საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“დასავლური მედია კორუმპირებულია და მთელ მსოფლიოს ატყუებს…” – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

“დასავლური მედია კორუმპირებულია და მთელ მსოფლიოს ატყუებს…”

 

გაგონილი მაქვს ლეგენდა: საქართველოში კიდევ ერთხელ შემოვარდნილმა თემურ ლენგმა დაინახა, რომ კახელი გლერხი მიწას ხნავს და გულიანად ღიღინებს. მოაყვანინა გლეხი და ჰკითხა, ვინ ვარ, იციო? გლეხმა ახედ-დახედა და _ გიცანი, თემურ ლენგი ხარო. მერე, რა გამღერებს? ხომ ხედავ, მერვედ მოვედი თქვენს შესამუსრად?! _ უყვირა. მერვედ იმიტომ დაგვესხი თავს, რომ შვიდჯერ ვერაფერი მოგვჭამეო, _ წყნარად მიუგო გლეხმა.
ეს თქმულება რამ გამახსენა?
რამ გამახსენა და რუსეთისთვის დაწესებულმა მორიგმა სანქციამ, როდესაც სანქციებში ბრილიანტის (ალმასის) მომპოვებელი კონცერნი “ალროსი” მოხვდა და კვლავ ახალი სანქციების პაკეტს ამზადებენ.
რა უცნაურ სანქციებს უწესებენ რუსეთს?
ბრიტანული გამოცემა “Fინანციალ თიმეს”-ი წერს, რომ 2023 წელს რუსულმა ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს. დასავლეთი თვითონვე ავრცელებს ინფორმაციებს, რომ რუსული ნედლეული არასანქცირებულ ქვეყნებში გადაყიდვის შედეგად ძველებურად ტრიალებს დამსანქცირებელ ქვეყნებში ბევრად გაზრდილი ფასით.
ეს რანაირი დასანქცირებაა, რა თამაშია რუსეთის გამდიდრებისკენ სწრაფვა? უტვინო თავები სანქციებზე ხელმოწერების დართვით ენას ატანენ ძალას?
ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ _ ეს, ერთი მხრივ, მთავრობის სუბსიდირებით წახალისებული ხალხის მიერ დიდი რაოდენობით იპოთეკური სესხების გამოტანამ განაპირობა, მეორე მხრივ, ამ ყოველივეს დაერთო დასავლური კომპანიების მიერ (რომლებმაც სხვა ბრენდის ქვეშ, ანუ შენიღბულად არ განაგრძეს საქმიანობა) რუსეთის დატოვება, რამაც რუსეთში მათ მიერ დატოვებული აქტივების შესყიდვაზე მოთხოვნის ბუმი გამოიწვია.
რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა, რომელთა მიზანი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფინანსური სისტემის სრული იზოლირება იყო, უკუღმა იმუშავა და, შესაბამისად, 2023 წელს რუსულმა ბანკებმა 37 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 16-ჯერ აღემატება.
ბანკების შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი რუსეთში აღებული იპოთეკური სესხების რაოდენობის 34,5%-ით ზრდა გახდა, რაც მთავრობის მიერ გაცემულმა სუბსიდიებმა გამოიწვია. ამ პროგრამების მიზანი ქვეყანაში იპითეკური სესხების მოთხოვნის გაზრდა იყო და შედეგიც დაიდო, 2023 წელს რუსეთში იპოთეკური სესხების რაოდენობის ნახევარზე მეტი მთავრობის სუბსიდიით იყო აღებული. შედარებისთვის, ზოგადად, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 14%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის სუბსიდირებით ეს მაჩვენებელი 8%-მდე იწევს, ახალგაზრდა ოჯახებისთვის კი სულაც 6%-მდე ჩამოდის.
რუსეთის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი ახლა 16%-ია, მას შემდეგ, რაც 2023 წლის ივლისიდან მოყოლებული, ცენტრალურმა ბანკმა ის 7,5%-იდან ხუთ ეტაპად გაზარდა, ასეთი საპროცენტო განაკვეთი კი უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მიხებულ 20%-იან მაჩვენებელს უახლოვდება.
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო უცხოური კომპანიების მიერ ქვეყნის დატოვებამ და მათი აქტივების შეძენამ რუსეთის შიდა ბაზარზე სესხების ბუმი გამოიწვია, ზოგ შემთხვევაში კი მათი ქონების ექსპროპრიაცია დაიწყო. ამ ყველაფრის შედეგად, ქვეყანაში ამ აქტივების შესყიდვის მსურველთა დიდი რაოდენობა გაჩნდა, რომელთაც, თავის მხრივ, რუსეთში სესხზე მოთხოვნა გაზარდეს.
რუსული ბანკების კორპორაციული კრედიტების საერთო პორტფოლიო 2023 წელს 20%-ით გაიზარდა, საიდანაც 5,59 მილიარდი დოლარის ღირებულების სესხები იმ უცხოურ კომპანიებთან დადებულ შეთანხმებებზე მოდის, რომლებმაც რუსეთი დატოვეს.
რუსეთის ცენტრალური ბანკის საბანკო რეგულაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდერ დანილოვმა განაცხადა, რომ ასეთმა შედეგმა გააოცა. მისი თქმით, მარტის თვეში მოელოდა, რომ მოგება ზომიერი და არაუმეტს 11 მილიარდი დოლარი იქნებოდა.
რეკორდული მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ აშშ-ისა და ევროპის მცდელობების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა იმაზე ბევრად მედეგი ყოფილა, ვიდრე წარმოედგინათ.
30 იანვარს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მოსალოდნელია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2024 წელს 2.6%-ით გაიზრდება, რაც, თუ გამართლდა, ოქტომბრის პროგნოზთან შედარებით, ორჯერ უფრო სწრაფი ზრდა იქნება.
ასე ასკვნის საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ეს ინფორმაცია ბიზნესწრეებში ბრიტანულმა გამოცემამაც გაავრცელა, მაგრამ ამით რუსეთს არაფერი უშავდება, პირიქით, მოგებაზეა რეკორდულ მოგებაზეა გასული და ამ გზით განაგრძობს სვლას.
როგორც მოცემულობა გვიჩვენებს, გასაოცრად უცნაურად საზღვრავენ ყველაფერს იმ კოლექტიურ დასავლეთში, რაც რუსეთის ჩამოქცევას უკავშირდება. როგორც ვხედავთ, კოლექტიურ დასავლეთს რუსეთის არც საომარ ველზე დამარცხების შნო ჰქონია და არც არც ფინანსურ მინდორზე. სწორედაც რომ უნიათოები ყოფილან, მხოლოდ პატარა და ღარიბ ქვეყნებს ჩაგრავენ…
თითქოს ეს თავსატეხები არ ეყოფოდათ და ახლა მსოფლიოში ცნობილი ტელეწამყვანი, ტაკერ კარლსონი გამოვიდა ასპარეზზე გამომწვევად. “დასავლური მედია კორუმპირებულია და მთელ მსოფლიოს ატყუებს, ამიტომ ჩამოვედი მოსკოვში პუტინთან ინტერვიუსთვის,” _ განაცხადა მან და ჩაწერა კიდეც ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტთან, რომლის მოსმენა და ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია.
კონსერვატიული შეხედულების მქონე ტაკერ კარლსონის ეს სიტყვები სასტიკად არ მოეწონათ ლიბერასტებს და არა მხოლოდ მათ. შესაბამისად, მყისიერად დაიწყო საუბარი, რომ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს გამო, შესაძლოა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს ცნობილ ჟურნალისტს. ამის შესახებ ახლანდელმა და ყოფილმა ევროპარლამენტარებმა დაიწყეს საუბარი. როგორც ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაი ფერსჰოფტმა გამოცემა “Nეწსწეეკ”-ს განუცხადა, ამ ინტერვიუს, შესაძლოა, რთული შედეგები მოჰყვეს ტაკერისთვის. ევროპელმა კანონმდებელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ტაკერ კარლსონისთვის მოგზაურობის შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ იგი (ტაკერ კარლსონი) დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის იდეების გამხმოვანებელია: “იქიდან გამომდინარე, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, ლოგიკურია, ევროკავშირმა განიხილოს კარლსონის შესაძლო დასანქცირების გზებიც”, _ დაამატა ფერსჰოფტმა.
ტაკერ კარლსონმა მარტივად განმარტა: “ჩვენ არ გვიყვარს პუტინი, ჩვენ არ მოგიწოდებთ, რომ დაეთანხმოთ მის მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ, რომ უყუროთ მასთან ინტერვიუს, რადგან თქვენ რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდეთ.”
რა თქმა უნდა, პუტინის ტაკერთან ინტერვიუ თვით იმ დამსანქცირებლების კანტორას სხვაზე მეტად აინტერესებს, მაგრამ…
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EAშ) არის ორგანიზაციის დიპლომატიური მხარე, რომელიც პასუხისმგებელია საგარეო პოლიტიკაზე. იმისათვის, რომ ინდივიდი ევროკავშირის სანქციების სიას დაემატოს, განსახილველი მტკიცებულებები სწორედ ამ ორგანოს უნდა წარედგინოს. თუ მტკიცებულებები საკმარისად ჩაითვლება, EAშ-ს შეუძლია, წარუდგინოს საქმე ევროპულ საბჭოს, ორგანოს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ე. წ. ლიდერებისგან შედგება, სწორედ ეს უკანასკნელი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ. აქედან გამომდინარე, ტაკერ კარლსონისთვის სანქციების დაწესებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუნდაც ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო ლიდერი ამაზე შეთანხმდეს.
ტაკერ კარლსონს ჯერ ინტერვიუ არ ჰქონდა ჩაწერილი და გამოქვეყნებული, რომ წინსწრებით ატეხეს განგაში, ინტერვიუ მოსკოვისადმი სიმპათიით იქნება განმსჭვალულიო. ლუის გარიკანო, ყოფილი ევროპარლამენტარი დაეთანხმა ფერსჰოფტის მოწოდებას და, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კარლსონი აღარ არის უბრალოდ ჟურნალისტი, ის ევროპის კონტინენტზე ყველაზე სასტიკი რეჟიმის პროპაგანდისტია, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება;
ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და მოქმედმა ევროპარლამენტარმა ურმას პაემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პუტინი არა მხლოდ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ ძებნილი საერთაშორისო სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელსაც გენოციდსა და ომის დანაშაულებში ედება ბრალი. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, რეჟიმის პროპაგანდისთვის, არ იქნება გასაკვირი, თუ კარლსონი სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება, რაც, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვას გულისხმობს.
პუტინი ესაუბრა ტაკერს და ყველა შეკითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გასცა პირდაპირ და სახელების დარქმევით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, საკუთარი დასკვნებიც დადო, ჭკუის დარიგება და ირონიაც არ დაიშურა და, ნეტავ, რატომ უნდა დასანქცირდეს ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო? ეს უკვე სხვა და ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს…
“ეს არანაირად არ არის პრორუსული მიდგომა, არ არის პროუკრაინული ან პროამერიკული, მაგრამ ეწინააღმდეგება ტრადიციული ანგლოსაქსური მედიის პოზიციას _ მისი პოზიცია განსხვავდება სხვებისგან”, _ განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
ტაკერ კარლსონი დასავლური მედიის პირველი ჟურნალისტია, რომელმაც პუტინთან ინტერვიუ უკრინასთან ომის დაწყების შემდეგ და მისი მიმდინარეობისას ჩაწერა. ტაკერმა ასევე ღია სურვილი გამოთქვა, რომ ინტერვიუ აიღოს ვოლოდიმირ ზელენსკისგანაც.
სანქცია! _ სხვა იარაღი და სიტყვა არ აქვს კოლექტიურ დასავლეთს, მაგრამ არ მუშაობს ეს მათი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დასაცინი გახდნენ, ბარემ გადაარქვან რუსეთს სახელი და “სანქცია” დაარქვანო…
ამასწინათ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ტრანსლაციას ვუყურე, მაინტერესებდა, რას იტყოდნენ ახალს და გასაოცარს. გამოვიდნენ: ზელენსკი, ბლინკენი, ლავროვი და სხვანი. ვუსმენდი და ერთი ამბავი გამახსენდა: ორი მომჩივანი მივიდა ბრძენთან. ერთმა თავისი ამბავი უამბო და ბრძენმა გადაუწყვიტა, მართალი ხარო. ახლა მეორემ უამბო თავისი ამბავი და იმასაც იგივე უთხრა, მართალი ხარო. შემსწრემ თავი ვერ შეიკავა და შეედავა ბრძენს, ასე რანაირად იქნება, რომ ორივე ერთდროულად მართალი იყოს ერთსა და იმავე საქმეშიო? ბრძენი დაფიქრდა და _ შენც მართალი ხარო, _ უპასუხა.
ასეა ამათი და მგონი უკვე მეთორმეტედ სანქციებდაწესებული რუსეთის ამბავიც…

ზურა ოშხერელი