საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მისი და რუსეთის კონფლიქტის გაღვივებას შეუწყობს ხელს – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მისი და რუსეთის კონფლიქტის გაღვივებას შეუწყობს ხელს

 

გვესაუბრება
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი
რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებთ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს?
_ ბრიუსელში ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის შეხვედრები გამართა, რაც მნიშვნელოვანია. მართალია, რეფორმების გატარებაზე, ცხრა დათქმის შესრულებაზე მიგვითითეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ახალი პრემიერის მიმართ მაქსიმალურად დადებითი დამოკიდებულება იგრძნობოდა. და რაც საყურადღებოა, კობახიძე ცალ ფეხზე ნამდვილად არ იდგა.
_ ოპოზიციამ კობახიძეს “ძველი ცოდვები” გაუხსენა: ახლა აღარ უნდა დასავლეთს ჩვენი ომში ჩართვაო? ნაცვლიშვილმა, კობახიძის ორმაგი სახე რუსეთის სტილიაო.
_ სხვა რა მისია აქვს ამ ოპოზიციას _ საყვედური, ქილიკი, კრიტიკა ხომ უნდა გააჟღერონ?! დასავლეთს საქართველოში თავისი ინტერესები აქვს. დღეს ვითარება შეცვლილია. მანამდე რა იყო? _ საფრანგეთის პრეზიდენტის პირით გვითხრეს, საქართველო ევროპისგან შორს არისო და შედეგად, არც კანდიდატის სტატუსი მოგვცეს. ამიტომ ორმაგი სტანდარტის მხოლოდ რუსეთზე მიბმა ოპოზიციის მხრიდან ძალიან მარტივი სვლაა. ამერიკა რუსეთთან ურთიერთობაში ორმაგი სტანდარტებით არ მოქმედებს, როცა ერთი ხელით უკრაინას იარაღს აწვდის, მეორე მხრივ კი, ამბობს, რუსეთის დაშლა არ შეიძლებაო?! ეს ორმაგი სტანდარტი კი არა, უფრო რეალიზმია _ როცა ურთიერთობა ითხოვს, ყველა პოლიტიკოსი მანევრირებს. როცა ხელისუფლება დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებდა, ეს მოსაზრება ჰაერიდან არ მოსულა: გამუდმებით გვსაყვედურობდნენ, სანქციებს გვიწესებდნენ, გვემუქრებოდნენ და გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო ზეწოლა, რათა ომში ჩავებით. ასეთი ზეწოლა ახლა შეწყდა.
_ ზეწოლა კი შეწყდა, მაგრამ ომში ჩართვის საფრთხე გაქრა?
_ ამ ეტაპზე, კი, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომს მარტივი და სწრაფი დასასრული არ უჩანს. როგორც ამ სფეროს ექსპერტები ამბობენ, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამ ფონზე როგორ შეიცვლება ვითარება, არავინ იცის. შეიძლება, ისევ აქტუალური გახდეს საკითხის წამოჭრა, – რაც მეტი ფრონტი გაიხსნება, მით უკეთესიო. დასავლეთმა ჩვენ მიმართ მიდგომა რომ შეცვალა, აქ მნიშვნელოვანი ერთი გარემოებაა _ ჩინეთიდან ტვირთების გამოტარება საქართველოს გავლით ხდება. ახალი ფრონტის გახსნა იმ ტერიტორიაზე, სადაც ევროპისკენ მიმავალმა ტვირთმა უნდა გაიაროს, დასავლეთს აღარ აწყობს. სანამ ეს ფაქტორი იმოქმედებს, დასავლეთისთვის საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა ძალიან ძვირფასი იქნება.
_ ბატონო რამაზ, საქართველო აღარ არის რიგითი პარტნიორი. წელს ბრიუსელში ჩვენი დელეგაცია კანდიდატის სტატუსით პირველად იმყოფებოდა, რა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნისთვის?
_ სწორედაც რომ ამ კუთხით აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა _ დახმარებები, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის რანგში მივიღებთ, იქ გამართულ ორმაგ შეხვედრებზე მსჯელობის, შეფასებისა და ხელმოწერის საგანი გახდა. დიახ, კანდიდატის სტატუსი ევროპის მხრიდან გარკვეულ დახმარებას გულისხმობს, რაზეც საქართველომ თავისი დამოკიდებულება გამოხატა.
_ ბორელმა აღნიშნა: საქართველო ევროკავშირის სავალი გზისკენ წარმატებით მიიწევსო, თუმცა, აქ ყოფნისას მოსწავლე-პროფესორის მაგალითი მოგვიყვანა. რა ეტაპზე გადავდივართ?
_ ბორელის რიტორიკა საქართველოს მიმართ იცვლება. ქედმაღლური დამოკიდებულება, რაც აქამდე იყო, მცირდება და რეალისტურს უახლოვდება, რაც თავად ევროპის ინტერესშია.
_ ევროსაბჭოში აღინიშნა, რომ კობახიძე კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული, დისციპლინირებული ახალგაზრდაა. ეს დიპლომატიური ენა რეალურ კეთილგანწყობაზე მიანიშნებს?
_ რა თქმა უნდა, დიპლომატიური ენა ჩვენ მიმართ კეთილგანწყობაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ ეპითეტებს ღარიბაშვილის მიმართ ნაკლებად იყენებდნენ. ღარიბაშვილი უფრო კახური პირდაპირობით გამოირჩეოდა. ალბათ, ამ ყველაფერს ერთგვარი სტილისტური თავისებურებები ახლავს, რაც დასავლეთისთვის ზოგჯერ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვგონია, რომ დასავლეთი ყველაზე დიდ ყურადღებას შინაარსს აქცევს, მაგრამ ეს მცდარი შთაბეჭდილებაა. ევროპა პიროვნებაში ყურადღებას აქცევს სტილს, გარეგნულ, ფორმალურ მხარეს. დასავლეთთან დიალოგში ხშირად სწორედ ამ მომენტებს აქვს მნიშვნელობა. ანუ, კობახიძის სტილი ქართველებისთვის უფრო მომგებიანია, რადგან ეს დასავლეთისთვის მისაღებია.
_ ოპოზიციამ სხვა რომ ვეღარაფერი დაიწუნა, დაიჩივლა, რა უნდოდა კობახიძეს ორბანთან _ პუტინის მეგობართან, რატომ მიუნხენში არ ჩავიდაო?
_ ჯერ ერთი, მიუნხენში ქართული წარმომადგენლობა იმყოფებოდა. ანუ, თითქოს საქართველო რადარებიდან გაქრა, ვითარების ასე წარმოჩენა, უმეცრებაა. მეორე მხრივ, მიუნხენის კონფერენციის კონტურები არ იყო იმდენად აქტუალური და მკვეთრი, რამდენადაც ბრიუსელში გამართული შეხვედრები. მით უმეტეს, რომ ორბანი ბოლო ხანებში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. დააკვირდით ევროპის რეაქციას ორბანთან მიმართებით და თავად უნგრეთის პრემიერის დამოკიდებულებას ევროპულ პროცესებზე. საქართველომ ორბანთან ისე ურთიერთობა უნდა მოახერხოს, რომ ჩვენი ევროპისკენ სვლა არ დაზიანდეს. რადგან, რაც ორბანს ეპატიება, შეიძლება საქართველოს არ ეპატიოს. მეორე მხრივ, საინტერესო პროცესი მიდის კონსერვატიზმის მომძლავრებასთან დაკავშირებით. ლაპარაკი იმაზე, რომ ორბანი პუტინის მეგობარია, პოლიტიკაში ყოფითი დამოკიდებულებების შემოტანაა, რაც ისევ დაბალი რანგის პოლიტიკური ანალიზია. ოპოზიცია იმასაც იძახის, ჩინეთი რუსეთის მეგობარიაო. დიახ, ჩინეთთან ურთიერთობის გამო ამ კუთხითაც გვაკრიტიკებდნენ _ ხელისუფლება პუტინის მეგობრებთან ამყარებს ურთიერთობასო. და რას ვხედავთ? _ ჩინეთის სამმა დიდმა ბანკმა რუსეთს საბანკო ოპერაციების ჩატარებაზე უარი უთხრა. ვხედავთ იმასაც, რომ ნელ-ნელა, რუსეთიდან გამომდინარე, მსოფლიოში “ჩინური თემა” კიდევ უფრო იძაბება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გამორიცხული არ არის, რუსეთსა და ჩინეთს შორის ომი დაიწყოს, რადგან რუსული ტერიტორიების საკითხი, რომელსაც ჩინეთი ეპატრონება, სულ უფრო მწვავდება. ყოფილა ჩინეთი რუსეთის მეგობარი? ორბანის პუტინთან მეგობრობას რაც შეეხება, ამ დროს რეალურად ორბანი რა პოლიტიკასაც ატარებს, ეს პირდაპირ ტრამპისას ეხმიანება. რაღა პუტინთან, ტრამპთან მეგობრობა წამოსწიონ წინ. მაგრამ ოპოზიციას პუტინთან მეგობრობაზე ხაზგასმა პოლიტიკურად აწყობს, თორემ ჭეშმარიტება სად არის, როცა პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
_ ჩინეთის აუგად მოხსენიება ტაივანიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მიერაც ხდება. რა როლი აქვს უცხოურ ფულის ქართულ პოლიტიკაში?
_ ეს გასაკვირი არ არის. პატარა ქვეყანას არ აქვს სათანადო პირობები, რათა პროცესების მართვა საკუთარი ფულით მოახერხოს. უცხოური ფულის თემა კიდევ დიდხანს იარსებებს. მაგრამ მთავარი ის არ არის, შემოდის თუ არა ქვეყანაში უცხოური ფული. ამ პრობლემას ასე იოლად ვერც გადაჭრი _ თუ ოფიციალურ გადარიცხვებს ჩაკეტავ, ფული არაოფიციალური გზით მაინც შემოვა. მთავარია, მანევრირება მოახერხო და ამ ფულით გასაკეთებელმა საქმემ მიზანს ვერ მიაღწიოს. მაგალითად, თუ ფული საბოტაჟისთვის იხარჯება, ეს აღიკვეთოს და ა. შ. ასე რომ, უცხოური ფულის შემოდინებას ვერ გადავურჩებით, მაგრამ მისი შედეგები შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუ სახელმწიფო ნორმალურად იმუშავებს.
რაც შეეხება კონკრეტულად ტაივანურ ფულს, რაც ეს ამბავი გაირკვა, დაფინანსებულთა მიერ გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა ფასი დაკარგა. ანალოგიური გაუკეთეს ადრე კიდევ ერთ ოპოზიციონერს, რომელიც ფულს რუსეთიდან იღებს. იგი ენერგიული ოპოზიციონერია, მაგრამ ისეთი აქტიური და მანქანებზე გადამხტომი, როგორც ადრე იყო, აღარ არის. ფაქტების გამომზეურებით ეს ხაზი ჩააქრეს. ასე რომ, ფულს ვერაფერს უზამ, მაგრამ ქვეყანამ უნდა იბრძოლოს, რომ ამ ფულით დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა თავისი ვერ გაიტანონ.
_ ისევ ბრიუსელს დავუბრუნდეთ, სადაც მოლაპარაკებების გახსნის კუთხით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, რითაც ოპოზიცია აღშფოთებულია.
_ ოპოზიცია ვერაფრით შეეგუა, რომ სიტუაცია შეიცვალა. როგორც აღვნიშნე, ამის მთავარი ფაქტორი ჩინეთიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ გასაგზავნი ტვირთების ტრანზიტია. ადრე ოპოზიციის რეპლიკები, დასავლეთში ჭრიდა _ იქ რაღაცას დააბრეხვებდნენ, მერე ევროპელი პოლიტიკოსებიც ექოსავით იგივეს იმეორებდნენ და საქართველოში პანიკა იწყებოდა. დღეს ოპოზიცია ისევ ცდილობს, მონასტერი არიოს, მაგრამ დასავლეთში მათ სიტყვას ფასი აღარ აქვს. ოპოზიციამ ის როლი, რაც საქართველოში დასავლეთის პოლიტიკის შემუშავება იყო, დაკარგა.
_ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას როგორ შეაფასებთ? თუკი ადრე იძახდნენ: ჩვენ დასავლურ კურსს ვატარებთ, ხელისუფლება კი _ რუსულსო, ახლა აქცენტს სოციალურ თემებზე აკეთებენ. რატომ შეცვალეს რიტორიკა?
_ რიტორიკაში ცვლილება მათი თერთმეტწლიანი მარცხით არის განპირობებული, მაგრამ ეს დასკვნა აქამდე რატომ ვერ გამოიტანეს, ამაზე ვერ გიპასუხებთ. მეჩვენება, რომ თავიანთი შეთავაზებებით მაინც წვრილმან დონეზე დარჩნენ.
_ მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვა. სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთიდან მომდინარე შესაძლო რისკებზე ისაუბრა. რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში, როგორ გაგრძელდება ნატო-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა?
_ ძნელი სათქმელია. სავარაუდოდ, ნატო-ს მალე ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება. სისტემა, როგორც წესი, მუშაობს, მაგრამ ახალი ხელმძღვანელი რა დეტალებს დაამატებს, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. ახლა ისეთი ვითარებაა, ყოველ ახალ დეტალს მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, დეტალი იმის თაობაზე, მიიღონ თუ არა უკრაინა ნატო-ში. თუ მიიღეს, მაშინ ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვისაც რეალისტური გახდება.
მეორე მხრივ, უკრაინის და საქართველოს თავის ორგანიზაციაში მიღება, ადრე ნატო-ს თვითონ ეშინოდა და, ალბათ, ისევ შეეშინდება. ამ ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის გაღვივებას შეუწყობს ხელს. წავა დღეს ნატო ამაზე? _ ნატო, რომელიც ხედავს, რომ რუსეთს შეუძლია იმავე რაოდენობის შეიარაღება აწარმოოს, რაც მთელ დასავლეთს ერთად აღებულს. რუსეთმა შეიარაღების ოდენობით დასავლეთს გაუსწრო, რაც ამ კონფლიქტში მნიშვნელოვანია. თუ ნატო რუსეთს ამ ფაქტორის გამო მოერიდება, ეს უკვე მის ფასს გააფერმკრთალებს. ის ისედაც მნიშვნელობადაკარგული ორგანიზაცია იყო. გავიხსენოთ მაკრონის ადრინდელი გამონათქვამები ნატო-ზე. მის მიმართ ცოტა პატივისცემა ბოლოს უკრაინის ომის მერე გამოავლინეს. თუ მიგვიღებს ნატო, ხომ კარგი, თუ არადა, არსებობს კიდევ რამდენიმე ვარიანტი: იყო ლაპარაკი, რომ საქართველო ეცადოს, ამერიკასთან ისეთივე ხელშეკრულება დადოს, როგორიც ისრაელს აქვს. ისრაელი არ არის ნატო-ს წევრი, არც სჭირდება, რადგან დახმარების საჭიროების შემთხვევაში, აშშ მის გვერდითაა. გამორიცხული არ არის, რომ ანალოგიური მექანიზმი საქართველოსთვის უფრო შედეგიანი, საინტერესო და, რაც მთავარია, პერსპექტიული აღმოჩნდეს. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად არის დაინტერესებული უშუალოდ ამერიკა ჩინეთის თემით და იმით, რომ ჩინურ ტრანზიტზე კონტროლი დაამყაროს, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ ამერიკასთან ადრე წარმოუდგენელი სამხედრო-სახელშეკრულებო ურთიერთობა დღის წესრიგში დადგეს.
_ როგორ გესახებათ ღარიბაშვილის როლი პარტიის თავმჯდომარის ამპლუაში?
_ თავდაპირველად ძალიან აქტიური არც კობახიძე იყო. იგი პოლიტიკურ პარტიებს შორის ვითარების გამწვავების პროპორციულად გააქტიურდა. იგივე მოხდება ღარიბაშვილის შემთხვევაშიც. ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც ღარიბაშვილი საკუთარ თავზე აიღებს, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები იქნება. იგი მოსახლეობას როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი, ძალიან უყვარს. ეს სიყვარული მაქსიმალურად გამოყენებული იქნება. არჩევნების დროს ყველაზე კარგი პროპაგანდა, რასაც ამომრჩეველი ემორჩილება და რის გამოც საარჩევნო ყუთთან მიდის, პოლიტიკოსებთან მათი შეხვედრა, ხელის ჩამორთმევაა. ანუ, ადამიანური ურთიერთობების გამოყენებას ღარიბაშვილი ყველაზე უკეთ შეძლებს.
_ პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშს როგორ შეაფასებთ?
_ პაპუაშვილი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე ხომ არ არის, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრიცაა. ამიტომ მისი რიტორიკა ნაცების, ენჯეოების მიმართ გასაკვირი არ არის. ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ოპოზიციასთან გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ საჯარო დისკუსიისას საშინლად დაუნდობელი იყო. თუ ოპოზიციას სურს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი პარტიის ინტერესები არ გაატაროს, ეს სურვილი არ აუსრულდებათ. გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, არიან თუ არა რიგი ენჯეოები, ნაცები ქვეყნის მტრები, დავინახავთ, რომ ხშირად მოსახლეობაც ამავე პოზიციაზეა. გვიკვირს, საიდან ჩნდება ოპოზიციის, არასამთავრობოების მიმართ რეპლიკები, რომ ქვეყნის მტრები არიან?! განა, ოპოზიცია თავად არ ამბობს, ჩვენი კოლეგები ევროპელებს სთხოვდნენ, სტატუსი არ მოგვცეთო?! მერე ოპოზიციის მიმართ აგრესიულობა პაპუაშვილს უნდა დავაბრალოთ?! როცა არსებობს ფაქტები, რომ ენჯეო სექტორს აქვს მცდელობა, დასავლეთის თვალში საქართველო წამგებიან პოზიციაში ჩააყენოს, ამას პაპაუაშვილიც თუ აღნიშნავს, ესე იგი მათ ცილს სწამებს?! რადგან ამ სფეროში სასამართლო დავა არ არსებობს, ყველას შეუძლია, მედალი მეორე მხრიდან შეატრიალოს და თქვას, პაპუაშვილი ჩვენ მიმართ აგრესიულიაო. შალვა პაპუაშვილია აგრესიული, თუ ოპოზიცია ემსახურება აგრესიას თავისი ენჯეოებით?!

თამარ შველიძე