საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ქართველ ერსაც გადასალახი აქვს თავისი წილი ქართული უდაბნო – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

ქართველ ერსაც გადასალახი აქვს თავისი წილი ქართული უდაბნო

 

არა იარაღით, არა ძალადობით, არამედ მხოლოდ მშვიდობიანი წინააღმდეგობით თუ მივაღწევთ სასურველ შედეგს. ამგვარი ბრძოლა მაღალ სულიერებას, ზნეობრივი და მორალური ნორმების ერთგულებას, კეთილშობილებას, შემწყნარებლობას მოითხოვს ჩვენგან. ეს ბრძოლა, პირველ ყოვლისა, ბრძოლაა საკუთარ მანკიერებასთან, ბრძოლა იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ. ინგლისელები კი არ არიან ცუდები, ჩვენ არ ვართ კარგები. გავხდეთ უფრო კარგები და ჩვენ მოვიგებთ ამ ომს არწმუნებდა განდი ინდოელებს.
იგივეს ეუბნება ბიძინა ივანიშვილი ქართველებს, თუმცა ქართველებს მაინცდამაინც ნათლად არ ესმით ამ მოწოდების დედააზრი და გამარჯვების მოპოვება მამაპაპური წესით, მუშტის ერთი დარტყმით, უფრო მარტივი და იოლი ჰგონიათ.
შეუპოვრობა ჭეშმარიტებაში საკუთარი მანკიერების ძლევის გზა, არაძალადობრივი, მშვიდობიანი წინააღმდეგობა, ზნეობრივი ნორმების დაცვა, ხანგრძლივ დროს და, რაც მთავარია, შრომას, ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, ჩვენ კი, ქართველები, ცოტა წავიზარმაცებთ და ამიტომაც მოწინააღმდეგის ერთი დაკვრით ნოკაუტში ჩაგდება უფრო გვირჩევნია.
ბიძინა ივანიშვილი ხშირად ამბობს სიტყვას მსოფლმხედველობა, თუმცა ქართველებს, რომლებსაც დიდი ხანია სიტყვების შინაარსი არ აინტერესებთ, არც ამჯერად მოუკლავთ თავი იმის გაგებით, რას გულისხმობს და საერთოდ, რა მსოფლმხედველობაზე ლაპარაკობს ივანიშვილი?
რა მსოფლმხედველობაა ეს და რა პრინციპებს და რა ღირებულებებს ეფუძნება იგი?
ერთი შეხედვით, ივანიშვილი თითქოს მაჰათმა განდის მოძღვრების პირდაპირ კალკირებას ახდენს, თუმცა სინამდვილეში მისი მოსაზრებები ღრმად ქრისტიანული და აბსოლუტურად ქართულია.
სამწუხაროდ, ექსპერტებს და ანალიტიკოსებს ჯერჯერობით არ გაუშიფრავთ და არ გაუანალიზებიათ ის იდეოლოგია, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს და არც იმ ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე გაუმახვილებია ვინმეს ყურადღება, რომლითაც ივანიშვილი ამ იდეოლოგიური პლატფორმის ცხოვრებაში განხორციელებას აპირებს.
დასანანი და გულსატკენია, რომ ბიძინა ივანიშვილის პიროვნებას ასე ზერელედ, ზედაპირულად და პრიმიტიულად აფასებს ქართველი საზოგადოება გამოჩნდა მდიდარი ადამიანი, სიკეთის ქმნისკენ მიდრეკილი მილიარდერი, რომელსაც ბიზნესი მოსწყინდა და ახლა პოლიტიკოსობა მოესურვა.
არადა, ბიძინა ივანიშვილის მილიარდები საერთოდ არაფერ კავშირში არ არის იმ კონცეფციასთან და იმ მსოფლმხედველობასთან, რომელიც ივანიშვილს, უალტერნატივო და ერთადერთ საშუალებად მიაჩნია გამარჯვების მისაღწევად.
ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ღირსეულ გამარჯვებამდე რთული და ძნელი გზის გავლა შესთავაზა, ერთი აუცილებელი პირობით _ ამ გზას იგი ქართველ ხალხთან ერთად გაივლიდა და ყველა იმ გასაჭირს, ყველა იმ ხიფათს გაიზიარებდა, რაც ამ გზაზე მის თანამგზავრ ქართველ ხალხს შეხვდებოდა.
მას სრულიად უმტკივნეულოდ შეეძლო თავი აერიდებინა ამ სახიფათო გზის გავლისთვის და სახლიდან გამოუსვლელად, რბილ სავარძელში ჩამჯდარს მიეღო იმდენი ძალაუფლება, რამდენსაც მოისურვებდა, მაგრამ მან უარი თქვა ამ კომფორტულ ცთუნებაზე და თავისი თავის, როგორც პოლიტიკოსის, შექმნა და გამოძერწვა საკუთარი ხელით ირჩია.
ეს გზა, რომელზეც ზემოთ ვლაპარაკობდით, ერთგვარი გამოცდის და სულიერი წრთობის გზაც არის და იმის მინიშნებაც, რომ არ შეიძლება გამარჯვებას ერთბაშად მიადგე სანამ გამარჯვებამდე მიხვალ, რაღაც გზა უნდა გაიარო, რომ ბევრი ფიქრი მოასწრო თუნდაც შეცდომების დაშვება მოასწრო, რომ მერე ისწავლო ამ შეცდომებზე და გამარჯვებამდე ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი მიხვიდე.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, მოსულიყო პოლიტიკაში და დაეწყო ნულიდან, დაეწყო სუფთა ფურცლიდან, არის გადაწყვეტილება იმ კაცისა, რომელმაც ასევე ნულიდან დაიწყო ბიზნესი და საკუთარი შრომით, ნიჭიერებით, გამჭრიახობით, მიზანსწრაფულობით და, რაც მთავარია, წესიერებით, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა.
ბიძინა ივანიშვილის კრედო, მისი ფილოსოფია შემდეგში მდგომარეობს: ადამიანმა თვითონ უნდა “ააშენოს” ტაძარივით საკუთარი თავი, თვითონ უნდა სრულყოს და დახვეწოს ისე, რომ ამ ტაძარმა დროს გაუძლოს და თანამედროვეთათვის და მომავალი თაობებისთვის ორიენტირად იქცეს.
მე არ მოვდივარ ვინმეს დასამარცხებლად, მე ყველა ქართველის გასამარჯვებლად მოვდივარო, თქვა მან თავის პირველსავე წერილში.
კარგად ჩავუღრმავდეთ ამ სიტყვების შინაარსს და ნუ ვაიძულებთ მას დაემსგავსოს მათ, რომლებიც ძალადობით და სისასტიკით ცდილობენ ქვეყნის დაშინებას და დამონებას.
არადა, დროის ამ უმცირეს მონაკვეთში, ბიძინა ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ ის უკვე შედგა, როგორც ნიჭიერი პოლიტიკოსი, რომელიც არც თავისი წინამორბედებიდან და არც თავისი თანამედროვეებიდან არავის არ ჰგავს.
ბიძინა ივანიშვილი ქართული სატიაგრაჰას ქართულ მოდელს ქმნის და ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ქართველმა ერმა წარმატებით გადალახოს თავისი წილი ქართული უდაბნო.

ვახტანგ ხარჩილავა
“ს.გ.” 2014

ბიძინა ივანიშვილი უნიჭიერესი პოლიტიკოსია, რომელმაც ახალი პოლიტიკური კულტურა შექმნა ქართულ რეალობაში და პოლიტიკის ხელოვნება ცივილურ, ჰუმანურ საწყისებს მიუახლოვა.
დაბადების დღეს ვულოცავთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!
“საერთო გაზეთი”