საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

თუ ღმერთს უარყოფ, ყველაფერი კრახით დამთავრდება – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

თუ ღმერთს უარყოფ, ყველაფერი კრახით დამთავრდება

 

“საერთო გაზეთის” სტუმარია
მხატვარი ნიკუშა შენგელაია:

– როგორ შეაფასებთ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას?
– მისი დაბრუნების მიზეზი იყო როგორც საგარეო, ისე საშინაო პრობლემები. ქვეყანა ძალიან რთულ პერიოდს გადის. როგორც იქნა, დავდექით პოზიციაზე, რომ დავიცავით ღირსება და სამშობლო. ამ ფონზე მოგვცეს სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული დაგვიფასდა. 2030 წლამდე უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც. მშვიდობა რომ შევინარჩუნოთ და შარში არ გავეხვიოთ, ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნებულიყო და ეს საკითხი კონტროლზე აეყვანა. მას პოლიტიკაში ყოფნის ინტერესი არ აქვს, არამედ სურს, ქვეყანამ ევროკავშირის წევრობამდე მშვიდობით მიაღწიოს.
– ხშირად აღგიღნიშნავთ, რომ მთავარი პროიროტეტი ქვეყნის განვითარების განათლებაა.
– თაკო, ამ კუთხით, პოზიცია არ შემიცვლია _ ადამიანის, კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა, განათლებაშია. განათლება ასე მალე ეფექტს არ იძლევა. ის განათლება, რაც ჩვენთან 2003 წლიდან დაინერგა, იმის მაჩვენებელია, რომ არ უნდოდათ ქვეყანას თავისუფალი, ძლიერი პიროვნებები გაზრდოდა. დღეს სიტუაცია შეიცვალა. ფუნდამენტური, ზოგადი განათლება უნდა გაძლიერდეს. ახალი მინისტრი ამ პროექტებზე მუშაობს. განათლება ყველგან ერთ დონეზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი სოფელშიც, რაიონშიც და ქალაქშიც. განათლება 5-10 წელიწადში შედეგს არ იძლევა, მაგრამ სწორი მიმართულების მიცემა, ბევრს ნიშნავს. განათლება სინათლეა, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ფუნდამენტური კუთხით. როგორც ილია ამბობდა: ჯერ თავო და თავოო… ამიტომ ჯერ ჩვენი კულტურა უნდა შევისწავლოთ და მერე სხვისი. შენი თვიდმყოფადობა _ ისტორია, კულტურა უნდა შეისწავლო. ეს რომ არ იცი, სირცხვილია. იმედი მაქვს ამას ყურადღება მიექცევა.
– როგორ აფასებთ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ბერლინალეზე მონაწილეობას?
– ჩვენს ქვეყანაში კინო ყოველთვის ხელოვნების წამყვან დარგად მიიჩნეოდა. მსოფლიომ საქართველო სწორედ ქართული ფილმით გაიცნო. ჩემი ოჯახის წევრები ამ პროცესში კინოს განვითარების საწყისი ეტაპებიდანვე იყვნენ ჩართულნი. როგორც ვიცი, ბერლინის კინოფესტივალზეც გიორგი შენგელაიას რეტროსპექტივა მოითხოვეს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან გიორგი შენგელაია ერთადერთი ქართველი რეჟისორია, ვინც “ვერცხლის დათვი” მოიპოვა ფილმისთვის “კომპოზიტორის მოგზაურობა”. ასე რომ, ქართული კინოს მიმართ ინტერესი კვლავ არის. უცხოეთში, თავად ბერლინალეზეც ქართულ კინოს კარგად იცნობენ.
ჩვენ ძალიან ნიჭიერი რეჟისორები გვყავდა. ეს დარგი ჩვენს ხელოვნებაში, კულტურაში ყოველთვის წამყვანი იყო. ასე რომ, კინოხელოვნებას ვგულშემატკივრობ. ვისურვებდი ამ დარგს მეტი ყურადღება მიექცეს. პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით: სხვადასხვა ქვეყნებიდან – დაწყებული იაპონიის ცნობილი კინოინსტიტუტებიდან ნიუ-იორკით დამთავრებული, ასევე, საფრანგეთის, ლონდონის, შვედეთის ინსტიტუტები მთხოვენ, ჩემი დიდი წინაპრების ფილმები მივაწოდო, მაგრამ ისინი გაციფრული არ არის. არადა, ეს ფილმები შედევრებად ითვლება.
– თანამედროვე კინოხელოვნებაზე რას გვეტყვით? რიგი რეჟიორების ფილმები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს…
– ზოგ ეპოქებში ამ სფეროში ნიჭიერი ხალხი მოღვაწეობს და შედევრებიც იქმნება, თუმცა, სამწუხაროდ, არის ეპოქები, როცა ამ კუთხით სერიოზული ჩავარდნა გვაქვს. დღევანდელ კინოზე, აბა, რა გითხრათ. არ მახსენდება ისეთი ფილმი, რომელმაც თავი დამამახსოვრა. რომელიმე რეჟისორს შედევრი რომ გადაეღო, ეს გახმაურდებოდა და ინტერესს გამოიწვევდა, მენახა. ჯერ კარგი ფილმები შექმნან, გვაჩვენონ და პრეტენზიები მერე გამოთქვან. სამწუხაროდ, დღეს ნაკლებად იღებენ ფილმებს ქართულ საფუძვლებზე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, მშვენიერებაზე. სოციალურ თემატიკაში არიან ათქვეფილნი. იცით, რატომ მოსწონდათ ქართული ფილმი? იმიტომ, რომ ის ქართულ თემატიკაზე იქმნებოდა და სწორედ ეს იწვევდა ინტერესს. ახლა ყველა ფილმი ერთმანეთს ჰგავს, ვერ გაარჩევ ქართულია, თუ სხვა ქვეყნის. ყველა შედევრში ეს იქნება ფილმი, ნახატი, მუსიკალური ნაწარმოები თუ სხვა, გულწრფელი განცდა უნდა ჩანდეს. თუ შენ მაყურებელს ქართულ თემატიკაზე არ მოუთხრობ, სხვა რით უნდა დააინტერესო?!
– ეს ფესტივალი რამდენად შეუწყობს ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას?
– რა თქმა უნდა, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყანაში ფინანსები შემოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნიჭიერ ადამიანებს გააჩენს. ხელოვანი ღვთისგან ბოძებული ნიჭით უნდა იყოს დაჯილდოებული. ნიჭიერი ან იბადები, ან _ არა. შეიძლება კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ნიჭს ვერ შეიძენ. ჩვენი ახალგაზრდების იმედი მაქვს. ზოგადად, ქართველები, მათ შორის, ხელოვანები ნიჭიერი ხალხია. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში დიდ რეჟისორს ვერ ვხედავ.
– ოპოზიცია ბერლინალეზე გაგზავნილი დელეგაციით უკმაყოფილოა…
– გსმენიათ, რომ ოპოზიცია რამით კმაყოფილია?! მზიანი ამინდი როცა არის, ამითაც უკმაყოფილონი არიან.
– ნაცებს და მათ ტელევიზიებს კულტურის მინისტრისთვის ომი აქვთ გამოცხადებული…
– კულტურა დროში ფასდება. ქართული კულტურის განვითარებას მინისტრები კი არა, ნიჭიერი ხალხი წყვეტს. რაოდენ კარგი მინისტრიც უნდა გვყავდეს, თუ ნიჭიერი მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი არ გვეყოლა, არაფერი გამოვა. სამინისტრო რიგი საკითხების ორგანიზებას ახდენს, რაც კარგია. მაგრამ მე თუ მკითხავთ, უფრო მეტი ყურადღება ფუნდამენტური, კლასიკური ხელოვნების განვითარებას უნდა დაეთმოს ისე, როგორც ეს ევროპაშია დრამატული თეატრები, კლასიკური მუსიკა წინა პლანზეა წამოწეული. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და შოუბიზნესის წარმომადგენლები რომ გადარჩნენ, ფოლკლორი ასპარეზს მათ უთმობს. რეალურად, უნდა ვეცადოთ, ხელოვნების კლასიკური დარგები შევინარჩუნოთ.
– წეღან თქვით, ახალგაზრდების იმედი მაქვსო. როგორ მივიღეთ ისეთი ახალგაზრდობა, რომელიც მოლოტოვის კოქტეილებს ისვრის, კონსტიტუციას წვავს… სად არის გონებით პატრიოტი ახალგაზრდობა?
– მოლოტოვის კოქტეილებს ვინც ისროდა, ისინი ქართველ ახალგაზრდობას არ წარმოადგენენ. ქართველი ახალგაზრდობა დაქირავებული სტუდენტებით არ განისაზღვრება. ჭეშმარიტი, პატრიოტი ახალგაზრდები აქ არიან, არსად წასულან და როგორც კი საჭიროება მოითხოვს ქვეყნის დასაცავად ხმა ამოიღონ, ისევე გამოჩნდებიან როგორც 2012 წელს და მანამდე, როცა ჩვენს ეროვნულ ღირსებას _ ენას, დამოკიდებლობას იცავდნენ. ვინც კოქტეილებს ისროდა, ისინი არ წარმოადგენენ იმ ახალგაზრდობის სახეს, რომლებიც ენას იცავდნენ. ამათ, გაუგებარი ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, ქირაობენ, ფულს უხდიან. შედეგად, ეს სტუდენტები ათას უბედურებაში გასვარეს. საბედნიეროდ, ჩვენი ახალგაზრდობა მათით არ იზომება.
ჩემი თაობა და წინამდებარენიც უფრო სხვანაირი იყო. ჩვენი მშობლების თაობა თავის ნაჭუჭში იყო ჩაკეტილი. ამ წნეხში უფრო პატრიოტული სულისკვეთება ჩქეფდა. მაშინ სულიერი თაობა იყო და არა მატერიალიზებული. სულიერება ბევრს ნიშნავდა, რაც სხვა ფასეულობების მატარებელია. ჩვენს დროში ფული არაფერს ნიშნავდა. დღეს, სამწუხაროდ, სამყარო ძალიან მატერიალური გახდა. მე ამას ბანკირების სამყაროს ვეძახი. სულიერ ფასეულობას მატერილური მხარე ვერასდროს ჩაანაცვლებს. ადამიანს სწორედ სულიერება ავითარებს და არა ფული. ადამიანს სულიერების გარეშე არ შეუძლია.
– ქვეყნის მტრები ქაოსის შეტანას ყველა სფეროში ცდილობენ…
– მიამიტები არ ვართ, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ადამიანში სულიერებამ, თანადგომამ, თანაცხოვრებამ, სიკეთემ, სიყვარულმა გაიმარჯვოს. ამ ყველაფრის გარეშე ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ ის მეორე მხარეც არსებობს. არის ეპოქები, როცა მეორე მხარე დომინირებს და პირიქით. მეორე მხარეს პროცესები ყოველთვის ჩიხში შეჰყავს. როგორც პლატონმა თქვა: ქვეყანას ჭეშმარიტი ფილოსოფოსები უნდა მართავდნენ. დღეს ყველაფერს ბანკირები მართავენ. ამიტომ ამ მატერიალურ მხარეს დიდი ფასეულობა არ მოაქვს. ჩვენც დღეს ქვეყნების გავლენების ინტერესების სფეროში ვართ მოქცეული. მათ პატარა ქვეყნებში მორჩილი ხელისუფლება, თავისი აგენტები სურთ იყვნენ, რომელთაც ხმის ამოღების, კითხვის დასმის უფლებაც არ ექნებათ.
ჩვენი ხალხის ისტორიული გამოცდილებიდან და მშვიდობის ინსტინქტის ქონის გამო, ეს პრობლემა მარტივად ვერ გადაწყვიტეს. საბედნიეროდ, ჩვენს ხელისუფლებაში ის ადამიანები დახვდათ, რომლებიც სამშობლოს არ ცვლიან არც თავის მდგომარეობაზე, არც ფულზე. მათი ზურგი მხოლოდ ქართველი ხალხია. ამიტომ, ისინი ხელისუფლებაში თავისი გავლენის აგენტებს ვერანაირად ვერ მოიყვანენ. ხალხი მათ დემოკრატიული არჩევნებით არ აირჩევს, ვერც რევოლუციას მოაწყობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი მოიგონეს, რათა ქვეყანაში თავისი გავლენის აგენტები ჰყავდეთ. მათ ქართველ ხალხზე ნული გავლენა აქვთ. ასე რომ, ვერაფერს შეძლებენ. ყველა გაიშიფრა, ისინი ფულზე გაყიდული სხვა ქვეყნის აგენტები არიან.
იმედია, 2024 წელს რაღაცები სიკეთისკენ შეიცვლება. დროზე უნდა მოიძებნოს პროცესების მშვიდობიან რანგში გადაყვანის გზა. ხომ ვხედავთ, რა უბედურ დღეში ჩავარდა უკრაინა იმის გამო, რომ იქ სხვა დიდ ქვეყნებს გარკვეული ინტერესები აქვთ. ფაქტობრივად, ჩვენი მსხვერპლად შეწირვაც უნდოდათ.
– ხშირად ისმის: ხელისუფლებამ დასავლურ კურსს გადაუხვიაო…
– ჩვენ დასავლეთს გეოგრაფიული მდებარეობით კი არ ვირჩევთ, არამედ ფასეულობის კრებულით, ცხოვრების წესით. დასავლეთშიც დიდმა ქრისტიანულმა კულტურამ უნდა გაიმარჯვოს. პირადად მე, დასავლური ცივილიზაციის მომხრე ვარ გენეტიკურად, ისტორიულად და ა.შ. ევროპა იმიტომ მინდა, რომ ის ფასეულობები მომწონდა და არა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.
დღეს, იქაც ბევრი პრობლემაა. ამერიკაში, ევროპაში იქაური საზოგადოებისთვისაც პრობლემატურია ის ნარატივები, მოგონილი არაბუნებრივი პოლიტიკა, ინკლუზიური ეკონომიკა, რაც დღეს არის. ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ადამიანებზე კონტროლი მარტივი გახადონ. ზნეობრივი, რელიგიური პარამეტრების უარყოფა ხდება. მათ არ უნდათ ზნეობრივი ადამიანების არსებობა, რადგან ისინი რთული სამართავები არიან. მათ თავისი ფილოსოფია, წითელი ხაზები აქვთ, რწმენით ცხოვრობენ. შოთა რუსთაველი რას ამბობს, ხომ გახსოვთ: უფალმა მოგვცა ქვეყანა მრავალფერითაო და არა ერთფეროვანი. დიახ, თვითონ ბუნებაა მრავალფეროვანი, ერთ მინდორზე იზრდება ათასფეროვანი ყვავილი, იქვე ამოდის სარეველაც, ბალახიც, ასეა მოწყობილი. შენ რაღაც არაბუნებრივს რომ იგონებ, ეს სიკეთეს არ მოიტანს. შენ არ ხარ სამყაროს შემქმნელი, არამედ ადამიანი ხარ. თუ ღმერთს უარყოფ, ყველაფერი კრახით დამთავრდება.

თამარ შველიძე