საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ისეთი განათლება, რომელიც კეთილდღეობაში არ გადაიზრდება, საჭირო არ არის! ჩვენს ეროვნულ დამოუკიდებლობას ისე არაფერი შვენის, როგორც ჩვენი ლინგვისტური დამოუკიდებლობა – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

ისეთი განათლება, რომელიც კეთილდღეობაში არ გადაიზრდება, საჭირო არ არის! ჩვენს ეროვნულ დამოუკიდებლობას ისე არაფერი შვენის, როგორც ჩვენი ლინგვისტური დამოუკიდებლობა

 

“საერთო გაზეთის” სტუმარია
ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე:

_ ბატონო ნუგზარ, სასკოლო განათლება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სკოლა უნდა ქმნიდეს საფუძველს, რომ ადამიანებმა ის უნარები შეიძინონ, რაც მათ საკუთარი თავის სრულფასოვან რეალიზებაში დაეხმარებათ. განათლების ხარისხის მხრივ რა ვითარებაა სკოლებში?
_ გეთანხმებით, სასკოლო განათლება ბავშვის მომავლისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენი ცხოვრების გეზს, მიმართულებას, ხარისხს მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა როდი განსაზღვრავს. საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ: მე ერთ-ერთ სპეციალურ ლინგვისტურ სკოლაში ვასწავლი და ბავშვებთან უშუალო შეხება მაქვს. ძნელად მოიძებნებიან ისეთი მოსწავლეები, რომელთაც შესაბამისი ცოდნა აქვთ მიღებული და განათლების მიმართ სწორი მიდგომა უყალიბდებათ. ბავშვების გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, ადვილად, სხარტად უღებს ალღოს, თუ რა უნდა ისწავლოს. თუმცა, უმრავლესობას მითითება სჭირდება, როგორ გამოიყენოს სწორად განათლება. ჩემი აზრით, ამ დროში, როცა ინფორმაციის ბუმია და ბავშვებს სკოლის გარდა, მსოფლიო ელექტრონული ბიბლიოთეკა _ ინტერნეტი აქვთ _ ინტენსიური, პარალელური თვითგანათლება ხდება. ამ შემთხვევაში, ჩვენი ვალია, ბავშვებს არჩევანში დავეხმაროთ, რა და როგორ ისწავლონ. თუ მოსწავლეს სწორად მიუთითებ, როგორ გამოიყენოს არსებული ზღვა ინფორმაცია, ის ამას თავის განათლების ნაწილად გადააქცევს. თანამედროვე პედაგოგიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის.
რაც შეეხება სკოლებში შექმნილ ვითარებას, უპირველესად, ბავშვებს, მათ მშობლებს მინდა ვუთხრა: ღირებული და კარგი ის განათლებაა, რომლის სამომავლოდ კეთილდღეობაში ტრანსლირებაა შესაძლებელი. ჩვენ სწორედ ასეთ განათლებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. მოსწავლეებისგან და მათი მშობლებისგანაც ხშირად ვისმენ, რომ სკოლაში არსებული სწავლებით კმაყოფილნი არ არიან. მეორე მხრივ, მასწავლებლებით კმაყოფილ, ბედნიერ ბავშვებსაც ვხვდები, რომლებიც კარგად ორიენტირებულნი არიან, თუ რა საგნებს და რა დოზით უნდა დაეუფლონ ცოდნის გასაღრმავებლად. სიმართლე გითხრათ, თუ შევადარებთ ახლანდელ და იმ სახელმძღვანელოებს, რითაც ჩემი თაობა ვიზრდებოდით, განსხვავება ძალიან დიდია. დღეს ახალგაზრდებს ყველანაირ ინფორმაციაზე, წიგნზე მიუწვდებათ ხელი, რაც ჩვენს დროში უდიდესი პლუსია.
_ წიგნზე კი მიუწვდებათ ხელი, მაგრამ მკითხველი წიგნს მაინც დაშორდა. ეს რამ განაპირობა?
_ ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, წიგნის “მოკვლა” ვერც ინტერნეტმა შეძლო. ნებისმიერ ქვეყანაში წიგნის მაღაზიები ყვავის. ადამიანები წიგნებს ნამდვილად კითხულობენ. თუნდაც ავიღოთ აეროპორტები, სადაც ყველგან არის წიგნის მაღაზიები. ხალხი წიგნებს მასიურად ყიდულობს. მაშ, პრობლემა რაშია? _ წიგნები ძალიან მომრავლდა, ბევრი იწერება. მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი ოდენობის სხვადასხვა დარგის ლიტერატურა არსებობს. ამიტომ, ჩვენს ახალგაზრდობას ორიენტაციაში უნდა დავეხმაროთ _ რისი წაკითხვა სჯობს, რა არის მისთვის აუცილებელი. ყველაფერი რომ წავიკითხოთ, ამისთვის ჩვენი ცხოვრების დრო არ გვეყოფა. მთავარია, მიხვდე _ რა უნდა წაიკითხო. ამას კი ოსტატობა სჭირდება, რაც ბავშვებს ჩვენ, პედაგოგებმა უნდა შთავუნერგოთ. ზოგი ბავშვი თავადაც მშვენივრად არის ორიენტირებული, მაგრამ წარმოიდგინეთ, ბავშვი, რომელსაც მხოლოდ ერთი მიმართულების, დარგის ლიტერატურა იტაცებს?! ასე ხომ შეიძლება, იგი საჭირო, სხვა დარგსა და მიმართულებას ჩამორჩეს? ამიტომ, ექსპერტის რეკომენდაციის გარეშე მკითხველი დაიბნევა, რას მიანიჭოს კითხვისას უპირატესობა.
დღეს წიგნის კითხვის მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია. 24 საათიდან მესამედი გვძინავს, დანარჩენი დრო ეთმობა ყოფით ცხოვრებას და ინფორმაციის გაცნობას, რისი საშუალებებიც ძალიან მომარავლდა. ადამიანს ვერ დაუშლი, იმას გაეცნოს, რაც აინტერესებს. მაშ, თავისუფლება სხვა რა არის? ჩვენ თავისუფალ სამყაროში მცხოვრები თავისუფალი ადამიანები ვართ და იმას ვეწაფებით, რაც გვაინტერესებს და, ცხადია, რასაც გვთავაზობენ. სირთულე იცი, რაშია? _ სწორად მივხვდეთ, რას მივუძღვნათ ეს დრო და ენერგია, რათა ცხოვრება ფუჭად არ გავატაროთ. ანუ, ამ უზღვავი ინფორმაციის, განათლების მიღების მეშვეობით ცხოვრებისთვის ისე მოვემზადოთ, რომ მომავალში არ გაგვიჭირდეს. ეს რთული მისიაა. არ მგონია, მართებული იყოს, ბავშვებს ყველაფრის წაკითხვა დავაძალოთ. ამდენს ვერ მოასწრებს, ვერ გასწვდება, თანაც, მან მხოლოდ ლიტერატურა ხომ არ უნდა ისწავლოს? ამის გარდა, არსებობს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საგნებიც: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გენეტიკა, მათემატიკა და ა. შ. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებიც 10-12 წლისანი არიან და ცხოვრება ჯერ წინ აქვთ, ვურჩევ: სწორად განსაზღვრონ, შვილებს რა ასწავლონ. მთავარი ესაა. ადამიანისთვის მთავარი წიგნის კითხვა კი არა, ბედნიერად ცხოვრებაა. თუ წიგნის კითხვას ბედნიერება მოაქვს, დაე, იკითხონ.
მსოფლიოში წიგნების ბუმია. დღეს ისეთი წიგნებიც იწერება, რომლებიც კლასიკას სჯობს. ყველაფერი მაინც სტიქიურად მიედინება და ამ ქაოსის წესრიგად ქცევა, ურთულესია. მეტსაც გეტყვი, საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა მაქვს, დაახლოებით, ორი ათასამდე ტომია, აქედან, ერთი-მესამედი წაკითხული არ მაქვს. მათ წაკითხვაზე ვოცნებობ. ვიცი, ისე წავალ ამ ქვეყნიდან, ოცნებას ვერ ავიხდენ. არადა, გადარჩეული მაქვს, რომელი წიგნების წაკითხვაც მინდა. მავანი თუ მხოლოდ წიგნს იკითხავს და მეტს არაფერს გააკეთებს, ჩათვალე, რომ ერთ კვირაში მშიერი მოკვდება. ხომ უნდა იშრომოს, სარჩო რომ მოიპოვოს. ჰოდა ეს შრომა, დროსა და სივრცეში ხდება. მეორე მომენტიც არის _ კითხვისგან სიამოვნებაც ხომ უნდა მიიღო. მე ზოგიერთი გამოჩენილი კლასიკოსის ნაწარმოების წაკითხვას, ხანდახან მირჩევნია, რომელიმე გახმაურებული ბესტსელერი წავიკითხო. არადა, ვიცი, დრო, შეიძლება ფუჭად გადავყარო, რადგან ეს ახალი, თუნდაც ძალიან საინტერესო წიგნები, დროში ისე არაა ჯერ აპრობირებული, როგორც კლასიკა. უბრალოდ, სიამოვნებას ვიღებ. ეს იგივეა, თეატრში სპექტაკლის საყურებლად რომ წავსულიყავი _ რომც არ მენახა, ამით ქვეყანა არ დაიქცეოდა.
_ სულიერი საზრდო ხომ მიიღეთ?
_ კი, ეგ არის, სხვა არაფერი. ეს დიდი ასოებით დაწერეთ, ვიმეორებ: ისეთი განათლება, რომლის ტრანსლირება კეთილდღეობაში არ გადაიზრდება, საჭირო არ არის. თუმცა, განათლება იმისთვისაც გვჭირდება, რათა კარგ, დახვეწილ, კეთილშობილ ადამიანებად აღვიზარდოთ. წიგნს იმიტომ უნდა დაეწაფო, რომ მავნე კი არა, არამედ კეთილი, კარგი ადამიანი დადგე. ამავე დროს, განათლება იმიტომ გვჭირდება, რომ სამომავლოდ კომფორტულად ვიცხოვროთ და არა იმიტომ, რომ ჩვენი განათლებით ვიტრაბახოთ და სხვადასხვა წიგნებიდან ციტატების მოვიყვანა შეგვეძლოს. ანუ, განათლება გვჭირდება იმისთვის, რომ უზრუნველ ცხოვრებაში დაგვეხმაროს. აი, ეს არის ზოგადი განათლების მიმართ ჩემი განწყობა.
_ განათლების ხარისხზე რა გავლენა აქვს რეფორმებს. 90-იანი წლების მერე, საბჭოთა სწავლებიდან ახალ ეტაპზე გადავინაცვლეთ. რა მისცა სკოლას იმ გაუთავებელმა რეფორმებმა, რომლებიც ლომაიას პერიოდიდან მოყოლებული, დღემდე გრძელდება?
_ რამდენად წასწია წინ განათლების სისტემა განხორციელებულმა რეფორმებმა, აამაღლა თუ არა მისი ხარისხი, ან რამდენად შეუწყო ხელი იმას, რომ განათლება შემოსავლად გვექცია, ამის თქმა ძნელია. ამას სათანადო კვლევები სჭირდება. ჩვენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: ბავშვებს მომავალი სპეციალობის შერჩევაში უნდა დავეხმაროთ. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, თუ როგორ უნდა შეარჩიო სპეციალობა, პირველი, მთავარი საყრდენია, რომ განათლება პრაქტიკაში ისე გამოიყენო, საკუთარი კეთილდღეობა გარანტირებული გქონდეს. რამდენად შეძლებ, განათლება ფულად აქციო _ აი, რა არის მნიშვნელოვანი. მეორე, გიხარია თუ არა იმის კეთება, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა აკეთო, ანუ სპეციალობა სურვილის, სიამოვნების მიხედვით უნდა აირჩიო. მაგალითად, თუ სისხლის დანახვაზე ცუდად ხდები, სამედიცინოზე არ უნდა ჩააბარო. სამსახურში წასვლა უნდა გიხაროდეს. მესამე პოსტულატია, რამდენად მოგცემს საშუალებას მომავალში მიღებული განათლება, ზოგადსაკაცობრიო ფერხულში ჩაება და კაცობრიობას სარგებელი მოუტანო. ყველას გვინდა სამშობლოს გამოვადგეთ, ჩვენი კვალი დავტოვოთ. ანუ, აბიტურიენტებს ვურჩევ: სპეციალობის შერჩევისას ამაღლებული მიზნისთვის ბრძოლას დაეყრდნონ.
_ თქვენი აზრით, ამ ამაღლებულ მიზნებს რამდენად ემსახურება ის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ოცი წლის შემდეგ პირველად განახლდა?
_ ზოგადად, სამყაროს მასშტაბით განათლება, როგორც წესი, ცხოვრებას ჩამორჩება. ზოგ ქვეყანაში არის საგანმანათლებლო ოაზისის კერები, რომლებიც ცხოვრებას ფეხდაფეხ მისდევს. ეს ერთეული შემთხვევებია, ისე კი განათლება ცხოვრებას ჩამორჩება. ამიტომაც ვართ უკმაყოფილონი _ ცხოვრება ერთია და ის, რასაც განათლების სისტემა გვაძლევს, აბსოლუტურად სხვა. ეს ზოგადსაკაცობრიო ავადმყოფობაა, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მოვდუნდეთ და ჩვენი განათლების ხარისხის დახვეწაზე, გაუმჯობესებაზე აღარ ვიფიქროთ.
ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებას რაც შეეხება, რა ვიცი, ალბათ, საჭირო რამაა, მაგრამ ეს არ არის პანაცეა. მარტივად რომ გითხრათ, განათლება თავისი საქმის მცოდნე პედაგოგი, ბეჯითი მოსწავლე და კარგი სახელმძღვანელოა. სხვა არაფერია საჭირო. ეს სამი წინაპირობა თუ არ გვაქვს ხელთ, არც ხარისხიანი განათლება გვექნება. ახლა 82 წლის ვარ, სკოლაში 1949 წელს შევედი, ცხრა წლისამ ინგლისურის სწავლა დავიწყე, საკმაოდ ვწვალობდი _ ინგლისური გაზეთებიდან ამონარიდებს ვჭრიდი და ვკერავდი. მერვე-მეცხრე კლასში ინგლისურად იმდენად გამართულად ვსაუბრობდი, ყველას უკვირდა, მათ შორის მათაც, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური იყო: ასე კარგად, ენა სად ისწავლეთო. ანუ, ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, ეს საგანიც მიყვარდა, ბეჯითიც ვიყავი და სახელმძღვანელოსაც ოსტატურად ვიყენებდი. ახლა ცხოვრება ისე შეიცვალა, წიგნი ინტერნეტმა ჩაანაცვლა. ათი წელია, ჩემს ჯგუფთან ერთად ენის სწავლების საინტერნეტო პროგრამა NBღ-ი მაქვს. ეს ენის სწავლების 100%-იან გარანტიას იძლევა.
_ ამ სამი პოსტულატის არარსებობაა იმის მიზეზი, წაკითხულის გააზრებაში 67-ე ადგილზე რომ ვართ?
_ სისტემა რომც შეიცვალოს, ძველი კომპონენტები თუ ისევ დარჩა, ხარისხიან განათლებაზე ოცნება უნდა დავივიწყოთ. შეიძლება, გადასარევი საგანმანათლებლო სისტემა შექმნა, მაგრამ უცოდინარი მასწავლებლები და ზარმაცი ბავშვები თუ გვეყოლება, ხარისხიან განათლებას უნდა დაემშვიდობო. ანუ სისტემა, რეფორმა ბევრს ნიშნავს, მაგრამ არა მთავარს. ბავშვი შეიძლება სკოლაში საერთოდ არ წავიდეს, მაგრამ მშვენიერი განათლება მიიღოს. თუმცა, ისე არ გაიგოთ, თითქოს მე სისტემის წინააღმდეგი ვარ. პირიქით, მე წესრიგის მომხრე ვარ. სისტემა არის წესრიგი. მაგრამ თუ ამ წესრიგში ისეთი მასწავლებლები, მოსწავლეები და წიგნებია “ჩანერგილი”, რომლებიც არ ვარგა, ვერავითარი სისტემა საქმეს ვერ უშველის.
_ ბატონო ნუგზარ, ბოლო დროს არ წყდება დისკუსია თემაზე: უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები. სულ სამი ჰაგიოგრაფიული ტექსტი ისწავლება, რასაც, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ემოციური ინტელექტის, ისე საკუთრი იდენტობის ჩამოყალიბებისთვის. რა კრიტერიუმებით უნდა გადაწყდეს, ამ სამი ძეგლიდან, სწავლებიდან რომელი უნდა ამოვიღოთ, ან გავამარტივოთ?
_ მე, როგორც ადამიანი, რომელსაც საქართველო უყვარს, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას პატრიოტები სჭირდება. სამშობლოს მოყვარული ადამიანი ჟანგბადივით არის _ იგი ქვეყანას ჰაერივით სჭირდება, რომელიც მის განვითარებას ხელს შეუწყობს. სამშობლოს სიყვარული ჩვენს ისტორიასთან, წარსულთან, ლიტერატურასთან, მორალთან, ტრადიციებთან არის დაკავშირებული. პატრიოტს, სამშობლოს მოყვარულს ჰაგიოგრაფიის სწავლების გარეშე ვერ გაზრდი. კი ბატონო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ, რა დოზით მივაწოდოთ ბავშვს ნაწარმოები ისე, რომ სხვა საგნები არ დარჩეს უყურადღებოდ. ტექნიკა და მეცნიერება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ სულიერების გარეშე ყველაფერი კნინდება და ფასს კარგავს. ვფიქრობ, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შეცნობის გარეშე კარგ ქართველებს ვერ გავზრდით. ოღონდ, ამის სწავლება ახირებული, არარაციონალური არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, თუ გალაკტიონის ლექსი შენთვის უცხოა, ვაჟას პოეზია არ გიგრძვნია, “ვეფხისტყაოსანში” გაბნეულ მარგალიტებს არ შეხებიხარ და არ დაგიმახსოვრებია, არ იცნობ ჩვენს ეროვნულ საწყისებსა და კულტურის ისტორიას, საქართველო როგორ გეყვარება, სამშობლოს დახმარება რატომ მოგინდება და მის სასარგებლოდ რატომ იმოქმედებ, ანუ პატრიოტი როგორ იქნები?! სხვა საკითხია: გვჭირდება თუ არა ეს ქართველობა? ჩემი ურყევი პასუხია – გვჭირდება! მაგალითად, მე საკუთარ თავს, პიროვნებას, ჩემი ქართველობის, ქართული ენის, წესისა და ადათის, მეგობრების გარეშე ვერ შევიგრძნობ. ჰოდა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათ შორის ისტორიულ-ბიოგრაფიული, სწორედ ამ ეროვნულობას გვინერგავს. დღემდე მახსოვს ბავშვობაში ნასწავლი ციტატები “შუშანიკის წამებიდან”, “ვეფხისტყაოსნდან”. მეორე მხრივ, რამდენად სწორია, ბავშვებს ციტატები ვაზეპირებინოთ, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის, რომ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას ისევე, როგორც საქართველოს ისტორიას, ზოგადად, ქართულ ლიტერატურას უნდა იცნობდნენ, ეს, ალბათ, სადავო არ არის. აბა, სხვაგვარად სამშობლოს მოყვარული კაცი როგორ უნდა გაზარდო? ერთი სიტყვით, ქართული ლიტერატურისა და მისი ისტორიის სწავლების გარეშე ქართველი ქართველად ვერ გაიზრდება. მე ასე მგონია და რა ვიცი, ხომ არ ვაჭარბებ! მაგალითად, ამერიკაში ბავშვმაც კი ზეპირად იცის ამერიკის დროშისა და რესპუბლიკის მიმართ ერთგულების ფიცი. მან, ასევე ზუსტად იცის, რა არის 1776 წლის 4 ივლისი _ აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღი, ანუ ამერიკის “დაბადების” დღე. ამერიკაში პატრიოტიზმს უდიდესი ყურადღება ექცევა. ამერიკელისთვის პატრიოტიზმი, დროშა და კონსტიტუცია ბევრს ნიშნავს.
_ ჰაგიოგრაფიული ტექსტების შემცირებაზე საუბარი რამდენად შეიცავს რისკს, რომ მალე შეიძლება ვიღაცამ თქვას, “ვეფხისტყაოსანიც” ვრცელი ტექსტია და მისი სწავლება საჭირო არ არისო?
_ გეთანხმებით, ეს რისკი არსებობს. ბავშვებიც დროში შეზღუდულნი არიან, დადიან სპორტზე, მუსიკაზე. მათ გართობა, ბავშვობაც ხომ უნდათ. რამდენი რამ უნდა ისწავლონ?! ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა განათლების რაციონალიზაცია შევძლოთ. ანუ უმცირეს დროში ჩავტიოთ მაქსიმალური ინფორმაცია და საჭირო განათლება. და თუ რა არის საჭირო, ეს სპეციალისტებმა უნდა გვითხრან. აბსურდის, სისულელის კეთების დრო აღარ გვრჩება, მხოლოდ ის უნდა ვაკეთოთ, რაც საჭირო და აუცილებელია. ამ საჭიროებაში კი უნდა მოვაქციოთ განსაკუთრებულად აუცილებელი, რათა რუკიდან არ წავიშალოთ. რატომღაც მგონია, ყოველგვარი ქართულის სწავლას თავს თუ დავანებებთ, საერთოდ გავქრებით. და თუ მნიშვნელობა არ აქვს, ქართველებად დავრჩებით თუ გავქრებით, მაშინ რაღას ვწვალობთ! ვინმემ რომ გითხრათ, 50 წლის მერე ქართველი აღარ იარსებებსო, ხომ ჩათვლით, რომ ყველაფრის სწავლა აბსურდია?! არადა, მართლა გვემუქრებიან პროგნოზებით, მალე ქართველი ერი აღარ იარსებებსო.
_ გასული წლის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. თქვენ განათლების სისტემაში არსებულ არაერთ პრობლემაზე ისაუბრეთ. ჩვენი განათლების სისტემა ევროპულ ოჯახში შესვლისთვის შემაფერხებელ გარემოებად ხომ არ იქცევა?
_ ევროპული განათლების სისტემის დონისგან შორს ვართ. ამ კუთხით დიდი ნაბიჯებია გადასადგმელი. ქართველს, ინგლისელთან და ამერიკელთან შედარებით, ერთი გასაჭირი აქვს _ სხვისი ენა აქვს სასწავლი, რათა თანამედროვე განვითარებულ სამყაროს არ ჩამორჩეს, რასაც მნიშვნელოვანი ეროვნული ძალისხმევა _ დრო, ენერგია, ფული სჭირდება! ალბათ, აქსიომაა, რომ ჩვენი ევროპასთან ბუნებრივი ინტეგრაცია ვერ მოხდება, თუ ქართველთა უმრავლესობას ინგლისური ენა არ ეცოდინება ისე, რომ ეს მისთვის დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობის დასამყარებლად ბუნებრივი საშუალება იყოს. დასავლეთთან ინტეგრაცია და მასთან რეალური კავშირების დამყარება პირდაპირ არის მიბმული ინგლისური ენის ცოდნაზე, ანუ კავშირები ჩვეულებრივი ადამიანების დონეზე უნდა განხორციელდეს. სხვაგვარად ურთიერთობათა ორგანულობას ვერ მივაღწევთ. ინგლისური ენა კი, ამ შემთხვევაში, არის წებო. ამიტომ საქართველოში ინგლისური ენა მასობრივად უნდა გავრცელდეს. ვფიქრობ, ჩემმა ჯგუფმა, NBღ-პროგრამის შექმნით უდიდესი პატრიოტული საქმე გააკეთა. კი, ეს ნამდვილად ეროვნული საქმეა. მთელმა ერმა ინგლისურის სწავლა ამ პროგრამით რომ დაიწყოს, საქართველოში ენის პრობლემა ერთბაშად გადაწყდება. ინგლისურის ცოდნის კუთხით საქმე არც ისე კარგად გვაქვს _ მასამ ენა არ იცის. რუსულის სწავლებას 200-300 წელი მოვანდომეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ასი წლის მერე, ჩინური ენის სწავლა დაგვჭირდეს, მაგრამ დღეიდან კიდევ 50-60 წელი მაინც, ინგლისურის ცოდნა აუცილებლად დაგვჭირდება. ამიტომ ქართველმა ერმა უნდა იჩქაროს, რათა ინგლისური ენა ისწავლოს, რადგან პროგრესი არ გვექნება, თუ არ გავეცნობით იმას, რასაც ევროპა ქმნის _ მეცნიერება და ტექნიკა, ლიტერატურა და კულტურა და ა. შ. სხვა რა არის ევროპასთან კავშირი _ უნდა ვიცოდეთ, რას აკეთებენ, რით ცხოვრობენ, ხომ? და როგორ გაიგებ, რას აკეთებენ? ყველაფერს ხომ არ თარგმნი? ყველაფერი რომ ვთარგმნოთ, მთელი ქართველი ერი თარჯიმნად უნდა იქცეს. ამიტომ ენა თავად უნდა ვიცოდეთ, რათა თარჯიმანი არ დაგვჭირდეს. რატომ ინგლისური? _ იმიტომ, რომ დღეს ასეა, ყველაზე გავრცელებული ენა ინგლისურია. სამყარომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ინგლისური ყველაზე რაციონალური ენაა. მშობლებს უნდა ავუხსნათ, რომ ბავშვისთვის რამდენიმე ენის შესწავლა საჭირო არ არის. რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო _ ეს არაა მაინცდამაინც ბრძნული და პრაგმატული ნათქვამი. მხოლოდ ის უნდა იცოდე, რაც საჭიროა. ენების სწავლას თუ გადაყვები, მეცნიერება გვერდზე დაგრჩება. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერებას უნდა ვეუფლებოდეთ. ენა მეორეხარისხოვანია, მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, რათა დაეუფლო იმას, რაც ძირითადია. ასე რომ, ევროპელობა საქმედ რომ ვაქციოთ, ამისთვის მძლავრი, თავდაჯერებული და პრაგმატული ნაბიჯებია გადასადგმელი, თან, დაუყოვნებლად. ზოზინისა და თავის ფხანის დრო ნამდვილად აღარაა. თუ არ ვიჩქარებთ, რა იცი, რა მოხდება _ იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა!
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ დასავლეთთან დასაახლოებლად ინგლისური ენა უნდა ვიცოდეთ. რაც შეეხება მშობლიურ ენას, სახელმწიფო ენის კანონის მიღებიდან რვა წელი გავიდა. რამდენად ზრუნავს დღეს სახელმწიფო, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ სახელმწიფო ენა იცოდეს?
_ ესეც დიდი ზრუნვის საგანია. მიუღებელი და გულდასაწყვეტია, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფები თავს არ იკლავენ ქართულის სწავლით, რაც მათ სიზარმაცესა და უნიჭობაზე კი არა, არამედ მათი მხრიდან საქართველოს, როგორც სახელწიფოს უპატივცემულობაზე მეტყველებს. წარმოგიდგენიათ, რატომღაც არხეინად შეუძლია მავანს ამ ქვეყანაში ცხოვრება, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა ჩვენი სახელწიფო ენა. დაცინვასავითაა, თითქოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ისეთი მკაცრი და, ამავე დროს, ისეთი სიმპათიური, გონივრული და ჰუმანური სახელწიფო გარემო შევქმნათ, რომელშიც ქართული ენის გარეშე ცხოვრება საჩოთირო და უხერხული იქნება. ასეთი გარდაუვალობა ჩვენს მშობლიურ ქართულ ენასაც გაამაგრებს და განავითარებს. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ქართული ენა და ანბანი ყველაზე ძვირფასი ეროვნული განძია, რაც გვაქვს, გვატკბობს და გვაცოცხლებს. კარგად თუ დავფიქრდებით, ჩვენს ეროვნულ დამოუკიდებლობას ისე არაფერი შვენის, როგორც ჩვენი ლინგვისტური დამოუკიდებლობა.

თამარ შველიძე