის დამრღვევი და უავტორიტეტო ადამიანი?!
ზურაბიშვილისთვის დავალების მიმცემი შეიძლება ერთადერთი _ ქართველებისგან შემდგარი არაქართული ოპოზიცია იყოს, რომელიც დაკვეთებს ხან ტაივანიდან იღებს, ხან ფინეთიდან და ღმერთმა უწყის, კიდევ საიდან აღარ. თავის დროზე მეც ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციაში, თუმცა მიმაჩნია, რომ კარგ საქმეს ვემსახურებოდი _ საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტიზა დავნერგე, რაც დღესაც მუშაობს. მაგრამ, როცა მივხვდი, ამ ფონდში რაც ხდებოდა, მაშინ “ასავალ-დასავალში” დიდი ასოებით დავწერე: ვნანობ, რომ “სოროსის” ფულს ხელი მოვკიდე-მეთქი. რას წარმოადგენდა სააკაშვილი, ეს უკვე 2004 წლის თებერვალში გავაცნობიერე, როცა მკვლელობების სერიები დაიწყო. საბოლოოდ, სადისტური რეჟიმი ჩამოყალიბდა.
დღეს პოსტსაბჭოთა სივრცე ევროპას გადააბარეს, სადაც, ძირითადად, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ინტერესები იკვეთება. საფრანგეთის ინტერესები პირდაპირ სომხეთში იკვეთება, რაც რუსეთს ძალიან აღიზიანებს. ფაქტობრივად, ამერიკა განზე გადგა, საფრანგეთი კი დღეს სომხეთს ღუპავს. როგორც ჩანს, ინგლისსა და საფრანგეთს დიდი ინტერესები აქვთ აზერბაიჯანში. საქართველოსთან მიმართებითაც არაერთი ქვეყნის ინტერესი იკვეთება. ზურაბიშვილიც აქეთ-იქით დადის, ყველას ეპოტინება და ბოლოს ინგლისში ჩავიდა. ინგლისელებს სამხრეთ კავკასიაში ყოველთვის ჰქონდათ ინტერესები. ისინი, ზოგადად, ხომ კოლონიალისტები არიან, თან ძალიან ეშმაკები. სომხეთში თავისი ინტერესების პარალელურად, საფრანგეთი აფრიკაში გავლენებს კარგავს. არადა, ის აფრიკით სულდგმულობს, საიდანაც ენერგომატარებლებს, ძვირფას წიაღისეულს იღებს.
აქვე ყურადღება მივაქციოთ მაკრონის განცხადებას: არ გამოვრიცხავ, უკრაინაში ნატოს ჯარები გავგზავნოთო. ამ მოსაზრებას მომენტალურად წინ აღუდგა პოლონეთი, ჩეხეთი, შოლცმაც ღია უარი განაცხადა. ვისაც ჭკუა შერჩა, ყველამ თქვა, უკრაინაში ჯარებს არ გავგზავნითო. თუმცა მაკრონის მიმართ მხარდაჭერა ლოიდ ოსტინმა გამოხატა. ლიბერალური სიგიჟეა ის სქემა, რომ უკრაინა არ უნდა დამარცხდეს, ანუ მკვდარი უნდა გაცოცხლდეს. მკვდარს ვეღარავინ გააცოცხლებს, უკრაინა დასრულდა. უპრეცედენტო სანქციების ფონზე, რუსეთს ორმოცდაათი ქვეყანა ებრძვის და ვერაფერი დააკლეს ვერც ეკონომიკურად, ვერც სამხედრო თვალსაზრისით, ვერც შიდა პოლიტიკური კუთხით. დღეს რაც დედამიწაზე ხდება, ეს არის არმაგედონი.
უკრაინაში ომი დღეს არ დაწყებულა. პროცესი ათი წლის წინ მომწიფდა. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. პროცესებს თვალს ვადევნებდი და ჩემთვის ცხადი იყო, როცა რუსეთი მზად იქნებოდა, აუცილებლად საპასუხო რეაქცია ექნებოდა. მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს ანგლოსაქსების გეგმა, თამაში იყო. ამან დათა თუთაშხია გამახსენა, რომ თქვა: ეს რამ მოაფიქრებინაო. ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ, თუ უკრაინელებს ტვინს კარგად გამოურეცხავდნენ, დააზომბებდნენ, მიზანსაც მიაღწევდნენ. ათი წელი მზადება მიდიოდა. როცა ამბობენ, ომი 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყოო, ეს ასე არ არის. ეს ომი ანგლოსაქსებმა ათი წლის წინათ დაიწყეს და ძმა ძმას დაუპირისპირეს, რაც გაუგონარი სისასტიკეა. მათ ჩათვალეს, რომ რუსებს მხოლოდ რუსები, ანუ უკრაინელები დაამარცხებდნენ. სინამდვილეში, ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხის სიკვდილი სწორედ რუსებისთვის არის მტკივნეული.
დავუბრუნდეთ მაკრონის განცხადებას, როგორ ფიქრობთ, ვინ იგულისხმებოდა ნატო-ს ჯარებში? _ ფრანგი, ავსტრიელი, გერმანელი ჯარისკაცები უკრაინაში არ შევიდოდნენ. მაშ, ვინ? _ აქ საუბარი იყო ისევ სლავების _ პოლონელების, ჩეხების, ბულგარელების გაგზავნაზე. უკრაინელების შემდეგ ისევ სლავური წარმოშობის მოსახლეობა უნდა გაწყვეტილიყო. ანუ, ისევ იგივე გენი. დააკვირდით, რამდენად ეშმაკური გეგმაა შემუშავებული სლავების გასაწყვეტად. მათთვის ყველა სლავი რუსია. ამერიკელებისთვის ქართველებიც რუსები ვართ. პოსტსაბჭოთა ადამიანი მისთვის ყველა რუსია. ასე რომ, მაკრონის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელების შემდეგ დანარჩენი სლავების საზარბაზნე ხორცად გამოყენება.
დავაკვირდეთ რა ხდება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამ ფონზე, ზურაბიშვილისგან ქართულ ეკლესიაზე დარტყმა გასაკვირი არ არის. ქართული ეკლესია გახლიჩეს. რა მოხდა საბერძნეთში? _ ბერძნული მართლმადიდებლობა დაეცა, როდესაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ზურაბიშვილმა შემთხვევით როდი დაარტყა ეკლესიას ლონდონიდან. მადლობა ღმერთს, აქ ხელისუფლებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და მალე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ კანონს მივიღებთ. ეს არის არმაგედონი, ბრძოლა ნორმალურობასა და არანორმალურობას შორის.
აქვე ერთი საყურადღებო რამ მინდა გიამბოთ: სამი კვირა თურქეთში ვიმყოფებოდი. იქ, ეგვიპტელ არაბს ვესაუბრე, ასევე, თურქებს, რომლებმაც ამერიკის მიმართ აბსოლუტურად ნეგატიური დამოკიდებულება, საოცარი ზიზღი გამოხატეს. მესიამოვნა, რომ თურქები ტრადიციულ რელიგიებს ხაზგასმული პატივისცემით იხსენიებენ. არაერთი თურქისგან მოვისმინე, რომ ისლამი და ქრისტიანობა ტრადიციული რელიგიებია. თურქეთში ხალხს მიაჩნია, რომ ჩვენი და მათი ძირითადი ფასეულობები ერთია, მარიამი მათთვისაც წმინდანია. უბრალოდ, მათი რელიგია უფრო ახალია. ანუ პარალელებს ავლებენ, რომ ჩვენი რელიგიები ერთმანეთთან ახლოსაა და ერთურთის პატივისცემა გვმართებს. ამ ადამიანების საუბრიდან მივხვდი, რომ მათი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რომ მართლმადიდებლებთან დაპირისპირებაში არ იყვნენ. მერე აქაურ აზერბაიჯანელთან მქონდა საუბარი და აბსოლუტურად იგივე ტექსტი მოვისმინე: მართლმადიდებლობისა და ისლამის სიახლოვის შესახებ და რომ ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი, პირიქით, ჩვენ საერთო ფასეულობები გვაქვს. მივხვდი, რომ ამ კუთხით გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანია _ დღეს შესაძლოა მართლმადიდებელი ეკლესიის მოკავშირე არა კათოლიკური, არამედ ზუსტად მაჰმადიანური მრევლი და მათი წინამძღოლები იყვნენ. ეს თურქეთში ყოფნისას დავინახე. ამ საკითხზე უნდა ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ: ვინ ვართ, ვინ არის ჩვენი მტერი? _ ის, ვინც ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს გვართმევს. ანუ, ვინც კაცობრიობის გამრავლების, გენის გაგრძელების წინააღმდეგი და მკვლელია. ზურაბიშვილიც მიხვდა, რომ ეს თემა ევროპაში შეიძლება კარგ ფასად გაიყიდოს და პატრიარქს დაარტყა. იგი ყველაფრის გაყიდვას იკადრებს, ოღონდ მისი ხელიდან გაყიდულს ყველაფერს ძალიან დაბალი ფასი აქვს. ქართველ ხალხს ცოტა მეტი სიმკაცრე მართებს. ეს ყველაფრის გამყიდველი ქალი პრეზიდენტის სასახლეში ფეხის შედგმასაც ვერ უნდა ბედავდეს. ერთია, როცა კონტრაბანდას, მოპარულ ნივთს ყიდი და მეორეა, როცა სერტიფიკატი აქვს იმას, რასაც ყიდი. სალომე მოპარულს ყიდის. ამ ფონზე ძალიან გამიხარდა ხელისუფლების სწრაფი რეაგირება, რომელმაც სერიოზული საფრთხე დაინახა.
უჩვეულო სიმშვიდეა ამერიკის საელჩოში. აშკარაა, “დიღმის საოლქო კომიტეტში” ახალი მზაკვრობა მზადდება. თურმე მოსამართლეები ელჩებმა უნდა დაგვინიშნონ. ამერიკელებმა უნდა გააკონტროლონ ჩვენი მოსამართლეები, რომელთაც თავისი სამართალი ვერ გაურკვევიათ. რაზე ვლაპარაკობთ, როცა ტრამპმა გაიმარჯვა და პრეზიდენტი ბაიდენია. 400-500 წელს რომ მიუსჯი ადამიანს, ამის მერე რა დემოკრატიაზე უნდა მელაპარაკო?! ან ინდაურს რომ შეიწყალებ, დეგენერატი არ ხარ?! ამ ხალხის ჭკუის დასარიგებელი არაფერი გვჭირს.
_ ქალბატონო მაია, ოპოზიცია და პრეზიდენტი ორ ხმაში მმართველობის პოლონური მოდელის შემოღებაზე ალაპარაკდნენ.
_ ამ ხალხს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან და ვერც პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებენ. ამიტომ ხან რას იგონებენ და ხან _ რას. ოპოზიციას, საქართველოს ნგრევაზეა ორიენტირებული. მადლობა ღმერთს, სუს-ი აქტიურია და ქვეყანა ბევრ ხიფათსაც აარიდა. ფაქტია, ჩვენი უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურს ამერიკის საელჩო აღარ განაგებს. ადრე ენჯეობის სიტყვას ფასი ჰქონდა, ახლა კი ეს ორგანიზაციები საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟს, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან. პროკურატურა კი ამ ყველაფერზე დუმს. მაგალითად, ჩატარდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზა, სადაც უამრავი სიცრუე გამოვლინდა. ეს იყო სიმულაცია. ექიმებმა, ექსპერტებმა სასამართლოში ყალბი ჩვენებები მისცეს მიშას დემენციასთან, მოწამვლასა და წამებასთან დაკავშირებით. ექსპერტებმა ფიცი დადეს და მერე ყალბი ჩვენება მისცეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
მიშას დაქირავებული ექსპერტები მიზანმიმართულად ცრუობდნენ _ ერთმა პოლონელმა ექიმმა ნივთმტკიცების მოპარვა სცადა, ადგილი ჰქონდა მის გაყალბებასაც _ უცხოეთში გაიგზავნა ნივთმტკიცება, რომელიც მარკირებული არ იყო. “ემპათიამ” სააკაშვილს ოცზე მეტი დაავადება “აღმოუჩინა”. რატომ დუმს პროკურატურა ყალბ ჩვენებებზე, ნივთმტკიცებების გაყალბებაზე, მოპარვაზე?! ყალბი ჩვენება და დასკვნის გაცემა მიზანმიმართული დანაშაულია. “ემპათიაზე”, ამერიკელ ექსპერტებზე, პოლონელ ექიმებზე, წესით, საქმე უნდა აღიძრას.

თამარ შველიძე