საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

შალიკოს ფანჩატურიდან – სალომეს ბუდუარამდე – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

შალიკოს ფანჩატურიდან – სალომეს ბუდუარამდე

 

სანამ ირაკლი კობახიძე არ აასრულებს დანაქადს, რომ მათი “ქართული ოცნების” გუნდის პრინციპი მარტივია _ არცერთი ნაცი არცერთ ორგანოში! და ამ პრინციპით არ იმოქმედებენ მომავალში, მანამდე ყოველთვის გავიმეორებთ, რომ ეს ანგლოსაქსური ქვეყნებიდან კალკირებული ორპარტიული სისტემა სხვა არაფერია, თუ არა ბურჟუაზიის საშუალება დიქტატურის შენარჩუნებისთვის და ის ვერასდროს ვერ უზრუნველყოფს მშრომელთა თავისუფლებას.
ორპარტიული სისტემა არ გამორიცხავს სხვა პარტიების არსებობას, მაგრამ ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო სახელმწიფოს მართვაში რეალურ მონაწილეობას არ იღებენ. ორპარტიული სისტემა უზრუნვეყოფს ბურჟუაზიის ხელისუფლების შენარჩუნებას, იმის მიუხედავად, რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, ამავე დროს, ჩნდება ყალბი დემოკრატიულობა და იწყება საარჩევნო ბრძოლა.
კაპიტალისტურ საზოგადოებაში ბურჟუაზია _ არის გაბატონებული კლასი, რომლის ხელშიც არის სამუშაო იარაღი და საწარმოო საშუალებანი და რომელიც დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას ეწევა.
დღევანდელი მშრომელი ადამიანისთვის არაფერი შეცვლილა. გლეხი ისევ ცალკეა, დანარჩენი? ერთი პატარა მანუფაქტურა ვართ და თავზე აშშ და ევროკავშირი გვადგანან მკაცრ მაკონტროლებლებად…
მაშასადამე, არაფერი შემშლია და არც ის მეშლება, რომ დემოკრატიაში კი არა, კაპიტალიზმში ვართ გადავარდნილები, რადგან, დემოკრატია სახელმწიფო მართვის ისეთი ფორმაა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მის წარმომადგენლებს ეკუთვნით, რომლებიც ხალხის ნებას ახმოვანებენ და ასრულებენ კიდეც.
დემოკრატია მმართველობის ფორმაა, სადაც იერარქიისა და პრივილეგიების ადგილი არ არის, ჩვენ და ყველა, ვინც დემოკრატიის არსებობით თავს იტყუებს, გაქანებულ კაპიტალიზმში ვართ, _ რა პირდაპირი, წარმომადგენლობითი, კლასიკური, დამცავი, ხელშემწყობი და სახალხო დემოკრატია!
სწორედ ამიტომ, ყველა ნაცი პრივატიზებულ ადგილზეა კვლავ და იგივე ირაკლი კობახიძეც ვერ შეასრულებს პათეტიკურად ნათქვამს. შესაბამისად, გამუდმებულ რყევაში ვართ და ვიქნებით, ხან “შალიკოს ფანჩატურის” ამბებს ვარჩევთ, ხან “სალომე ზურაბიშვილის ბუდუარისას” და მომავალში, ალბათ, ვინმეს სახერხი გაგვიხდება გასარჩევი.

“ზურაბიშვილის ბუდუარს” დიდი გარჩევა არც უნდა, ყველაფერი ხელისგულზე იდო იმთავითვე, მაგრამ ახლა, როცა დიდ გადარბენებს აქვს ადგილი დაშლილი სახით წარმოდგენილ კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში”, ერთგვარად, გასართობი მოგვეცა.
დიახ, გასართობი, რადგან, საქართველოში სასეიროდ იქცა პოლიტიკა, ორი-სამი პოლიტიკოსი ამინდს ვერ ქმნის, მხოლოდ სხვათა პოლიტიკის შესაბამისი დათქმა-ვალდებულებების აღმასრულებელი ქვეყანა ვართ…
ჰოდა, მივიღეთ და გვაქვს ის, რაც გვაქვს _ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ქალმა, რომლის რეალური სახელია “არავინ”, კიდევ ერთხელ და, ალბათ, საბოლოოდ, პარლამენტის ტრიბუნიდან თავზე ლაფი წარმატებით დაისხა.
ამ ქალმავე, გაძალიანების გარეშე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი რომ მოაწერა, სიტყვად მიადევნა, “რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირებაო”.
სასეიროა, აბა, რა არის, როდესაც პრეზიდენტი განმარტავს, რატომ მოაწერა ხელი განკარგულებას. რა ვიცი, ნიკა გვარამიას შეწყალებას რატომ მოვაწერე ხელი, განმარტებას არ ვიძლევიო და ახლა რა განმარტება აუტყდა, როდესაც ბატონი კობახიძე მისი ხელმწერის გარეშეც გახდებოდა პრემიერი?
ამ ხელმოწერას, ერჩივნა, მანამდე მოეწერა ხელი გადადგომის შესახებ საკუთარ განცხადებაზე, სანამ “იხვის ჭუკი” გახდებოდა, მაგრამ პოლიტიკაში ტივტივის დაუოკებელმა წყურვილმა სძლია. ისე, ტივტივი რა სახარბიელოა, მაგრამ ამ ქალს ყველაფერი ფეხზე ჰკიდია და ტივტივს რაღა უჭირს…
ხელი მოაწერა, მაგრამ ბოღმა გადმოასხა, თავისი ჩიქორთული მეტყველების იდენტური ჩიქორთულივე აზრებით, ყოფილ პრემიერს, ბატონ ღარიბაშვილს უკბინა. ისე მოიშველია ნიკო ნიკოლაძის თხზულებების რომელიღაც ტომიდან მისი ციტატა, თითქოს დნმ-ის ანალიზის პასუხი ხელში უკავია და დანამდვილებით იცის, რომ ნიკო ნიკოლაძე უდავოდ მისი წინაპარია. ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი სიტყვა თქვა პოლიტიკაში და კიდევ იტყვის, ეს ფუფალა კი დარჩება იმავე ბოლშევიკური სულისკვეთების მენშევიკად.
ეს ქალი, ღარიბაშვილის ვითომ გასაქილიკებლად ნიკო ნიკოლაძის ნააზრევს რომ გვახსენებს, იმაზე რატომ არ ფიქრდება, თვითონ ვინ არის, რა სიცარიელის გროვაა _ მასზე ხომ არც წარსულში, არც აწმყოსა და არც მომავალში ყასიდადაც არ იტყვიან იმ სიტყვებს: საქართველოს ისტორიაში რეზიდენტ პრეზიდენტად და მავანთა მსახურად დარჩება მხოლოდ.
არ ეცალა ფუფალას, საქართველოსთვის საავკაცო ინსტრუქციის გაცნობას დრო უნდა; შემდეგ, იმ ინსტრუქციის ქართულად გადაღეჭვას და აზროვნებაშეზღუდული დაპროგრამებული მავნებელთა რაზმისთვის ნაწილ-ნაწილ გადაცემასაც დრო უნდა, ამიტომ არ მიულოცა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება. ანდა, ძალიანაც კარგად ეცალა, უბრალოდ, მორიელივით სჭირს, ვერ გაასწორა კუდი, მორიგი მავნებლობა ჩაიდინა, რადგან ასეთი დუმილი, ფაქტობრივად, დემარშს ჰგავს. ილჰამ ალიევი მასავით შტერი არ არის, მიხვდება, რაშიც არის საქმე, რომ საქართველოს პრეზიდენტი კი არ ჰყავს, არამედ ასპიტი უზის უბეში, მაგრამ თვით ფაქტს რა ვუყოთ, ვინ მოწმენდს საქართველოს სალომე ზურაბიშვილის უნამუსობას?
ბოლო-ბოლო ნება დართეს, რომ მიელოცა, მაგრამ ეს ლამპარიც აღარ არის…
ამ ქალის ქცევები ყველა ზღვარს სცილდება…
გაპაპაჯორდა პრეზიდენტის სასახლეში და ლენინი რომ კომკავშირელებს შემოიკრებდა და სიტყვაში გამოდიოდა, ისეა ახლა ამ სალომეს საქმეც, მაგრამ დიდი და მნიშვნელოვანი განსხვავებაა სალომესა და ლენინის კომკავშირლებს შორის. ლენინის კომკავშირლებს სამშობლო უყვარდათ, მხოლოდ უკეთესი სამშობლოს იდეით იყვნენ დაბოლილები; სალომეს კომკავშირლები კი ნამდვილად დაბოლილები ისედაც არიან და სამშობლო არ აქვთ. რა იდეა და რომელი სამშობლო, მთავარია, დაფინანსება ჰქონდეთ უხვად და პავლიკ მოროზოვს მამლის ყივილამდე ხუთჯერ გადაასწრებენ.. მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, “ნაცმოძრაობა” თუ მომთხოვს ამას _ სულ ესაა მათი იდეაც და სამშობლოც.
ფაქტი ჯერჯერობით ერთია _ სალომე ოპოზიციას კი აქუჩებს, მაგრამ მათ ლიდერობას თითქოს არ უნდა აპირებდეს. ბოლო-ბოლო, მართლა შტერი კი არ არის ეს ქალი, იცის, რომ ე. წ. ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს და რაში სჭირდება მკვდარზე “ვენოკად” აკიდება?
ახლა მხოლოდ ის არის საკითხავი, პრეზიდენტის რანგში ბოლო გაფართხალება რა ექნება, “ვივამედის პასაჟირის” შეწყალება? სხვას რას უნდა ნიშნავდეს მისი განცხადება, ოპოზიციური ლიდერების დაწუნების დრო არ არისო? ნიღაბი აღარ აქვს ჩამოსახსნელი და ვის გაუკვირდება, რომც შეიწყალოს მაოხრებელი მავნებელი? ჩვენ კიდევ გვიკვირდა, რაც გვარამიამ რეზიდენტ ქალს უშვერი სიტყვები უძახა და სარეცელი უქექა, როგორ შეიწყალაო. ესენი იმთავითვე ერთნაირი უტიფრები ყოფილან და მათგან რა უნდა გაგვიკვირდეს.
ისე, კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა შეაწყალებინონ სააკაშვილი ზურაბიშვილს, რა საჭიროა ორი ნარეზიდენტალ-ნაპრეზიდენტალი, მით უმეტეს, რომ იმავე “ნაცმოძრაობაში” ნაწილს თვითონვე აღარ უნდა, რომ სახელგატეხილი სააკაშვილის ქვეშევრდომად მოიაზრებოდეს. სააკაშვილს ვინ ჩივის, “ნაცობა” სამარცხვინო გაუხდათ და სახელების გადაკეთებაშიღა არიან…
სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული ახალი პარტიის მონახაზში ნათლად იკითხება კოლექტიურ “ნაცმოძრაობასთან” ჩახუტება, მაგრამ პირველ-მესამე პრეზიდენტებმა მარგველაშვილი რატომ “ჩატეხეს”, ის ნაკლები მავნებელია, თუ ცოტა “წაიშტერებს ლოთი მამის პირობებში” და “ნიჩურტა” აქვს?
ეს დაუმარხავი მკვდარი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც იმდენად არის უკვე გადასული ხრწნაში, რომ ნაფლებად იშლება და უფრო და უფრო აუტანლად ყარს, ერთ სხეულად ვეღარასდროს აღდგება, მაგრამ რომც არავინ მარხავს? როგორც ჩანს, მესაფლავეს არ სცალია, ჯერ სხვებს ასაფლავებს და ეს ნაფლეთები ისევ თვითონვე აყრიან ერთმანეთს მიწას _ ეს რა დამართათ ამ ერთმა კაცმა…
მამალი დაუშლელი “ნაცების” გარდა, დანარჩენი ე. წ. ოპოზიცია, ჯერ ისევ ვარაუდშია, რას იზამენ საარჩევნოდ, ვისი ვიოლინო ვის როიალში იქნება, მაგრამ მაინც მჯიღს იცემენ გულზე, 5%-იანი ბარიერის გადალახვა რა პრობლემააო.
მალევე გახდება ცნობილი, ნიკა მელია იქნება ნიკა გვარამიაში თუ პირიქით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, გვარამია მაინც სააკაშვილის რეჟიმის სისხლიან იდეოლოგად დარჩება და მელია ჩვეულებრივ ნაცად, მათ გარდა კი, როცა ყველამ კარგად იცის, ვინ ვისაშია, გინდ “ლელო” დაირქვან და გინდ “ჩელო”, გინდ “გახარიას პარტია” და გინდა _ მომიხარიასი.
“ნიკა მხსნელი”! “ნიკა სტრატეგი”!
ნიკა გვარამიას ხომ გენიოსის ტიტული დაადგეს, დიდი ხანია და თუ ვერ ჩაწვდით მის გენიოსურ სვლას, აგერ, გაგარკვევთ გლობალური პოლიტიკის მეტრი, სექტისგან განდგომილისებრი მეგი გოცირიძე სეფე-სიტყვაში, თუმცა ვის მიმართავს, “ნაცმოძრაობის” რომელ განაყარს, ვერ მივხვდი: “როგორ შეიძლება, თავს თვლიდე სამართლიან ადამიანად, მიგაჩნდეს, რომ ელემენტარულად მაინც ერკვევი პოლიტიკაში და არ გიხაროდეს ნიკა გვარამიას პოლიტიკაში იმ ფორმით შემოსვლა, როცა იმ სეგმენტის დარწმუნებას უნდა შეუწყოს ხელი და თავისკენ წაყვანას, ვისაც არც მიშა უნდა და არც ბიძინას ოცნება, რაც საერთო ჯამში 20%-ზე მეტია და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია “რუსული ოცნების” დასამარცხებლად ერთი და პირდაპირპროპორციულია მიშას ტყვეობიდან დახსნისა _ ორი!
P.შ. ვინც ამ პოსტის ქვეშ გვარამიას დამუნათებას გადაწყვეტთ, აქვე შეგახსენებთ, რომ გვარამიას რაც აქვს მიშას ტყვეობის წამიდან მისთვის გაკეთებული და მისი პარტიისთვის მანამდეც, მეათასედიც არ გაგიკეთებიათ თქვენ და მეტიც, სწორედ მიშას გამოც დააპატიმრეს მათ შორის ნიკა!
ჰოდა, მაპატიეთ თუ სექტას ვერ დავემსგავსები თქვენი ხათრით, ვისაც საერთოდ არაფერი გაგეგებათ არც გლობალური პოლიტიკის, არც რეგიონალურისა და არც ქვეყნის… კრიტიკოსებო და “ყველაფერშიკებო”, მოდი გამოიყვანეთ მიშა ციხიდან, ჩართეთ ღია პოლიტკაში და მერე ნახეთ გვარამია სად დადგება და ვისთან ერთად იბრძოლებს საქართველოსთვის”.
აქეთ, “ვივამედიდან” ნაზიარები გინესის რეკორდსმენობის კანდიდატი, ცოცხალი მკვდარი აძლევს მითითებებს თავის “უძლეველ არმადას” და მათ შორის, სალომესაც, იპოდრომი აღარ არის იქ და იმ სახით, შენ რომ “ქადჟების წასვლა” იწინასწარმეტყველე, დიდო სიბილავ, მაგრამ რუსთაველის პროსპექტი ადგილზეაო. ვაი, შენ, ჩემო სვედამწვარო ჩანჩურა, სალომეს გამოყვანილი ხალხის იმედზეღა რომ დამდგარხარ, ქალმა ევროკავშირის დროშის ევროპის მოედანზე გასასეირნებლად ორას კაცს ძლივს მოუყარა თავი…
ამათ თავისი იდარდონ, მე ჩემი მაქვს სადარდებელი _ როდემდე უნდა გაგრძელდეს და რა ეშველება იმ ქვეყანას, სადაც პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი, ყოფილი სახალხო დამცველი და ა.შ. ყოფილი თანამდებობის პირები საკუთარ ქვეყანას მტრობენ და მისი უფსკრულში დანთქვა უნდათ? სად არის ის კანონი და ვინ მოიტანს მას, რაც ამ სავალალო ბედლამს დაალაგებს?

მაია ჭელიძე