საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ვინ დაამტკიცებს, რომ ნავალნის რუსეთი ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

ვინ დაამტკიცებს, რომ ნავალნის რუსეთი ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა

 

„საერთო გაზეთთან“ საუბრობს ბრიგადის გენერალი თადარიგში
ამირან სალუქვაძე:

– ბატონო ამირან, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, კვლავაც მთავრობის ნების წინააღმდეგ ჩავიდა. ნახავდით, ალბათ, მის ინტერვიუებს უცხოეთის სხვადასხვა გამოცემასთან…
– სალომე ზურაბიშვილისგან ნორმების დარღვევა არ გვიკვირს. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ევროპასა და ევროპელობაზე კი დებს თავს, მაგრამ მისი ქმედებები არც ევროპულ და არც ქართულ სტანდარტში ჯდება. ის, კარგა ხანია, ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს და გაცხადებულ საგარეო კურსს. ფორმალურად კი საუბრობს, რომ, თითქოს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილის თითოეული განცხადება არის ქვეყნის ინტერესების საზიანო და შემაფერხებელი.
„დამაგვირგვინებელი“ იყო მისი ინტერვიუ “ბლუმბერგთან” და სანამ მიუნხენში იქნება, ალბათ, კიდევ ჩამოარიგებს ინტერვიუებს. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ „ჩვენ“ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „ჩვენ-ში“ ვინც იგულისხმა, გასაგებია. კიდევ ერთხელ ამოანთხია ბოღმა საერთაშორისო არენაზე და თქვა, რომ თითქოს ხელისუფლება აპირებდა კურსიდან გადახვევას და ქართველმა ხალხმა ამის უფლება არ მისცა. ამაზე დიდი მავნებლობა რა უნდა გააკეთოს?! დანარჩენად, მისი ლაზრანდარაობა და „ფოტოსესია“ ფასს კარგავს. ვნახეთ, რომ ფეხზე დამდგარი „გაქცეული“ ფოტოები გადაუღია, რაც იმას მოწმობს, რომ ოფიციალურ შეხვედრებზე კი არ არის ეს ქალი, დადის დერეფებში საკუთარ ფოტოგრაფთან ერთად, იქნებ ვინმეს გადაეყაროს… ნებისმიერმა უცხოელმა მაღალჩინოსანმა იცის რაც მოხდა, რა გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ და რა უძღვოდა წინ ამ ყველაფერს. მას არა აქვს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ვიზიტების უფლება, მაგრამ მაინც უტიფრად დადის.
“ბლუმბერგთან” ინტერვიუში ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შემოდგომით არ გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ხელისუფლების კურსი არის საეჭვო და მერყევი.
ორ დღეში ორი ანტისახელმწიფოებრივი ინტერვიუ მისცა პრეზიდენტმა. ამისთვის ჩაფრინდა მიუნხენში. EUღAჩთIV-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ კოალიციური მთავრობა გვეყოლება. ვისთან უნდა შეიკრას კოალიცია, იქნებ ესეც დააზუსტოს? რომელ დაჯგუფებასთან, სააკაშვილის თუ კეზერაშვილ-მერაბიშვილის? იქნებ ამ კრიმინალებისგან თავისუფალი რომელიმე სერიოზული პარტია დაასახელოს? ვისი და რა ვალი აქვს ამდენი ამ ქალს, მავნებლობას რომ ვერ ეშვება? ნავალნის გამო რომ გადაიჭრეს ვენები, სააკაშვილ-გვარამიას ციხეებში რა ხდებოდა, არ იციან? წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულებს უხეშად კარი მიუბრახუნა, „აქ რას მომივარდითო“, რეზიდენცია პოლიტიკური კრიმინალების „სხადნიაკად“ აქცია და ახლა დეპოლარიზაციაზე გვმოძღვრავს.
– “ბლუმბერგთან” ინტერვიუში, მანვე აღნიშნა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნავალნისა და სააკაშვილის შედარების მიზეზი არ არსებობს. მაშინ, როდესაც ჩვენმა რადიკალებმა ნავალნის სიკვდილიც სათავისოდ გამოიყენეს და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
– ზურაბიშვილი ამას, უბრალოდ, ვერ გაბედავს, რადგან მათი შედარება ყველა ნორმის დარღვევა იქნებოდა. ყველასთვის ცნობილი იყო ნავალნის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ამის მიუხედავად, ის გადაიყვანეს რუსეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ყველაზე მკაცრ კლიმატურ პირობებში. როცა ავადმყოფ პატიმარს ასეთ პირობებში ამყოფებ, ეს, ფაქტობრივად, მკვლელობის ტოლფასია. ჩვენ კი, უამრავ საქმეში ბრალდებული სააკაშვილი, რაზეც ჯერ კიდევ გამოძიებები მიმდინარეობს, ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ოროთახიან პალატაში მოვათავსეთ. ზუსტად ამის უარყოფა გაუჭირდა ზურაბიშვილს. სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, ეს არის სხვაობა, როგორ მოექცენ ნავალნის რუსეთში და როგორ ექცევიან სააკაშვილს საქართველოში.
ნავალნი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგე, შესაბამისად, საქართველოს მტერი. როცა რუსმა ჟურნალისტმა სობჩაკმა მას ჰკითხა, მართლა გამოდიოდით აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების მომხრედო? მან დაადასტურა იგივე მახინჯი ისტორია, რასაც ლაპარაკობს პუტინი და რასაც ლაპარაკობენ სხვები… სააკაშვილის დაჯგუფება კი გვიმტკიცებს, რომ ნავალნი უკეთესი რუსეთისთვის იბრძოდა, მაგრამ ვინ დაამტკიცებს, რომ ნავალნის რუსეთი ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ციხეში უნდა მოეკლათ, მაგრამ რითი განსხვავდებოდა ის სხვა პატიმრებისგან? რადგან ნავალნი პუტინის ოპოზიციაში იყო, სულაც ნიშნავს, რომ მე მის მიმართ პოზიცია უნდა შევიცვალო. ჩემი მტრის მტერი ყოველთვის ჩემი მეგობარი ვერ იქნება. იქნებ ის ორმაგი მტერია?!
– ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამილა ჰარისმა მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინას საჯაროდ აღუთქვა დახმარება, თუმცა აქვე განაცხადა, რომ კიევი დღეს თავისუფალი და ძლიერია. ასეთი შეფასება გამხნევება იყო მისი მხრიდან?
– რეალობას მოწყვეტილია, ჩემი აზრით, ეს ადამიანი. მის განცხადებები უფრო ამერიკის შიდა მოხმარებისთვისაა. ვინც იცის დღეს რა ხდება ბრძოლის ველზე და რა მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა, მისთვის ჰარისის სიტყვები ვერაფერი შვება იქნება. აღარაფერს ვამბობ უზარმაზარ მსხვერპლზე, ასიათასობით ადამიანის ფსიქოლოგიურ ტრავმაზე, დევნილებსა და ლტოლვილებზე, ქვეყნიდან გაქცეულებზე… მხოლოდ დანგრეული ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას დასჭირდება კოლოსალური თანხები და მრავალი წელი. დღეს თუ ვერ ეხმარებიან უკრაინას სათანაოდ, ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარებიან. თუ სხვაგვარად მოხერხდება „აღდგენა“ და მუქთად ჩაიგდებენ ხელში უძრავ-მოძრავ ქონებას, არ ვიცი.
იქიდან გამომდინარე, რომ შემცირებულია დახმარება, იძულებულნი არიან გააკეთონ საარტილერიო ჭურვების ეკონომია. მათ შორის, სისტემების უკმარისობასაც განიცდიან, რადგან ის ნადგურდება ბრძოლის ველზე და საჭიროა მარაგის შევსება. კი აძლევენ ტექნიკას უკრაინას, მაგრამ იმ მოცულობით აღარ – როგორც ადრე. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს მომგებიან პირობებში აყენებს. როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი, მაგრამ ჩანს, რომ ბრძოლის ველზე ის ინტენსივობა აღარ არის, რაც იყო ადრე. საცეცხლე ზემოქმედების ინტენსივობას ვგულისხმობ, უკრაინის მხრიდან. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ამერიკამ შეუწყვიტა, ევროპამ კი შეუმცირა დახმარება უკრაინას. ორიოდე დღის წინ, ამერიკაში სენატი გაიარა ამ დახმარების პაკეტმა, სადაც საკითხი დადებითად გადაწყდა და კონგრესის ჯერი დადგა. თუმცა კონგრესი თვის ბოლომდე შვებულებაში გავიდა ისე, რომ საკითხი განსახილველადაც არ დაუყენებია. შესაბამისად, უკრაინის და მასთან ერთად ისრაელის, ტაივანის და შიდა საკუთარი საზღვრების საკითხებზე ფინანსების გამოყოფას კონგრესი მარტიდან განიხილავს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს განხილვები, უცნობია. არ ვიცი როდის მიიღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას და მიიღებენ თუ არა, შემდეგ ამის აღსრულება დაიწყება. ამასობაში კი ხალხი იხოცება…
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, დიდწილად არის უკრაინის ბედი დამოკიდებული ამერიკაზე.
– უკრაინის ბედი მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებაზე. დღეს ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის. დახმარების საჭიროება ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში დადგა. ამ ორი წლის განმავლობაში ვერც უკრაინამ და ვერც მისმა 54-მა პარტნიორმა ქვეყანამ მოახერხა, რომ მთლიანად ომზე გადართულიყო. თუ ამბობ, რომ დაეხმარები ქვეყანას, იმდენ ხანს უნდა დაეხმარო, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო. დახმარების მოცულობა უნდა იყოს შესაბამისი სამხედრო ვითარებასთან. ტანკები და მძიმე ტექნიკა კი გადასცეს შარშან, მაგრამ ნადგურდება ყველაფერი ბრძოლის ველზე. ამასობაში რუსეთმა გაახუთმაგა ტანკების რაოდენობა და მრავალჯერ გაზარდა ჯავშანტექნიკის და სხვა საჭირო სამხედრო ტექნიკის გამოშვება. უშვებს თანამედროვე თვითმფრინავებს, სამხედრო ხომალდებს ფლოტისთვის. ერთი მცურავი საშუალების მაგივრად, რომელიც რუსეთს გაუნადგურეს, წელს რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების მცურავი საშუალება გამოუშვეს, სხვადასხვა ფლოტისთვის. ეს არის რეალობა. იგივე ეხება საჰაერო თავდაცვას, რადიოელექტრონულ ბრძოლას და სხვა.
– როგორ ფიქრობთ, დროული იყო ზალუჟნის გათავისუფლება?
– ზელენსკი მოვიდა როგორც მშვიდობის პრეზიდენტი, თუმცა გაეხვა ომში. ომის დასაწყისში, მარტში, თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე, შეთანხმება თითქმის იყო მიღწეული, რაც ისე სახარბიელო იქნებოდა რუსეთისთვის. ამ შეთანხმების საფუძველზე, რუსეთი უნდა გასულიყო კიევიდან, ყირიმის და დონბასის სტატუსის საკითხი კი უნდა გადავადებულიყო 15 წლით, მაგრამ ჩაფრინდა კიევში ბორის ჯონსონი, რომელმაც უთხრა ზელენსკის, რომ არანაირი საშვიდობო შეთანხმება არ იქნება, რომ მათ უნდა იომონ… და უკრაინამ გააგრძელა ომი. პუტინს დღეს ეს ხელზე აქვს დახვეული და თუ ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, რუსეთის განწყობა ისეთი აღარ იქნება, როგორიც ორი წლის წინ იყო. თუმცა, აცხადებენ, რომ არც აპირებენ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას.
– პუტინი ამერიკულ გამოცემასთან აცხადებს, რომ თუ ამერიკა უკრაინას იარაღით აღარ დაეხმარება, ის მზად არის ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინასთან მოსალაპარაკებლად.
– ცეცხლის შეწყვეტა თუ უნდა, ახლა უნდა შეწყვიტოს და არა შემდეგ, როცა უკრაინას საომრად იარაღი აღარ ექნება. ამ შემთხვევაში პუტინი რომელ ზღვარზე გაჩერდება, სადაც ახლა დგას, თუ გააგრძელებს წინსვლას და ჩავა კიევამდე? პუტინის ამ ინტერვიუს მთავარი გზავნილი იყო, რომ რუსეთს სურს მოლაპარაკებები. უამრავჯერ გაიმეორა, რომ მზად არიან, უარს არ ამბობენ, თუკი მათ პირობებს დათანხმდებიან.
ბორის ჯონსონს რომ დავუბრუნდეთ, 2022 წლის მარტში კარგად უნდა გაეთვალა როგორც უკრაინას, ასევე დასავლეთს, რა იყო უკრაინისთვის უკეთესი – ის შეთანხმება, რასაც მაშინ ხელი მოეწერა თუ მოვლენების ისე განვითარება, როგორც განვითარდა. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთმა რუსეთი არასათანადოდ შეაფასა. ვერ შეაფასა სწორად მისი სამხედრო თუ სამრეწველო პოტენციალი და ვერ შეაფასა სწორად საკუთარი შესაძლებლობები. ეს იგრძნობოდა ე.წ. კონტრშეტევის მომზადების დროს შარშან გაზაფხულზე. როცა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა უკრაინა. ეს იმის გამო კი არ მოხდა, რომ ზალუჟნი და უკრაინის თავდაცვის ძალები მოემზადა ცუდად, – არასათანადო შეიარაღება მიაწოდეს უკრაინას. რასაც ითხოვდა ზალუჟნი, ჩვენ ყველაფერი მივეცითო, ამბობენ, მაგრამ ყველაფერი ე.წ. კონტრშეტევის დასაწყისისთვის კი არ მისცეს, არამედ, დროში გასაწელად! რა ჩანაფიქრით უნდა განახორციელო შეტევა, როცა არა გაქვს საკმარისი რესურსი? – როცა მრავალჯერ ნაკლები ტანკი გაქვს, მრავალჯერ ნაკლები ავიაცია გაქვს, თვითმფრინავები, შვეულმფრენები? როცა არტილერიის მხრივ არ გაქვს თანაფარდობა, რომელ შეტევაზეა საუბარი? არასწორი შეფასებები, როგორც ომამდე, ასევე ომის საწყის პერიოდში, შეთანხმების გაფორმების დროს, როცა უარი ათქმევნეს შეთანხმებაზე და შემდგომშიც… აღარ მოვიყვან იმ მოქმედი და გადამდგარი გენერლების განცხადებებს, რას ამბობდნენ, რამდენჯერ გააკეთეს განცხადება, რომ ახლა ამ კონკრეტულ ვადებში უკრაინა დაიბრუნებს საზღვრებს და კიდევ რამდენიმე თვეში დაიბრუნებს ყირიმს… ეს ცრუ პროგნოზები სერიოზული ხალხისგან წარმოუდგენელია.
მართალია, ზელენსკის როლი იკვეთება უარყოფითად, მაგრამ ყველაფერს მას ვერ დააბრალებ, თუმცა, პროფესიონალი სპეციალისტები უნდა შემოიკრიბო, უნდა შეგეძლოს მათი მოსმენა და შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანის გაკეთება.
რაც შეეხება ზალუჟნის გათავისუფლებას, მე არ ვემხრობი. ზალუჟნიმ იმ არასაკმარისი რესურის პირობებში, რაც უკრაინას გააჩნდა, საკმაოდ ეფექტიანად იმოქმედა.
– როგორ ფიქრობთ, ამერიკის და ევროპის დაინტერესება რა არის ამ ომში?
– ისინი უკვე არც მალავენ, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს სტრატეგიულად. როცა დახმარებაზეა საუბარი, ხშირად აცხადებენ რომ ეს დახმარება მომგებიანია ამერიკისთვის, რომ გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი რჩება ამერიკაში და იქმნება სამუშაო ადგილები. უამრავ კონგრესმენს და სენატორს აქვს გაცხადებული, რომ ეს არის ყველაზე იაფი კამპანია, რადგან არ იბრძვიან, არ იღუპებიან ამერიკელი ჯარისკაცები და მაინც აყენებენ ზიანს რუსეთს. ბაიდენიც იმეორებს ახლა, როდესაც კონგრესმენებს დახმარების პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ევაჭრება, რომ ეს არის კარგი ინვესტიცია, რომ ამით სამუშაო ადგილები იქმნება და ასე შემდეგ.
ამერიკისთვის წამგებიანი იქნება არჩევნებამდე ამ ომის უკრაინისთვის წარუმატებლად დასრულება. კონკრეტულად „დემოკრატებზეა“ საუბარი. ეს იქნება კატასტოროფა მათთვის, რადგან ორი წელი ეხმარები, ამდენ ხარჯს იღებ და შედეგს ვერ მიაღწიე, – პირიქით, აქვს რუსეთს ეკონომიკური ზრდა, გაძლიერდა მისი სამხედრო პოტენციალი, რუსეთი დღეს სამხედრო თვალსაზრისთ გაცილებით ძლიერია, ვიდრე იყო 2 წლის წინ. ავითარებს ტექნოლოგიებს, რაც არ ჰქონდა ან სუსტად ჰქონდა განვითარებული ორი წლის წინ. დღევანდელი შეფასებები ასეთია, რომ ეს იქნება დამანგრეველი დარტმა „დემოკრატებისთვის“. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ თანხები გამოეყოს უკრაინას. თუ მარტში ან აპრილის დასაწყისში დახმარებას გამოყოფენ, ეს ომი გაგრძელდება მინიმუმ არჩევნებამდე, ან სანამ ახალი პრეზიდენტი მოვა. პრეზიდენტად ტრამპი თუ მოვა, მისი განწყობები ვიცით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და იმედია, თავის დანაპირებს შეასრულებს.
როგორც აღვნიშნე, რასაც ევროპა აძლევს უკრაინას დახმარების სახით, არასაკმარისია. რასაც ამერიკა ჰპირდება – 61 მილიარდს, უკვე აღარც ეს არის საკმარისი, რადგან შეიარაღების და, განსაკუთრებით, საბრძოლო მასალების ჭურვების ფასები ომის დაწყებიდან დღემდე რამდენჯერმე გაიზარდა. 5-6-ჯერ არის გაზრდილი 155 მილიმეტრიანი ჭურვის ღირებულება და ღირს 5-7 ათასი ევრო. ამით მდიდრდებიან კომპანიები და იღუპებიან უკრაინელები.
ამიტომ სჯობს, მწვავედ ილაპარაკო, ვიდრე ლამაზ ფერებში დაუხატო პერსპექტივა ადამიანებს. ვინმეს შეიძლება არ მოეწონოს ეს ჩემი შეფასებები, მაგრამ მე არ მომწონს, როცა საუბრობენ, რომ უკრაინა იგებს – ვითომ გული შესტკივათ უკრაინაზე! თუ ატყუებ, როგორი გულშემატკივარი ხარ?! ეს არ არის ომში მყოფი ქვეყნისა და ხალხის გამხნევება. ეს არის სიცრუე!

ნონა ქარქაშაძე