საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ვინ და რატომ აფინანსებს არასამთავრობო სექტორს – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

ვინ და რატომ აფინანსებს არასამთავრობო სექტორს

 

მას შემდეგ, რაც ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა ბატონმა შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ ახსენა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და სრულიად დელიკატურად ჩამოთვალა მათი მავნებლური ქმედებები, ამასთანავე, მათ გაუმჭვირვალობას შეეხო, კვლავ აჟრიამულდნენ “ბრალდებულები”, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ამგვარი მიდგომა დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
საინტერესოა, რა არის დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგო, ის, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის” ბოლო ანგარიში, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახლახან დაწერეს, უსამართლოდ მიკერძოებული იყო და საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული, თუ ის, რომ ამ ორგანიზაციებმა, “ეროვნული პლატფორმა” დატოვეს და ნათელი გახდა, რომ “ეროვნულ პლატფორმაში” ყოფნის ერთადერთი მიზანი “ინდექსის” მომზადების პროცესში სიმართლის დამახინჯება იყო?
რა ჰქვია იმას, როდესაც იგივე ორგანიზაციები ახლა “ევროკავშირისკენ 9 ნაბიჯის” პროცესით მანიპულირებას ცდილობენ, თითქოსდა მიმდინარე დისკუსიასთან შეერთება ქვეყნის სასიკეთოდ სურთ? ესენი ხომ იგივენი არიან, რომლებიც, როდესაც უკმაყოფილო დარჩებიან რაიმე პროცესისი შედეგით, მაშინვე უპირისპირდებიან ამ პროცესს, მის ჩაშლას ცდილობენ და თუ ამას ვერ აღწევენ, ტოვებენ?
ესენი ხომ ის არასამთავრობოები არიან, რომლებიც ხალხის რჩეულებს არ წარმოადგენენ, ისინი მთლიანად უცხოეთიდან ფინანსდებიან და არავინ იცის, რა მიზანს ემსახურება მათი დაფინანსება. ელემენტარულია, რატომ უნდა აფინანსებდეს საიდუმლო მიზნებისთვის უცხო ქვეყანა (ქვეყნები) რაღაც ორგანიზაციებს, თუ ეს ორგანიზაციები მათთვის სასურველ და ქვეყნისთვის მავნებლურ საქმიანობას არ ეწევიან?
ესენი ხომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და არაფერს ერიდებიან;
სიმართლე თქვა ბატონმა პაპუაშვილმა, ზოგი მათგანი ძალიან მდიდარია და უფრო მდიდრები იქნებოდნენ, პოლიტიკურ პარტიად რომ დარიგისტრირებულიყვნენ, ვიდრე პოლიტიკური პარტიების უმეტესობაა _ საუბარია ხუთ უმდიდრეს არასამთავრობო ორგანიზაციაზე.
“დონორები ვეღარ აირიდებენ პასუხისმგებლობას უბრალოდ დათქმის მოშველიებით, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შინაარსზე პასუხს არ აგებენ. უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება გავლენიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა,” _ განაცხადა ბატონმა პაპუაშვილმა და ცამდე მართალია;
ისიც სიმართლეა, რომ ცხადად ვხედავთ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციისა და სააკაშვილის მთავრობის ყოფილ თანამდებობის პირებს (მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები და მისთანები) შორის კავშირს.
დაფინანსების გარდა, ზოგი ე. წ. ელიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება იმ რადიკალურ (ქვეყნის მავნებელ) პოლიტიკურ პარტიებს, რომლებივ თავს ესხმიან დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს მთავრობას. ფაქტობრივად, საქმეში ჩართულები არიან გავლენის აგენტები, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არიდებული აქვთ.
“რადიკალებს რომ მიზნისთვის მიეღწიათ და 2020-2022 წლებში მთავრობა დაემხოთ, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას ქაოსზე და დიდი ალბათობით, ძალაუფლებაში მოსული დიქტატორული ჯგუფის ქმედებებზე? ეჭვი მეპარება, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ან მათ დონორებს აეღოთ პასუხისმგებლობა. რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში სჭირდება და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს იმაში, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ.
და ბოლოს, ორმაგი გამოწვევის საპასუხოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია,” _ დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგიძლიათ და გადადგით!
რამდენი წელია, ეს უცხო ქვეყნ(ებ)ის დესანტი გვიზის საქართველოში და საშველი არ დაადგა მათ გამარგვლა-ამოძირკვას!
წლების წინათაც ასე იყო.
“მე არ მსურს, გავაკრიტიკო სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით _ რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირიდან ჩამოსული იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი. მან პირად საუბარში მითხრა, რომ შეხვედრა ჰქონდა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და გაოცებული დარჩა, რადგან უთხრეს, რომ ისინი ემხრობიან მთავარ ოპოზიციურ ძალას, რადგან ის დღითიდღე სუსტდება. მთავარი არგუმენტაცია იყო, რომ სუსტის დაცვა სურთ. ეს აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა. მან უთხრა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს არასამთავრობო სექტორი _ არც მთავრობისკენ, არც ოპოზიციისკენ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა _ ტენდენციურობა არ უნდა იყოს. ობიექტური კრიტიკისთვის მე პირადად, მზად ვარ, მაგრამ თუ ვიღაც სუბიექტურად მაკრიტიკებს იმის გამო, რომ სხვა პოლიტიკური ძალის ინტერესები გამოხატოს, ესაა უსამართლობა და ამ კრიტიკას არ მივიღებ!.. არასამთავრობოებს, ხშირად, ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი,” _ თქვა მაშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მაშინაც აიჯაგრა არასამთავრობო ორგანიზაციების “დასტა”.
საერთოდ, “მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები” რას ჰქვია, რატომ ანებივრებს ბატონი პაპუაშვილი ამგვარად მოხსენიებით ადამიანთა ცალკეულ ჯგუფებს, როცა მათ მარტივად “კასტას” უწოდებენ, სექტას, ბანდას და კიდევ იმდენად არაეთიკურ სახელს, რომ უხერხულია გამეორება?
ასეა თუ ისე, ფაქტი არ იცვლება, ადამიანთა ამ ჯგუფს “უხილავი გამრიგეს” მიერ უპირობოდ აქვს მინდობილი აბსოლუტური და ჭეშმარიტი გურუ(ები)ს ნიშა _ რასაც ისინი იტყვიან, ეს არის აბსოლუტური სიმართლე და კატეგორიულად მისაღები.
ვინც მეტ-ნაკლებად თვალს ადევნებდა ქართულ პოლიტმდინარებას ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, აუცილებლად ემახსოვრება ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებსაც დღეს სახელისუფლებო პოლიტიკურ სპექტრში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. განა ეს ცუდია, პირიქით, მისასალმებელია, რომ გოგო-ბიჭები ასე გაზრდილან ყოველმხრივ, თუმცა საზოგადოებას უკვე იმდენად გადაამეტეს თავი, მათი ხსენება და დანახვა აღარ უნდათ…
ისე, ფრიად უცნაურები არიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები _ შევარდნაძის სულამომდინარი ხელისუფლების დროს დილიდან დაღამებამდე საჩივარს საჩივარზე აცხობდნენ, არიქა, არჩევნების დროს ისეთი დარღვევები მოხდა, თუ სასწრაფოდ არ გამოსწორდა, ვიღუპებით, სამყაროს ცენტრი დაიძრაო; შევარდნაძის ხელისუფლების გადატრიალება მოხდა და ჩაწყნარდნენ, თან ისე თბილად და ტკბილად ჩათბუნდნენ, რომ მომდევნო ხელისუფალის 9-წლიანი ბატონობის (დიახ, ასე ჰქვია!) განმავლობაში, სამყაროს ცენტრის დაძვრაზე კი არა, იმაზე არ ამოუღერღიათ ერთი სიტყვა, ქუჩა-ქუჩა ბეღურებივით რომ ხოცავდნენ უდანაშაულო ახალგაზრდებს, პირიქით, 26 მაისის სისხლიანი დარბევა გაამართლეს კიდეც, არასანქცირებული მიტინგი იყო და, აქედან გამომდინარე, იმის ჩადენის უფლება ჰქონდა ხელისუფლებას, რაც ჩაიდინაო…
კი, ფრიად უცნაურები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციაში მოიაზრებიან და ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ, მაგრამ საკუთარი შეხედულებისამებრ აგონდებათ და ავიწყდებათ ადამიანები… თუმცა რა, რაგინდ შეუძახო, გასაგებია, რომ მგლის თავზე სახარების კითხვა იქნება (თან როგორ “უყვართ” სახარების ხსენება)!
რიგით მოქალაქეებს აინტერესებთ: 1. რა დანიშნულება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს; 2. ვინ აფინანსებს ამდენ არასამთავრობო ორგანიზაციას და რატომ?
პირველ შეკითხვაზე როგორღაც გასცემს პასუხს კაცი თუნდაც საკუთარ თავს, დაზეპირებულ ფრაზას იტყვის, რომ საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს აძლიერებენ, მაგრამ მეორე შეკითხვაზე პასუხის გამცემი, ალბათ, ბუნებაში არ მოიძებნება. განა იმიტომ, რომ ფიზიკურად არ არსებობს, პირიქით, რომ არსებობს და იმალება, იმიტომ.
ბუნებრივია, კვლავ ებადებათ დაინტერესებულ მოქალაქეებს შეკითხვა: კი, მაგრამ, თუ არაფერი დაუშავებია, რატომ იმალება (იმალებიან)?
აი, ამ შემთხვევაში დგება ის მომენტი, როცა ან უმწეოდ უნდა გაშალოს ხელები, ან თვალი გადაავლოს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას, დასკვნა თვითონვე გამოიტანოს და სავარაუდო დამფინანსებელიც თვითონ იპოვოს; ეს კიდევ არაფერი, ამის ძიება იქამდეც მიიყვანს, რა დანიშნულებაც აქვთ არასამთავრობოებს სინამდვილეში…
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინ აუხსნის საზოგადოებას, რატომ არის გასაიდუმლოებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური წყაროები და გახარჯული თანხების მიმართულება?
ამერიკის იურისტთა ასოციაციის ტრენერი, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე ამბობდა: საია-ს ყურს უგდებენ არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ყურს უგდებენ თუნდაც დონორები, ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის განვითარების სააგენტოა (UშAID), რომელიც აფინანსებს საია-ს. ეს სააგენტო იმიტომ არ აფინანსებს საია-ს, რომ მერე უგულებელყოს ასოციაციის დასკვნები. იგივე ეხება სხვა უფლებადაცვით ორგანიზაციებსაც. ისინი იმიტომ ფინანსდებიან საერთაშორისო დონორების მიერ, რომ შეასრულონ ის მისია რომელსაც მათ დონორები უყენებენ. და თუ დონორი არ წყვეტს დაფინანსებას და საია 15 წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდება, ეს იმას ნიშნავს, რომ დონორები კმაყოფილნი არიან.”
საჯარო გახადეთ საპროექტო დოკუმენტაცია, მიღებული საგრანტო განცხადებები, ბიუჯეტები, ანგარიშები შემდეგ კი შექმენით ფორუმი, სადაც ხალხს შესაბამის საკითხზე საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება მიეცემა. ეს გაცილებით უფრო იაფი და მაღალი ხარისხის იქნება, ვიდრე წელიწადში მილიონი დოლარის ხარჯვა. და თუ ამის გაკეთების შიში არსებობს, ბუნებრივია, დაისმის კითხვა: რატომ?!”
მართლაცდა, რატომ?
მაგალითად, კარგად მახსოვს მეგრული ენისთვის რეგიონული სტატუსისა და ავტონომიის მინიჭების მომხრე საზოგადოების აქტივისტების შეხვედრა სწორედ აშშ-ის განვითარების სააგენტოს UშAID-ის ხელშეწყობით რომ მოხდა, “ვიღაცამ” (ვიღაცებმა) კიდევ ერთხელ მოუსინჯეს კბილი ე. წ. მეგრულ სეპარატიზმს და ის “ვიღაც” რუსეთად მოინათლა, არადა, აშშ-მა წაახალისა. მავანი იტყვის, რაღა დროსია ჩავლილი ამბავი, გაეცა იმ შეხვედრის ხელმძღვანელს პასუხიო.
ამ ერთი კაცისა (იური ღვინჯილია) და მცირერიცხოვანი თანამოაზრეების სურვილები თუ პრეტენზიები მხოლოდ ოდიოზურ განცხადებებად მოინათლა და არავინ ჩაეძია, ვინ აყვირებდა ამ ადამიანებს იმ აფხაზეთის საზღვრისპირა რეგიონში, საქართველოს ერთიან სხეულს მოგლეჯილი ნაწილის ბუნებრივ გაგრძელებაში, რომელ აფხაზეთშიც ვიზითაც ვერ შევდივდივართ. ენგურზე უკვე გაგვიდეს საზღვარი, მერე თურმე მდინარე ცხენისწყალზეა გამიზნული სავიზო-გამშვები პუნქტის შექმნა… ჩვენ შეგვიძლია, ერთად მოვაგვაროთ პრობლემები და თუ ვერ მოვაგვარებთ, სხვა მოაგვარებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება. ვნახავთო, იქადნებოდა ღვინჯილია… დროდადრო გამოაძვრენენ ხოლმე მსგავს ღვინჯილიას, კბილს უსინჯავენ, დადგა თუ არა “სამეგრელოს საქმის” დრო. დავიჯერო, მხოლოდ მე ვფიქრობ ასე?
“დღეს თუ არა ხვალ ქართველები დაიწყებენ ბრძოლას კომუნიზმის წინააღმდეგ. მათთან ბრძოლა აფხაზეთიდან, სამეგრელოდან და სვანეთიდან უნდა დავიწყოთ. საჭიროა ავტონომიების წარდგინება, სათანადოდ უნდა გავაღვივოთ ნაციონალური და ტერიტორიული შუღლი. უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ქართველები ჩასახლდნენ აფხაზეთში. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს, რის შემდეგაც ჩვენ შუამავლის როლი უნდა შევასრულოთ.
1961 წელი. მიხეილ ანდრეის ძე სუსლოვი,” _ დღეს ნაკლები “სუსლოვები” არიან თვით საქართველოს წიაღში?
მოკლედ რომ ვთქვათ, საითაც გაიხედავ, UშAID-ია, უფრო სწორად, მის მიერ დაფინანსებული მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი შემდგომი განშტოებები პატარ-პატარა “ენჯეო”-ების სახით, რომლებიც, ყველა ერთად, აგერ, ბატონმა შალვამაც “მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებად” მოიხსენია, რაც თავისთავად “წამყვანსაც” ნიშნავს _ არ მისცე სადავე და არ იქნება წამყვანი!..
ძალზე რეზონანსული ფაქტი იყო, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ამერიკულ სააგენტოს (UშAID) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქმიანობა აეკრძალა. თუმცა ამაზე კატეგორიულ დუმილს ამჯობინებდა ქართული მასმედია.
როგორც ითქვა, რუსეთში ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის ყოფილა, რომ საკმაოდ ხშირად აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობა აცდენილი იყო ოფიციალურად გაცხადებულ მიზნებს _ საუბარია გრანტების განკარგვით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობებზე.
რუსეთის ამგვარი გადაწყვეტილება ვაშინგტონისთვის ლოყაში სილის გარტყმად შეაფასეს თვით ამერიკულ პრესაში.
ეს საშინელი პრეცედენტია, რუსეთის მაგალითს შეიძლებმა სხვებმაც მიბაძონო, – თქვა სიუზან კორკიმ.
რუსეთის მიმბაძველი, ჯერჯერობით, არ ჩანს, აშშ-ის მიბაძვა ვცადეთ და “რუსული კანონიაო”, მაგრამ ტყუილად ხომ არ აყვირდებიან, დასამალი რომ არ ჰქონდეთ ბევრი და მნიშვნელოვანი რამ?
საინტერესოა და გთავაზობთ მაკედონელი ანარქისტების მიერ მომზადებული კრიტიკული ტექსტიდან ამონარიდებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და როლზე თანამედროვე მსოფლიოში.
კითხვა, ვინ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც მასზე პასუხს მივყავართ სხვა კითხვაზე პასუხთანაც, როგორიცაა: ვის ინტრესებს ემსახურებიან ისინი? რა არის მათი რეალური მიზანი და როლი საზოგადოებაში? კითხვა, ვინ აფინანსებს ნჯო-ებს, ფარდას ხდის მათი დამოუკიდებლობისა და არასამთავრობო ხასიათის ილუზიას!

მაია ჭელიძე