საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

პატიმარმა სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს და არა “ვივამედის” ლუქსში – საერთო მედია
მარტი 2, 2024

პატიმარმა სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს და არა “ვივამედის” ლუქსში

 

გვესაუბრება ექსპერტი
მირიან ყარაულაშვილი:

_ ბატონო მირიან, სანამ საუბარს დავიწყებდით, ტელევიზორს ვუყურებდი, ნოდარ მელაძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით აპოკალიპტური სურათი დახატა.
_ პირველ რიგში, მინდა “საერთო გაზეთის” რედაქტორს, კოლექტივს ჩემი დიდი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ. საქმე ის არის, რომ ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ და წარმოდგენა არ მაქვს, თქვენ მიერ ნახსენები ტიპი ვინ არის.
მე უკვე ხუთი წელია ამ ბედნიერებაში ვცხოვრობ. გიდასტურებთ, ნამდვილად ბედნიერი ვარ, რადგან ბოლოს და ბოლოს შევიგრძენი, თუ რას ნიშნავს დაწყნარებული ნერვებით ცხოვრება. თქვენც იმავეს გირჩევთ. რაც შეეხება საკადრო გადაადგილებებს, ამაში საპანიკოს ვერაფერს ვხედავ. ღარიბაშვილმა ყრილობაზე განმარტა, თუ რატომ დატოვა თანამდებობა. ზოგი ტრაბახობს: ინსაიდერი მყავს და ვიცი, პრემიერი რატომაც გადადგაო. მე საიდუმლო ინფორმაციას არ ვფლობ. ჩემთვის ღარიბაშვილის ნათქვამიც საკმარისია. მისი კარგად მესმის _ თითქმის სამი წლის განმავლობაში დაძაბულ რეჟიმში მოუწია მუშაობამ. მან 2020 წლიდან მოყოლებული, არაერთ შიდა თუ საერთაშორისო გამოწვევებს ღირსეულად გაუძლო, თანაც ყოველგვარი შეცდომების გარეშე. ეს რომ შეძლო, რკინის ნერვული სისტემა და ჯანმრთელობა უნდა გქონდეს. ამ ურთულეს, დაძაბულ პერიოდში მან სახელმწიფო და პოლიტიკური გუნდი დანის პირზე ატარა. ჩემთვის მისი გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა. გადაწყვეტილება რომ თავად მიიღო, ეს პარტიის საპატიო თავმჯდომარემაც დაადასტურა. არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ მათ სიტყვას არ ვენდო, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ეს გუნდი ქვეყნის განვითარების, წინსვლისთვის ძალისხმევას არ იშურებს.
მოგეხსენებათ, ავადსახსენებელმა კოაბიტაციამ ქვეყნის განვითარება შეაფერხა, რადგან ერთ უღელში შებმული პოლიტიკური ძალები ჭაპანს სხვადასხვა მხარეს ეწეოდნენ. თუმცა ივანიშვილმა თავისი უზადო ავტორიტეტის წყალობით შეძლო, საქართველო განვითარების სწორ რელსებზე გადაეყვანა. ამას ცხადჰყოფს ქვეყნის რეიტინგები, რაც “მსოფლიო ბანკის”, “სავალუტო ფონდის” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასტურდება.
ღარიბაშვილის გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკური იყო. თანაც, ცვლილება საარჩევნო წლის დასაწყისში განხორციელდა. ცნობილია თარიღიც, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, რისთვისაც მმართველი პარტია სერიოზულად უნდა მოემზადოს. შედეგად, პარტიის სათავეში რეიტინგული პიროვნება უნდა იდგეს. ასეთი პიროვნებაა ღარიბაშვილი, რომელსაც მთავრობაშიც, პარტიაშიც და, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობაშიც ურყევი ავტორიტეტი აქვს. ამ ყველაფერს ის სააგენტოებიც ვერ მალავენ, რომლებიც “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი. რაც შეეხება კობახიძის პრემიერ-მინისტრად წარდგენას, ესეც ლოგიკური გადაწყვეტილებაა. კობახიძე მაღალი კლასის იურისტი და საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი ძირითადი ავტორია. მან საქართველოს კონსტიტუცია საკუთარი შვილივით დაბადა, გაზარდა და აღზარდა. მიმაჩნია, რომ კაცმა, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობის უნაკლო დოკუმენტის შექმნას შეუწყო ხელი, ქვეყნის მართვას უპრობლემოდ შეძლებს.
გავეცანი სამთავრობო პროგრამას _ “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”. ირაკლი კობახიძემ წარადგინა პროგრამა, თუ რა მიმართულებით იმუშავებს მთავრობა არჩევნებამდე. ყველა პუნქტი გათვალისწინებულია, რითაც ქვეყანა არჩევნებამდე ღირსეულად უნდა მივიდეს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში მმართველი ძალა კიდევ ერთხელ არამარტო გაიმარჯვებს, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობასაც მოიპოვებს. რა რეაქცია ექნებათ ამაზე ეგრეთ წოდებულ გაკოტრებულ ოპოზიციას და მათ პატრონებს, ძნელი მისახვედრი არ არის. დღეს ოპოზიციური პოლიტიკური ველი აბსოლუტურად მოცარიელებულია და ჭაპანის გაწევა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” უწევს.
_ ოპოზიცია ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მერე შოკიდან ვერ გამოდის. მიშამ დაიქადნა, პოლიტიკაში ჩემს როლს გავაძლიერებ და არჩევნებსაც მოვიგებთო. კი აღნიშნეთ, ოპოზიცია გაკოტრებულიაო, მაგრამ როგორ შეაფასებთ არჩევნებში მათ შანსებს?
_ გაკოტრებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა რა არჩევნები უნდა მოიგოს?! ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, პრეზიდენტყოფილი, საერთაშორისო თაღლითი, სისხლის სამართლის დამნაშავე, ჰოსპიტალში ოროთახიან ლუქსში რატომ ცხოვრობს. “საერთო გაზეთის” ფურცლებიდან ხელისუფლებას მივმართავ და კატეგორიულად მოვითხოვ: აღსრულდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და სააკაშვილის პრივილეგირებულ პატიმრობას წერტილი დაესვას. პატიმარმა სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს და არა “ვივამედის” ლუქსში. ზოგადად, ოპოზიცია რომ მკვდარია, სამწუხარო ფაქტია. ეს მმართველ პარტიას თითქოს კომფორტს უქმნის, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ოპონენტი არ გყავს, ვინც შეცდომაზე არგუმენტირებულად მიგითითებს, სახელმწიფო სიფხიზლეს, აქტიურობის, განვითარების უნარს კარგავს. პროგრესი, განვითარება ჯანსაღ კონკურენციაში, ოპონირებაში იბადება. ამიტომ ვისურვებდი, გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მმართველ პარტიას ღირსეულ ოპონირებას გაუწევს. სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკური ძალის ჩანასახს დღეს ვერ ვხედავ. ნაცების ლიდერ კომიკურ პერსონებზე აღარ შევჩერდები. არც მევახშეების ეგრეთ წოდებულ პარტიაზე მინდა ლაპარაკი, რომელთაც “ლელო” დაირქვეს. ბიზნესმენმა ბიზნესს უნდა მიხედოს და პოლიტიკოსმა _ პოლიტიკას. არ შეიძლება, ბანკირი ადგეს და ბანკის მთელი კოლექტივი პოლიტიკაში გადმოსხას.
პოლიტიკური რადარებიდან “რესპუბლიკური პარტია” საერთოდ გაქრა. ასევე, გაქრა ყველა ფსევდოლიბერალური მოძრაობა, რომლებიც ლიბერალიზმის იდეასაც ღალატობენ, არცხვენენ კიდეც და წარმატება ვერც სხვა განზომილებაში მოიპოვეს. დიდი მწუხარებით ვამბობ, რომ რიგმა ინდივიდუალურმა პოლიტიკოსებმა საქართველოს პოლიტიკურ ველზე თავიანთი ქმედებებით, რიტორიკით, პოზიციონირებით საკუთარი თავი დაიზიანეს.
_ მოკლედ რომ შევაჯამოთ, რადიკალების გემი იძირება? _ ხაზარაძეს მუსტანგმა უმტყუნა, მიშას _ ნერვებმა, კეზერაშვილს _ ხაბეიშვილმა…
_ თუკი ამ შედარებას გავყვებით, ყოველთვის მუსტანგის იმედზე კოვბოიც არ არის ხოლმე. მუსტანგის თვისება სწორედ ის არის, რომ გაუთვალისწინებელი ნაბიჯი, ნახტომი უნდა გააკეთოს. ამ გაუთვალისწინებელი ნახტომებით კი პოლიტიკაში საქმე არ კეთდება.
_ ოპოზიციასთან ერთად მის ტელევიზიებსაც დაეტყო, რომ ხავსს ეჭიდებიან. ყრილობაზე გასაკრიტიკებელი რომ ვერაფერი იპოვეს, დაითვალეს, ღარიბაშვილმა და კობახიძემ ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერ ახსენეს.
_ გასაკვირი არაფერია იმაში, თუ “ქართული ოცნების” ლიდერებმა მადლიერების ნიშნად პარტიის დამფუძნებელს მადლობა უთხრეს. საჩოთირო არაფერია იმაში, თუკი პრემიერობაზე წარდგენილი პირი რეკომენდატორს მადლობას ეტყვის. პირიქით, უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა. ოპოზიციის რიტორიკას ერთ პატარა მომენტს დავუპირისპირებ და ყველაფერი ნათელი გახდება: “საერთო გაზეთის” მკითხველს ემახსოვრება, არჩევნების წინა პერიოდში საქართველოში სარკოზის ვიზიტი. მას, ბუშის მსგავსად, შეხვედრა თავისუფლების მოედანზე მოუწყვეს. საღამოს, პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალურ მიღებაზე კი, მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს სარკოზისთან სასაუბროდ მისმა დედამ, მეუღლემ, ბებიამ, უფროსმა ვაჟმა მიასწრეს. თუ პრეზიდენტთან შეხვედრაში, რასაც პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, შეიძლება მონაწილეობა ოჯახის წევრებმაც მიიღონ, მაშინ რატომ არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე ლიდერებმა მადლობა გადაუხადონ მის დამფუძნებელს, მთავარ სპონსორსა და წარმმართველ ძალას.
_ ნატა ფერაძის ხუთდღიან პატიმრობაზე რა მოსაზრება გაქვთ?
_ საკმაოდ ცუდი. განა შეიძლება ნატა ფერაძის საქციელის შესაბამისი სასჯელი ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა იყოს?! ეს იმდენად მცირე ვადაა, რომ ქალბატონი ნატა ციხის კამერაში ახალგაკეთებული სვირინგის მოშუშებასაც ვერ მოასწრებს. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან უსამართლო სასჯელია. ქართველ იურისტებს მოვუწოდებ, საქართველოს კანონმდებლობას _ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებს კარგად გადახედონ და ფერაძის ქმედებას შესაბამისი მუხლები მოუძებნონ. პირველ რიგში, ადეკვატური რეაგირებისკენ მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას.
_ მავანი ევროკავშირის დროშის დაწვისთვის ექვსწლიან სასჯელს აპროტესტებს. შერჩევით სამართალზე საუბრობენ, ხუთ დღესა და ექვს წელს შორის დიდი სხვაობააო…
_ ნებისმიერი დროშის დაწვისთვის პირადად მე ძალიან მკაცრ სასჯელს მოვითხოვ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ექვსი წელი იქნება, ათი თუ თხუთმეტი. არათუ ევროკავშირის, ნებისმიერი სახელმწიფოს სიმბოლიკის შეურაცხყოფა უდიდესი დანაშაულია და მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში. არ ვიცი, ვინ მეთანხმება და ვინ _ არა, მე სწორად ასე მიმაჩნია.
_ ტერორიზმთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებისთვის ბექა ვარდოსანიძე დააპატიმრეს, მავანმა კი ის ივანიშვილის პოლიტპატიმრად მონათლა…
_ ვარდოსანიძე კომიკური პერსონაჟია. ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, საერთოდ, სირცხვილია. იგი ნარცისიზმის უკიდურესი ფორმითაა შეპყრობილი. აქამდე მისი არსებობის შესახებ არც ვიცოდი. უბრალოდ, კომიკური კლოუნია.
_ ევროკავშირის ელჩმა განგვიცხადა, თუ დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაატარებთ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე ფიქრი, დაივიწყეთო.
_ საქართველოში, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ამაზე საერთაშორისო კომპეტენტურ, ღირსეულ, ავტორიტეტულ ორგანიზაციებს პროტესტი არ გამოუთქვამთ. დიახ, არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებაში ეჭვი არავის შეუტანია. არჩევნების შედეგები ყველამ აღიარა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიც დემოკრატიულად, გამჭირვალედ უნდა ჩატარდეს. წელს არჩევნები ელექტრონული სისტემით ტარდება, რასაც, როგორც სისტემის ტექნიკოსი ინჟინერი, მივესალმები. ეს პროგრესი, წინგადადგმული ნაბიჯი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ევროკავშირის ელჩის მოვალეობა არ არის, შეაფასოს, დემოკრატიულად ჩატარდა თუ არა არჩევნები. ჯერ ერთი, არ ვიცი, ელჩები რატომ იღებენ საკუთარ თავზე იმ ფუნქციას, რაც მათ საქმიანობაში არ შედის. ელჩის ფუნქციას ვენის კონვენცია განსაზღვრავს, მაგრამ დღეს ყოველგვარი ლოგიკა, საერთაშორისო კანონმდებლობა, საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკა დარღვეულია. პლანეტა ტურბულენტურ მდგომარეობაშია. ასე რომ, გასაკვირი აღარაფერია.

თამარ შველიძე