ამ მოზაიკით, ეგრეთ წოდებული ოპოზიციისგან ღირებული ძალა ვერ შეიქმნება
გვესაუბრება პოლიტიკოსი
პეტრე მამრაძე:
– ბატონო პეტრე, რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე?
– პირდაპირ გეტყვით, ამ ფლანგზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. საქართველოში ოპოზიცია არ არის და არც ამის პერსპექტივა მოჩანს. რეალური ოპოზიცია არის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენენ, გააჩნიათ სათანადო კომპეტენცია, ცოდნა, უნარები, არიან ეროვნულები და სამშობლოს ერთგულნი, მაგრამ რიგ საკითხებზე მმართველი ძალისგან განსხვავებული აზრი აქვთ. აი, ეს არის დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიცია. ქვეყნის ინტერესების ერთგული, თან კომპეტენტური ოპოზიციის გარეშე, დემოკრატია ვერ ხარობს. შოლტისა და ყარაული ძაღლის ფუნქციის შემსრულებელი ოპოზიცია ჩვენთან არ არსებობს. ესენი ბელადის გარშემო შეკრებილი პატარა ჯგუფები არიან. აბა, გადავხედოთ, რა სპექტრია ოპოზიციაში. ავიღოთ ბოკერიას დაჯგუფება, სადაც 2016 წელს 28-იდან 21 ნაცი მასთან გადავიდა. 2020 წლის არჩევნებში ყველანი ერთად ჩაფლავდნენ და პარლამენტში მხოლოდ ხუთი ადგილი ერგოთ. ახლა ბანკირების დაჯგუფებაში ვნახოთ, რა ხდება, რომელიც “ლელოს” სახელწოდებითაა ცნობილი. მათ რეალურად ხელისუფლებაში მოსვლა არც უნდათ. ერთადერთი, რაზეც ზრუნავენ, დევნილი პოლიტიკოსების იმიჯი უნდათ, ჰქონდეთ. მათი ლიდერები მასშტაბურ თაღლითობაში არიან მხილებულნი, მოსახლეობაში კი მევახშეების სახელი აქვთ. ისინი მულტიმილიონერები არიან. მათი ინტერესია, “პოლიტიკური” საქმიანობის იმიტაციაზე, რაც შეიძლება ნაკლები ფული დახარჯონ და თან პოლიტიკოსის იმიჯი ჰქონდეთ.
ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ხავსს ეჭიდება: ახლა 1%-იანი ბარიერი აღარ არის, პარლამენტში მოსახვედრად კვლავ 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ასევე, საარჩევნო კანონი პარტიების ბლოკებად გაერთიანებას კრძალავს და რა დარჩათ? – იწყება ლოზუნგებისა და გაერთიანებების გზების ძებნა. ამ მოზაიკით ვერავითარი ღირებული ძალა ვერ შეიქმნება. ერთ მაგალითს გავიხსენებ: ერთ-ერთ არჩევნებში კახა კუკავამ და “ახალმა მემარჯვენეებმა” კენჭი ერთად იყარეს, რაც ცოცხალ ანეკდოტად იქცა. კუკავას საარჩევნო პროგრამაში ეწერა: არავითარი ნატო. მემარჯვენეების პროგრამის პირველი პუნქტი კი სწორედ ნატო-ში შესვლას ითვალისწინებდა. ამიტომაც, არჩევნებში ერთად ჩაფლავდნენ. მიზერული რეიტინგების მქონე პარტიების გაერთიანებები ეფექტური ვერ იქნება. ბევრი მათგანის სახელწოდებაც აღარ ვიცი, ამას ყველა ივიწყებს. ამ პარტიებს სამშობლოზე ზრუნვა კი არა, პირადი დაინტერესება ამოძრავებთ. ბოკერია კი ჩაფლავდა არჩევნებში, მაგრამ მისი პარტია ბიუჯეტიდან ფინანსდება, რადგან ხუთი კაცის შეყვანა მაინც მოახერხა პარლამენტში. დაფინანსება – ეს მათი ბიზნესია. დღევანდელ სიტუაციასაც, რამდენად ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, სწორედ ფულით დაინტერესება განაპირობებს. უცხოელები კი გვაძალებენ, ასეთ ოპოზიციასთან კონსტრუქციულად ითანამშრომლეთო. ასე რომ, მათ კი ჰქვიათ ოპოზიცია, მაგრამ დე-ფაქტო ეს გახლავთ ანტიეროვნული, დესტრუქციული ძალა.
– ნაცების კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლა რით აიხსნება, ეს წინასაარჩევნო პიარსტრატეგიაა?
– რა თქმა უნდა. აქ ორი ფაქტორი მოქმედებს: პირველი დასავლეთთან მათი აქტიურად მუშაობა. მათი ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებენ, სააკაშვილს წამებულად ახცადებენ, რომელსაც თურმე აქ აშიმშილებენ კიდეც და ნავალნისავით მოკვლას უპირებენ. დიახ, ურცხვად ამბობენ, რა დღეშიც პუტინს ნავალნი ჰყავდა, ისე ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილიო. მათი შედარება როგორ შეიძლება. ნავალნიმ ციხეში გატარებული 1200 დღიდან, მესამედი კარცერში გაატარა, სადაც ტემპერატურა 4 გრადუსს არ აღემატება, არც საბანი ჰქონდა, ქვაზე იწვა. ამ დროს უცხოელები ბედავენ და ამბობენ, სააკაშვილს წამლავენო.
მიშას გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა პოლიტიკაში იტივტივოს. ამიტომაც გახდნენ “კონსტრუქციულები”, თუმცა, არ მგონია, ამან მათ პოპულარობა მოუტანოს. ერთი რამ ცხადია: თუ გაერთიანებული პარტიებიდან, ვთქვათ, ზოგს 1%-იანი პოპულარობა აქვს, ზოგს – 6,5% და ზოგსაც 2%, ეს პროცენტები არ შეიკრიბება, პირიქით, შეიძლება განულდეს. ერთი რომელიმე გუნდის მხარდამჭერები სხვასთან შეკრულ პარტიას ხმას აღარ მისცემენ.
მოდუნება არ შეიძლება. ამიტომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები. ამ მოვლენას მე ზაფხულისთვის ვვარაუდობდი. დააკვირდით, რა თქვა ღარიბაშვილმა: პოლიტსაბჭო მეუბნებოდა, იქნებ, ზაფხულში გადადგე პრემიერობიდან და პარტიის თავმჯდომარეობას ჩაუდგე სათავეშიო. ანტიეროვნულ, დესტრუქციულ ძალებთან მეტი ყურადღებაა საჭირო. სააკაშვილს, კეზერაშვილს და მათ თანამზრახველებს ხელთ დიდძალი ფინანსები შერჩათ. ეს დიდი ძალაა. მათ გააჩნიათ ტელევიზიები, რომლებსაც პროპაგანდის რუპორად იყენებენ. ადრე ერთი ჟურნალისტი მოდიოდა ჩემთან და ღიად ამბობდა, რომ ემხრობოდა ოპოზიციას, რადგან ამ პროპაგანდაში დღეში ათას ლარს აძლევდნენ, მის ოპერატორ ქმარს კი ხელფასი 15 ათასი ლარი ჰქონდა. ანუ, სახეზეა ფინანსური დაინტერესება. ეს ჯგუფი მიშას ერთგული რჩება. როცა საქმე დიდ ფულთან და პროპაგანდისტულ ტელევიზიებთან გვაქვს, რომელთაც საერთაშორისო დანაშაულში მხილებული კეზერაშვილი აფინანსებს, ეს ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელთაც საქართველოსთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ. ამიტომ მმართველ ძალას მეტი სიფხიზლე, სიმტკიცე, კორუფციასთან აქტიური ბრძოლა მართებს. გავიხსენოთ, რამდენიმე თვის წინ კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილება რეგულაციების შემოღების თემაზე. ოპოზიციას ამაზე ყოველდღიურად უნდა ეთქვა, მიიღეთ სათანადო ზომებიო, მაგრამ პირიქით, რეგულაციების მიღება რომ დაიწყო, პირველმა რომან გოცირიძემ იყვირა, საქართველო ინვესტიციებს კარგავსო. ის კი არ თქვა, რომ რეგულაციების შემოღება მის ჯიბეს დაეტყობოდა. მერე გვარამიამ ატეხა კივილი, ჩემს ტელევიზიას გააკოტრებენო. არც ჭუტა წერეთლის ვაჟი ჩამორჩა და აყვირდა: არ შეიძლება ამის გაკეთება, სპორტი დაიჩაგრებაო. ეს კომედიაა.
– ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება, თუ არჩევნების მეორე დღისთვის?
– წარმოუდგენელია, ოპოზიციამ არჩევნებზე ის შედეგი დადოს, ახლა რომ აცხადებს. ამიტომ ველი, რომ მეორე დღეს არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებენ. ალბათ, აქციებსაც დაიწყებენ. ბოლოს მათ მიერ ჩატარებულ მიტინგზე მხოლოდ 20-კაციან ჯგუფებს ვხედავდით, რომლებიც პარლამენტის კიბეებსაც კი ვერ ავსებდნენ. სააკაშვილი უკრაინიდან გამუდმებით ითხოვდა, შეკრიბეთ 300 ათასი კაცი, დავასრულოთ ეს ხელისუფლება და მეც ჩამოვალო. მას უხსნიდნენ, რომ საქმე ასე მარტივად არ იყო. “გავრილოვის ღამის” და 7-8 მარტის აქციების მსგავს პროვოკაციებს ახლაც უნდა ველოდოთ. ოპოზიცია ყველაფერზე წავა.
– სააკაშვილი ამჯერადაც ემზადება არჩევნებში საბრძოლველად. მის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს…
– ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუ პირადად მისთვის სააკაშვილის შეწყალება მომგებიანი იქნება, ანუ, დასავლეთი ამ ნაბიჯს დაუფასებს, მაშინ ასეც მოიქცევა. როცა საქართველოს მიმართ დასავლეთიდან ცილისწამების ნიაღვარი უხვად მოედინებოდა, ზურაბიშვილი ვალდებული იყო ეთქვა, ეს ყველაფერი ტყუილიო. სხვათა შორის, გიული არ მალავდა ამ ინფორმაციას. როცა რუსმა ჟურნალისტმა ჰკითხა, როდის ნახეთ ბოლოს შვილიო, მან უპასუხა: ამ დილით. მე დღეში ორჯერ ვნახულობ მას და საჭმელიც მიმაქვსო. ამ პასუხმა რუსი ჟურნალისტი მოცელა. ეს ზურაბიშვილმაც ხომ იცის. ამის უკან რაც იმალება, ყველამ ვიცით. ამიტომ ის ყველაფერზე წავა, მათ შორის, სააკაშვილის შეწყალებაზეც. თუმცა, მიშას იქვე დაადებენ ბორკილებს და უკან შეაბრუნებენ. თავად მიშამ რა თქვა, ივანიშვილი და ზურაბიშვილი ორივე საფრანგეთის მოქალაქეა და ისე მექცევიან როგორც პაკისტანელებიო. პაკისტანი ცნობილია სასტიკი გადაწყვეტილებებით.
– ნავალნის მსგავსად, სააკაშვილსაც პუტინის პატიმრად იხსენიებენ…
– სააკაშვილი არის პუტინის ერთგული გოშია, კაგებეს ეფეიტორი, რომელსაც კაგებეს გენერალი თემურ ალასანია კურირებს. ინტერვიუებში ალასანია ყოველთვის ნიშნისმოგებით ამბობს, მიშას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩემს გარეშე არასდროს მიუღიაო.
– ოპოზიციონერები ზღაპრულ დაპირებებს არიგებენ.
– ასეთ რეალობასმოწყვეტილ, ფანტასტიკურ დაპირებებს ის ადამიანები გასცემენ, რომელთაც მშვენივრად უწყიან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ამიტომ, რა ენაღვლებათ, არიგებენ დაპირებებს.
– ბატონო პეტრე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე როგორ შეაფასებთ ზელენსკის გამოსვლას?
– დიახ, ასეა. უკრაინა დასავლეთიდან ინტენსიური, საკმარისი დახმარების მიღების გარეშე რუსეთის აგრესიას ვერ გაუმკლავდება. ამერიკის კონგრესი გადაწყვეტილების მიღებას აგვიანებს. მეტიც, ამ რთულ მომენტში უეცრად შესვენება გამოაცხადა. დავსვათ შეკითხვა: რამდენი ადამიანის მობილიზება შეძლო თავად ზელენსკიმ?! ცნობილია, რომ ხუთ მილიონზე მეტმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა, მათ შორის, მილიონამდე გასაწვევი ასაკის ახალგაზრდა მამაკაცმა. უკრაინაშიც საკმარისად დარჩნენ, თუმცა მათი მობილიზება ვერ ხერხდება. 45 წლის მამაკაცების დიდი ნაწილი ფიზიკურად ვერ შეძლებს ბრძოლებში ჩართვას. აქვე უნდა აღინიშნოს მასობრივი კორუფცია, რაც უკრაინაშია გამეფებული.
ზელენსკიმ და მისმა გუნდმა სახელმწიფო ინტერესებზე და სახელმწიფოთაშორის (ვგულისხმობ, საქართველოს) ურთიერთობაზე მაღლა სააკაშვილთან, მის გარემოცვასთან პირადი ურთიერთობა დააყენა, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე დანიშნა. უკრაინის ხელისუფლება ტოტალურად კორუმპირებულია. უკრაინის ამოცანა შემდეგია: მთლიანად განდევნოს რუსი აგრესორები საკუთარი ტერიტორიიდან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იმ საზღვრებში აღადგინოს, რაც მთელ მსოფლიოში ცნობილია. ანუ დაიბრუნოს ყირიმი, დონბასი და ა. შ. ლაპარაკია იმ საზღვრების აღდგენაზე, რაც ყირიმის ანექსიამდე იყო. როცა უკრაინა დაამტკიცებს, რომ კორუფციის გზას აღარ ადგას და საზღვრებიც აღდგენილი ექნება, ევროკავშირში მხოლოდ ამის მერე შევა.
თამარ შველიძე