საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“კარგია მუდამ მტრიანი” – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

 

“ის, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი და ა.შ. ეს ყველაფერი არის იმ სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი, რაც ვრცელდებოდა. აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი”, _ განაცხადა ბატონმა ირაკლი კობახიძემ.
ნათქვამია, ენას ძვალი არ აქვსო, ვიღაცამ კი დაამატა, განსაკუთრებით მაშინ, თუ კაცები ჭორაობენო. სხვათა შორის, ცხოვრებამ დამანახვა, რომ ამ გამონათქვამის სრულყოფილი ვარიანტი მართლაც გამართლებულია. არასდროს ვმალავ, რომ, რაც ჩემთვის ყურადსაღებია, იმაზე აუცილებლად დავწერ, თუმცა დავინდობ მთქმელებს.
ამჯერადაც ასე მოხდა, სამთავრობო ცვლილებამ ზოგი თუ დაამუნჯა, ზოგს ენის სავსავი დააწყებინა, რაც, არ მიკვირს. მხოლოდ ის გამკვირვებია, როცა ადამიანები ერთსა და იმავეს ხან ჭრიან და ხან კერავენ. ამგვარ ჭორაობაში მხოლოდ ერთი რამ მაოცებს, პეტრეს რატომ ეკითხებიან, რას ფიქრობს პავლე, როდესაც მოფიქრალი პეტრე იქვეა. გავიგეთ, რომ ქუდს მექუდის ნაცვლად მეჯღანე კერავს და პირიქით, მაგრამ მაინც უხერხულია, როცა სხვისი ნააზრევისა თუ ქმედების გამო აზრს ვინმე სხვას ეკითხები, რადგან მიღებული პასუხი ჭორის საწყისი ეტაპია.

როდესაც მთავარი გამოწვევა ეკონომიკური და სოციალური გამოწვევებია, რატომ შეცვალა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკის უცოდინარი ირაკლი კობახიძით? _ ეკითხება ჟურნალისტი ვიღაცას.
მე, მკითხველი, არცერთ მათგანს არ ვიცნობ _ არც ჟურნალისტს და არც რესპონდენტს, ამ დროს ერთი მამაკაცი მეორეს ეკითხება სხვა ორი მამაკაცის შესახებ, მათთან დაკავშირებით მესამე მამაკაცმა რატომ გადაწყვიტა რაღაც ამბავიო. ისიც გასხეპილი პასუხობს. გულთამხილავები არიან ამგვარი პატივცემულები? საბოლოოდ, მკითხველი ჭორაობაში ჩათრეული და ჭორის შემდგომ ეტაპზე გადამყვანი, გამავრცელებელი გამოდის. საზოგადოებრივი აზრის შექმნა სასურველი ინფორმაციის გავრცელებით ხდება, სათითაოდ არავის ჩამოუვლიან სახლებში…
ასე და ამგვარად, მე და სხვასაც გვიმტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ვითომ არ იცნობს საკუთარ პარტიას, უბრალოდ, პარტიის წევრებისა და თვით ივანიშვილისთვის უფრო კომფორტული ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა ყოფილა, ვიდრე ირაკლი კობახიძესთან.
მაშასადამე, გამოდის, რომ ბატონი ივანიშვილი და პარტია “ქართული ოცნება” უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს ღარიბაშვილის დაქვემდებარებაში, ვიდრე კობახიძის ზემდგომობის დროს გრძნობდნენ. მთავარია, კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ, ახლა გინდ დავიჯეროთ, გინდ _ არა!
უბრალოდ, ბატონი ივანიშვილი თურმე ჭკვიანი კაცი ყოფილა, შექმნა რაღაც პარტია და ჩრდილიდან მართავდა, თორემ პარტიას არ იცნობდა, ერთ ღამეს დაესიზმრა რაღაც, თვალი აეხილა და პარტიაც გაიცნო, გაიცნო და მოვიდა, მოვიდა და გადაანაცვლა ორი ირაკლი. ეტყობა, შესაკრებთა გადანაცვლებით რომ ჯამი არ იცვლება, არ იცის…
მთლად საინტერესო! _ თურმე “ქართულმა ოცნებამ” კონტრაქტი დადო სერიოზულ და ძლიერ ებრაულ პიარჯგუფთან, რომელსაც მოშე კლუგჰაფტი ხელმძღვანელობს, კაცი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას წარმართავდა. ახლა იმავე კაცმა “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი მონაცემების ანალიზი დადო, შანსი არ ჰქონდათ გამარჯვების და იმიტომ გამოჩნდა ივანიშვილი, რომ მისმა ავტორიტეტმა ისევ მოაგებინოს “ოცნებასო”. ნამდვილად არ ვიცი ამ ამბის სინამდვილე, გამავრცელებლისადმი ნდობა კი ნულსქვემოთ მაქვს, თუმცა, ასე რომც იყოს, ვერავის დავუდგები თავდებში, მაგრამ თუ ასეა, წამოსაძახებელი რა არის, პირიქით, “ოცნების” მწუხარება წინსწრებით უნდა გაიზიარო, ან პირიქით, წინსწრებით სიხარულისგან აჭყლოპინდე.
მართალია, მაინც და მაინც ვერ ვხვდები, ვინ საით უბერავს და რა ინტერვალით, მაგრამ სამთავრობო ცვლილების გარშემო კითხვა-პასუხებს რა გამოლევს, სანამ ცხელია. შესაბამისად, უამრავი ჭორ-მართალიც დატრიალდა და რატომღაც, კაცები უფრო აქტიურობენ. მთლიანობაში ერთი აზრი იკვეთება, რომ კაცები საშინლად ვერ იტანენ ბიძინა ივანიშვილს და რაღაც ბოღმა აქვთ ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ.
მივყვეთ კაცების ენის სავსავს _ ირაკლი კობახიძეს თურმე კომუნიკაბელურობა (მარტივი ქართული რა საკადრისია) არ უვარგა და თანაც, ფანტომასივით უემოციო სახე ჰქონია. საინტერესოა, ბატონ კობახიძეს ტიკლი-მიკლი უნდა ეცეკვა დროდადრო, თუ როგორ უნდა გამხდარიყო ამხელა თანამდებობის პირი კომუნიკაბელური? რა ვიცი, იქნებ, ჭიქა ღვინოზე უარი უთხრა მავანთ და წიხლი უკრა სუფრაზე, რას გაიგებ…
რა გამოდის, “ქართული ოცნების” წევრებმა ბიძინა ივანიშვილთან იჩივლეს, რაღაც ვერ ვეწყობით კობახიძესო და ბატონმა ივანიშვილმა კვერი დაუკრა, მეც მიჭირს მასთან კონტაქტი, მოდით, როქი გავაკეთოთო?
ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: ჭიჭიკიას ეკითხებიან, ცოლს რატომ შორდებიო? ვერ შევეწყვეო. შე ჩემა, მთელი ქუთაისი შეეწყო და რაღა შენ ვერ შეეწყვეო? რაღაც ამდაგვარი სიტუაცია დატრიალდა _ ბოლო დღეებია, ე.წ. ოპოზიცია ირაკლი კობახიძეს ისე აქებს, ლამის ცაში ვარსკვლავები მოაწყვეტინონ და რას უნდა ნიშნავდეს, ნეტავ? რასაც საქებარ სიტყვებად არ იშურებენ, ის ნამდვილად ისეა, არაფერს იგონებენ, მაგრამ რატომ მოისურვეს მისი ღირსებების დანახვა, არაფერს ამბობენ წყაროზე. რაო, ვისაც ჩვენ ვაქებთ, უდიდესი უმრავლესობა იძულებსო და საზოგადოებას აძულებენ? რა ვიცი, აქამდე უმეცარი და არაპროფესიონალი იყო და ახლა რა მზაკვრობა დაგეგმეს ნაცოფისში?…
სიზმარში თევზის ნახვა ჭორაობა ყოფილა, ჰოდა გზადაგზა ისეთი ამბები გავიგე, ამაღამ წალკის მთელი ტბორების კარასი მე დამესიზმრება!
მოკლედ, თურმე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო პროცესს ირაკლი კობახიძე იმიტომ ჩამოაშორა, რომ ხალხთან ურთიერთობა არ იცის, ღარიბაშვილს კი კარგად გამოსდისო და ჰოპ! ახალი ამბავი! იმიტომ გადაანაცვლა, რომ იმ 9-პუნქტიან მოთხოვნაში ერთი პუნქტი ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის დაკანონებას ეხება, ღარიბაშვილი მაგაზე ხელს არ მოაწერდა, კობახიძე კი ხელისმომწერია და მიუშვაო;
მოიცა, კაცო, ერთიო, 2012 წელს, ღარიბაშვილს რომ სახედრის ჯაფა ედგა, მაგ დროს კობახიძე სააკაშვილს ისე უვარცხნიდა კანონებს, რომ მუდმივად ის ყოფილიყო ხელისუფლებაშიო;
კობახიძე ერთგულს ჰგავს, ასე ჩანს ამ ეტაპზე, მაგრამ არ იქნება ერთგული, მაინც “ნაცმოელიაო”;
კობახიძე პარტიას საკუთარი მომხრეებით ავსებდა, ყოფილი “ედეპეშნიკებით”, რაც ბოლოს ივანიშვილისთვის პარტიის წართმევით დამთავრდებოდა და ამიტომ ჩამოაშორა პარტიას, ღარიბაშვილი კი ერთგულია და ერთგულებს შემოიკრებსო…
კობახიძე ისეთივე უუფლებო იქნება, როგორც პრეზიდენტია, მაგრამ ეს გარედან არ გამოჩნდებაო;
“შესაძლოა”, “ჩემი აზრით, “ვფიქრობ”, “მგონია”, “სავარაუდოდ”, “და სხვა” “ა. შ.” და მართლაც ასე შემდეგ, ის სიტყვებია, რომლით შეკითხვის დასმაც, საუბრის დაწყებაც და დასრულებაც, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ორმა ადამიანმა დადასტურებულად არაფერი იცის, მხოლოდ უძვლო ენის საქნევად არის განწყობილი. ეს ის სიტყვებია, რის შემდეგაც ყველაფრის თქმა შეგიძლია ენაქნევიას _ თუ ნათქვამიდან ერთი მაინც შემთხვევით დაემთხვა, ანალიტიკოსის სახელი და დიდი ექსპერტისა, ზედ აკრია “არიციას”. სწორედ ამიტომ გვყავს ამდენი ყველაფრის ექსპერტი და ყოვლისმცოდნე…
ტიპს ჰკითხეს, თავი რად გინდაო? აბა, ბალიშზე რა დავდოო? _ გაუკვირდა შეკითხვის ადრესატს…
მართალია ის ტიპი, თავი თუ არ ექნა, რა უნდა დადოს ბალიშზე?
მართალია სხვა ტიპიც, როცა, რასაც უნდა, იმას იფანტაზიორებს, ვისაც ამოიჩემებს, იმას დააბრალებს რასაც უნდა და კანონიც ვერ შეეხება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთ ენაჭარტალობასა და ჭორების შეთხზვაზე, რასაც ცილისწამება ჰქვია, კანონი არ არსებობს, რადგან წინამორბედმა ხელისუფლებამ გამიზნულად გააქრო.
მოკლედ რომ ვთქვა, უძვლო ენის გამო ჭორ-მართალში გავიხლართე, მაგრამ ერთ ურყევ ჭეშმარიტებას კი მივაგენი: უძვლო ენა, დამოუკიდებლად ვიწრო წრეშია (სამეზობლო, სამეგობრო, სანათესაო და ამგვარები) ეფექტური, საზოგადოებისთვის უცნობი რჩება მისი გარჯა. იმისათვის, რომ უძვლო ენამ მასებზე იმუშაოს, სჭირდება ინტერვიური. დიახ, ინტერვიუერი და არა ჟურნალისტი!
ისე გამოაქვათაყურეს თვით ჯიბეში დიპლომჩადებული ე. წ. ჟურნალისტები, რომ თავადვე არ იციან, რას წარმოადგენენ, ჟურნალისტები არიან, ინტერვიუერები თუ კორესპონდენტები, მთვარია, ჯობეში ჟურნალისტის დიპლომი უდევთ!
საზოგადოებამ სიტყვა “ჟურნალისტი” შეიძულა, ფაქტობრივად, ინტერვიუერებისა და კორესპონდენტების გამო. კი, ჟურნალისტსაც შეუძლია იგივე მავნებლობა და უფრო მეტადაც, მაგრამ ის, რაც მოგახსენეთ, ასე კვალიფიცირდება ერთიან ჟურნალისტიკაში.
უძვლო ენის მქონე ადამიანის ტვინის მოძრაობა და მხარე ინტერვიურის ტანდემი ქმნის ჭორს, რადგან არცთუ იშვიათად, თუ ადამიანს სჭირდება 2 წელი წელი, რათა ლაპარაკი ისწავლოს, 60 წლის განმავლობაში ვერ უსწავლია, რა ილაპარაკოს.
ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორც ფრენკ ზაპმა თქვა: როკ-ჟურნალისტია, როდესაც ტიპები, რომლებმაც არ იციან წერა, ინტერვიუს ართმევენ ტიპებს, რომლებმაც არ იციან ლაპარაკი, ტიპებისთვის, რომლებმაც არ იციან კითხვა…
კაცმა რომ თქვას, მართლაც ასეა, ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მათი მოსმენა…
რატომღაც ქალების ჭორიკნობა აქვთ წინ მოგდებული, არადა, კაცებს სცოდნიათ _ მტრისას!…
სირცხვილია, კაცებო-მეთქი, ვერ ვიტყვი, მხოლოდ სქესს შევეხები: სირცხვილია მამრებო!
P.შ ერთი რამ მაინტერესებს: პირადად მე, სამთავრობო გადაადგილების შესახებ წინსწრებით ნიკა გვარამიასგან გავიგე; ყველაფერზე, რაც “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით წინსწრებით ხდება ცნობილი, წყარო ყოველთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია. ამ ბოლოს დროს, მხოლოდ ერთხელ არ იცოდა “ნაცმომ” და, შესაბამისად, არავინ, რომ გათენდებოდა დილა და ბატონი ივანიშვილი გვეტყოდა, ისევ დავბრუნდიო. ნეტავ, რამდენმა ადამიანმა იცოდა მისი ამ მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ, ვინ იყვნენ ის თავდაჭერილი უტყვი ერთგულები?!
ბრძენს საქვეყნო დარდით სავსე კაცი მიადგა, რა გვჭირს, რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავსო? იმ ბრძენკაცისა არ იყოს, ვიღაც რომ მომადგეს და მკითხოს, რა გვჭირს ადამიანებს, რა უბედურებააო, მეც იგივეს ვეტყოდი რაც იმ ბრძენმა უთხრა:
_ ის შუშის ნატეხი მომაწოდე, მაგიდაზე რომ დევს და შიგ გაიხედე, მიპასუხე, რას ხედავ?
_ აყვავებულ ხეებს, ეზოს, სადაც ბავშვები ჟრიამულობენ, ლურჯ ცას… _ მიუგო მომსვლელმა.
ბრძენმა მცირეოდენი ვერცხლი გადაუსვა შუშას და მიაწოდა, ახლა გაიხედეო.
_ რას ხედავ? _ ისევ ჰკითხა ბრძენმა.
_ რას დავინახავ, ეს ხომ სარკედ იქცა, მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავ, _ მიუგო დაბნეულმა.
_ რაში ყოფილა საქმე _ საკმარისია მცირეოდენი ვერცხლი, რომ მხოლოდ საკუთარი თავი დაინახო და სხვა ვეღარაფერი _ ეს გჭირთ, _ მიუგო ბრძენმა.
ასეთი ამბავი გვჭირს ნამდვილად!
“ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი-ო”, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო, როდესაც მავნებლურ ნალაპარაკევს ისმენს ალალ-მართალი ადამიანი…
ყველა შემთხვევაში, ორივე ირაკლის ღირსეულ თავკაცობას ვუსურვებთ ახალ პოზიციებზე!

მაია ჭელიძე