საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სააკაშვილმა, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს აღიაროს, ვინ არის მისი “უფროსი” და რა დავალებებს აძლევენ – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

სააკაშვილმა, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს აღიაროს, ვინ არის მისი “უფროსი” და რა დავალებებს აძლევენ

 

„საერთო გაზეთთან“ საუბრობს
კონსერვატიული პორტალის
„საქართველო უპირველეს
ყოვლისა“ წევრი ნუცა ლომაძე

– საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგა, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ასოცირების საბჭოს მერვე სხდომაში. დღითიდღე ვუახლოვდებით მიზანს, რომ მალე ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები გაიხსნას…
– ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, სადაც გამოიკვეთა პარტნიორების კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისა და დელეგაციის მიმართ. მეტი რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, რაც ამ წლებში და თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გააკეთა. ამხელა ქვეყანასთან, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ხომ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა ქვეყნისთვის. გავაფორმეთ ხელშეკრულება უნგრეთთან, აზერბაიჯანთან, დაიწყო „აბრეშუმის გზის“ პროექტზე მსჯელობა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და, იმედია, შემოდგომაზე მოლაპარაკებებიც გაიხსნება.
კარგი იქნებოდა, ოპოზიციის სახით ქვეყნის პროგრესულ განვითარებას მოწინააღმდეგეები არ ჰყავდეს, მაგრამ ამასაც ღირსეულად გადავიტანთ. მნიშვნელობა არ აქვს, კარგს აკეთებს თუ ცუდს ხელისუფლება, მათი ნარატივი უცვლელია.
– გასული წლის ბოლოს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. რას შეცვლის ეს პოლიტიკურ ველზე?
– ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იქნება მშვიდობისა და ქვეყნის კეთილდღეობის გარანტი. მისი პოლიტიკაში დაბრუნება, ალბათ, განპირობებულია იმით, რომ მძიმე წელი გველის – საარჩევნო წელიწადია. გამიხარდა, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ გვერდით დაუდგა თავის გუნდს, რათა „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი პოლიტიკა შენარჩუნდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ცოტას ვნერვიულობ, რადგან, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ზღვარზე ვართ, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სადაც ჩვენი ჩათრევა უნდოდათ.
ვნახეთ, რისი მაქნისებიც ვიყავით, როცა წლების განმავლობაში დიქტატს და უბედურებას ვითმენდით. ვერაფერი გავაწყვეთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ მოვიდა. არ გვქონდა არც ძალა და არც რესურსი იმისა, რომ ეს „მონსტრები“ მოგვეშორებინა. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ ქვეყანაში, მაგრამ მშვიდობას ხომ ფასი არა აქვს, ეს არის ჩვენთვის მთავარი. ვხედავთ, რომ ნაღმების გარემოცვაში ვცხოვრობთ. მხოლოდ რუსეთს მივიჩნევთ მტრად, მაგრამ ირგვლივ უამრავი გამოწვევაა, რომლებთან გამკლავებაც გონივრული პოლიტიკის გარეშე წარმოუდგენელია. სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, დასავლეთს ვჭირდებით. ამიტომ, ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, თითოეული ნაბიჯი ათასჯერ უნდა გავიაზროთ. ყველა ქვეყანასთან ნეიტრალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს, თუნდაც მას ისტორიულ მტრად მივიჩნევდეთ. არც თურქეთია ჩვენი მეგობარი ისტორიულად და არც ირანი, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში რაღაც ხომ უნდა შეიცვალოს! პრობლემის მოგვარება ომისა და დაპირისპირებების გარეშე უნდა ვისწავლოთ.
დღეს ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს ქვეყანაზე, რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩუმად და უხმაუროდ და ვისი იმედიც შეიძლება, გვქონდეს. თუმცა, მისმა გამოჩენამ „საჭადრაკო დაფაზე“ ბევრს ახალი თავსატეხი გაუჩინა. რომელთაც აღარ იციან, რა მოიფიქრონ, რით მიიქციონ საზოგადოების ყურადღება და დღითი დღე უფრო სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს.
– „ჩრდილოვან კაბინეტს“ გულისხმობთ, ალბათ, სადაც უკვე თავიანთი „მინისტრებიც“ წარმოგვიდგინეს – ნაციონალების უცვლელი სახეები. პარალელურად კი ხელმოწერებს აგროვებენ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
– მათი ვითომ დაყოფა და შემდეგ კოალიციებად გაერთიანება მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილისთვისაა გათვლილი, ვისაც არ უნდა „ნაცები“, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი არც „ქართული ოცნებით“ არის.
მათ იციან, რომ ეს არჩევნებიც წაგებული აქვთ და ყველა მეთოდით ცდილობენ სიტუაციის არევას. უცხოეთიდან დიდი ფინანსური მხარდაჭერის იმედიც აქვთ. თუმცა, როგორც უნდა იცვალონ ფერი, როგორც უნდა დაიშალონ და შემდეგ გაერთიანდნენ, საზოგადოების ნდობას ვეღარ დაიბრუნებენ.
მიშას სიგიჟემდე ეშინია ციხის, რადგან მის ცნობიერებაში საპატიმრო ისეთია, როგორიც თავად შექმნა. მისი „ბანდეროლით“ გამოგზავნა საქართველოში გეგმის ნაწილი იყო, რაც, საბედნიეროდ, ვერ განახორციელეს. ხელმოწერების შეგროვება და დაპირებები კი მხოლოდ ფინტია მხარდამჭერების მოსატყუებლად. მართლა რომ გამოუშვან, სააკაშვილი ისე გაქრება ამ ქვეყნიდან, როგორც შარშანდელი თოვლი და არც არასდროს დაბრუნდება.
– თუმცა, საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, შესაძლოა, ის სალომე ზურაბიშვილმა მაინც შეიწყალოს…
– არ არის გამორიცხული. რატომღაც მგონია, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ამ ქალს პოლიტიკურ არენაზე ისევ ვნახავთ. ალბათ, ამიტომ ცდილობს, „მიშისტების“ ხმები წამოიღოს, რომ შემდეგ სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციას. ეს არის დაკვეთა უცხოელი დამფინანსებლების მხრიდან. ჯერ მელიაზე მოსინჯეს ძალები, – არ გამოუვიდათ, შემდეგ გახარიაზე, ლომჯარიაზე… ახლა კი უკვე სალომეს მიადგნენ. ეს ქალი, ალბათ, ფიქრობს, რომ არჩევნები მართლა თვითონ მოიგო. არადა, ოღონდ ვაშაძე არ გასულიყო მაშინ და სკამი რომ დაესახელებინა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტად, ისიც „გაიმარჯვებდა“.
შეიძლება გამოუშვას კიდეც, მაგრამ როგორც კი გამოუშვებს, მეორე თუ მესამე საქმის გამო სააკაშვილი ისევ ციხეში დაბრუნდება, ისე, რომ საქართველოსაც ვერ დატოვებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი პრემიერ-მინისტრი ამ ვაჟბატონს სასათბურე პირობებიდან ციხეში გადააყვანინებს და ამით დასრულდება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც სააკაშვილმა უამრავი უბედურება გადაატანინა. იმ ექიმებს კი, ვინც სააკაშვილს, საზოგადოების თვალის ასახვევად დემენციისა და ათასი დაავადების დიაგნოზი დაუსვა, ჩემი აზრით, ლიცენზია უნდა ჩამოართვან. თუკი ვინმეს სააკაშვილის მოწამვლა უნდა, ეს მხოლოდ მისი „პატრონია“, რადგან, შეიძლება მან ერთ დღესაც ხმა ამოიღოს და ყველაფერი „დაფქვას“. სააკაშვილი არის „დეტონატორი” ბომბზე, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ წუთს აღიაროს, ვინ არის მისი „უფროსი“ და რა დავალებებს აძლევენ მას. სწორედ ამიტომ ხან პოლონეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვენ, ორიოდე სიტყვა შეაწიოს და დააიმედოს, ხან ვის და ხან ვის… რომ იცოდეს, აღარაფერი ეშველება, აქამდეც ყველაფერს იტყოდა.
– როგორც ვნახეთ, დემოკრატიულ მმართველობას თავისი პლუს-მინუსები ჰქონია. მინუსი ის არის, რომ ქვეყნის მტრებს, ფაქტობრივად, კანონი მავნებლობას ვერ უკრძალავს…
– გეთანხმებით. ასეთ დემოკრატიას, როგორიც ჩვენთან არის, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ნატრობენ, თუნდაც ამერიკაში. ჩვენთან ყველას ყველაფრის უფლება აქვს და რადიკალებიც ამით სარგებლობენ. ძალიან მადარდებს, რომ პატრიოტიზმი დაიკარგა, მოჩვენებითი და ფასადური გახდა ყველაფერი. უტევენ ეკლესიას და პატრიარქს, დაბალ დონეზეა განათლების სისტემა, უნდა ნახოთ, როგორია სკოლის ლიტერატურისა და ისტორიის სახელმძღვანელოები და რას ასწავლიან თაობებს! ეს ყველაფერი სააკაშვილის დროიდან მოდის, თუმცა დღევანდელ ხელისუფლებასაც საკმარისი დრო ჰქონდა ამის გამომოსასწორებლად.
ბავშვებს უქმნიდნენ ვირტუალურ სამყაროს, ვირტუალურ სამშობლოს. ნეოლიბერალური ნარატივები მათ ტვინში ჩაუდეს, რომ დედა და მამა ავტორიტეტი აღარ არის, რომ საქართველოში, გმირების სამშობლოში, ქართველი წმინდა მეფეები და დედოფლები მისაბაძნი სულაც არ არიან (ეს მაშინ, როდესაც ამერიკა გმირად „სპაიდერმენს“ აღიარებს), რომ შენი სხეული შენ გეკუთვნის და არა უფალს და ამიტომაც მას როგორც გინდა, ისე მოექცევი…
ეს ყველაფერი თითქოს მიზანმიმართულად კეთდება, რადგან გაუნათლებელი ადამიანი მარტივად სამართავია, ურწმუნო ადამიანისთვის კი მთავარი ფინანსური კეთილდღეობაა. უკან არაფერზე დაიხევს ამის გამო, არც ღვთისა და არც მოყვასის შიშით. საქმე იქამდე მივიდა, რომ რაღაც სექტაში წევრიანდებიან ახალგაზრდები, რათა ჯარში არ იმსახურონ. მაპატიეთ ამ გამოთქმაზე, მაგრამ ქვეყნის მტრებს უნდათ, ცხვრის ფარასავით მართონ ის ახალგაზრდობა, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ უნახავს და არ ახსოვს. ამის ნათელი მაგალითი იყო, ეგრეთ წოდებული, რუსული კანონის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი. ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, „დაგუგლე“ ბოლოს და ბოლოს, როგორც „მათ“ გვირჩიეს, წაიკითხე, გაიგე, რას გთავაზობენ და მერე გამოდი! სამწუხაროდ, ახალგაზრდების ავტორიტეტები არის მაკა ხოშტარია, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია, ლევან ბერძენიშვილი… ის კი არ უნდათ, რომ საკუთარ თავს და თვალებს დაუჯერონ, რაღაც წაიკითხონ და გაიგონ! ალბათ, მშობლების ბრალიც არის, რომ არ საუბრობენ სახლში, რა მონსტრიც გვყავდა სააკაშვილის ხელისუფლების სახით. მე მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებმა ქვეყნის უახლესი ისტორიაც უნდა იცოდნენ.

ნონა ქარქაშაძე