საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

უნდა შედგეს ქართული “ნიურნბერგის პროცესი”! – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

უნდა შედგეს ქართული “ნიურნბერგის პროცესი”!

„უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებებისთვის, როგორიცაა ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, “ელიტური” კორუფცია, არჩევნების გაყალბება, ტელევიზიების მიტაცება, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება და მრავალი სხვა, ასევე იმ დანაშაულებებისთვის, რასაც ისინი დღემდე ჩადიან”.
ეს არის ამონარიდი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც სისტემის გასამართლებას და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებას მოითხოვს.
რა მეთოდით აპირებენ ამ პროცესის განხორციელებას, “საერთო გაზეთს” საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ესაუბრება:
– რაც აქამდე არ მომხდარა და რასაც ობიექტური მიზეზიც აქვს, ის არის, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც სისტემა, არ გასამართლებულა. გასაგებია, კონკრეტულ პირებზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ სისტემის საქმიანობას, რომელიც სახელმწიფო უწყებებში ერთი ნარატივით მოქმედებდა და ქმნიდა ძალადობრივ რეჟიმს, მთლიანობაში შეფასება სჭირდება. ასევე, ძალიან ბუნდოვანია 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი და ის პროვოკაციები, რომელსაც ოკუპანტი რუსები ახორციელებდნენ.
რატომ აქამდე არ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში? – ჩვენ გვქონდა როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში საქმეები, რომელსაც კონკრეტული დასკვნა სჭირდებოდა. იმისათვის, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური დაპირისპირება თუ სამართლებრივი შეფასება არ გამოეყენებინა ოკუპანტ მხარეს სასამართლოში ინსიმულაციური კამპანიის წარმოებისთვის, სახელმწიფოთა შორის დავას და საერთაშორისო შეფასებას ვგულისხმობ, მიზანშეწონილი იყო, ეს თემა არ წამოგვეწია.
ახლა სრულად არის გამართლებული საქართველო, როგორც დაზარალებული მხარე, რუსეთი კი როგორც ოკუპანტი და აგრესორი საქართველოს წინააღმდეგ, დეკლარირებულია საერთაშორისო შეფასებით. ამიტომ ჩვენ უკვე შეგვიძლია და აუცილებელიც არის, დავუბრუნდეთ ისეთ ბუნდოვარ საკითხებს, როგორიცაა მაგალითად, ევროსაბჭოს რეზოლუცია 16/33, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა ორ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს. რის საფუძველზეც – ქართველ ჯარისკაცებს დაბრალდათ ომის დანაშაულებები, მეორე – საქართველო და რუსეთი თურმე ერთდროულად არღვევდა საერთაშორისო შეთანხმებებს და დამნაშავე იყო ორივე ერთად. ანუ, ამ რეზოლუციით საქართველოს შეუქმნეს რეპუტაციული პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველო გამოდიოდა რუსეთთან ერთად დანაშაულის თანაზიარი და შავით თეთრზე იყო მითითებული, რომ ქართული ჯარი იყო დამნაშავე, რასაც წლების განმავლობაში გვიმალავდნენ, ვიდრე ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ არ მოვიდა. ეს რეზოლუცია დაახლოებით 2014- 2015 წელს აღმოაჩინეს, გაშიფრეს და სააშკარაოზე გამოიტანეს.
– როგორ ფიქრობთ, ეს შეცდომა იყო თუ გამიზნულად ჩადენილი დანაშაული?
– ზუსტად აქ იბადება მთავარი კითხვა – რატომ ახლა? დიახ, დღეს არის აუცილებლობა, ნათელი მოეფინოს, შეცდომა იყო ეს, ვინმეს დავალებას ასრულებდნენ, განზრახ იყო გაკეთებული თუ რაიმე გეგმას მიყვებოდნენ გარედან მიღებული კონკრეტული დავალებით?! ამიტომაც არის აუცილებელი აგვისტოს მოვლენების შეფასება მთლიანობაში. უნდა შეფასდეს ასევე, 2004 წელს მომხდარი პროვოკაცია, როდესაც ცხინვალთან დაიძაბა სიტუაცია და ჩვენი რამდენიმე სამართალდამცველი დაიღუპა. არც ეს საქმეა გამოძიებული.
2012 წლის შემდეგ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გაიყო. სხვადასხვა ფლანგზე ზოგი „ენჯეოდ“ წარმოგვიდგა, ზოგმა პარტია დააფუძნა და ზოგმა მოძრაობა… და ეს ადამიანები დღემდე აგრძელებენ მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას. თითოეული მათი მოქმედება გათვლილია იმისათვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამ ყველაფერს ესაჭიროება სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. დაიღალა საზოგადოება ამ დაბინძურებული პოლიტიკური სპექტრისგან, კვაზი- ოპოზიციისგან, რომელიც დოტაციაზეა, საერთაშორისო და უცხოელი მმართველების მხრიდან. აბსოლუტურად ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში არიან ჩართული ეს ადამიანები. ამას აუცილებლად სჭირდება შეფასება.
ჩვენს მოთხოვნას აქვს პოლიტიკური საფუძველი, აქვს სამართლებრივი საფუძველი და ვალდებულებაც, რომ აუცილებელია ამ რეზოლუციების, დანაშაულებების მიჩქმალვის, თუნდაც, ჰააგასთან არ თანამშრომლობის გამოძიება. არის ძალიან ბევრი კითხვა, ძალიან ბევრი ნივთმტკიცება იყო დამალული. შემდეგ უკვე ახალ ხელისუფლებას მოუწია კოლოსალური მასშტაბის სამუშაოების წარმოება იმისათვის, რომ ჰააგასთან და სტრასბურგთან ემუშავა, წლების წინ მიჩქმალული ნივთმტკიცებები მოეძიებინა, ჩაერთო საქმეში და საქმის წარმოება დაეწყო.
– არ მგონია, რომ ამ საქმეში მმართველი გუნდის მხარდაჭერა მიიღოთ, რადგან როგორც მათ განაცხადეს, რეჟიმის გასამართლება ახლა, დამატებით ტურბულენტობას შესძენს ისეც მძიმე სიტუაციას…
– ეს ყველაფერი დღეს და ხვალ ვერ მოხერხდება. ამის ყველაზე კარგი შანსი არის 2024 წლის არჩევნები, რა დროსაც აბსოლუტურად უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს კოლექტიური პარაზიტები და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, რაციონალურად მოაზროვნე, მართლა სახელმწიფოზე მოფიქრალი ადამიანები. ცოტანი არიან ესენი თუ ბევრნი, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რისთვისაც საჭიროა მაქსიმალური მობილიზება და მაქსიმალური ჩართულობა არჩევნებში. 2024 წელს აბსოლუტურად უნდა გაირიყოს პოლიტიკური სივრციდან ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელი კოლექტიური ნაცმოძრაობა.
ხალხის ძალის მხარდაჭერით არჩეული ლეგიტიმური პარლამენტი ყველაფერს შეძლებს. პარლამენტს აქვს უნიკალური საშუალება, შექმნას პოლიტიკური დისკუსიის მექანიზმი, რასაც მოყვება შემდეგ კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიებები. თორემ დღეს და ხვალ ეს წარმოუდგენელია.
„ხალხის ძალამ“ ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოიტანა კულუარებდან, რათა საზოგადოებას ენახა თუ რა ხდებოდა რეალურად კულისებში, როგორი ზეწოლის ქვეშ იყო ქართული პოლიტიკა და რა ბერკეტებით ცდილობდნენ ქვეყნის „გაშავებას“ საერთაშორისო მასშტაბებით.
ახლა კი, საზოგადოებას აინტერესებს, რას ჰპირდება „ხალხის ძალა“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური საკითხების მდგენელი, სამომავლოდ, რომელმაც პოლიტიკურ დღის წესრიგში ლომის წვლილი შეიტანა?! ჩათვალეთ, რომ „ხალხის ძალამ“ საზოგადოებას პირველი დაპირება ახლა მისცა: აუცილებლად შედგება ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, სადაც პოლიტიკურ- სამართლებრივ შეფასებას მიიღებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც ხელისუფლების პერიოდში, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამო.
– მმართველი გუნდის ორმა ლიდერმა ადგილები გაცვალა. მალე ირაკლი კობახიძე პრემიერ- მინისტრის სავარძელს ჩაიბარებს, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლებს. როგორ შეაფასებდით ამ ცვლილებას?
– ჩვეულებრივი პროცესია, როდესაც ორი ძლიერი მოთამაშე ცვლის პოზიციებს ერთ გუნდში და კონკრეტული მიმართულებით იწყებს მუშაობას. 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების წელია, სადაც უნდა დადგეს ხელისუფლების ძლიერი გუნდი პრინციპული და სწორი სტარტეგიით.
ძალიან რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოუწია ირაკლი ღარიბაშვილს მუშაობა: გახარიას ღალატი, პოლიტიკური კრიზისის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, პანდემია, მყიფე ეკონომიკური მდგომარეობა და ბევრი სხვა.
„აუცილებელია კონსტიტუციური წონასწორობის აღდგენა“- ეს იყო პირველი განცხადება მისი პრემიერობის კანდიდატად წარდგენისას და მას შემდეგ ხისტად, პრინციპულად, რაციონალური სტრატეგიით მიჰყვა პროცესებს; პოსტ- პანდემიური ეკონომიკის გაჯანსაღება, უპრეცენდენტო მასშტაბის რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველო- ჩინეთის სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმება, მედიაცია სომხეთ- აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია- გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ პრინციპული წინააღმდეგობა, რამაც გარანტირებული მშვიდობა მოიტანა. რთული და ამავდროულად, წარმატებული ორი წელი გაიარა საქართველომ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის არის საკმაოდ ძლიერი და პროფესიონალი პერსონა ქართულ პოლიტიკაში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ მის მიერ არაერთხელ წარმატებით ჩატარებული არჩევნები, მედიაცია სამართლებრივი თვალსაზრისით, კონსტიტუცია – მისი ავტორობით და არის მოლოდინი, რომ მისი საქმიანობა პრემიერ- მინისტრის რანგშიც წარმატებული იქნება.
ჩავთვალოთ, რომ ეს გადანაცვლება არის კონკრეტული სტრატეგია, რათა ქვეყანა საბოლოოდ გავიდეს იმ მოჯადოებული წრიდან, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვია.
– როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების მცდელობა განსაზღვრავს თუ არა მმართველი პარტიისთვის საარჩევნო სტრატეგიას?
– ვერანაირად ვერ განსაზღვრავს, რადგან მათ მიერ ჩატარებული კვლევებითაც კი, 5- პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. აქაც უკვე გამოჩნდა, რომ საგრძნობლად კლებულობს მათი მხარდამჭერების რაოდენობა. რაც შეეხება ერთპროცენტიან პარტიებს, გაერთიანდებიან თუ არა ისინი, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, საბოლოო ჯამში ვერანაირ შედეგს ვერ დადებენ.
– დავით უსუფაშვილმა ტაივანს დემოკრატიის კუნძული უწოდა და სიამაყით განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ტაივანიდან ფინანსდება. ამიტომაც ეწინააღმდეგება ის საქართველო- ჩინეთის ურთიერთობას. როგორც ჩანს, ეს ამბავი „ლელოს“ არ აღელვებს, რომლის პოლიტსაბჭოს წევრიც არის უსუფაშვილი…
– სამწუხაროდ, აგენტის ბედი ასეთია. აგენტმა და ბენეფიციარმა, რომელიც გარე აქტორებზეა დამოკიდებული, რა დავალებასაც მიიღებს, ის უნდა აკეთოს.
სადაც ხაზარაძე ჰყავთ ლიდერად, ცნობილი მევახშე, მიხეილ სააკაშვილის ჯიბის ჩარჩი და მისი რეჟიმის დროს დაფრთიანებული მილიარდერი, მათგან რა უნდა გაგიკვირდეთ! რატომ გვაქვს წარმოდგენა, რომ ისინი სხვა მეთოდს შემოგვთავაზებენ?! ასეთი ადამიანებით არის დაბინძურებული ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თუნდაც კონკრეტული გეგმით, ხუთ წელიწადშიც არა აქვს არანაირი პერსპექტივა.
თანდათან ფაზლი იწყობა და ვხვდებით, რატომაც დაატრიალეს მარტის მოვლენები და რატომ არ უნდოდათ, გამჭვირვალე გამხდარიყო, ვინ ვის აფინანსებს!
საბედნიეროდ, ახლა 2024 წელია და 2003 წლისგან განსხვავებით, საზოგადოებას შეცდომაში ვეღარავინ შეიყვანს. მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმისა, რომ 2024 წლის არჩევნებში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და აქტოვობით შევძლებთ, პოლიტიკური სივრციდან გავიყვანოთ ეს მავნებლები და აბსოლუტურად გავანეიტრალოთ ლიბერალური ფაშიზმი!
ნონა ქარქაშაძე