საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დაიბადა ახალი საქართველო, რომელსაც საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლია! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

დაიბადა ახალი საქართველო, რომელსაც საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლია!

“საერთო გაზეთის” სტუმარია
კინორეჟისორი
გოგა ხაინდრავა:
– ბატონო გოგა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ყოველთვის გარდაუვალი აუცილებლობის დროს ჩნდება. ასე იყო 2012 წელსაც, როცა ხელისუფლებიდან სისხლიანი რეჟიმი გავისტუმრეთ. ახლა რა გამოწვევების გამო დაბრუნდა?
– 2024 წელი ჩვენი და, ზოგადად, მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. მსოფლიო რადიკალურად იცვლება – ყველაფერი, რაც ანგლოსაქსური ცივილიზაციის მიერ იყო ნაშენები, დაინგრა. რეალურად, აბსოლუტურად ახალი კონფიგურაცია ყალიბდება, სადაც აშშ-ს, ასევე, ევროკავშირსაც ჰეგემონის როლი აღარ ექნებათ. ამიტომ მსგავსი მსოფლიო გამოწვევების ფონზე ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ რთულ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა მნიშვნელოვანია. იგი მსოფლიო მასშტაბის ფიგურაა და ახლა მისი პოლიტიკაში შემოსვლა საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ჩვენს წიაღში დღეს სულ სხვა ქვეყანა იშვა. კერძოდ, ქვეყანა, რომელსაც საკუთარი ინტერესების დაცვის უნარიც გააჩნია, შესაძლებლობაც, ნიჭიც და მოთხოვნილებაც, რაც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე სულ სხვაგვარად წარმოაჩენს. ამის მაგალითია თუნდაც ეპოქალური მნიშვნელობის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩინეთთან დადებული ხელშეკრულება და, ზოგადად, ის ურთიერთობები, რაც ჩვენსა და ჩინეთს შორის ყალიბდება. ასევე, აღსანიშნავია ის ურთიერთობებიც, რაც ჩვენსა და არაბულ ქვეყნებს შორის იბადება. ამ ახალმა შესაძლებლობებმა, ივანიშვილს სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა. მან გაიაზრა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი ერის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა და პოლიტიკაში დაბრუნებისკენ ნაბიჯიც ამიტომ გადადგა, რაც აბსოლუტურად მართებულად მიმაჩნია და ამისთვის მადლობას ვუხდი.
– ამ ნაბიჯმა “ნაცმოძრაობა” ნოკაუტში ჩააგდო. როგორია მათი შანსები პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნების ფონზე?
– ჩვენ, სამწუხაროდ, პოლიტიკური ოპოზიცია არ გვყავს, ესენი უცხო ქვეყნების ინტერესების დამცველი ხალხია, რომლებიც თავის სამშობლოს კი არა, იმ ძალებს ემსახურება, საიდანაც დაფინანსებას იღებს. მათი ნაწილი ჯაშუშები არიან. მაგალითად, თინა ხიდაშელი, რომელიც არაღიარებული ტაივანის ინტერესებს იცავს. ანუ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდება. ჯაშუშთა რიგებში არიან: კიკუ ვაშაძე, გირჩი-ზურაბ შარვალჩახდილი, ლიაკა ხოშტარია, რომელიც რუსეთის ინტერესებს ღიად ემსახურება და ამაში გასამრჯელოს იღებს, მაგრამ ეს არ აღელვებთ იმ ყბადაღებული დასავლური ღირებულებების მატარებელ საელჩოებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. ანგლოსაქსურმა ცივილიზაციამ საკუთარი თავი ამოწურა, რის შედეგებსაც ყოველ ნაბიჯზე ვიმკით.
რაც შეეხება ხიდაშელს, რომელსაც ოპოზიციური ტელეარხები ჭკუას, როგორც ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ისე ეკითხებიან, ყველამ ვიცით, რომ იგი წლებია, ამერიკის დაზვერვის თანამშრომელია. ბუნებრივია, მას მაღალი ავტორიტეტი აქვს. ამ თვალსაზრისით არც ქმარი ჩამორჩება. ერთ დროს ეს თანამშრომლობა საქართველოსთვის სასარგებლო იყო, რაც დაფარული არ ყოფილა. დღეს ხშირ შემთხვევაში, აშშ-ის ინტერესები საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან თანხვედრაში არ არის. როცა სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურები, ბუნებრივია, ეს საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს მხოლოდ ხიდაშელს კი არა, სალომე სამადაშვილსაც ეხება, რომელიც ევროპული სტრუქტურების გამოგზავნილი და მათი მსახურია. ხოშტარიაზე უკვე მოგახსენეთ, იგი რუსულ სადაზვერვო ინტერესებს ემსახურება. აქვე უნდა ვახსენოთ სააკაშვილიც, რომელიც რუსეთსაც ემსახურებოდა და აშშ-საც. ორმაგ აგენტებს მსოფლიო ისტორია მრავლად იცნობს.
– საპარლამენტო დელეგაცია ხუთდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. ოპოზიცია მაშინვე აყვირდა, ეს კომუნისტური ჩინეთით დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობააო…
– ამ აგენტურას ოპოზიციას ნუ უწოდებთ. განა შეიძლება ნამდვილ ოპოზიციას არ ესმოდეს, რა მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობას ეკონომიური, პოლიტიკური, თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით?! კიკუ ვაშაძეზე უარესი ბეცი უნდა იყო, ეს რომ ვერ გააცნობიერო. ოპოზიციას მშვენივრად ესმის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფასი, მაგრამ თავს იბეციანებენ, რადგან პატრონის დავალებას ასრულებენ. ეს, პირველ რიგში, აშშ გახლავთ, რომელსაც ჩინეთთან პრობლემები აქვს და საქართველოსთან მისი ურთიერთობა არ მოსწონს. ამ დროს ჩინეთთან მშვენივრად ვაჭრობენ და იქ ბლინკენსაც აგზავნიან. ახლახან ჩინეთში ევროკავშირის წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ. მათთვის ჩინეთთან ურთიერთობა შეიძლება და ჩვენთვის არა?! თურმე, ჩვენ დასავლეთის ვასალები უნდა ვიყოთ და ხან ერთ კართან ავეტუზოთ, ხან – მეორესთან.
ეგრეთ წოდებულმა ლიბერასტულმა პოლიტიკამ მთელ მსოფლიოში კრახი განიცადა. იგივე ხდება საქართველოშიც – ლიბერასტები სასოწარკვეთილნი არიან. ამიტომ ცდილობენ, ქვეყანა არიონ, მარშებს აწყობენ და დამნაშავეების გათავისუფლებას ითხოვენ. მადლობა ღმერთს, ქართული საზოგადოება საიმისოდ მომწიფდა, რომ თეთრი და შავი ერთმანეთისგან გაარჩიოს. შავ ფერს, მიუხედავად იმისა, ადგილობრივი წარმოების იქნება თუ იმპორტირებული, მშვენივრად ვარჩევთ. ასე რომ, საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია არ ჰყავს, რაც სახელმწიფოსთვისაც ცუდია და მმართველი ძალისთვისაც – როცა ცივილური კონკურენტი არ გყავს, ბევრი საფრთხე იჩენს თავს.
რაც შეეხება კომუნისტურ ჩინეთზე აპელირებას, ეს ზღაპრები “ლელოს” ოფისში ერთად რომ შეიკრიბებიან, იქ მოყვნენ. ხაზარაძემაც და უსუფაშვილმაც კარგად იციან კომუნისტური ფილოსოფია, ორივე კომკავშირის გამოზრდილები არიან და ვურჩევ, კომუნისტურ ჩინეთზე ერთმანეთს ელაპარაკონ. ჩინეთი ეკონომიკური კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა. იქაური იდეოლოგია ჩვენი საქმე არ არის. ჩინეთის მაგინებლებს ხომ არ დაავიწყდათ, მათი კუმირი აშშ როგორ ამყარებდა 20 წლის განმავლობაში ავღანეთში დემოკრატიას და ბოლოს იქედან პანჩურებით გამოაგდეს. “დემოკრატიის დამყარებაში” ორი ტრილიონი დოლარი დახარჯეს, 86 მილიარდი დოლარის იარაღი დატოვეს და გამოპანღურებულებმა პორტ არტურის ცხენს გამოასწრეს. ეს ხომ აბსურდია – ავღანეთში დემოკრატია როგორ უნდა დაამყარო?!
დავუბრუნდეთ ჩინეთს, ეს ის ქვეყანა, რომელმაც იმ დროს აწარმოა დამპყრობლური ომები, კაცობრიობას არც კი ახსოვს. ჩინეთის განვითარებას მთელი მსოფლიო ხედავს. ამიტომაც დაევალა ამ აგენტურას ჩინეთის ლანძღვა. ჩვენთვის ჩინეთთან მიმართებითმნიშვნელოვანია ორი ფაქტორი: ეკონომიკური ურთიერთობები და „შუა დერეფნის” პროექტი, რაც ჩინეთის ხელმძღვანელობის მიერ ოფიციალურად დეკლარირებულია. თუ დავაკვირდებით ევროკავშირსა და ჩინეთს შორის არსებულ ტვირთბრუნვას და იმ ინტერესებს, რაც ამ სფეროშია, გასაგები ხდება, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის „შუა დერეფნის” როლს. აი, რა არ მოსწონთ ჩვენს “ბატონებს”. ეს არც რუსეთს აწყობს და არც აშშ-ს. იმ კუთხით, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა არ გაღრმავდეს, არ გაძლიერდეს და სტრატეგიული პარტნიორობა რეალობად არ იქცეს, რუსეთის და ამერიკის ინტერესები თანხვედრაშია. თუმცა, ჩვენს ურთიერთობას წინ ვერაფერი დაუდგება, ამაზე ნურც რუსეთი ინერვიულებს, ნურც აშშ, ნურც ხიდაშელი და ნურც ლიაკა.
– ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა არ მოსწონთ, მაგრამ თავად აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, მასთან პარტნიორობისთვის მტკიცე ნაბიჯები გადადგან. იგივეს ჩვენ რატომ გვიკრძალავენ?
– ის დრო დამთავრდა, როცა რაღაცას გვიკრძალავდნენ. ამაში ივანიშვილის როლი გადამწყვეტია. ამიტომაც არიან დუჟმორეულნი ამერიკაც და ევროპაც. ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლას ამერიკამ შვეიცარია შესწირა. მათ იციან, რომ ივანიშვილის საქართველოში ყოფნა მათ გეგმას – აშშ-ის „შნირები” ვიყოთ, მთლიანად ანადგურებს. ეს ომი წააგეს. ჩვენი ვასალობა ისტორიას ჩაბარდა, რაც ნათელი გახდა ამერიკის ავღანეთთან კრახის შემდეგ. ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, რაშიც საქართველოს როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.
– “ლელოს” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, საქართველოს მიერ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ დასავლეთზე რევანშიაო.
– ეს უმეცრები, წერა-კითხვის უცოდინარნი, პოლიტიკასთან რა კავშირში არიან?! ხაზარაძეზე, გეგელიაზე, ბუაძეზე, როგორც პოლიტიკურ სუბიექტებზე სერიოზულად ლაპარაკი როგორ შეიძლება!
– ბატონო გოგა, ჩინეთმა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა ააშენოს. ოპოზიცია ამასაც აპროტესტებს…
– მათი შფოთვა გასაგებია. ხაზარაძე ამ პროექტში იმისთვის მოგვევლინა, ეს პორტი რომ არ აშენებულიყო. ეს ამერიკელების დავალება იყო. მათ ეს პორტი არაფერში სჭირდებათ. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულია, ჩინეთი გახლავთ. მისთვის ეს მნიშვნელოვანია. მანამდე რა ხდებოდა? – ექვსი წლის განმავლობაში ხაზარაძემ ყველაფერი გააკეთა, რათა პორტის აშენებისთვის ხელი შეეშალა. მადლობა ღმერთს, ადრე თუ გვიან, ხელისუფლება მიხვდა, რაც ხდებოდა და ხაზარაძე პროექტს ჩამოაცილა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამი გზიდან, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ გადიოდა, ორი აღარ არსებობს. ერთი გზა რუსეთზე გადიოდა, მეორე – ირანზე. ირანი წინასაომარ მდგომარეობაშია და არც აშშ-სთან და არც ევროპასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. ეს გზაც ჩაკეტილია. ამიტომ რჩება ერთადერთი, ყველაზე მოკლე და უსაფრთხო გზა, რომელიც საქართველოზე გადის. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩინელებთან ერთად ამ პროექტით ევროპელებიც არიან დაინტერესებულნი და მის განხორციელებაში სერიოზულად ჩაერთვებიან.
– ამ ფონზე რას მოგვიტანს ევროპისკენ ლტოლვა?
– ჩვენ ლტოლვა კი არ გვაქვს, არამედ ამ სივრცის დამფუძნებლები, ნაწილი ვართ. რასაც ევროპა დასავლურ ღირებულებებს ეძახის, ეს, სინამდვილეში, ქრისტიანული ღირებულებებია, რაც აღმოსავლეთში წარმოიქმნა და მერე ევროპაში გავრცელდა. ამან ხელი შეუწყო ევროპას, რათა ცივილიზებულ კონტინენტად გადაქცეულიყო. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენ საკანდიდატო არაფერი გვჭირს, ვიმეორებ, ამ სივრცის ნაწილი ვართ. ბედის უკუღმართობის გამო ჩვენთვის ბუნებრივ მდგომარეობას – ევროპის ნაწილს მოგვწყვიტეს.
– ოპოზიციას ერთი გეგმა ჩაეშალა: სტატუსი მოგვანიჭეს და რევოლუცია ვეღარ მოაწყვეს. სამაგიეროდ, ახლა აქცენტი მოლაპარაკებების გახსნაზე გადაიტანეს…
– ეს სასაცილოა. აგერ, ზელენსკისთან ხომ გახსნა ევროპამ მოლაპარაკებები, ჰოდა, დასხდნენ და ილაპარაკონ. მოლდოვა და უკრაინა ხომ არიან რეფორმების ავანგარდში, ჰოდა იმათ ელაპარაკონ. ჩვენ დავაკვირდებით, რას მოილაპარაკებენ. ახლა, 12 პუნქტის შემდეგ 9-პუნქტიანი დავალება მოგვცეს, ეს ზღაპარია. თუ უნდათ, 38 პუნქტი დაწერონ, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, როდის, რა შედეგით დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი.
– ბოლოს არჩევნების შესახებ მინდა გკითხოთ. “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ხმათა 60%-ს მოიპოვებს…
– ვფიქრობ, “ქართული ოცნება” კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს. თუმცა, საქართველოში რეალური პოლიტიკური ოპოზიცია უნდა გაჩნდეს, რადგან მარტოობაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაცია ხშირად ხიბლში ვარდება. ეს ყველას ემუქრება, ალბათ, “ქართულ ოცნებასაც”. ამაზე საზოგადოებამ უნდა იფიქროს. კიკუ ვაშაძე და წითლიძე ოპოზიციად ვერ ჩაითვლება. ის, რაც წითლიძემ და ბეჟაშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადეს, ეს მტრობა და ბოროტმოქმედებაა ქვეყნის მიმართ.
საქართველო ღარიბი ქვეყანა არასდროს ყოფილა არც მოაზროვნეებით და არც ნიჭიერი ხალხით. უბრალოდ, მოქმედმა პარტიებმა ეს ასპარეზი გააბინძურეს. ვისაც ამ ვაკუუმის შევსება შეეძლო, მათ ნათელაშვილის, ვაშაძის, ხაზარაძის გვერდით ყოფნა არ სურთ. ამაზე საზოგადოებამ უნდა იზრუნოს. ვფიქრობ, 2024 წლის არჩევნები, ამ მიმართულებით, გადამწყვეტი იქნება, ხოლო მთელი არსებული ნაგავი ჩაირეცხება და საქართველოს ორგანიზმს მოსცილდება.
_ ბატონო გოგა, მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორ შეაფასებთ, ამ გადაწყვეტილებას?
_ ამაში გასაკვირი არაფერია. დემოკრატია, რაზეც ჩვენი გავარვარებული მეგობრები ასე ხშირად და თავგამოდებით მოგვიწოდებენ, სწორედ ამგვარ ცვლილებებს გულისხმობს. ასე რომ, მთავრობაში განხორციელებული როტაცია, ბუნებრივი მომენტია. ირაკლი ღარიბაშვილი ხუთი წელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და ჩემი აზრით, ძალიან ღირსეული გზა განვლო. მან ქვეყნისთვის უმძიმესი, გადამწყვეტი პერიოდი ღირსეულად, სახელმწიფოებრივად წელშიგამართულად გაიარა. ეს მარტივი თემა არ არის. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა სახის ზეწოლა, წნეხია ადამიანზე. მე ორჯერ გახლდით სახელმწიფო მინისტრი და მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის აღება, იოლი არ არის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ადამიანები ამხელა პასუხისმგებლობის აღებას ეტრფიან, ძალიან ცდება. ეს უგუნური, საკუთარ თავზე მოფიქრალი ხალხის აზრია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღარიბაშვილი საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდა და არა პირიქით _ ქვეყანა მას, რასაც ყველა ვხედავდით. ქვეყნის სამსახურში ერთგულად ყოფნა ახალგაზრდა კაცისთვის რომელსაც ოჯახი, შვილები ჰყავს, ძალიან რთულია. ამ დროს ყველაფერს მოკლებული ხარ და მთლიანად ქვეყნის მსახურებაზე ხარ გადართული. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, მინდა გითხრათ, რომ იგი არანაკლებ ღირსეული კაცია. ვფიქრობ, ორივემ _ ირაკლი ღარიბაშვილმაც და ირაკლი კობახიძემაც საქართველოსთვის უმძიმეს 2023 წელს დიდ გამოცდას გაუძლეს. 2024 წელიც ქვეყნისთვის გამოცდა იქნება, ბეწვის ხიდზე მოგვიწევს გავლა. მოგეხსენებათ, გარე, ძალიან დიდი ძალები საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ. მიუხედავად დიდი მონდომებისა, ამის გაკეთება ვერ მოახერხეს, რაშიც ორივე ირაკლის უდიდესი წვლილი მიუძღვის. ამიტომ როცა ერთ ღირსეულ ადამიანს თანამდებობაზე მეორე ღირსეული ცვლის, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის, ხელისუფლებისა და თავად საზოგადოების წინსვლაზე მეტყველებს.
თამარ შველიძე